среда, 3 июля 2013 г.

სერიალებიდან გადმოდენილი ვნება.

გონების ფილტრაცია აგვარიდებს ცოდვას

დღევანდელი სატელევიზიო ეთერი სერიალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ადამიანს მისი ძებნა არ სჭირდება, ის ნებისმიერ დროს გადის ეთერში და ხშირად ახსენებს მაყურებელს თავს. შედეგად, სერიალებმა ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა, მათ სხვისი ცხოვრებით უხდებათ ცხოვრება. რამდენად მართებულია ეს ფსიქოლოგიური და ეკლესიური თვალსაზრისით, რა უნდა გააკეთოს მაყურებელმა, რომ მისგან თავის დაღწევა შეძლოს და რა გავლენას ახდენს სერიალი ადამიანზე?

სოფო ვერულაშვილი (ფსიქოლოგთა, ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი): “სერიალი არის ადამიანებზე დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მომხდენი. ყველაზე მოქმედებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებზე. მაყურებელი სერიალს, ერთხელაც თუ თვალს მოჰკრავს, სურვილი უჩნდება გაიგოს, რა ხდება შემდეგ. მერე ეჩვევა გმირებს, მუსიკას… რეკლამაში კი ის მნიშვნელოვანი ნაწილია მოწოდებული, რომელიც დააინტერესებს ადამიანს.

სერიალში გაწელილია რაღაც ამბავი და ისტორია, ჩადებულია ინტრიგები, რომელიც აინტერესებს და საკმაო დილემის წინაშე აყენებს ადამიანს, თავის გადამოწმების თვალსაზრისით. სერიალებს, ხშირ შემთხვევაში, მხატვრული თვალსაზრისით არანაირი ღირებულება არ აქვს.

ადამიანზე სერიალი უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვიდრე ჩვეულებრივი სრულმეტრაჟიანი ფილმი. მისი გმირები ხდებიან მაყურებელთა ყოველდღიური ცხოვრების დანამატები. ამიტომაც არის, რომ საქართველოში ბევრი არგენტინული და ბრაზილიური სახელი გახდა პოპულარული. ახალშობილებს ასეთ სახელებს სწორედ სერიალის გმირის სიყვარულით არქმევენ. სერიალის მსახიობებს ხშირად ბაძავენ. ასევე, ხშირია, სერიალის დამთავრების შემდეგ გმირებთან განშორებით გამოწვეული დეპრესიები.

რა თქმა უნდა, ბევრ სერიალში არის დადებითი სიუჟეტები და აგებულია ადამიანურ, ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ეს კარგია. მაგრამ არის კულტურულად განსხვავებული სერიალები, სადაც მამიდაშვილებისა და ბიძაშვილების ქორწინება მიღებულია. თუ გვინდა, ჩვენს კულტურულ ღირებულებებს ძირი არ შევურყიოთ, არ უნდა დავუშვათ ასეთი სერიალების ჩვენება. ყველაზე კარგია, თუკი არ უყურებ არც ერთ სერიალს და დაზღვეული ხარ მისგან დამოკიდებულებისაგან”.

მამა იოსები (წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესიის მოძღვარი): “ადამიანს ღვთისგან ბოძებული თავისუფალი ნება აქვს და უნდა მიხვდეს, რომ სერიალის ყურება არ არის სასიამოვნო. რადგან ის უკან წევს ადამიანს სულიერად. ადამიანი ვნებებს ეძიებს და მათ სწორედ იქ პოულობს, მერე ბევრ რამეს იქიდან იღებს, მაგრამ არ გამოდის ბევრი რამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ სერიალები სხვა მისიას ასრულებს და ადამინი მახეში ებმება. ყველა სერიალშია ვნება, იგივე შური, ურთიერთდაპირისპირება, არაჯანსაღი სიყვარული. სიყვარული ღმერთისგან მომდინარეობს. ვნება არ არის ღვთისაგან. სერიალის ყურების მაგივრად სჯობს სულისთვის სასარგებლო საქმეს მოკიდოს ხელი.

XXI საუკუნეა, ტელევიზორის ყურებას ადამიანი ვერ აიკრძალავს. გონების ფილტრაციაა საჭირო, ყველაფერი კი არ უნდა მივიღოთ, არამედ დადებითად უნდა გარდავსახოთ საკუთარ სულში შემომავალი ესა თუ ის მოვლენა. თანამედროვე ადამიანი ერთი ხელის მოსმით ვერ შეძლებს, რომ ამ ყველაფერს მოწყდეს. ვინც აღმატებულ მსახურებაშია ამის მოთხოვნილება უკვე აღარ აქვს. როცა ეკლესიაში დადიხარ, ქადაგებებს ისმენ, ღმერთი გიჩვენებს, როგორ აარიდო თავი ამა თუ იმ მოვლენას, რომ ცოდვაში არ ჩავარდე. ამას დიდი გონება და სიბრძნე სჭირდება”.

თეონა ნოზაძე.

ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий