среда, 3 июля 2013 г.

რა არის პატიოსნება

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იყავნ სიტყვა თქვენი:ჰე, ჰე, და არა, არა; ხოლო უმეტესი
ამათსა უკეთურისაგან არს (მათ. 5, 57).


რა მაღალსა და შეურყეველსა პატიოსნებასა მოითხოვს ჩვენგან, ძმანო ქრისტიანენო, უფალი იესო ქრისტე! იგი მოითხოვს ჩვენგან ისეთს პატიოსნებას, რომელ ყოველსა სიტყვასა ჩვენსა დავამტკიცებდეთ მხოლოდ ამით: ჰო და არა: იყავნ სიტყვა თქვენი: ჰე, ჰე; და არა, არა; ხოლო უმეტესი ამასთსა უკეთურისგან არს. იმ გვარი რწმუნება და მინდობილება უნდა იყოს ქრისტიანეთა შორის, რომელ მათი ჰო და არა საჭიროდ აღარ ყოფდეს ფიცსა და მოწმების მოყვანასა. გარნა ამ გვარი რწმუნება შეიძლება ქონდეს მხოლოდ იმ კაცს, რომლისა პატიოსნება არის უეჭველი და კარგად ცნობილი ყოველთა მისთა მოყვასთაგან. ზოგიერთი კაცი თითქმის ყოველს თვისს თქმაზე ფიცს დაუმატებს და მოწამეს მოიყვანს, გარნა მისის მსმენელის გული არ დაიჯერებს მისსა სიტყვასა. რისგან არის ეს? მისგან, რომ მას აკლია პატიოსნება.


რა არის პატიოსნება? პატიოსნება ის არის, როდესაც კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად იტყვის, ყოველსა აღთქმას და პირობასა მიუცილებლად აღასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმა, მრუდედ და მზაკვრად მოქცევა; რაც არ იცის ბეჯითად, იმას არ დაგაჯერებს, რისაც აღსრულება არ შეუძლია, იმაზედ პირობას არ მოგცემს; მოკლედ, რომლის სიტყვა და საქმე ერთია. რა საფუძველი აქვს ესრედსა კაცის თვისებასა? რამ უნდა განაღვიძოს და დაიცვას კაცის გულში პატიოსნება? პატიოსნება კაცისა, პირველად, უნდა იყო დამყარებული მას ზედა, რომელ ყოველ კაცს, დიდს და მცირეს, უნდა ახსოვდეს თავისი პატივი, თავის თავს პატივსცემდეს, ესე იგი, ერთ-ნაირი თავის მოყვარება უნდა ჰქონდეს. წმინდა ქრისტიანული თავის-მოყვარება, და თავის-მოწონება უნდა იყოს მის გულში. ეს შეიძლება მაშინ, როდისაც მას ახსოვს თვისი საკუთარი ღირსება, თვისის ბუნების სიმაღლე და დიდება. თუ გახსოვს შენ, ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლის სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხვისა. კაცის ბუნებას აქვს დაუფასებელი ღირსება! გასინჯე, რა ფასი აქვს კაცის ბუნებასა, თუ თვით ცისა და ქვეყნის შემოქმედმა ღმერთმა მხოლოდ-შობილი ძე თვისი არ დაზოგა ჩვენისა ცხოვრებისა და განათლებისათვის. აბა, როგორ არ ექმნება დიდი ღირსება კაცის ბუნებასა, თუ კი უფალმან ღმერთმან იგი შეაერთა ღვთაებრივსა ბუნებასა-თანა! გარნა, ვგონებ, ესრედსა სიმაღლესა ჩვენისა ბუნებისასა ისე არა რა დაამდაბლებს, როგორც სიმრუდე, სიცრუე და მზაკვარება. ესრედი შინაგანი გრძნობა ჩვენი არის საფუძველი და წყარო პატიოსნებისა! თუ კი თავი ჩემი მიმაჩნია კაცად და ადამიანად, ჩემს თავს ვერ შევარცხვენ სიცრუითა.



მეორედ, პატიოსნად ქცევასა, ყოველი აღთქმის და პირობის აღსრულებას ის ჰაზრი უნდა განაღვიძებდეს და იცავდეს ჩვენს გულში, რომელ თვინიერ პატიოსნებისა კაცი არ გამოვა არც კარგი ქრისტიანე და არც კარგი მოქალაქე ანუ საზოგადოების წევრი. ქრისტიანობა რა არის, რასა შინა მდგომარეობს? ქრისტიანობა არის აღსრულება იმ პირობისა, რომელიც გვაქვს ჩვენ დადებულ ღვთის წინაშე. ნათლის-ღებასა შინა თვითოეულმა ჩვენგანმა მაცხოვარსა მისცა ის სიტყვა და შეიკრა იმ პირობითა, რომ იგი იქმნება წმიდა, მართალი, მოყვარე ღვთისა და მოყვასისა. თუ კაცს არა აქვს გულში პატიოსნება, ის არ აღასრულებს ამ პირობას. მაშასადამე პატიოსნებასა და ქრისტიანობასა აქვს დიდი კავშირი! ცუდი და დაუდევნელი ქრისტიანე სწორედ ის არის, რომელსაც არ ახსოვს პირობა და არ უყვარს პირობის აღსრულება.

ამ სოფლის ცხოვრება და მოქალაქეობა რასა შინა მდგომარეობს? მრთელი ჩვენი ამ ქვეყნის ცხოვრება და ყოფა-ქცევა, ურთიერთ-შორის მისვლა-მოსვლა, წყობილება, ყოვლის საქმის გაკეთება სრულებით დამოკიდებული არის იმ თვისებაზე, რომელზედაც ახლა ვლაპარაკობთ, ესე იგი, პატიოსნებაზე. თვითოეული ჩვენგანი ყოველს დღეს და ყოველს წამს ანუ მისცემს ანუ გამოარჩევს ვისმეს სიტყვასა და პირობასა. ვგონებ, ძმანო, რომ არავის არც კი ჰყავს ისრედი მოყვასი, ანუ ნაცნობი, რომელთანაც იგი არ იყოს შეკრული რომლითამე პირობითა. ყოველივე ჩვენი თანამდებობა და მოვალეობა სხვა არა არს, მხოლოდ პირობა, აღთქმა ვისდამიმე მიცემული, – მამა-შვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა, ეს ყოველისფერი დაფუძვნებულია პირობის მიცემაზე და აღთქმის აღსრულებაზე; ჩვენ ყოველნი ურთიერთთან შეკრულნი ვართ რომლითამე პირობითა. მაშასადამე, კაცი პატიოსანი არის სასარგებლო და სასიამოვნო ქვეყნისთვის, ხოლო ვინც მოკლებულია პატიოსნებითა, იგი არს ჭირი და შემაწუხებელი მოყვასთა თვისთა. რომელს საზოგადოებაშიაც სუფევს პატიოსნება, იქ ყოველი საქმე არის წარმატებული; სადაც არ არის პატიოსნება, იქ კაცის ცხოვრება გატანჯულია.

პატიოსნება არის სამკაული სამღვდელო პირისა, მას ჩვეულებისამებრ უწოდებენ და მისწერენ: პატიოსანო მამაო! მისთვის, რომელ პირველ მისი თვისება უნდა იყოს პატიოსნება. გამოუთქმელი უბედურება იქმნება მისისა სამწყსოისათვის, უკეთუ იგი არის მოკლებული პატიოსნებითა; მისი ყოველი სიმრუდე და სიცრუვე მოქმედობს მის სამწყსოში, ვითარცა საწამლავი.

პატიოსნება არის უმთავრესად საჭირო თვისება ყოვლისა ხელმწიფის მსახურისა, ანუ ჩინოვნიკისა. იგი იმ პირობით არის მიღებული სამსახურში, რომ სიმართლით და პატიოსნად ემსახუროს ხელმწიფესა; ამაზე მან ფიცი მისცა ხელმწიფეს; თუ ამ პირობას დაარღვევს, იგი შეიქმნება მოღალატე ხელმწიფისა, და განმტეხელი ფიცისა.

შინაური მოსამსახურე, პატიოსნებით შემკული, არს დიდი ნუგეში თვისისა უფალისა; მოკლებული პატიოსნებითა არის მისი სასჯელი და უბედურება.

გარნა, ვგონებ, პატიოსნება ისე არსად არის საჭირო, როგორც აღებ-მიცემობაში, ანუ ვაჭრობაში, მაშასადამე სხვა წოდების კაცთა ზედა მოვაჭრე უნდა უმეტესად ეცადოს და შეიძინოს პატიოსნება. გარნა სამწუხაროდ, მოვაჭრენი უმეტეს ნაწილად სრულიად არა ჰფიქრობენ ამაზე; წინააღმდეგ ამისა, უმრავლესნი მათგანი დარწმუნებულნი არიან, რომელ პატიოსნებით იგინი ვერა რას მოიგებენ და დაღარიბდებიან, და თუ არ დაღარიბდებიან, მალე მაინც არ გამდიდრდებიან. საუბედუროდ, ამისი მზგავსი ჰაზრი აქვსთ ყოველთა სხვა წოდების პირთაცა. მრავალნი კაცნი ესრედ ჰფიქრობენ, რომელ კაცი ქვეყანაზე პატიოსნებით ვერა რას მოიგებს, რომელ პატიოსნება მრავალთა ჭირთა და მწუხარებათა შინა შთააგდებს კაცსა. საშინელი არის, ძმანო, ესრეთი ჰაზრი! იგი ჰსუფევს მხოლოდ მუნ, სადაცა არის უმეცრება, ცუდი ზნეობა; მაგრამ თუ გინდ მართალი იყოს იგი, თუ გინდ პატიოსნების დავიწყებითა კაცი ბევრს მოიგებდეს და მალე გამდიდრდებოდეს, მაინც პატიოსნება არ უნდა დაჰკარგოს კაცმა. ნუ თუ მოგებისათვის შევარცხვინო თავი ჩემი, ნუ თუ ფულში გაჰვყიდო ჩემი ღირსება და პატივი? რა სარგებელ-არს კაცისა, ვიტყვი სახარებისაგან, უკეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი, და სული თვისი იზღვიოს? ანუ რა მიჰცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა? (მარ. ჱ, ლვ. ლზ). გარნა, არა, ძმანო ჩემნო! დიდი უბედურობა არის, ვინც ესრედ ჰფიქრობს, რომელ კაცი პატიოსნებით დაიჩაგრება ამ ქვეყანაზე. რათგან ვაჭრებზე მოხდა ეს ლაპარაკი, ერთს უბრალო მაგალითს მოგიყვან, რომლითაც დამტკიცდება, რომელ პატიოსნება აქაც უფრო სასარგებლო არის, ვიდრე სიცრუე. ყოველმა გამოცდილმა ვაჭარმა იცის, რომელ აღებ-მიცემითა გამდიდრდება უადრეს იგი, რომელიც ჰყიდის იეფად, რათგან იგი მრავალს საქონელს გაჰყიდის; ხოლო რომელიც ჰყიდის ძვირად და მოტყუებით, იგი ბევრს საქონელს ვერ გაჰყიდის და ბევრს ვერას მოიგებს, რათგანაც მას მუშტარი ბევრი არ ეყოლება.

ახალა გადავიდეთ კიდევ ერთს ჰაზრზე: როდესაც პატიოსნებაზედ ვიწყებთ ლაპარაკს, ერთი გარემოება გააკვირვებს და შეაწუხებს ყოველსა გონიერსა კაცსა. თავითგანვე ვსთქვით ჩვენ, რომ პატიოსნება უნდა იყოს დაფუძვნებული მას ზედა, რომელ კაცს თავის პატივი უნდა ახსოვდეს, თავის პატივისმცემელი უნდა იყოს. ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრებნი, დიდნი თუ მცირენი, თითქოს, ერთობ პატივის-მოყვარენი ვართ, ესე იგი, ჩვენ გვახსოვს ჩვენი თავის პატივი, გარნა სამწუხაროდ ხშირად არ გვახსოვს, რითი უნდა დაიცვას კაცმა თავისი პატივი. მოგიყვან მაგალითს: მიაქციე ყურადღება ზოგიერთს აქაურს კეთილ-შობილს კაცზე, თავადი იყოს ანუ აზნაური, შეჰნიშნე, რა გულდიდია იგი თვისს კეთილ-შობილებაზე, დღე და ღამ, მღვიძარეს და მძინარეს კი ახსოვს, რომ იგი არის ძველის და პატიოსნის შთამომავლობისა.; ვსთქვათ ეს კიდევ და არ არის ურიგო; კაცს უნდა ახსოვდეს თვისი კეთილ-შობილური გვარი; მაგრამ რათგან მას ეს ყოველთვის ახსოვს, სცდილობდეს იგი, გაამართლოს თვისი კეთილ-შობილება პატიოსნებითა? ახსოვსა მას, რომელ ყოველი სიცრუე, სიმრუდე, მზაკვარი და დაბალი ქცევა შეარცხვენს მისსა ძველსა გვაროვანებასა? სამწუხაროდ, ზოგჯერ ისრედსა მდაბალსა და საუპატიოსა საქმესა იქმს იგი, რომელიც არა თუ მას, არამედ უკანასკნელის წოდების კაცსაც არ ეკადრება. მრცხვენია ამისი, მაინც არ უნდა დავმალო: ვინ არ იცის ეს საცოდავი ჩვენი თვისება, რომ სიტყვიერად ჩვენ ყოვლისფერს აღუთქვამთ კაცსა, ყოველში დავარწმუნებთ, მაგრამ საქმით არაფერს არ შევასრულებთ? ვის არ უნახავს, ანუ არ გაუგონია, რომელ ზოგიერთნი ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებნი, არა თუ სიტყვიერს მრავალ-გზის მიცემულს პირობას დაარღვევენ, არამედ თავის საკუთარითა ხელითა მოწერილს პირობაზე უარს იტყვიან, – რა ვიცოდი, რაზე მოვაწერე ხელიო; სხვის ხათრით მოვაწერეო; მე არ მინდოდა მოწერაო!

ძმაო, თუ შენი თავის პატივი გაქვს, თუ გსურს, რომ სხვამაც პატივი გცენ, დაიმარხე და გაამტკიცე საკუთარი შენი პატიოსნება! უძვირფასესი ქონება კაცისა არის პატივი; სიკვდილი გირჩევნოდეს პატივის მოკლებასა; თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი დაიმარხე პატიოსნებითა შენითა. ამინ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий