среда, 3 июля 2013 г.

“ცაითგაისტი” – ისტორიის გაყალბება თუ მიზანმიმართული პროვოკაცია?

  “ამბობენ ჰორუსი – ეგვიპტელების ღმერთი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს ცხოვრობდა და ჰქონდა ქრისტეს მსგავსი ცხოვრება. ეს როგორ უნდა გავიგოთ?”


კითხვა ეხება გახმაურებული ფილმის “ცაითგაისტის” (გერმ.) (Zeitgeist) ერთ-ერთ დეტალს, სადაც ძველეგვიპტური ღვთაების ჰორის (Horus) ქრისტესთან შედარების მცდელობაა.



გთავაზობთ დეკანოზ ლევან მათეშვილის პასუხს აღნიშნულ კითხვაზე:

არაფერი საერთო არ გააჩნია იესო ქრისტეს ჰორუსთან. როგორც ჩანს თქვენ ფილმ „ცაიტგაისტის“ გავლენის ქვეშ ხართ, შესაბამისად, გთავაზობთ ამ ფილმის მიხედვით ჰორუსის განხილვას იესო ქრისტესთან მიმართებაში:

ფილმი – 12:10

„ეს არის ჰორი(Horus), მზის ღმერთი ძველ ეგვიპტეში.“

პასუხი:

მზის ღმერთი იყო „რა“, რომელიც გვიჩვენა ავტორმა აღნიშნულ მომენტში, სინამდვილეში ფილმში გამოსახული ღვთაება არა ჰორი, არამედ „რა“ არის…

რაც შეეხება ჰორის კავშირს მზის კულტთან და ეგვიპტურ ღვთაება „რა“-სთან, ერთადერთი რაც აკავშირებთ მათ, არის ის, რომ ჰორი იყო „რა“-ს შთამომავალი. ხანდახან კი „რა“, შესახლდებოდა ჰორის სხეულში, რათა დედამიწაზე მოვლენილიყო… ჰორი ითვლებოდა ქვემო ეგვიპტის მფარველად და უბრალოდ ზეციურ ღვთაებად. შეიძლება ითქვას, რომ ღვთაება ჰორი, ავტორის მიერ შეგნებულად არის ჩამატებული და მისი თვისებები შეგნებულად არის მოდელირებული, რათა შემდეგ მიაწეროს მას ღვთაების ისეთი სახე, რომელიც გაიზიარებს და გაამყარებს თავისი თეორიის კულტის „დამაჯერებლობას.“ შემდგომ სიტყვებში ეს კარგად იშიფრება…

ფილმი – 12:32

„ჰორს, რომელიც განასახიერებდა დღესა და სინათლეს, ჰყავდა მტერი სეთი, რომლიც იყო ღამის და სიბნელის განსახიერება“

პასუხი:

ის, რომ ჰორი არ იყო მზის ღმერთი, ეს უკვე გავარკვიეთ.

ახლა ვნახოთ, თუ ვინ იყო სეთი:

სეთი- იყო უდაბნოსა და ქვიშის ქარების ღმერთი, ომისა და მიწისძვრის ღმერთი. ნუტისა და გების შვილი, ოსირისის ძმა და მისი მკვლელი. ეგვიპტურ მითოლოგიაში სეთი ითვლება ქაოსისა და უწესრიგობის ღმერთად.

სეთი ასევე ზემო ეგვიპტის განსახიერებად ითვლება, ხოლო ჰორი კი ქვემო ეგვიპტისა. სეთის ბოროტების ღვთაებად დასახლება დიდი გაზვიადება იქნებოდა, იმიტომ, რომ სეთსაც და ჰორსაც ღვთაებათა პანთეონში ძალიან უმნიშვნელო ადგილი ეკავათ… ბოროტებასთან მებრძოლი მთავარი ეგვიპტური ღვთაება, იყო “ რა“, რომელიც ებრძოდა უზარმაზარ გველეშაპს – აპოპს, რომელიც იყო სიბნელისა და ტანჯვის განსახირება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰორი სეტს ებრძოდა მამის მკვლელობის გამო, და არა როგორც ბოროტების განსახიერებასთან… ეს უფრო შურისძიება იყო, ვიდრე სინათლისათვის ბრძოლა…

სეთი, როგორც ბოროტების განსახიერება, იყო მისი ძმის, ოსირისის ანტიპოდი და არა ჰორის.

სეთი ვერ ამარცხებდა ჰორს, იგი მას ყოველთვის გაურბოდა. ჩამავალი მზე, ეს იყო სიმბოლო ოსირისის მკვდართა სამეფოში ჩასვლისა და არა ჰორის…

დასკვნა: იმ ნაწილში,სადაცაც ქრისტეს ეხებოდა: ავტორი შეგნებულად მანიპულირებს ფაქტებით და ცდილობს შექმნას ჰორის სახე, როგორც სინათლის ღმერთისა, რომელიც ებრძვის სიბნელეს. რისთვის სჭირდება ავტორს ეს? ამას ჩვენ გავიგებთ შემდეგში, როდესაც ამ ჰიპოთეზების გამოყენებით იქნება აგებული კიდევ უფრო მცდარი გამონათქვამები.

შემდეგ უფრო საინტერესოა…

ფილმი -13:02

„ჰორი იშვა 25 დეკემბერს, ქალწული ისიდა-მარიამისაგან“

პასუხი:

ისიდა - ღვთაება, რომელიც იყო „რა“-ს შვილიშვილი, არ ყოფილა ქალწული – იგი იყო ოსირისის ცოლი და ჩაესახა მას ჰორი თესლობრივად. რა შუაშია აქ უბიწო ჩასახვა?

შემდეგი სენტენციაც, იზიდა-მარიამის შესახებ არის აბსოლუტურად სულელური… ჯერ ერთი, სახელ მარიამს აქვს ძველ ებრაული ფესვი, უფრო კონკრეტულად- „მარ“(מר)…მეორეც, ჰორის დედა, ისიდა ასევე იყო ღვთაება და ჰორის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იყო ოსირისის მეუღლე.

ძნელია მას მივაკუთვნოთ ტერმინი, „ ქალწული“ , ავტორს, რათქმაუნდა, ძალიან სურდა ქრისტესთან პარალელების გავლება და ამისთვის არ ერიდება აშკარა სიცრუესაც კი…

ჰორის დაბადების დღე აღინიშნებოდა აპრილის თვეში… შესაბამისად , საიდან არის მოტანილი 25 დეკემბერი, უცნობია.

უნდა ითქვას, რომ ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი დღესაც დისკუსიის საგანია. ბიბლიაში არ არის დასახელებული ეს თარიღი, ხოლო სიტყვიერი გადმოცემები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ… პირველი ქრისტიანები საერთოდ არ აღნიშნავდნენ შობას, მათთვის მთავარი დღესასწაული იყო აღდგომა. შემდეგ მოხდა ამ მოვლენის აღნიშვნაც, კონკრეტულად თარიღი 25 დეკემბერი უკავშირდებოდა რომაულ წარმართულ დღესასწაულს, რომელსაც დაამთხვიეს შეგნებულად ეკლესიის მამებმა შობის დღესასწაული, ალბათ მათი მიზანი იყო წარმართული დღესასწაულის ჩანაცვლება.

ანუ, 25 დეკემბერი არის პირობითი თარიღი!

ფილმი – 13:05

„როდესაც იგი დაიბადა, აღმოსავლეთით აღმობრწყინდა ვარსკვლავი, რის დახმარებითაც სამმა მეფემ მიაგნო მხსნელს…“

პასუხი:

ჰორის დაბადებას არ მოჰყოლია მეფეების მოსვლა, არც ვარსკვლავის გამოჩენაზე არ არის საუბარი არცერთ უძველეს წყაროში… თავად ჰორი გახდება ეგვიპტის პირველი ფარაონი…

კვლავ ვხედავთ დაუსაბუთებელ თეზისებსა და მტკიცებულებებს… ჰორი დასახელებულია მესიად და მხსნელად (ვის მესიად?? რისაგან მხსნელად?? ეს უცნობია…), ხოლო ისიდა – მარიამად (ესეც აბსოლუტურად გაუგებარია)

ჰორს არავინ არ გადაურჩენია და ის არ იყო მესია…

ფილმი – 13:17

„30 წლისასაკში, მიიღო სულიერი ნათლობა ადამიანისაგან, სახელად ანუპი.“

აქ ავტორი ალბათ ცდილობს ღვთაება ანუბისის ადამიანად წარმოჩინებას. ძველ ეგვიპტელებში საერთოდ არ იყო ამგვარი ნათლობების ჩვეულებები.

რომც ყოფილიყო ადამიანი ანუბი, რატომ განანათლა მან ღმერთი? ჰორს არ მიუღია ნათლობა ვინმე ანუპისაგან 30 წლის ასაკში, არ არსებობს ამგვარი ტექსტები, ან რატომ უნდა განანათლოს ადამიანმა ღმერთი? (თუ ქრისტეს დაუკავშირებს ვინმე, იგი მან ნათელ იღო იოანესაგან კაცობრივი ბუნებით… ღვთაებრივ ტრანსცენდენტს ეს არ სჭირდებოდა…)

ფილმი – 13:23

„ჰორს ყვავდა 12 მოწაფე, რომელთა მეშვეობითაც იგი მოგზაურობდა და სასწაულებს აღავლენდა… მაგალითად დადიოდა წყალზე და კურნავდა სნეულებს.“

პასუხი:

ჰორს არ ჰყოლია მოწაფეები, არ არსებობს არცერთი ამგვარი უძველესი ტექსტი , სადაც ეს წერია… იგი თავად იყო ღვთაება თოთის მოწაფე

ჰორი არ ახდენდა სასწაულებს და არ დადიოდა წყალზე… არ არსებობს ამგვარი ტექსტები,სადაც ამის შესახებ არის ცნობები. ერთადერთი „განკურნება“, ეს იყო ის, რომ მან გააცოცხლა ოსირისი .

ფილმი – 13-36

„ტიფონის მიერ გაცემის შემდეგ ,ჰორი ჯვარზე გააკრეს…“

პასუხი:

ტიფონს არ შეუძლია ჰორის გაცემა, ტიფონი და სეთი – ეს არის ერთი პერსონაჟი. ტიფონად მოიხსენიებდნენ ბერძნები სეთს. ტიფონი, იგივე სეთი, მოტყუებით დაამწყვდევს ოსირისს აკლდამაში და ჩააგდებს ტბაში.

არავითარ ჯვარცმაზე საუბარიც არ არის… ოსირისი ( თუ დავუშვებთ იმას, რომ ავტორებმა ერთმანეთში აურიეს ღვთაებების სახელები…) იძირება, შემდეგ ამოჰყავს აკლდამიდან სეთს და მუმიფიცირდება ისიდას მიერ…

ჰორი არ უცვიათ ჯვარზე!

ფილმი 13:44

საბოლოო ჯამში ჰორის ისტორია ამგვარია:

„ ის დაიბაა 25 დეკემბერს , ქალწულ ისიდა-მარიამისაგან“

„როდესაც იგი დაიბადა, აღმოსავლეთით ამობრწყინდა ვარსკვლავი და მისი მეშვეობით სამმა მეფემ იპოვნეს მხსნელი“

„12 წლის ასაკში, იგი ასწავლიდა მდიდართა შვილებს“

„30 წლის ასაკში , მან მიიღო სულიერი განმანათლებლობა , ადამიანისაგან , სახელად ანუპი.“

„ჰორს ჰყავდა 12 მოწაფე, რომელთა დახმარებითაც იგი მოგზაურობდა და აღავლენდა სასწაულებს“

„ტიფონის მიერ გაცემის შემდეგ იგი ჯვარს აცვეს“

„შემდეგ იგი დამარხეს და მესამე დღეს აღსდგა“

პასუხი:

საბოლოო ჯამში ირკვევა, რომ ეს ყვლაფერი არის “უვიცობის” შედეგი… ან ამ ფილმის შემქმნლებს მაყურებელი გონებასუსტი ჰგონია… თუ თქვენ არ თვლით თავს ამგვარებად, შეეცადეთ გაეცნოთ წყაროებს, ეგვიპტის ისტორიის შესახებ…

დეკანოზი ლევან მათეშვილი

orthodoxtheology.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий