среда, 3 июля 2013 г.

,,ვიღაცამ ჯოჯოხეთშიც უნდა იქადაგოს საღვთო წერილი''

პასტორი შნაიდერი – ვიღაცამ ჯოჯოხეთშიც უნდა იქადაგოს საღვთო წერილი.


პაულ შნაიდერი გახლავთ პირველი პროტესტანტი სასულიერო პირი, რომელიც შეეწირა ჰიტლერის რეჟიმს მისი ანტინაცისტური და ძალადობის წინააღმდეგ მამხილებელი ქადაგებების გამო.


პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს, როცა გერმანია გააფთრებული იბრძოდა ერთდროულად აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონტებზე, ერთ–ერთ გერმანულ კორპუსში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომობდა, მსახურობდა 18 წლის გერმანელი ჯარისკაცი პაულ რობერტ შნაიდერი. ერთი ბრძოლის შემდეგ, სადაც მან მძიმე ჭრილობა მიიღო მუცლის არეში, სარდლობამ შნაიდერი უმაგალითო სიმამაცისთვის რკინის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. ჭრილობის მოშუშების შემდეგ შნაიდერმა სამსახური არტილერიაში გააგრძელა, უკვე დასავლეთის ფრონტზე, ბრიტანეთის და საფრანგეთის წინააღმდეგ. მისი სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ომის ბოლოს მან ოფიცრის, ლეიტენანტის რანგს მიაღწია.

1918 დასრულდა პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც გერმანიას დამარცხება, უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და სოციალური არეულობა მოუტანა. შნაიდერმა გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის ომამდელ ოცნებაზე ექიმი გამხდარიყო. მან გადაწყვიტა თეოლოგია შეესწავლა, სასულიერო კარიერა აერჩია და მამის, გუსტავ-ადოლფ შნაიდერის, მსგავსად, გერმანიის ევანგელისტურ-რეფორმისტული ეკლესიის პასტორი გამხდარიყო. უნდა ითქვას, რომ პირველი წლები შნაიდერმა სულიერ ძიებაში გაატარა. თეოლოგიის სწავლის პროცესში მან ბევრი უძილო ღამე გაატარა, როცა ცდილობდა მის გარშემო არსებული დამთრგუნველი რეალობა დაეკავშირებინა იმასთან რასაც ბიბლიაში კითხულობდა. მისთვის თანდათან ნათელი ხდებოდა, რომ თუ ადამიანთა სულიერება, მათი გულები არ შეიცვალა ქვეყანა ახალი ტირანიის აღმოცენების საფრთხის წინაშე დადგება. მისი დღიურებიდან ჩანს თუ როგორ ყალიბდებოდა ამ ადამიანის რწმენა. სწორედ ამ წლებში მას გაუჩნდა მოთხოვნილება უბრალო ადამაინთა ბედი გამოეცადა. 1922 წელს მან დორტმუნდის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო მუშაობა ფოლადის მდნობელად. აქ მან მუშათა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა და მერე იგონებდა რომ როცა ერთი წლის შემდეგ ტოვებდა მეგობრებს მათ უთხრეს: ‘პაულ, შენ ერთი ჩვენთაგანი ხარ. ეცადე ასეთად დარჩე.’ ამის შემდეგ მან გააგრძელა სწავლა თეოლოგიურ კოლეჯში და ამავე დროს 1924 წელს, ცხრა თვის მანძილზე, ბერლინის საქველმოქმედო მისიაში იმუშავა, სადაც ყოველდღე უწევდა ღარიბი და უპოვარი ადამიანების ხილვა, ალკოჰოლიზმით და ნარკომანიით დაავადებულთა დახმარება.



1925 წელს შნაიდერმა სასულიერო წოდება მიიღო და ერთი წელი ესსენში გაატარა ადგილობრივი ეკლესიის პასტორის თანაშემწედ. 1926 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მამამისი (ქადაგების დროს, ეკლესიაში მას ინსულტი დაემართა და ამის მერე სამ დღეში გარდაიცვალა). მამის ეკლესიამ ჰოხელჰაიმში ერთხმად სთხოვა პაულ შნაიდერს მისი ადგილი დაეკავებინა. ის ამ დროს სულ ერთი წლის დაქორწინებული იყო. თავიდანვე შნაიდერის ქადაგებებმა მრევლის ყურადღება მიიპყრო მისი გულწრფელი და უბრალო სიძლიერით. ხალხმა ისე შეიყვარა რომ, როგორც ამბობენ, ავადმყოფნი და სიკვდილის პირას მდგომნი შვებას იგრძნობდნენ ხოლმე როცა პასტორ შნაიდერის მოტოციკლის ხმას გაიგონებდნენ და ხვდებოდნენ რომ მალე მას იხილავდნენ. მისი მეუღლე გრეტელი ერთ ასეთ ამბავს იგონებს: ეპილეპსიით უიმედოდ დაავადებულ ახალგაზრდას ისეთი მძიმე შეტევა ჰქონდა, რომ სამი დღის და ღამის განმავლობაში ვერაფერი უშველეს, მიუხედავად ძლიერი დამამშვიდებელი საშუალებების ინექციისა. შნაიდერი მივიდა ამ ავადმყოფის სანახავად, ილოცა მისთვის და წყნარად ელაპარაკა. ახალგაზრდას ტკივილმა გაუარა და ჩაეძინა. შნაიდერმა კიდევ ერთხელ, უკვე სიკვდილის წინ მოინახულა ეს ბიჭი, რომელმაც თვალცრემლიანმა უთხრა იქ მყოფთ: ‘მადლობა ყველას ყველაფრისთვის, მაგრამ ის რომ შემიძლია მშვიდად მოვკვდე, შიშის გარეშე, ამისთვის მადლობა პასტორს’. იგი გადაეხვია შნაიდერს და ასე განუტევა სული. შნაიდერი ყოველთვის ხალხთან იყო. მას ხშირად ხედავდნენ მოსავლის აღების დროს, მთიბავებთან ერთად მომუშავეს ან ბავშვებთან ფეხბურთის თამაშისას. ამიტომ იყო რომ ეს განცდა ხალხში ‘ერთ-ერთი ჩვენთაგანი’ სრულიად ბუნებრივად თანაარსებობდა სხვა განცდასთან: ‘ღვთის მიერ რჩეული.’

1930 წლის 30 იანვარს ჰიტლერი პირველად მოვიდა ძალაუფლებაში. ჰოხელჰაიმის მრევლის ნახევარმა თავისუფალ არჩევნებში ნაცისტებს მისცა ხმა. შნაიდერი იმთავითვე ხვდებოდა თუ რა ბნელ ძალას წარმოადგენდა ნაციზმი. ის არასდროს არ იყენებდა მისალმების სავალდებულო ‘ჰაილ ჰიტლერ’ ფორმას, რადგან ამას კერპთაყვანისმცემლობად თვლიდა. განხეთქილება მოხდა გერმანიის ეკლესიებშიც. ისინი ვინც მხარი დაუჭირეს ნაცისტურ რეჟიმს თავის თავს “გერმანელ ქრისტიანებს” უწოდებდნენ. შნაიდერი თავიდანვე კრიტიკულად განეწყო მათ მიმართ, რადგან მათ ღიად გაიზიარეს ჰიტლერის ანტისემიტური იდეოლოგია. მან ამის შესახებ თავის ქადაგებებშიც ილაპარაკა და ადგილობრივ ‘გერმანელ ქრისტიანთა’ ლიდერების ჩარევის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ქალაქის ეკლესიის პასტორის ადგილი და ახალი პასტორატი მიიღო ახლომდებარე ორ პატარა ეკლესიაში – დიკენშედში და ვომრატში.



მალე მოხდა ამბავი, რომელმაც ფატალური როლი ითამაშა მის შემდგომ ცხოვრებაში. 1934 წლის ივნისში ახლომდებარე გრემუნდენის ეკლესიის პასტორი ავად გახდა და შნაიდერს თხოვეს მის მაგივრად ჩაეტარებინა ერთი სამგლოვიარო ცერემონია. გარდაცვლილი იყო 17 წლის, უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ბიჭი, ადგილობრივი ‘ჰიტლერიუგენდის’ (ახალგაზრდული ნაცისტური ორგანიზაცია) წევრი. პასტორის უბრალო შავ ტანსაცმელში ჩაცმული შნაიდერი წინ მიუძღოდა სამგლოვიარო მსვლელობას, ჰიტლერიუგენდის წეევრები მას მოჰყვებოდნენ, სამგლოვიარო ორკესტრით და ნაცისტური დროშებით. შნაიდერმა წესის აგების ცერემონია ატარებდა, მაგრამ მოულოდნელად ადგილობრივმა ნაცისტმა ლიდერმა გააწყვეტინა ლაპარაკი და სიტყვა წარმოთვა რომელშიც ასეთი რამ თქვა: ‘ამხანაგო კარლ მუგ, ახლა შენ ჩაირიცხე ზეცაში არსებულ ჰიტლერიუგენდის ჰორსტ ვესელის ბატალიონში.’ [წარმართული იდეები გარდაცვლილ ნაცისტებზე, რომლებიც უერთდებიან ზეცაში მყოფ მებრძოლებს, მათ ზეციურ ბატალიონებს, ამ იდეოლოგიის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი იყო. ჰორსტ ვესელი: ახალგაზრდა ნაცისტი აქტივისტი, რომელიც 1930 წელს მოკლეს პოლიტიკურ ოპონენტებთან შეტაკებისას. ნაცისტების მიერ ის განიხილებოდა როგორც გმირი და მოიხსენიებოდა როგორც წამებული. მასვე მიეძღვნა ცნობილი სიღერა 'ჰორსტ ვესელ', რომელიც სავსე იყო წარმართული სიმბოლოებით და ხშირად გაისმოდა ხოლმე ნაცისტურ აქციებზე და თავყრილობებზე]. შნაიდერმა თავშეკავებულად მაგრამ მტკიცედ გააგრძელა შეწყვეტილი ქადაგება და თქვა რომ ზეცაში არანაირი ჰიტლერიუგენდი არ არსებობს. თავხედმა ნაცისტმა კვლავ გააწყვეტინა მას და დაიყვირა: ‘რაც არ უნდა თქვას ამ პასტორმა მე ვიმეორებ, კარლ მუგი ზეციურ ჰორსტ ვესელის ბატალიონს შეუერთდა’. აქ უკვე შნაიდერს ისღა დარჩენოდა პროტესტი გამოეთქვა და შეეხსენებინა ნაცისტისთვის რომ იგი საეკლესიო ცერემონიაზე იმყოფებოდა. განრისხებული ნაცისტი მოშორდა იქაურობას და ჰიტლერიუგენდის პარადიც შეწყდა. მეორე დღესვე შნაიდერი დააპატიმრეს და ერთი კვირა საპატიმროში გააჩერეს. გამოშვებისას მას დაბეჯითებით ურჩიეს აღარ გამოეხატა არასდროს უთანხმოება ნაცისტური სახელმწიფოს იდეოლოგიის მიმართ.

1935-1936 წლის ზამთარში ნაცისტებმა კიდევ თორმეტჯერ დააკავეს ან დააჯარიმეს პასტორი შნაიდერი. მათ განსაკუთრებით აშინებდა ის, რომ ანტინაცისტურად განწყობილმა პროტესტანტმა სასულიერო პირებმა შექმნეს ე.წ. ‘აღმსარებლობითი ეკლესია’ (Confessing Church), რომლის წარმომადგენელთა აქტიურობა ეწინააღმდეგებოდა ‘გერმანელ ქრისტიანთა’ პოზიციებს. გესტაპომ (ნაცისტური გერმანიის საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია) მოინახულა შნაიდერი და მოთხოვა მას ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, რომლითაც იგი უარს იტყოდა ‘აღმსარებლობითი ეკლესიის’ მიერ მიღებული განცხადების საჯაროდ წაკითხვაზე თავის ეკლესიაში. შნაიდერმა ამაზე უარი განაცხადა. მას ასევე სდევნიდნენ იმისთვის რომ საკვირაო სკოლაში იგი არ ესალმებოდა ბავშვებს ‘ჰაილ ჰიტლერ’ შეძახილით. იგი აქტიურად იყო ჩართული ქრისტიან ახალგაზრდათა მოძრაობის საქმეებში და ეხმარეობდა მათ ჰიტლერიუგენდთან მათი შერწყმის მცდელობების მოგერიებაში. რეჟიმის განსაკუთრებულ სიძულვილს შნაიდერის მიმართ იწვევდა მისი მტკიცე და ღიად ნეგატიური პოზიცია ებრაელთა დევნის კამპანიის და ანტისემიტური პროპაგანდის წინააღმდეგ.

1936 წელს როცა გერმანიის არმიამ რაინლანდის ის ნაწილი დაიკავა, რომელიც ვერსალის ზავის თანახმად დემილიტარიზებული უნდა ყოფილიყო. ჰიტლერის დავალებით გერმანიაში ჩატარდა სამარცხვინო, ფარისევლური ვითომ რეფერენდუმი: გერმანელებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე: ეთანხმებიან თუ არა ისინი მთავრობის ქმედებას რაინლანდში (საბოლოო ჯამში ეს იყო ნაცისტური რეჟიმის პირველი, ღიად აგრესიული ნაბიჯი რასაც საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება მოჰყვა). რეფერენდუმის ბიულეტენში საერთოდ არ იყო ‘არა’ პასუხი დაბეჭდილი. რა გასაკვირია, რომ ამ მოჩვენებითი რეფერენდუმის შედეგი ასეთი იყო – გერმანელთა 99% ეთანხმებოდა ხელისუფლების პოლიტიკას. პაულ შნაიდერი და მისი მეუღლე გრეტელი იმ გერმანელთა შორის იყვნენ ვინც არჩია საერთოდ არ მიეღო მონაწილეობა ამ მოჩვენებით რეფერენდუმში. რეფერენდუმის დღეს ნაცისტურმა პოლიციამ მოინახულა ისინი და სცადა დაერწმუნებინა წასულიყვნენ ხმის მისაცემად, მაგრამ ვერ შეძლეს ეს.

ნაციზმი გერმანიაში ისეთ სულისკვეთებას ამკვიდრებდა, რომელიც რიგით გერმანელს დაბეჯითებით ურეცხავდა ტვინს პროპაგანდით და აიძულებდა მას ეფიქრა რომ თუ გერმანელი პატრიოტი ხარ აუცილებლაც ნაცისტი უნდა იყო. შნაიდერი ნამდვილად იყო თავისი ქვეყნის პატრიოტი. მის მიერ ომში მიღებულ ჯილდო იმაზე მეტყველებდა რომ ამ კაცმა სისხლი გაიღო და იბრძოლა სამშობლოსათვის, მაგრამ ამჯერად იგი დიქტატორულ და სასტიკ რეჟიმს უპირისპირდებოდა. ნაციზმმა გერმანიაში ყოველგვარი ორგანიზებული წინააღმდეგობის მექანიზმები დათრგუნა: პროფკავშირები გაუქმდა, მედია მთლიანად მათ კონტროლს ექვემდებარებოდა, სკოლის სახელმძღვანელოები გადაიწერა. ბიოლოგიაში და ანთროპოლოგიაში დომინირებდა აზრი, რომ ზოგიერთი რასები უფრო სრულყოფილია სხვებზე და რომ მაღალი დონის რასებმა ძალისმიერად უნდა მოსპონ დაბალი დონისანი. ამ პერიოდში ჰიტლერი უკვე აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, ის იყო მთელი ერის და შეიარაღებული ძალების ფიურერი (ლიდერი). გასაკვირი არაა რომ ამ დროს შნაიდერი ამბობდა: ‘ნაციონალ–სოციალიზმი ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარად უპირისპირდება ბიბლიურ ქრისტიანობას.’



შნაიდერის ქადაგებანი შთამბეჭდავი იყო და დიდ ემოციურ გავლენას ახდენდნენ მსმენელზე. ის ამბობდა ხოლმე: ‘ნუ მოიტყუებთ თავს, თქვენ ვერ იქნებით იესოს დიდების და გამარჯვების თანამონაწილენი თუკი თქვენ მისთვის და მისი სახელით არ იტვირთავთ წმინდა ჯვარს და მასთან ერთად არ ივლით ტანჯვისა და სიკვდილის გზაზე.’

1936 წლის ზაფხულისთვის შნაიდერების ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი გოგო ჰყავდათ და მათი განათლების საკითხი აღრმავებდა ოჯახის პრობლემებს. მისი საეკლესიო სკოლის ორი მასწავლებელი ნაცისტური პარტიის წევრი გახდა და მასწავლებლის პოზიციას ბავშვთა ინდოქტრინაციისთვის იყენებდა. შნაიდერმა სცადა ჩარეულიყო, რაკი ეს სკოლა საეკლესიო იყო და აქ მისი ხუთი შვილი სწავლობდა. შედეგი საპირისპირო იყო: პოლიციამ შნაიდერის სახლი გაჩხრიკა, მისი ქაღალდები, ქადაგებათა ტექსტები ამოიღო და აღარ დაუბრუნებია. ქადაგებათა ნაწილში ღიად იყო ნათქვამი უთანხმოებაზე ნაცისტურ დოქტრინასა და ბიბლიურ სწავლებას შორის. გესტაპოში შნაიდერის დოსიე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ცოტა ხანში მას მეექვსე შვილი (ვაჟი) შეეძინა, რომელსაც ერნსტ-ვილჰელმი დაარქვეს გრეტელის პირველ მსოფლიო ომში, 1916 წელს დაღუპული ორი ძმის საპატივსაცემოდ.

1937 წლის 3 მაისს გესპატომ შნაიდერი დააპატიმრა. მისი ჯანმრთელობა არ იყო კარგი ამ დროს, რადგან ცოტა ხნის წინ მან ფეხი მოიტეხა საგზაო შემთხვევის დროს. პასტორი კობლენცის ციხის მიწისქვეშა საკანში მოათავსეს, არც ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკითხავთ და არც გაუსამართლებიათ. გესტაპოს შიდა დოკუმენტებში იგი მოიხსენიებოდა როგორც ‘პატიმარი შნაიდერი’, როგორც პიროვნება, რომელიც საზიგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის. იყო მცდელობები მისი დაშინებისა. საკანში იგი ლექსებს წერდა და როცა შეიტყო რომ მისი მეექვსე შვილი მონათლეს ამას დიდი პოემა უძღვნა. რვა კვირიანი პატიმრობის გარეშე იგი გამოუშვეს, ოღონდ პირობით: მას რაინლანდი უნდა დაეტოვებინა! პაულმა განაცხადა რომ ეს შეუძლებელი იყო, ასეთნაირად მას საკუთარი სახლის და იმ ეკლესიების დატოვება მოუწევდა სადაც ის პასტორი იყო. შნაიდერი არ გასამართლებულა, მას ბრალიც კი არ წაყენეს ისე გაატარა რვა კვირა ციხეში და ახლა გესტაპოს უკანონო ბრძანების დამოირჩილებაზე უარს აცხადებდა. პოლიციელებმა ამის პასუხად იგი მანქანით ვისბადენში, ანუ რაინლანდის საზღვრის იქით გაიყვანეს და იქ დატოვეს. პაულმა პროტესტის ნიშნად აკრძალვის მაუწყებელი დოკუმენტები სანაგვეში გადაყარა და პირველივე მატარებლით სახლში დაბრუნდა. ის ძალიან დიდ რისკზე მიდიოდა. ის ამ დროს სუსტად იყო, მოტეხილი და ბოლომდე მოურჩენელი ფეხი სტკიოდა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. მეგობრებმა დაიყოლიეს იგი სამკურნალოდ დროებით ბადენ-ბადენში ჩასულიყო. აქ იგი უსაფრთხოდაც იქნებოდა და ფორმალურად რაინლანდში ყოფნის აკრძალვასაც დააკმაყოფილებდა.

1937 წლის 5 ოქტომბერს პაულ შნაიდერი დიკენშედში დაბრუნდა. მისი ოჯახი და მეგობრები სიხარულით ცას ეწიენ. მაგრამ კარგად ინფორმირებული ხალხი ხვდებოდა რომ პასტორი დიდ რისკზე მიდიოდა. მან იქადაგა დიკენშედში დილით და თავისი ეს ქადაგება 145–ე ფსალმუნზე ააგო: ‘იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს. უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს.’ მას არ ჰქონდა გაცნობიერებული რომ ეს მისი უკანასკნელი ქადაგება იქნებოდა და რომ მხოლოდ ეს ფაქტი – ქადაგება თავისსავე ეკლესიაში – მას საბოლოოდ დააკარგვინებდა თავისუფლებას. როცა საღამოს იგი ვომრატისკენ გაემართა მანქანით რათა იქ საღამოს წირვა შეესრულებინა პოლიციის მანქანამ მას გზა გადაუღობა. მან მოასწრო გრეტელისთვის ეთქვა – ‘უთხარი მრევლს რომ მე ვრჩები დიკენშედის და ვომრატის პასტორად’ – გრეტელმა კი მოასწრო და მას ჯიბეში პატარა ბიბლია ჩაუდო.

შნაიდერი კობლენცის ციხეში მოათავსეს. ამ დროს საერთოდ გაძლიერდა რეპრესიები აღმსარებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რადგან იგი არ ეპუებოდა ნაცისტურ რეჟიმს. ეკლესიას არ შესწევდა ძალა დახმარებოდა პაულ შნაიდერს, თავის ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ წევრს. აღმსარებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, მარტინ ნიმიულერი, ლუთერანი პასტორი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანული წყალქვეშა ნავის კაპიტანი იყო, ამ დროს უკვე თავადაც ციხეში იმყოფებოდა. შნაიდერი და ნიმიულერი იზიარებდნენ ‘პატივს’ ყოფილიყვნენ ჰიტლერის პირადი პატიმრები. ეს უკვე ომის მერე გამოირკვა როცა მოინახა დოკუმენტები ჰიტლერის ხელმოწერით, იგი უბრძანებდა პოლიციას გაეჩუმებიათ ნიმიულერი და შნაიდერი. მიზეზად მითითებული იყო: ‘სახელმწიფო ინტერესების დაცვა’.

1937 წლის 25 ნოემბერს პაულ შნაიდერი ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, ეს ბანაკი ვაიმართან ახლოს, მისი მშობლიური დიკენშედიდან 200 მილით იყო დაშორებული. ამ ბანაკის კომენდანტი, კარლ კოხი, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. უნდა ითქვას, რომ კოხიც კი ცდილობდა თანამშრომლობაზე დაეთანხმებინა შნაიდერი. მან უთხრა პასტორს: ‘თქვნთვის, მამო, ციხის კედლები ქაღალდისგანაა გაკეთებული’. ამით ის გულისხმობდა, რომ თუ შნაიდერი დათანხმებოდა ნაცისტების ულტიმატუმს – უარი ეთქვა ქადაგებებზე და დაეტოვებინა რაინლანდი – ის თავისუფალი იქნებოდა. ალბათ წარმოდგენაც კი ძნელია რა ძლიერი იყო ცდუნება დათანხმებოდა ამ წინადადებას და დაბრუნებოდა ოჯახს, რა სულიერი სიმტკიცე და ურყევი რწმენა უნდა ჰქონოდა ამ ადამიანს რომ თავისი რწმენისადმი ერთგული დარჩენილიყო. შნაიდერი ჩვეულებრივ საბანაკო რეჟიმში ცხოვრობდა. ამუშავებდნენ დღეში თექვსმეტ საათს. ის მარხულობდა ყოველ პარასკევს და თავის იმ დღის რაციონს სხვა პატიმრებს უნაწილებდა.

1938 წლის 20 აპრილს ჰიტლერის დაბადების დღე იყო, ის 49 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად ბუჰენვალდის პატიმრები ბანაკის ეზოში ჩაამწკრივეს და ნაცისტური, სვასტიკიანი დროშის წინ ბერეტების მოხდა და თავის დახრა უბრძანეს. დაცვამ შეამჩნია რომ მხოლოდ ერთმა პატიმარმა არ შეასრულა ეს ბრძანება და არ დაუხარა თავი სვასტიკას. ეს პაულ შნაიდერი იყო. ამისთვის იგი საჯაროდ გაამათრახეს. მისი გასისხლიანებული სხეული კი კარცერში გადაიტანეს.

ასე კარცერში გამომწყვდეულმა გაატარა მან შემდეგი თხუთმეტი თვე. ეს კარცერი ზომით იყო 1.2 მეტრი სამ მეტრზე. აქ მას მხოლოდ პურზე და წყალზე ამყოფებდნენ. მას ბიბლიაც წაართვეს, მისი ტანისამოსი ძონძებად იქცა. 1938 წლის 28 აგვისტოს პაულ შნაიდერმა იქადაგა კარცერის ფანჯრიდან, დილის 6.30-ზე როცა ბანაკის პატიმრები შერენგებად ჰყავდათ დაყენებული სამუშაო დღის დასაწყისში. გადარჩენილი პატიმრები იგონებდნენ რომ მან თქვა: ‘უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, მოევლინა ამ ქვეყანას რათა ჩვენივე ცოდვებისგან დაგვიხსნას. თუ გვწამს იგი, მაშინ ღმერთი ჩვენთანაა. არ შეგვეშინდეს იმისა, რაც სხვა ადამიანს შეუძლია დაგვიშავოს, რადგან ჩვენ, ქრისტეს შემწეობით, სასუფეველს, ციურ საუფლოს ვეკუთვნით. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა იმისთვის რომ, მისი რწმენით, ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ მის აღდგომაში. იესომ თქვა ‘მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ის ვისაც ჩემი რწმენა აქვს არასდროს მოკვდება.’ აღიარეთ უფალი ჩვენი ისეო ქრისტე და ღერთი მიგიღებთ თქვენ როგორც თავის ძეს.’ ორი წუთის შემდეგ დაცვის ჯარისკაცები შევარდნენ შნაიდერის კარცერში და მოგლიჯეს იგი ფანჯარას. ამ საქციელისთვის იგი კიდევ ერთხელ გაამათრახეს. გასისხლიანებულმა შნაიდერმა უთხრა ერთ–ერთ სხვა პატიმარს: „ვიღაცამ ჯოჯოხეთშიც უნდა იქადაგოს ღვთის წერილი.“

1939 წლის იანვარში ორმა პატიმარმა გაქცევა სცადა. ისინი დაიჭირეს და დანარჩენ პატიმართა თვალწინ პირდაპირ პლაცზე ჩამოახრჩვეს. შნაიდერმა კარცერის ფანჯრიდან დაიყვირა „იესო ქრისტეს სახელით მე ვგმობ ამ მკვლელობას”. პასუხი კიდევ ერთი საჯარო სასჯელი იყო 25 მათრახის დარტყმით. ერთ–ერთმა ბადრაგის წევრმა ჰკითხა მას: „რას გააკეთებთ თუ გაგანთავისუფლებენ?“ შნაიდერს ეტყობა თვალწინ ჯერ კიდევ ის ორი ტუსაღი ედგა პლაცზე რომ ჩამოახრჩვეს. მან ასე უპასუხა: „მე ვაიმარში (უახლოესი ქალაქი) წავიდოდი და ვიქადაგებდი იმ საზარელ დანაშაულებზე რომლებსაც თქვენ აქ სჩადიხართ.“ ამ სიტყვებისთვის შნაიდერი რამდენიმე საათით მაჯებით ჩამოკიდეს კამერის ფანჯრის გისოსებიდან ისე, რომ მისი ფეხისგულები მიწას არ ეხებოდა. პატიმრები იგონებენ, რომ შნაიდერი აგრძელებდა ასეთ მოკლე, გმირულ ქადაგებებს საკნის ფანჯრიდან. ასე მოხდა, მაგალითად, 1939 წლის აღდგომის დილას. ერთი პატიმარი იგონებდა: „მე ვფიქრობ ის ერთადერთი იყო ბუჰენვალდში ვინც დაძლია ადამიანური შიში და სრულიად გააზრებულად იტვირთა ქრისტეს ჯვარი სიკვდილამდე.“ მისი ყოველი ქადაგება მისი წამების გაძლიერებას ნიშნავდა მაგრამ ამავე დროს ძლიერდებოდა მისი რწმენა და თავდადება.

ბოლოს, 1939 წლის 18 ივლისს, ნაშიმშილარი, ნაცემი, გასისხლიანებული პაულ შნაიდერი გარდაიცვალა, როცა ბანაკის ექიმმა მას სტროფანტინის ძლიერი დოზა გაუკეთა. ის ამ დროს 41 წლის იყო. გრეტელი 35 წლის ასაკში დაქვრივდა ექვსი პატარა შვილით. გრეტელმა ბუჰენვალდის კომენდანტ, ერიხ კოხისგან პედანტური დეპეშა მიიღო: „პაულ შნაიდერი, დაბადებული 1897 წლის 29 აგვისტოს, დღეს, დილის 10 საათსა და 40 წუთზე, გარდაიცვალა. თუ ოჯახს სურს მისი ცხედრის გადასვენება ამის შესახებ 24 საათში უნდა გვაცნობოთ. თუ ასეთ ცნობას არ მივიღებთ მისი სხეული კრემირებული იქნება.“ გრეტელმა გადმოასვენებინა პაულის ცხედარი და სამი დღის შემდეგ ის დასაფლავებული იყო დიკენშედის ეკლესიის ეზოში. შნაიდერის სამგლოვიარო ცერემონიაზე ლეგენდები დადიოდა. 200–მდე პასტორმა, რამდენიმე ასეულმა სხვა მოქალაქემ მიიღო მასში მონაწილეობა. როცა პროცესიამ კათოლიკურ ტაძარს ჩაუარა იქიდან გამოვიდენ კათოლიკე მღვდლები და პროტესტანტებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა პროცესიაში.

[დიტრიჰ ბონჰოფერმა, პასტორმა და ნაცისტური რეჟიმის კიდევ ერთმა შეურიგებელმა მტერმა, ამბავი შნაიდერის გარდაცვალების შესახებ ლონდონში შეიტყო სადაც იგი ამ დროს თავის დას, საბინას, სტუმრობდა. ბონჰოფერმა თავის დისშვილებს უთხრა: „მისმინეთ ბავშვებო. თქვენ არასდროს არ უნდა დაივიწყოთ ეს სახელი: პასტორი პაულ შნაიდერი. ის ჩვენი პირველი წამებულია.“ თავად ბონჰოფერი მოგვიანებით გერმანიაში დაბრუნდა და აგონიაში მყოფმა ნაცისტებმა იგი იმავე ბუჰენვალდის ბანაკში ჩამოახრჩვეს ომის დამთავრებამდე ორიოდე კვირით ადრე, 1945 წლის აპრილში.]

შნაიდერის სიკვდილიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. გრეტელი და შნაიდერების ექვსი შვილი გადაურჩენ ომის საშინელებებს. მეორე მსოფლიო ომში შემდეგ გრეტელმა გამოაქვეყნა თავისი მოგონებები (1953 წელს) და ეს წიგნი მალევე იყო თარგმნილი ინგლისურად, გამოიცა 1956 წელს სათაურით „ბუჰენვალდის პასტორი“. გრეტელ შნაიდერმა ხანგრძლივი სიცოცხლე განვლო და 2002 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა, თორმეტი დღით ადრე თავის 99 წლის დაბადების დღემდე. მან შვილები გაზარდა და მოესწრო ომისშემდგომ გერმანიაში მისი ქმრის აღიარებას, როგორც წამებული წმინდანისა, რაინლანდის ევანგელისტური ეკლესიის მიერ. 1997 წელს კლოდ ფოსტერმა, ისტორიის პროფესორმა, დაწერა შნაიდერის დეტალური 900 გვერდიანი ბიოგრაფია, სათაურით „ბუჰენვალდის მოციქული“. წიგნი მოგვიანებით გერმანულადაც ითარგმნა. გერმანიაში არსებობს პასტორ პაულ შნაიდერის ასოციაცია, რომელიც 1997 წელს ჩამოყალიბდა და რომლის მიზანია მისი ხსოვნის დაცვა და გავრცელება. შნაიდერის საზოგადოება თავის მიზნებს ასე აყალიბებს: „მორალური გაურკვევლობის დროებაში ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ პაულ შნაიდერის ხსოვნა, გავამხნევოთ სხვა ქრისტიანები, დავეხმაროთ მათ შნაიდერის მაგალითით მოიქცენ ისევე, როცა ეს აუცილებელია, რწმენისთვის და სინდისისთვის. რათა ყოველდღე გვახსოვდეს თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა.“

ტურისტები დადიან ბუჰენვალდში, ნახულობენ კარცერის იმ კამერას სადაც შნაიდერი იყო დამწყვდეული და სპეციალურ დაფაზე კითხულობენ ფრაგმენტს ბიბლიიდან, რომელიც გრეტელ შნაიდერმა ამოარჩია: „ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,“ (2 კორინთელთა 5:20).

სწორედ შნაიდერს, ნიმიოლერს, ბონჰოფერს და აღმსარებლური პროტესტანტული ეკლესიის სხვა გმირ პასტორებს გულისხმობდა ალბერტ აინშტაინი როცა ამბობდა:

“როგორც თავისუფლების მოყვარული ადამიანი, როცა ნაციზმი მოვიდა გერმანიაში, მე ჯერ უნივერსიტეტებს ვუყურებდი იმ იმედით, რომ ისინი დაიცავდნენ თავისუფლებას, ვიცოდი, ისინი ყოველთვის ამაყობდნენ თავისი ერთგულებით სიმართლისადმი; მაგრამ არა, უნივერსიტეტები დაუყოვნებლივ დაადუმეს. შემდეგ მე იმედის თვალი უკვე გაზეთების გამოჩენილი რედაქტორებისკენ მივმართე, რომელთა ცეცხლოვანი სარედაქციო წერილები წარსულში ესოდენ მგზნებარედ გამოხატავდნენ თავისუფლების სიყვარულს; მაგრამ ისინიც, ისევე როგორც უნივერსიტეტები, რამდენიმე კვირაში გააჩუმეს… მხოლოდ ეკლესია იდგა კლდესავით სიმართლის დათრგუნვის ჰიტლერისეული კამპანიის წინააღმდეგ. მანამდე მე არასდროს მქონია რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ეკლესიისადმი, მაგრამ ახლა მე უდიდეს სიყვარულს და აღფრთოვანებას განვიცდი ვინაიდან მხოლოდ ეკლესიას აღმოაჩნდა საკმარისი სიმამაცე და თანმიმდევრულობა დამდგარიყო ინტელექტუალური ჭეშმარიტების და მორალური თავისუფლების დასაცავად.“



2000 წელს, როცა მთელი ქრისტიანული სამყარო სარწმუნოების 2000 წლისთავს აღნიშნავდა, რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ პასტორი პაულ შნაიდერი პროტესტანტ წამებულთა წარმომადგენლად დაასახელა. 2003 წელს კი რომში, წმინდა ბართლომეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში, გაიმართა ეკუმენისტური წირვა, რომელსაც შნაიდერის ოჯახის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის მისი ქალიშვილი ევა-მარია და ვაჟი კარლ-ადოლფი. კარლ-ადოლფმა წაიკითხა პაულ შნაიდერის ერთ-ერთი უკანასკნელი წერილი მეუღლისადმი. ეს წერილი შნაიდერების ოჯახმა უსახსოვრა ეკლესიას და მას შემდეგ იგი აქაა გამოფენილი.


ანდრია როგავა

2012 წლის 28 სექტემბერი



orthodoxtheology.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий