воскресенье, 21 июля 2013 г.

საუნჯე.

,,სადაც არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი’’, - გვეუბნება მაცხოვარი, თითქმის ყოველ კაცს რაღაც თავისი საუნჯე აქვს. საერთოდ კი, კაცისათვის საუნჯე ისაა, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ემონება და ემსახურება, რისი სასოებაც აქვს. ცოდვილის საუნჯე ცოდვაა, რომელსაც იგი ემონება; ამასთან ყოველ ცოდვილს თავისი საკუთარი და განსხვავებული საუნჯე აქვს. მართალი ადამიანებისათვის კი საუნჯე ერთია და საერთო – ცათა შინა ღმერთი და სასუფეველი მისი. ანგარების მოყვარე ცოდვილისთვის საუნჯე ვერცხლი ანუ სიმდიდრეა, რომლის შეძენისთვისაც იგი ყოველ ღონეს ხმარობს. ყოველ კაცს უნდა უყვარდეს თავისი მახლობელი და ნათესავი, მოყვასის სიყვარულის მცნებას თვით ღმერთი გვაძლევს, მაგრამ ზომას კაცი არც ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეს. მართალია, ნათესავები და მახლობლები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არა ღმერთზე უმეტესად. მაცხოვარი გვეუბნება: რომელსა უყუარდეს მამა ანუ დედა ანუ ცოლი უმეტეს ჩემსა, იგი არ არის ჩემდა ღირს. აქედან ის უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენი საუნჯე მხოლოდ ღმერთი უნდა იყოს. თუ ისეთი გარემოება შეგემთხვევა, რომ დედ-მამის, ცოლ-შვილის ან სხვისი ვისიმე სიყვარული გაშორებს ღმრთისგან, მაშინ გირჩევნია ისინი დაივიწყო და მხოლოდ ღმრთის სიყვარულს შეუდგე. საუნჯედ ის უნდა ამოირჩიო, რაც შენზე უდიდესი და უმჯობესია და არა შენი სწორი, ან შენზე უარესი. როგორ უნდა დაუმორჩილო შენი გული ვერცხლს, პატივს ან სხვა რომელიმე ამქვეყნიურ ამაოებას? ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც ამქვეყნად გჭირდება, იმისთვის არ იზრუნო. ღმერთმა ეს ქვეყანა შენთვის შექმნა, ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, შენ კი ქრისტესი ხარ. ყოველი ამსოფლიური საუნჯე მოღალატე და წარმავალია. ისინი მხოლოდ დაფლავამდე მიგყვებიან, მერე კი გიღალატებენ და შიშველს დაგტოვებენ. მართალია, აქაური შენნი ნუგეშნი ღმრთის წინაშე წარდგომის დროსაც მოგაგონდებიან, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ უმეტესად დაგტანჯონ და ამგვარად, რაც აქ ნუგეშს გცემდა, იქ სასჯელად გადაგვექცევა. სიცოცხლე ამ სოფელში ღმერთმა იმიტომ მოგვცა, რომ მომავალი ნეტარებისთვის მოვემზადოთ. ამსოფლიური ყოველივე წარმავალია, ამიტომ ვინც საუნჯეს ამ სოფელში გაიჩენს, იგი ზეციურ ჭეშმარიტ საუნჯეს დაკარგავს.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი





Комментариев нет:

Отправить комментарий