четверг, 18 июля 2013 г.

ხსნა ჩვენს ხელთაა.

(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან „სიკვდილს ვერ შევძლებთ“)


მღვდელი კონსტანტინე ოსტროვსკი ქ. კრასნოგორსკის მიძინების ტაძრის წინამძღვარია. იგი რამდენიმე სასულიერო წიგნის ავტორი გახლავთ. მისი ნაშრომი „სიკვდილს ვერ შევძლებთ“, რომელიც აზრობრივი მნიშვნელობის მიხედვით რამდენიმე თავად დაყოფილი მოკლე დარიგებების მიხედვითაა შედგენილი, მკითხველს აიძულებს დაფიქრდეს, განერიდოს ამქვეყნიურ საზრუნავს და მარადისობისკენ გაიხედოს, იქით, სადაც ადრე თუ გვიან ყველანი გადავალთ - ან მარადიულ ნეტარებაში, ან უსასრულო სატანჯველში. თანაც გადავალთ უკლებლივ ყველა - როგორც მორწმუნენი, ისე ურწმუნონი.

ბევრი ფიქრობს, ჯერ ჩემს გემოზე ვიცხოვრებ, შემდეგ კი როგორმე მოვინანიებო. ეშმაკი ჩაგვაგონებს ამ აზრებს, არ გვაძლევს საშუალებას, საიქიო ცხოვრებაზე დავფიქრდეთ, დავფიქრდეთ იმაზე, რომ აღსასრული ყოველ წამს შეიძლება დადგეს, გარდაცვალების შემდეგ კი სინანული შეუძლებელია. ასე რომ, ხსნა ჩვენს ხელთაა.



სიკვდილს ვერ შევძლებთ



გვინდა ჩვენს ეს თუ არა, გვწამს ამისი თუ არა, ჩვენს ბუნებას ვერსად გავექცევით. ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა, ამიტომ, კარგად ვცხოვრობთ თუ ავად, ძალიანაც რომ გვინდოდეს, სიკვდილს ვერ შევძლებთ. ჩვენზე ის კი არაა დამოკიდებული, ვიცხოვრებთ თუ არა მარადიულად, არამედ - მარადიულ სატანჯველში ვიქნებით თუ მარადიულ ნეტარებაში. ყველა იმას ირჩევს, რაც სურს.



სინანულის სტიქია და სულიწმიდის სტიქია



წმინდა იოანე ნათლისმცემელი ამბობს: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა“ (მარკ. 1,8). სანამ სულიწმიდის ცეცხლოვან სტიქიაში აღმოვჩნდებით, სინანულის სტიქია უნდა გავიაროთ. ჩვენთვის ყველაფერი ეს ნაკლებ გასაგები და აბსტრაქტული გახდა, რადგან სინანულსაც კი გავუუცხოვდით, სულიწმიდის სტიქიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამას, იძულებულნი ვართ, შევურიგდეთ, რადგან საკუთარი ცოდვების გაცნობიერების, მათთან ბრძოლის, სულის განწმენდისათვის საჭირო ღვაწლის გარეშე ჭეშმარიტი სულიერება არ არსებობს.



ღვთის მცნებები ტვირთი კი არა, ჯილდოა



ღვთის მცნებები ხშირად ისე აღიქმება, როგორც დასანანი ტვირთი, რომელიც რატომღაც გვზღუდავს და გვამძიმებს, რომლის გარეშეც ცხოვრება უფრო იოლი და უკეთესი იქნებოდა. ხსნის გზას თუ ამ თვალით შევხედავთ, იგი მართლაც მოსაწყენი და აუტანელი მოგვეჩვენება. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ტვირთის თრევა“ სასუფევლამდე ვერ მიგვიყვანს. ღვთის მცნებები ბორკილები კი არ არის, წყალობაა. ისინი იმისთვის გვეძლევა, რომ დაგვეხმაროს, გვასწავლოს, როგორ მოვიქცეთ, რას მივაქციოთ ყურადღება, რას მოვერიდოთ, რომ არ ვავნოთ სულს, რომ მან სულიწმიდით აღვსება შეძლოს და მარადიული ნეტარება დაიმკვიდროს.



სირცხვილი და სინდისი სიტყვებს



„სირცხვილი“ და „სინდისი“ ხშირად ერთმანეთში ურევენ და ერთიმეორის ნაცვლად იყენებენ. სინამდვილეში მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სინდისი გვამხელს, როცა ისეთ რამეს ვაკეთებთ, რისი ჩადენაც არ გვმართებს, სირცხვილით კი მაშინ გვრცხვენია, როცა ისეთი რამ გამოაშკარავდება, რასაც გულდაგულ ვმალავდით. გაუგებრობა იმის გამო ხდება, რომ ამპარტავნების გამო ყველანაირად ვცდილობთ, სხვათაგან დავფაროთ ჩვენი ნაკლი, კარგი კი გამოვამზეუროთ და თავი მოვიწონოთ.




ხსნის გზა მარტივია



ხსნის გზა მარტივია და ის თავად იესო ქრისტემ მოგვცა: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა“ (მთ. 11,29), ე.ი. მიიღეთ ის, რასაც მე გიგზავნით, „რამეთუ, - განაგრძობს უფალი, - უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“. ჩვენ კი სიტკბო მძიმე ტვირთად გვეჩვენება - ასეთია ჩვენი გონების დაბნელების შედეგი. ამიტომ საკუთარ გონებას კი არ უნდა ვენდოთ, არამედ მაცხოვარს, მივიღოთ მისი რჩევა და მისგანვე ვისწავლოთ სიმშვიდე და სიმდაბლე.

თავს ნუ ვიმართლებთ, თითქოს სწავლისთვის ძალა და საშუალება არ გვქონდეს, რადგან იმის მისაღებად, რასაც ღმერთი გვიგზავნის, მხოლოდ გადაწყვეტილების სიმტკიცე და მასთან ყოფნის სურვილია საჭირო.



სიბრძნე და გამოცდილება გვღუპავს



ადამიანი უსუსური იბადება, მას არა აქვს ამ დროებით სამყაროში არსებობისთვის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის თანდაყოლილი უნარი, მაგრამ დროთა განმავლობაში სწავლობს სხვა ადამიანების გვერდით ცხოვრებას, იგი თითქოს ცხოვრებისეული ქურქით იმოსება, რომელიც მას ამქვეყნიურ წინსვლაში ეხმარება. თუმცა როცა ვსწავლობთ, თუ როგორ გავიტანოთ თავი ამა სოფლის აურზაურში, არაფერს ვიუნჯებთ იმქვეყნიური ცხოვრებისათვის. იმას არ ვგულისხმობ, ადამიანებთან ურთიერთობის ღვთის მიერ მოცემული გამოცდილება უკუვაგდოთ, მაგრამ თავად ღმერთთან ურთიერთობისთვის ეს გამოცდილება აღარ გამოგვადგება. თუ ღვთის წინაშე ჩვილი ბავშვის უბრალოებით, სიშიშვლითა და დაუცველობით წარვდგებით, მაშინ ასეთივე შიშვლები, ღვთის მადლის სამოსლით დაუცველები აღმოვჩნდებით ზეციურ სამეფოში. ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან ღმერთი ადამიანს ძალას არ ატანს; თუ ადამიანი თვითონ არ მიმართავს მას დახმარებისათვის, არ სთხოვს შეწევნას, არ სასოებს მას, უფალი ძალისძალად არ იჭრება მის ცხოვრებაში. ამიტომ მეტისმეტად არ უნდა დავენდოთ ჩვენს ადამიანურ სიბრძნესა და გამოცდილებას. ხდება ხოლმე, ცხოვრებისეული სიბრძნე თითქოს ქარის ფრთებით მიგვაქანებს საწუთრო ცხოვრებაში, მაგრამ გარდავიცვლებით და აღმოჩნდება, რომ რაც ასე გვეხმარებოდა ადამიანებთან ბრძოლაში, საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავებაში, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაში, იგივე ახლა ჯოჯოხეთის ეფსკრულისკენ გვექაჩება.



სიყვარულს მაშინ იცნობ, როცა შეიყვარებ



ხდება ხოლმე, რომ ახალმოწიფულ ყმაწვილს წაუკითხავს, გაუგია სიყვარულის შესახებ, მოსწონს ის, სურს, ვინმე შეიყვაროს, ქვეცნობიერად ცდილობს კიდეც შეუყვარდეს და ბოლოს და ბოლოს ჩააგონებს კიდევ თავს, შეყვარებული ვარო, მაგრამ როცა მართლა შეუყვარდება ვინმე, დაინახავს განსხვავებას ნამდვილ ვნებას, რომელიც მთელ მის სულს მოჰკიდებია და ატყვევებს, და ამ ვნების წარმოსახვით ხატს შორის.

ასევე, როცა ღმერთი გაგვიხსნის გულს ჭეშმარიტი სიყვარულისთვის, მხოლოდ მაშინ მივხვდებით, რომ ადრე, თუმცაღა გაგვიგია და წაგვიკითხავს ამის შესახებ, სიყვარული არ გვქონია.



სულიწმიდის გმობა



„ყოველმან, რომელმან ჰსთქუას სიტყვაი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას; ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს“ (ლუკა 12,10), - ნათქვამია წმინდა წერილში. ზოგჯერ სულს ურწმუნოების ბნელი მოიცავს და ადამიანი იესო ქრისტეს გმობას იწყებს, მაგრამ როცა სულიწმიდა გაფანტავს ამ წყვდიადს, კაცი შეინანებს და ქრიტიანი ხდება, გმობა უფლისა მას შედარებით იოლად მიეტევება.

ხდება სხვაგვარადაც: სულიწმიდა გაფანტავს ბნელს, ადამიანი ჭეშმარიტებას შეიცნობს და თავისუფალი არჩევნის წინაშე დგება - მიიღოს სულიწმიდა, რომელიც ჭეშმარიტების გზას უჩვენებს და თაყვანი სცეს მას თუ ზურგი აქციოს ღვთის მოწოდებას, არ ენდოს წმიდა სულის ძახილს და, საბოლოო ჯამში, გმოს იგი. ამგვარი გმობა ადამიანს არც ამ ცხოვრებაში მიეტევება და არც მომავალში. ეს ერთი ადვილად გასაგები მიზეზის გამო ხდება - ადამიანმა შეგნებულად, საკუთარი ნებით თქვა ხსნაზე უარი და ამით თითქოს განკითხვის დღის დადგომა დააჩქარა.

ამიტომ არ გვმართებს, მეტისმეტი აღშფოთება გამოვხატოთ ურწმუნო ადამიანების მიმართ: თუმც დღეს ისინი ურწმუნონი არიან, ხვალ უფალი მოუწოდებთ და მორწმუნენი გახდებიან. ჩვენ კი ღმერთმა უკვე მიგვიყვანა ეკლესიაში, დაგვანახა ჭეშმარიტების გზა, მაგრამ ამ გზაზე ნაბიჯის გადადგმა გვიჭირს. ხომ არ ვგმობთ ამით სულიწმიდას? სინანული ჯერ კიდევ არ არის გვიან.



წყალი სიცოცხლისა და წყალი სიკვდილისა



ხალხურ ზღაპრებში ერთი ასეთი მოარული სიუჟეტი გვხვდება: ბოროტი ადამიანები ზღაპრის გმირს კლავენ და მის სხეულს აკუწავენ, შემდეგ კი მოყვარული ცოლი თუ რუხი მგელი სიცოცხლეს ასე უბრუნებენ გარდაცვლილს: დაჩეხილი სხეული რომ გაამთლიანონ, მას ჯერ სიკვდილის წყალს აპკურებენ, შემდეგ კი - სიცოცხლისას და გმირიც თვალს ახელს.

როგორც სხეული უნდა გამთლიანდეს გაცოცხლებამდე, ასევე სულმაც, სანამ სულიწმიდის მადლს მიიღებდეს, საკუთარ თავში ერთობას უნდა მიაღწიოს. ჩვენც გვჭირდება სიკვდილის წყალი - წყალი კეთილი საქმეებისა, მარხვისა, თავშეკავებისა, განსაცდელთა და უძლურებათა სულგრძელად გადატანისა. ეს ყოველივე მორჩილებისა და მადლის მაცოცხლებელი წყლის მიღების ძალას მოგვცემს. მორჩილება კი სიბრძნეა სულისა.



გული გონებაზეა დამოკიდებული



როცა გულიც სუფთაა და გონებაც, ეს უკვე ვნებებზე გამარჯვებას ნიშნავს. როცა გული ჯერ კიდევ ამპარტავანია, მაგრამ ადამიანი სწორად მსჯელობს და ლოცულობს - ეს სულიერი ბრძოლაა, რომლის შედეგადაც გული თანდათანობით განიწმინდება.

თუ გული შედარებით სუფთაა, მაგრამ გონება არასწორადაა მომართული, ადამიანი საფრთხეშია - შეიძლება გაირყვნას. ხოლო თუ გულსაც შექება სწყურია და გონებაც საკუთარი ღირსებით ტკბება, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი სიკვდილი დამდგარა. რასაკვირველია, ღმერთს ძალუძს, მკვდრეთით აღგვადგინოს, მაგრამ პირველი, რასაც გაცოცხლებული გონება დაინახავს, მკვდარი, ამპარტავანი გული იქნება.



ქება დაითმინე და მხილება შეიყვარე



იოანეს სახარებაში არის ეპიზოდი, სადაც იესო ქრისტე საკმაოდ მკაცრი სიტყვებით ამხილებს იუდეველებს: „თქუენ ქეუყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ... მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა...“ (იოანე 8,23-24). მეტად საყურადღებოა ის, რაც ამ სიტყვებს მოსდევს: „ამას რა იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი“ (იოანე 8,30). ვინ იყო ის საოცარი ხალხი, რომელმაც მიიღო მხილება და ირწმუნა იესო, არ ვიცი, მაგრამ აღტაცებული კი ვარ მათით, რადგან ვერავის და მათ შორის ვერც საკუთარ თავს ვერ ვამჩნევ, რომ სულგრძელად ითმენდეს მხილებას. ჩვენ ძალზე იშვიათად ვამხილებთ ერთმანეთს სიყვარულით; ამას, ჩვეულებრივ, განკითხვით ვაკეთებთ და ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს სიტყვას, შესაძლოა, სამართლიანს, ახლობლები არ იღებენ.

ხშირად მეკითხებიან, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ცოდვილი განკითხვა და კეთილი მხილებაო. გარეგნილი განსხვავების პოვნა ზოგჯერ ძალზე ძნელია, თუ შეუძლებელი არა, მით უფრო, რომ ბოროტი განკითხვა პირმოთნეობის გამო ხშირად ძალიან რბილი ფორმით ხდება, ძმური და მამობრივი მხილება კი - მეტისმეტად მკაცრად (ეს იმიტომ, რომ მამხილებელნი უმრავლოესობაში არიან). განსხვავება მათ შორის შინაგანია და არა გარეგნული: როცა ადამიანი გვიყვარს, მისი შველაც გვსურს, მზად ვართ, მისთვის გაჭირვება დავითმინოთ და ამიტომ სიმართლეს, შესაძლოა მწარესაც, პირში ვეუბნებით - ეს ღვთისთვის სათნო მხილებაა, ხოლო როცა უსიყვარულოდ, ამპარტავნებით, მისი ხსნისათვის შეჭირვების დასათმენად მზადყოფნის გარეშე ვეუბნებით იმავე სიმართლეს - ეს უკვე ცოდვილი განკითხვაა. იესო ქრისტე - თავად ღმერთი და სიყვარული - მუდამ სიყვარულით ამხილებდა, მაგრამ ზოგს სჯეროდა მისი, ზოგი კი, მაგალითად, ნაზარეთის მკვიდრნი, კლდიდან გადაგდებას უპირებდა (ლუკა 4,29). ამგვარად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, სიყვარულით ლაპარაკობს თუ ამპარტავნებით მამხილებელი, არამედ ისიც, თუ რას ეძებს მხილებული - ჭეშმარიტებას თუ მხოლოდ და მხოლოდ დაყვავებას.

როცა ბოროტი გულით ვისმენთ, უფლის სიტყვასაც არ შევიწყნარებთ, არამცთუ ჩვენი ტოლ-სწორის მხილებას. ხოლო როცა ჭეშმარიტად სულიერი განწყობა გვაქვს, როცა გული ხსნას ეძიებს, არათუ ღვთის სიტყვას მივუგდებთ ყურს, თვით უკანასკნელი ადამიანისგან, ბოროტადაც რომ განგვიკითხავდეს, სარგებელს მივიღებთ. თუ განკითხვის დღეს ხშირად არ ვიხსენებთ, ყველაფერი თავდაყირა გვიდგას: რაც გვვნებს, სწორედ ის გვსიამოვნებს და მას ვესწრაფვით, სასარგებლოს კი გავურბით. როცა ვინმე გვაქებს, თუნდაც სრულიად დაუმსახურებლად, გვიხარია და მადლობას ვუხდით, თუმცა წმინდა წერილი და წმინდა მამები გარკვევით გვეუბნებიან, ქება, სამართლიანიც კი და მით უფრო - დაუმსახურებელი, სულს ვნებსო. მაგრამ თუ კეთილი საქმის გამო (როგორც ჩვენ გვგონია) არ შეგვაქეს, გვწყინს და მოვითხოვთ, საქებარი სიტყვები გვითხრან - ზუსტად ისევე, როგორც ლოთი ითხოვს სასმელს; ხოლო თუკი სამართლიანად და კეთილი განწყობით, მაგრამ მაინც გვამხილებენ, ვბრაზობთ, პროტესტს ვაცხადებთ და მამხილებელს განვიკითხავთ. მაშინ კი, როცა იშვიათად, ისიც ღვთის მადლით, უფლის სამსჯავრო გვახსენდება, ვხვდებით, რომ სულ ტყუილად გვიხაროდა, როცა გვაქებდნენ, რადგან ამით იმ მცირედსაც ვკარგავდით, რაც სულში მარადიული ცხოვრებისათვის გვქონდა გადანახული; ტყუილად გვწყინდა სიმართლის მოსმენა და ვბრაზობდით მამხილებელზე, რადგან მცირედის დათმენით სულიერი ხსნისათვის მრავლის შეძენა შეგვეძლო.

უნდა შევიცვალოთ, მაგრამ გული ისე შეჩვევია ქების სიტკბოებას, გონება კი - სიცრუეს, რომ ლამისაა სასო წარგვეკვეთოს. მარგამ არა, უიმედობამ კი არ უნდა შეგვიპყროს, უნდა შევინანოთ.



უფრო საიმედოა, უფალს მიენდო, ვიდრე საკუთარ თავს



თუ ადამიანი საკუთარ ნებას უარყოფს და ღვთისას დაემორჩილება, უდიდეს ძალასა და სიბრძნეს დაიუნჯებს. მართალია, უფრო ჭკვიანი და ძლიერი ვერ გახდება, მაგრამ მასში ღმერთი მოქმედებს და ადამიანსაც უკვირს: შეცდომა დავუშვი, კარგად კი გამოვიდაო. ღმერთი გაცილებით უკეთ აწყობს ყოველივეს, ვიდრე ჩვენ. სულელური იმედი საკუთარი ძალებისა, უსასრულო საუბარი საკუთარ თავთან - აი, რა გვაშორებს სინამდვილეს. თითქოს ყოველივე კარგად გავთვალეთ, მოვემზადეთ კიდეც, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა - ღმერთი ამით გვამდაბლებს, გვასწავლის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის მოიმედენი არ ვიყოთ.



„საშურებელად ჰსურის სულსა“



სახარება ცათა სასუფეველს ყანაში დამალულ საუნჯესა და ძვირდას მარგალიტს ადარებს (მათე 13,44-46), რომელთა მოსაპოვებლადაც კაცმა, რაც კი რამ ებადა, ყოველივე გაყიდა. აქ „ყოველივე“ შემთხვევით არაა ნათქვამი. იაკობ მოციქული წერს: „საშურებლად ჰსურის სულსა, რომელი დამკვიდრებულ არს ჩუენ თანა“ (იაკ. 4,5). ამ სიტყვებს წინ მხილება უსწრებს: „მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთისა? აწ უკვე, რომელსა უნდეს მეგობარყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების“ (იაკ. 4,4).

როგორც ხედავთ, „საშურებელად ჰსურის სულსა“ - ღმერთი ყველაფერს გასცემს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენგანაც სრულ თავდადებას მოითხოვს (რაც ქრისტიანს სულაც არ უშლის ხელს, ქვეყნის თუ ოჯახის წინაშე თავისი ვალი მოიხადოს).

განუყოფლად დავუთმოთ გული უფალს. რატომ გვიწოდებს იაკობ მოციქული მემრუშეებს? - იმიტომ, რომ როცა გულით ათასგვარ სურვილს ვატარებთ, ზეციურ სიძეს ვღალატობთ - მხოლოდ უფალი არ გვსურს. დიდი-დიდი, ცოტათი გვეშინოდეს მისი, ვაითუ შეგვამჩნიოს და დაგვსაჯოსო. ღმერთი დიდი ხანია გვხედავს. მართალია, ვუყვარვართ და მარადიულ ნეტარებას გვისურვებს, მაგრამ თავისი სიბრძნისა და მოწყალების გამო ნებას გვრთავს, ცხოვრება ამა ქვეყნის სიყვარულში გავლიოთ. ბოლოს კი გეენიის მარადიული ცეცხლი გველის, თუკი, რაღა თქმა უნდა, არ შევინანებთ.



ცოდვას ნუ გამოცდი



უგუნურად მსჯელობს ზოგიერთი, როცა ამბობს, ბავშვს ყველაფრის ნახვისა და შეცნობის უფლება უნდა მისცე, რაც კი ამქვეყნად არსებობს; დაე, თვითონვე აირჩიოს სარწმუნოებაცა და ცხოვრების გზაცო. ამასვე სთავაზობს მაცთუნებელი ქალწულს: შენ ხომ არც კი იცი, რაზე ამბობ უარს, გამოსცადე და ისე გადაწყვიტეო. სწორ მსჯელობას ჰგავს, ოღონდ ესაა - თუ ერწმუნება, ქალწულებრივ უმანკოებას ვეღარასოდეს დაიბრუნებს.



ახლა რწმენის ნება დაგვრთეს



იუდეველთა დღესასწაულზე იესო ქრისტე ტაძარში შევიდა და ყველას თვალწინ, დაუფარავად ასწავლიდა, რამაც იერუსალიმის ზოგიერთი მკვიდრა დააეჭვა: „განცხადებულად ეტყვის და არა ეტყვიან მას; ნუუკუე ჭეშმარიტად სცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე?“ (იოანე 7,26).

აქ ასეთ ლოგიკა მოქმედებს: თუ მთავრები იტყვიან, ქრისტეაო, მართლაც ქრისტე ყოფილა, ხოლო თუ იტყვიან, ჯვარს აცვითო, მაშინ ჩვენც ჯვარს ვაცვამთო. აღსრულდა კიდევ. ასეთი ლოგიკა ყოველთვის პოპულარული იყო და ახლაც ხშირად იმეორებენ ხოლმე, ადრე სხვა დრო იყო, ღვთის რწმენა აკრძალული გვქონდა, ახლა კი ნება დაგვრთეს და ტაძარში სიარულიც შეიძლებაო. ამგვარი მსჯელობის კანონზომიერი გაგრძელება ასეთი გახლავთ: თუკი ხვალ ისევ აგვიკრძალავენ რწმენას, ჩვენც უარს ვიტყვით მასზეო. სავსებით გასაგები ლოგიკაა, როცა წარსულსა თუ სავარაუდო მომავალში ადამიანი საკუთარი ურწმუნოებისა და უდებების გამართლებას ცდილობს. სინამდვილეში კი ყოველივე ეს სიცრუეა, იესო ქრისტე ხომ თავადაა „მეუფე მეუფეთა და უფალი უფალთა“ (I ტიმ. 6,16), მოსწონთ და სწამთ ეს ძლიერთა ამა სოფლისათა თუ არა. სწორედ ის იქნება ჩვენი მსაჯული განკითხვის დღეს და არა - დროებითი მმართველნი. ამიტომ არ უნდა გავიზიაროთ მათი ცრურწმენა, ხოლო თუ ჭეშმარიტებას აგვიკრძალავენ, არც ამ აკრძალვას დავემორჩილებით.




ჭეშმარიტი ქალწული, ცოლი და ქვრივი



ჭეშმარიტი ქალწული ზეციური სიძისთვის თავს უბიწოდ იცავს, ჭეშმარიტი ცოლი მასთან შერწყმით სულიერ ნაყოფს მოიმკის, ჭეშმარიტი ქვრივი კი, ოდეს ამქვეყნიურ საზრუნავს ელევა, საკუთარ თავისუფლებას მარადისობისთვის ინახავს.




რატომ გვწამს ნაკლებად იმქვეყნიური ცხოვრებისა



ჩვენ, ხორციელ ადამიანებს, ნაკლებად იმიტომ გვწამს იმქვეყნიური ცხოვრებია და ზეციური სამეფო, რომ მას ხელით ვერ ვეხებით, ხოლო ის, რასაც ვერ ვეხებით, ჩვენთვის თითქოსდა არ არსებობს. სკამი, რომელზეც ვზივართ, კი ბატონო, არსებობს; ფაფაც, რომელსაც ვჭამ, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ ის, რისი შეჭმა, ხელით შეხება, დაყნოსვა არ შემიძლია, ცხადია, არ არსებობს.

ასეთი შეხედულება სამყაროზე არასწორია.

თუკი თხუნელა მთელი ცხოვრება მიწას თხრის და ჭიაყელებით იკვებება, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამქვეყნად სხვა აღარაფერია. სინამდვილეში არსებობს უზარმაზარი სამყარო, რომლის შესახებაც თხუნელამ არაფერი იცის. არსებობს კიდევ უფრო დიდი სულიერი სამყაროც, რომელიც დაფარულია ჩვენთვის. არა იმიტომ, რომ ის არარეალურია, - ეს ჩვენ ვართ შორს სინამდვილისგან. თითქოს ცხადად ქცეულ საშინელ სიზმარში ვცხოვრობთ, მუდმივად იმ აზრების ტყვეობაში, რომლებიც სულიერი ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ.

ღვთის მცნებათათვის ყურის მიპყრობა პირველი ნაბიჯია აზრთა ძალაუფლებისგან გათავისუფლებისკენ. ეცადე, შეასრულო უფლის მცნებები - ეს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზაა, მათი აღსრულება კი (ღვთისა და მოყვასის სიყვარული) - სრული თავისუფლება.



ჩვენი პასუხი ხარებაზე



რატომ არ იქცევა ყველა ერთნაირად, როცა სახარებას - ზეციურ სამეფოში მარადიული ცხოვრების შესახებ ხარებას - ეცნობა? ერთნი, მოისმენენ თუ არა ღვთის სიტყვას, მყისვე განუსჯელას იღებენ მას; მეორენი ყოყმანობენ და წვალობენ, შვიდგზის გაზომავენ, მაგრამ გაჭრას ვერ ბედავენ და სულიერი ნაყოფის გარეშე რჩებიან; მესამეთ უჭირთ, დიდხანს ითრევენ ფეხს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც მიდიან იესო ქრისტესთან; მეოთხენი კი კატეგორიულოად უარყოფენ ჭეშმარიტებას, თუნდაც სანაცვლოდ არაფერი შერჩეთ ხელთ. რატომ არის ასე?

იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.

უფალი ყოველ ჩვენგანს უხმობს, მაგრამ ჩვენ მას სხვადასხვაგვარად ვეპასუხებით.

ვისაც საკუთარი თავი მიაჩნია ღმერთად, მისთვის ჭეშმარიტი ღმერთი საძულველი მეტოქეა და რაც უფრო ნამდვილია იგი, მით უფრო მეტად სურს მისი ჯვარზე გაკვრა; ზოგისთვის სულერთია - არც უღმერთობით შავდება რამე და მორწმუნეობასაც არა უშავს რა, ცხოვრებას რწმენის გარეშეც ახერხებს, მაგრამ შეუძლია ირწმუნოს კიდევაც, ოღონდ იმ პირობით, თუ მსხვერპლის გაღება არ მოუხდება; ზოგს ღვთისმოყვარე სული აქვს, მაგრამ გონება თავისკენ ექაჩება, ასეთი ადამიანი ეჭვებითაა სავსე, უამრავ კითხვას სვამს, ათასჯერ აწონ-დაწონის, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩასდევს, მაგრამ როცა ამ გზის ჭეშმარიტებაში დარწმუნდება, მიიღებს და მის თანახმად იცხოვრებს; ზოგმა კი ჯერ არაფერი იცის ღმერთზე, მის სულს მოწყენა დაუფლებია, მაგრამ როგორც კი ღვთის სიტყვას მოისმენს, მყისვე ხვდება, რომ ეს ისაა, რაც აკლდა, ყველაფერს მიატოვებს და ქრისტეს გზას შეუდგება.



დაუჯერე დედას



არ მოგვწონს წამდაუწუმ რომ შეგვახსენებენ უფლის მცნებებს, გვბეზრდება და ვბუზღუნებთ: „სულ ერთი და იგივე!“ ბავშვსაც ასე სწყინდება დედის ჩიჩინი: „შვილო, მარჯვენა ფეხსაცმელი მარჯვენა ფეხზე ჩაიცვი, მარცხენა კი მარცხენაზეო“. არადა დედისთვის რომ დაეჯერებინა, აღარც ის გაიმერებდა ამდენჯერ ერთისა და იმავეს.



საეჭვო სტუმრებს კარს ნუ გაუღებ



თავის ქებისა და მოყვასის განკითხვის სურვილი და სხვა ამპარტავნული გულისთქმები სრულიადაც არ გახლავთ სახუმარო რამ. ისინი მტრები არიან, რომელთაც ჩვენი დაღუპვა განუზრახავთ. თუ არ შევებრძოლებით, ამ „ცხვრებს“ მგლები: ღვთის დავიწყება, სიძვა, მკვლელობა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები - მოჰყვებიან კვალდაკვალ.

როგორ ვიქცევით, როცა ჩვენს კარზე ვიღაც ზარს რეკავს? ზოგიერთი მაშინვე სიხარულით აღებს კარს. ზოგიერთი მაშინვე სიხარულით აღებს კარს. ასეთი გულღიაობა სავსებით მისაღებია ზეციურ სამეფოში, ჩვენს გარყვნილ და სახედაკარგულ საზოგადოებაში კი სახიფათოა. სანამ კარს გააღებდე, უნდა იკითხო, ვინ დგას მის უკან.

ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. სულიწმიდის მადლით აღვსილ ადამიანს, რომლის გულშიც ღმერთს უკვე ყველა ვნებაზე გაუმარჯვია, შეუძლია, არაფერზე იზრუნოს, მხოლოდ გამუდმებით ილოცოს საკუთარი მორჩილების სიღრმიდან. როგორც წმინდა მამები წერენ, ეშმაკებს ასეთ ხალხთან მიახლოებისა ეშინიათ. ცოდვიან გულისთქმებს ისინი შორიდანვე გრძნობენ და განუსჯელად უკუაგდებენ. მაგრამ სულიერად ცოტა თუ აღმატებულა ასე. ამიტომაც ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ და სანამ კარს გავაღებდეთ, გავარკვიოთ, ვის სურს ჩვენთან სახლში შემოსვლა. თუ მეგობრის ხმას გავიგონებთ, შეგვიძლია, თამამად მოვიპატიჟოთ, მაგრამ თუ ხმა უცნობისა იქნება, უნდა დავფიქრდეთ და ვინმე გამოცდილს რჩევაც ვთხოვოთ.

როცა საეჭვო გულისთქმა ჩვენს სულში შემოსვლას ცდილობს, რჩევისათვის მას უნდა მივმართოთ, ვისაც ძალუძს განსაჯოს, მივიღოთ ეს გონების სტუმარი თუ, მაცხოვრის შეწევნით, ზღურბლიდანვე უკან გავაბრუნოთ.

არცთუ იშვიათად კითხვაზე: „ვინ არის?“ - ნაზი, სასიამოვნო ხმა გვეპასუხება, მის უკან კი თურმე მძარცველთა ბანდა დგას... ასეთ დროს სასწრაფოდ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ, მაშინ კი, როცა საქმე გონების მძარცველებს ეხება, ერთიორად მეტი ვილოცოთ უფლის, ღვთისმშობლისა და წმინდანების მიმართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავუბათ მასლაათი ყაჩაღებს.

წმიდა მამათა წიგნებში ხშირად გვხვდება ასეთი კითხვა: „შემოვუშვათ გულში გულისთქმა, რათა შევებრძოლოთ, თუ არა?“ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: სულიერად ძლიერი მოღვაწისათვის სასარგებლოც კია, თუ გულში გულისთქმას შემოუშვებს და შემდეგ დაამარცხებს, სუსტმა ქრისტიანმა კი ის ისე უნდა გააგდოს, რომ ყური არც კი მიუგდოს. მაგრამ ჩვენ დაუფიქრებლად ვუშვებთ სულში ყველა გულისთქმას; ზოგიერთს ბატონობის ნებას ვრთავთ, ზოგიერთს კი წინააღმდეგობას ვუწევთ და ვცდილობთ, ვძლიოთ, თუმცა ღვთის შეწევნას ამ დროს იშვიათად ვითხოვთ. აი, რარიგ საწყალობელ მდგომარეობაში ვართ და რა საძაგელ სამყოფელად გვიქცევია სულიწმიდის ტაძარი - საკუთარი სული.



რომელსა აქუნდეს, მიეცეს



„რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, - ამბობს სახარება, - და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“ (ლუკა 8,18). ვისაც გულში ღვთის სიყვარულის თუნდაც ნაპერწკალი უღვივის, თუკი თავს დაიმდაბლებს, საკუთარ ვნებებს შეებრძოლება და ეცდება, შეასრულოს ღვთის მცნებები, მადლი შეემატება, ხოლოს ვისაც ჭეშმარიტების ნატამალიც არ გააჩნია და ოდენ გარეგნული სიკეთით ამაყობს, არა მარტო ვერ იხსნის სულს, არამედ, ორპირობის გამო, ამ გარეგნულ სიკეთესაც დაკარგავს.




ჩვენ იესო ქრისტეს შევფიცეთ



როცა მოძღვარი გვტუქსავს, ჩვენი რეაქცია, ჩვეულებრივ, ასეთია: „მომბეზრდა, საერთოდ აღარ ვივლი ეკლესიაში!“ მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანა ომშია ჩაბმული; ლეიტენანტმა რომელიღაც ჯარისკაცი გამოლანძღა, ის კი ამბობს: „მომბეზრდა, საერთოდ წავალ არმიიდან და მტრის ჯარში ვიმსახურებ!“ ამისთვის მას ალბათ დახვრეტას მიუსჯიან და სამართლიანადაც მოიქცევიან. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ იტყვის: „რას იზამ, რაკი წვნიანი დააკლეს და შეურაცხყოფაც მიაყენეს, სწორედ მოქცეულა, ფიცი რომ დაარღვიაო“.

ჩვენც ხომ ქრისტეს მხედრები ვართ, ნათლობისას ხომ შევფიცეთ, რომ საკუთარ ვნებებსა და დემონებს მორჩილებით, მოთმინებით და ლოცვით შევებრძოლებოდით. ფიცი კი დავდეთ, მაგრამ იარაღი ნაწილობრივ დაბნებულობას, ნაწილობრივ ამპარტავნებას გადავაყოლეთ, ახლა კი, თუ არ შევეცდებით, რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ ის და მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად აღვიჭურვოთ, საშინელი ტრიბუნალი გველის.



სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი



ყოველგვარ განსაცდელში მხსნელად უფალს უნდა ვუხმოთ. თუ ეს არ გვსურს და სასოწარკვეთილებაში ვვარდებით, თვითონ ვართ დამნაშავენი და არა გარემოებები ან, მით უმეტეს, ღმერთი, რომელმაც განსაცდელი მოგვივლინა; ყველა, ვინც მორჩილებით იღებს ღვთის განგებას და ბავშვური სასოებით ითხოვს შეწევნას, მისგან სულიერი სიმშვიდეს იღებს.



უფალთან შეხვედრას ყველანი სხვადასხვანაირად ველით



ღმერთთან პირისპირ შეხვედრა ყოველ ჩვენგანს მოუწევს, მაგრამ ამ შეხვედრას ყველანი სხვადასხვანარიად ველით. როგორც ცოლები ელიან დიდი ხნით წასული ქმრების დაბრუნებას.

ზოგს ისე ენატრება ქმარი, რომ ძილსა და მოსვენებას კარგავს, ვერაფერი ანუგეშებს. საჭმელსაც კი მხოლოდ იმისთვის ჭამს, რომ მის დაბრუნებამდე გაძლოს. აი, სრულყოფილი სიყვარულის მაგალითი! მაგრამ ამგვარი სიყვარული ღვთით ბოძებული ნიჭია და ვერც შევძლებთ და არც ვცადოთ, ის ხელოვნურად აღვძრათ ჩვენს გულში.

მეორეთ ასე ძლიერ არ ენატრებათ მეუღლეები, თუმცა მათ კი არ ამუნათებენ ამის გამო, არამედ თავს იდანაშაულებენ, რომ საჭიროებისამებრ არ უყვართ, ცდილობენ, მოყვარულ ცოლებს მიბაძონ და თუ გულის კარნახით არა, ნებისყოფის მეშვეობით მაინც მოერიდონ ცრუ ნუგეშისმცემლებს, თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ ქმრის დაბრუნების შემდეგ აინაზღაურებენ დანაკლისს. მათ იმედი გამართლდება, ქმართან შეხვედრა სიხარულით იქნება აღსავსე. ეს იმ მოღვაწის სახეა, ვისაც სრულყოფილებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ამისკენ მიისწრაფვის.

არიან მესამენიც, რომელთაც ჯეროვნად არ უყვართ მეუღლეები და არც ნანობენ ამას. ისინი თავიანთი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ, თუმცა აშკარა უკანონობას არ სჩადიან; მათთვის სულერთია, დაბრუნდება

თუ არა ქმარი. დაბოლოს, არიან ცოლებიც, რომელთაც ეშინიათ ქმართან შეხვედრის, რადგანაც - როცა დაბრუნდება, აღკვეთს მათ მრუშ და ბოროტ ცხოვრებას და დასჯის კიდევ ამის გამო. ეს ცრუ ცოლები დაკარგავენ ოჯახურ სითბოსა და სიხარულს. გულგრილობა და უზნეობა ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.



უსიყვარულოდ ჭეშმარიტებას ვერ მივაღწევთ



არსებობს ღვთისადმი ადამიანის დამოკიდებულების სხვადასხვა საზომი: იცოდეს მისი კანონები, საკუთარი თავი ამ კანონების მიხედვით განსაჯოს, აღასრულოს ისინი და ბოლოს დაივიწყოს კიდევაც, რადგან გული ღვთის სიყვარულით ექნება აღსავსე.

ღვთის ჭეშმარიტად შეცნობა მხოლოდ სრული სიყვარულით მოცულ სულს შეუძლია. როცა ადამიანი ქრისტეს გზით, მისი მცნებების (რომლებიც სიცოცხლისთვის მოგვეცა და არა მოყვასის განსაკითხავად) აღსრულების გზით მიდის, როცა საკუთარ ნებას ღვთისას უმორჩილებს, წარემატება მორჩილებასა და სიყვარულში, მაშინ უფალი მას თავის საიდუმლოებებს უხსნის. რამდენადაც საკუთარ ამპარტავან გონებას დავძლევთ, იმდენადვე შევძლებთ ჭეშმარიტების შემეცნებას. ცოდნა, რომელსაც ღმერთი მისდამი ჩვენი სიყვარულის პასუხად გვაძლევს, კეთილი და ჭეშმარიტია, ხოლო სიყვარულის გარეშე შეძენილი - ცრუ და მავნე. ღმერთი ჭეშმარიტებაა და სიყვარული. შეუძლებელია, იყო ჭეშმარიტებაში და არ იყო სიყვარულში.



ვინ, რისთვის და როგორ გვაძლევს



სრულებით არ არის სულერთი, თუ როგორ ვიძენთ ცოდნას, ვინ და რისთვის გვთავაზობს მას. და არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ ნებისმიერ საგანზე შეგვიძლია ვთქვათ: არ არის სულერთი, ვინ, როგორ და რისთვის გვაძლევს მას - გვაკურთხებს, გვჩუქნის თუ გვაჩეჩებს.



მრუშობა სულით და სხეულით



ბევრი - არა მარტო ურწმუნო, არამედ მორწმუნე ქრისტიანიც - თვითონაც უყურებს და შვილებსაც რთავს ეროტიკული ფილმების ყურების ნებას. ჩვენ ეს წვრილმანი გვგონია, სინამდვილეში კი როცა ადამიანი ეროტიკას უყურებს, მისი სული მრუშობის ცოდვაში იძირება. ღმერთი ხედავს, რა გვიდევს გულში და თუ ცოდვილი გულისთქმები არ მოვინანიეთ, ისინი ისევე მოგვეკითხება, როგორც განხორციელებული საქმეში.

გულისთქმის მონანიება ყოველთვის უფრო იოლია, რადგან როცა ცოდვა სხეულით აღესრულება, ხორცი თითქოს იმახსოვრებს მას და მის ამ მეხსიერებასთან ბრძოლა განუზომლად უფრო ძნელია, ვიდრე სულის ცოდვილ მეხსიერებასთან. ამიტომ წინათ ეკლესია მრუშებს ზიარებას რამდენიმე წლით უკრძალავდა (მონანიების შემდეგ!). ახლა ასეთი რამ იშვიათობაა, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ეკლესია უფრო ზერელედ ეკიდება მრუშობას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება არაქრისტიანული გახდა და ზიარებისგან დიდი ხნით დაყენებამ შესაძლოა ადამიანის ხსნის გზაზე დადგომას კი არ შეუწყოს ხელი, არამაედ ეკლესიის მიტოვებისკენაც კი უბიძგოს.



ბილწსიტყვაობასა და მრუშობას ნუ გაიხსენებ



წმიდა მამები გვირჩევენ, ყველა ცოდვა, ბილწსიტყვაობისა და მრუშობის გარდა, დაწვრილებით გავიხსენოთ, რადგან ამას მორჩილებისკენ მივყავართ (თუმცა ამასაც თავისი ზომა და ზღვარი უნდა ჰქონდეს). რაც შეეხება ბილწსიტყვაობასა და მრუშობას, უნდა გვახსოვდეს მხოლოდ ის, რომ ასეთ ცოდვაში ჩავვარდით, უნდა ვიქენჯნოთ თავი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივეცეთ მოგონებებს - მრუშობის გახსენებას უწმინდური სიტკბოება მოჰყვება თან და მაშინვე გულისთქმად იქცევა, ბილწსიტყვაობის მოგონებისას კი გონებით ვბილწსიტყვაობთ.



ინფორმაცია თავისუფლებას არ გვანიჭებს



მიიჩნევენ, რომ რაც მეტ ინფორმაციას ფლობს ადამიანი, მით თავისუფალია. რა თქმა უნდა, მაგრამ არა ღვთის წინაშე. აქ თავისუფლების ხარისხი ისაა, რომ გვიყვარდეს უფალი და ადვილად, ბუნებრივად, სიხარულით აღვასრულებდეთ მის მცნებებს, ნაკლები კი - ის, რომ ვებრძოდეთ საკუთარ ვნებებს და ვცდილობდეთ, ღვთის მცნებების თანახმად ვიფიქროთ, ვიგრძნოთ და ვიმოქმედოთ.

როცა უფლის მცნებები გვავიწყდება, ვნებას ვემონებით, ხოლო თუ ამასთან ერთად ჟურნალ-გაზეთებიდან და ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც დავიწყეთ მოქმედება, მათი მონებიც გავხდებით, ვინც ამ ინფორმაციას ამზადებს. ასე რომ, რაც მეტ ამგვარ ინფორმაციას ვიღებთ, მით მეტი შესაძლებლობაა თავისუფლების დაკარგვისა.


მოამზადა ნიკოლოზ ლანჩავამ

ჟურნალი „კარიბჭე“, № 2 (13) - 4 (15), 2005 წ. 


orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий