вторник, 9 июля 2013 г.

დანიელ წინასწარმეტყველი.თავი მეცხრე.

ძველი აღთქმა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეცხრე

1. პირველ წელს, როცა დარიოს ქსერქსეს ძე, მოდგმით მიდიელი, ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა,

2. მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს.

3. პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში;

4. ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საკვირველია, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ!

5. ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს.

6. ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ - წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს.

7. უფალო, შენია სიმართლე, ხოლო ჩვენ დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე - ყველა იუდაელს, იერუსალიმის მკვიდრს, მთელს ისრაელს, ახლობელსა და შორებელს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ ღალატის გამო, რომლითაც შენ გიღალატეს.

8. უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე.

9. უფლის, ჩვენი ღმერთისგან არის შეწყალება და პატიება, ჩვენ კი ვჯიუტობდით მის წინაშე.

10. ყურს არ ვუგდებდით უფალს, ჩვენი ღმერთის ხმას, რომ გვევლო მის რჯულზე, თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა ხელით რომ გვიბოძა.

11. შენს რჯულს მთელმა ისრაელმა გადაუხვია და ზურგი გაქცია, რათა შენი ხმა არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, რომელიც ღვთის მორჩილის, მოსეს რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას.

12. შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა; ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა.

13. როგორც მოსეს რჯულში სწერია, ისე დაგვატყდა თავს ყველა ეს უბედურება. მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევედრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო.

14. უფალი ინახავდა ამ უბედურებას და თავს დაგვატეხა იგი; რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში, რასაც იგი აკეთებს; მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას.

15. ახლა კი, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მაგარი ხელით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე, როგორიც დღესა გაქვს, შევცოდეთ ჩვენ და ურჯულოება ჩავიდინეთ.

16. უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს - იერუსალიმს, შენს წმიდა მთას; ვინაიდან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის უკეთურების გამო არიან იერუსალიმი და შენი ერი შეგინებულნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.

17. ახლა კი, ჩვენო ღმერთო, მოუსმინე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას და, უფლის გულისთვის, მოწყალებით გადმოხედე შენს გატიალებულ საწმიდარს.

18. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, გაახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ჰქვია. რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით.

19. უფალო, ისმინე! უფალო, შეგვინდე! უფალო, შეისმინე და შეასრულე! შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო; რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.

20. ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის - ისრაელის ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე,

21. ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.

22. შემაგონებდა იგი და მელაპარაკებოდა, მითხრა: დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო.

23. შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო იგი, რადგან შენ სათნო კაცი ხარ. დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა.

24. შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად.

25. ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს.

26. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.

27. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს. 


http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-9.htm


ცნობილი აზრია, რომ  ერთი შვიდეული ეს არის შვიდი წელი ანტიქრისტეს ბატონობისა, უფრო სწორად შვიდეულის ნახევარს, ანუ 3,5 წელს, ის მოანდომებს კავშირი შეკრას სხვებთან , ხოლო შვიდეულის მეორე ნახევარში_ 3,5 წელს_ იმეფებს. 

ეკუმენიზმსაც ამიტომ აქცევენ ყურადღებას, და ამიტომაც ჰყავს მოწინააღმდეგეები.

ერთი მთავრობა და ერთი რელიგია.

**

ეკუმენიზმი და ეკუმენიკური მოძრაობა [ლათ. oecumenicus მსოფლიო საეკლესიო]- საეკლესიო მოძრაობა, რომლის მიზანია ყველა ქრისტიანული ეკლესიის გაერთიანება; ჩაისახა მე-19 საუკ-ის ბოლოს; 1948 წ. შეიქმნა პროტესტანტული და მართლმადიდებელი ეკლესიების მსოფლიო გაერთიანება- ეკლესიათა მსოფლიო საბჭო.

*

თუმცა კავშირის შეკვრა მრავალთან არ ნიშნავს რომ მხოლოდ ქრისტიანულ ეკლესიების გაერთიანებას ეცდებიან , არამედ სხვა რელიგიებისაც.
და მზაკვრობაც აქ იქნება, ვითომ შეკრიბავენ ურთიერთპატივისცემისათვის, სინამდვილეში კი ერთი უნდა გაბატონდეს.
**

პავლე მოციქული მიანიშნებს, რომ ურჯულოების კაცი თვით ღვთის ტაძარში დაჯდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს.


3. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,

4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. 

***

არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია-გაერო. 

მაგრამ რელიგიებიც უნდა გააერთიანონ, რომ გახდეს ერთი ორგანიზმი, ერთი სისტემა, ეს კი ადვილი არ არის.თუმცა როგორც სჩანს მცდელობები და შედეგიც უკვე დიდი ხნის უკან-1986წელს დაფიქსირებულა.


Комментариев нет:

Отправить комментарий