вторник, 9 июля 2013 г.

რა იმალება ლამაზი პროდუქტების მიღმა?

გენმოდიფიცირებული საკვები – საფრთხე ჯანმრთელობისათვის

მაშინ როცა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზაზად გაუსაძლისი ცხოვრება სახელდება, საკვები პროდუქტების ხარისხზე ნაკლებად მახვილდება ყურადღება. რა მდგომარეობაა დღევანდელ სამომხმარებლო ბაზარზე, რამდენადაა დაცული მომხმარებლის უფლებები და რა კანონი მუშაობს ამ კუთხით? როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბაზარზე ძირითადად გენმოდიფიცირებული პროდუქცია ჭარბობს, რაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მარიამ ჯორჯაძე (ასოციაცია ელკანა, დირექტორი): “სულ უფრო მრავლდება მეცნიერულად დამამტკიცებელი საბუთები, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება არ შეიძლება უსაფრთხო იყოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გენური ინჟინერიისა და ბუნებრივ კულტურაში უცხო გენის გადატანის გამო გენმოდიფიცირებულმა მცენარემ თავის უჯრედებში შეიძლება დაიწყოს ახალი პროდუქტების გამომუშავება. ეს ახალი პროდუქტები შეიძლება შხამიანი იყოს, გამოიწვიოს ალერგიები, დააზიანოს ქსოვილები ან დაარღვიოს იმუნური სისტემა. არ შეიძინოთ იმპორტირებული საკვები, რომელიც შეიცავს სიმინდს, სოიას, კარტოფილს ან პომიდორს. მოსალოდნელია, რომ ეს საკვები გენმოდიფიცირებული იყოს. არ არსებობს გზა, რომ დარწმუნებით ვიცოდეთ, შეიცავს თუ არა იმპორტირებული საკვები გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, რადგანაც კომპანიათა უმრავლესობა არ იძლევა ამ ინფორმაციას, თანაც, საქართველოს კანონმდებლობით, ჯერჯერობით მათ არც მოეთხოვებათ ასეთი ინფორმაციის მოწოდება”.

შალვა მელქაძე (კავშირი “21-ე საუკუნე”, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამების კოორდინატორი): “დღეს ჩვენს ბაზარზე ვინ რას ყიდულობს, არავინ იცის, დარწმუნებული არ არის მის უვნებლობაში, მოსახლეობა ამ მხრივ დაუცველია. სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ პროდუქცია იყოს უვნებელი, ხარისხს უკვე ბაზარი არეგულირებს. სამწუხაროა ისიც, რომ საბაჟოზე არ მოწმდება პროდუქციის ხარისხი. საწარმო, რომელიც მავნე პროდუქციას აწარმოებს და ხალხს წამლავს, უნდა დაიხუროს, მათ შორის ქართული წარმოებაც. მეწარმე, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ქმნის, არ აგებს პასუხს, სანქციები არაა. ჩვენთან მოთხოვნაც არ არის ეტიკეტზე.
აუცილებლად მისაღებია კანონი “გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ”, ამაზე ვმუშაობთ პარლამენტთან ერთად. დღევანდელ კანონში წერია, რომ საკვებთა დამატება უნდა მიეთითოს, მაგრამ გენმოდიფიცირებული არის თუ არა, ამაზე მითითება არსად წერია. არასერთიფირებული, სავალდებულო სერთიფიცირებას დაქვემდებარებული პროდუქციის ბაზარზე გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ უვნებლობის სამსახურს არ შეუძლია მოითხოვოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი”.

მარიამ ჯორჯაძე: “ყველამ იცის, რომ ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური სასოფლო-სამეურნეო ჯიშები, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ.”

შალვა მელქაძე: “ჩვენ გვინდა, საქართველოს ტერიტორია გამოვაცხადოთ გენმოდიფიცირებულიდან თავისუფალი. შეიძლება შეგვიმცირდეს პროდუქციის წარმოების რაოდენობა, მაგრამ ბევრად უფრო ხარისხიანი და მომგებიანი იქნება საერთო ჯამში საქართველოს ეკონომიკისთვის. ნებისმიერ სახელმწიფოში არსად ასეთი მიტოვებული, დაუცველი მოსახლეობა არ არის. მომავალი თაობის გადასარჩენად აუცილებელია, სახელმწიფოს ხედვა და მიდგომა შეიცვალოს ამ თვალსაზრისით”.

როგორც შავლა მელქაძე მიუთითებს, საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონში “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” ცვლილებების შეტანისა და რამდენიმე მუხლის შეჩერების გამო, სახელმწიფოს არ გააჩნია ქმედითი სისტემა მის ასამუშავებლად. დღეს კვების პროდუქტების წარმოება შეუძლია ყველას, მას არ სჭირდება ჰიგიენური პირობების დაცვა.

მარიამ ჯორჯაძის თქმით, გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია, ის არც გემრიელია, არც შესახედავადაა უკეთესი. არაგონივრულია, კვების უკმარისობის პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევა მივმართოთ ერთი კულტურის განვითარებაზე, ნაცვლად ბუნებრივი ბალანსირებული კვებითი რაციონისა, რომელიც მოიცავს მარცვლოვნებს, პარკოსნებსა და ბოსტნეულ კულტურებს. თანაც, გენმოდიფიცირებული საკვები კულტურები შეიძლება შეიცავდეს საფრთხესაც ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის.

თეონა ნოზაძე

ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий