понедельник, 8 июля 2013 г.

სულის ამბავი.

1
აწ მოისმინეთ სულის ამბავი,
რაც შემთხვეოდეს კარგი თუ ავი;
გულმტკივნეულობს, კვნესს რასაც სენით,
ყველას მოგითხრობსთ თავისი ენით.

2
დაბადებითგან მე კაცის სული,
ღვთის პირით გამო ვარ გამოსული;
არსთ ნაწილობით უკვდავ-უბერი,
მიწას, წყალს, ქარს, ცეცხლს შიგ ჩანაბერი.

3
ეს ოთხი ნივთი ღმერთმან შემზადა,
კაცი ამისგან შექმნა, დაბადა;
მისცა ქვეყანა ქალაქ-დაბადა,
მას ხელმწიფობა თავის მზგავსადა.

4
როდისაც რომე ქვეყნად, სოფელად,
მოვიდა კაცი შიგ სამყოფელად,
ორნივ თან ვახლდით ხორცი და სული
მისად მყვანებლად ზედ შეთვისული.

5
ოდეს ხელმწიფედ, მეფე სვიანად
გახდა, განმსხვილდა ძირ-ფესვიანად,-
ქვეყნის ნაყოფი ჭამა, გასუქდა,
ყოვლი სამძიმო განუმსუბუქდა.

6
თავზედ დაესხა სიხარბით რეტი.
კიდევ მოუნდა სხვა მაზედ მეტი.
ქვეყნად ყოფნასა აღარ დასჯერდა,
მაღლა ზეცადა აღსვლად შემზერდა.

7
ვერ შეიფერა კაცმან დიდება,
უგულისხმობით პატივის დება;
პირუტყვის მზგავსად არაწმინდება,
შექმნა საწუთროს მიდებ-მოდება.

8
მე სული ვიყავ, ურჩევი ტკბილთა,
ხორცი ურჩევდა, რაც სჭრიდა კბილთა;
რასაც ვიტყოდი, არას მისმენდა,-
ხორცის ნათქვამსა უფრო ირწმენდა.

9
კაცმან მე ასე გამამანძულა,
ხორცი იყვარა, სული მიძულა.
თავისი თავი ხორცს ამსახურა,
ხორცსა ჩანაცვა, ხორცსა დახურა.

10
თვისი ცხოვრება ხორცზედ გარდაგო,
არა მომცა რა სულს საფარსაგო,
იკაცისმკვლელა, იქურდ-იბოზა,
ყოვლის სიბილწით მთხუნა, განმგოზა.

11
მიყვა საწუთროს განცხრომას, შვებას,
მეტად დრანჯობით სიძვა-მრუშებას;
არ მაიგონა დამბადებელი,
თვისი აღმშენი, ამაგებელი.

12
ღვთისა მცნებანი არ დაიმარხა,
დაბრმდა, სწორე გზა ვერ დაინახა;
ასე ურიგოდ კაცი მოიქცა,
ვითარდა აღშენდა, ისევ დაიქცა.

13
თავის თავს უყო ასე ზიანი,
ხორცით მიწაში სჭამენ ჭიანი,
მე, სული მისი, აქ ვიტანჯები,
სამართალში ვარ და ვისაჯები.

14
ტანთ მიჭირებ[ე]ნ ცხელ-ცხელს გაზებსა,
გველნი ნაკუთალთ მღერენ გაზებსა,
ლომ-ვეშაპ-მგელნი დიდს პირს მიღრენენ,
თვალებს მიჭყეტენ, მყეფენ, მიღრენენ.

15
ეშმაკნი შავნი თეთრ გრძელ კბილებით
მიკრაჭუნებენ, მკაწვრენ ფრჩხილებით;
სვეტზედ მიკრულსა ცეცხლის საბელი
გარს მახვევია განუქრობელი.

16
ნავთი და კუპრი თავს დამდის მილით,
ფერხთქვეშ ტბა მიდგას სავსე სახმილით;
ტანზედ მეხვევის მატლი უძილი,
ნეტამც არ მაქვნდეს მე გრძლად ღვიძლი!

17
ღმერთს აღარ ესმის ჩემი ვედრება,
“ხორცს რად მიყეო”,-მას იყვედრება;
ღმერთი შეიქმნა ჩემზედ გულმწყრალად,
მსაჯა და მადვა ეს ცოდვა ბრალად:

18
კაცი ჩემს სზგავსად გავამხატვავნე,
შენ-ჩემი სული-თან გაგატანე:
განაგულდიდე, განამპარტავნე,
სულიც ცოდვილი აქ მამიტანე.

19
ასე ურიგოდ კაცი ატარე,
კარგი აძულე, ავი აყვარე:
სულით აურვე, ხორცით ახარე-
მე ასე როდის შენ დაგაბარე?

20
ოდესაც ხორცი შენ, სულს, გჩაგრევდა,
შენ გასუსტებდა, თავს ამაგრევდა,
გხამდა მოძღვართან შენ აღგეარა,
წირვა-ლოცვაზედ ს[ა]ყდარს გეარა.

21
მღვდელი მიკმევდა სუნად სურნელად,
ლხინებას ყოფდა შენ საკურნელად,
მომხსენდებოდა, შენს საქმეს ვსცნობდი,
შEნ გადიდებდი, ხორცს დავამცრობდი.

22
შენ ეს არა ჰქენ მცონარებითა,
თავი მოღალე ცუდად რებითა;
შენ გამოუდექ ხორცის გემოსა,
ტანთ განიცარცვე, რაც რომ გემოსა.

23
მოხველ ხორცითა სული შიშველი,
ახლა მე შენა ვერას გიშველი.
ვირემ ახალსა ხორცს შეისხემდე,
რაც თავზედ გესხმის, უნდა ისხემდე.

24
ოდეს სჯად დაჯდეს მართალ-მსაჯული,
მან განარჩიოს ყოვლი ხვანჯული.
შენს ნაქნარს საქმეს სასწვრით მოგიწონს,
არ დაგიკარგავს, რასაც მოგიწონს.

25
უკეთუ ქვეყნად თვისნი და ტომნი,
რომელნიც გყვანან შენ კაის მდგომნი,
მშიერთ გიჭმევენ, მწყურვალთ გისმევენ,
შიშველთ გიმოსენ, მღვრდლით მსხვერპლთ გიკმევენ;

26
გარდაგიხდიან შენს თანამდებსა,-
მით დაგიშრეტენ ნავთთ ცეცხლნადებსა.
უკეთუ არა, ცოდვასა, მადლსა
მსაჯული გასჩხრეკს კოდს, სასწორს, ადლსა.

27
რომელიც მხარე წონაში დასძლევს,
საუკუნოს სახლს იმ მხარეს გაძლევს!..
ვირემ ამ სიტყვას სული ისმენდა,
ხსნას იმედობდა, ტანჯვას ითმენდა.

28
რა რომ ისმინა, სასწვრით აწონა
ცოდვა-მადლისა, არ მაეწონა.
იცოდა, რომე ცოდვა დასძლევდა,
თქვა: ვაიმეო, საქმე გაძნელდა!

29
საწყალობელო შენ, თაო ჩემო,
არა ვიცი რა, ვის მიგაჩემო?
ვისთან წავიდე, ვისა მივმართო,
რომ შენი საქმე მისგან წარვმართო?

30
ჩანს, შენი მხსნელი აღარცადაო,
აღარც ქვეყნადა, აღარც ცადაო;
აღარც მამა გყავს, აღარც დედაო,
აღარცა ძმა და აღარცა დაო!

31
ვაიმე, მამავ, ვაიმე, დედავ,
ძმაო და დაო, ვერც ერთსა გხედავ!
ვინ ხართ ღვთიანი, მწყურის მიშველეთ,
ერთის ცვარის წყლით პირი მისველეთ!

32
ისმინეთ, ძმანო, სულ, ბატონ-ყმანო,
ჩემებრ მანდიდამ აქ მოსაყვანნო,
მანდ ცრუვ-საწუთრო ყოფილა ცუდი,
ხევ-ხნარცოვანი, გზა ვიწრო, მრუდი.

33
აქ ნავთთ მდინარე ცეცხლ მონაკიდი,
ზედ გასავლელი წვრილ საბლის ხიდი;
განისწავლენით, ჯამბაზებრთ წარეთ,
რომ არ ჩასცვივდეთ, დაიწვნეთ მწარეთ!

34
განისწავლენით, ჯამბაზებრთ წარეთ,
რომ არ ჩასცვივდეთ, დაიწვნეთ მწარეთ!
რომ არ ჩასცვივდეთ, დაიწვნეთ მწარეთ!



დავით გურამიშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий