воскресенье, 7 июля 2013 г.

ისიხაზმი.

ისიხაზმი – ბერძნული სიტყვიდან მოდის და “გონებისა და სხეულის სიმშვიდეს” ნიშნავს. წმინდა მამათა ნააზრევის მიხედვით, დაყუდება საუკეთესო გზაა განწმენდისა და უფალთან შეერთებისთვის. ისიხაზმი დაყუდებული ცხოვრებაა. დაყუდებულ მოღვაწეებს ისიხასტები (დაყუდებულები) ეწოდებათ.

ისიხაზმი ქრისტიანობის დასაბამიდან არსებობს. მასზე საუბარია წმინდა წერილში. ამ თემაზე წერდნენ ადრეული საუკუნეების მოღვაწე მამები.

ისიხაზმი ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტი სახეა. ტერმინით “ისიხაზმი” ჩვენ აღვნიშნავთ გონების გულში კონცენტრაციას.

ადამიანის გონება განწმენდისას მტკიცედ დგას გულში და იმეორებს იესოს ერთსიტყვიან ლოცვას. ერთსიტყვიანი ეწოდება, რადგან მასში მხოლოდ ერთი სიტყვა მეორდება – იესო ქრისტეს სახელი, გონება ამ დროს იცავს გულს აზრებისგან.

- რა არის ისიხაზმი? როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს? ამ და სხვა თემებზე “ამბიონს” სამთავისისა და გორის ეპარქიის, მარიამხევის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის მსახური სქემიღუმენი საბა (სულუხია) ესაუბრა:

“სანამ საუბარს დავიწყებდე, მინდა თავიდანვე აღვნიშნო, ძალიან ხშირად ისიხაზმთან დაკავშირებულია არასწორი გაგება, რომ, ძირითადად ისიხაზმი არის გარეგნული მეთოდები, სუნთქვითი ვარჯიშები, თავის დახრა და ასე შემდეგ, მაგრამ, რეალურად, საფუძველი ისიხაზმისა, როგორც ყველა მართლმადიდებლური, ქრისტიანული ღვაწლისა,გახლავთ ღრმა სინანული. სინანული არის ცხონების ერთადერთი გზა. სხვანაირად, ადამიანი არ ცხონდება.


მინდა ვთქვა ასეთი რამ: ქრისტიან ადამიანს ებრძვის სამი მტერი: უმეცრება, დავიწყება და უდებება.

უმეცრება – აქ საუბარია ქრისტიანობის არცოდნაზე: რა მადლი ეძლევა ნათლობისგან? რას იღებს ადამიანი ღირსეული ზიარებით, აღსარებით? რას ნიშნავს მადლის მოქმედება? როდესაც ადამიანი არის ქრისტიანი და ეს ყველაფერი არ იცის, მისთვის ქრისტიანობა მხოლოდ გარეგნული წესებისა და რიტუალების აღსრულებაა, ისიც – ზერელედ. რეალურად, ქრისტიანობა თავად ქრისტეა. ღმერთი და ადამიანი არის ერთი და მათ შორის ვერაფერი ჩადგება, გარდა ცოდვისა.

დავიწყება – ეს ნიშნავს, რომ ვიცი, რა არის ქრისტიანობა,მაგრამ მავიწყდება და ვცხოვრობ ისე, როგორც ის ადამიანი, ვინც არ იცის ქრისტიანობის არსი და მიზანი.

უდებება – რომ ეს ყველაფერი ვიცი, მახსოვს, მაგრამ მეზარება და ვცხოვრობ ისე, როგორც ზემოთხსენებული ადამიანები.

ეს სამი მტერი ებრძვის ადამიანს. თუ ადამიანმა ეს სამი რამ დაძლია და დაამარცხა, მაშინ მას არაფერი უშლის ხელს, იყოს ღმერთთან.

ახლა შევეხოთ რწმენას. რწმენა არის საწყისი და ცოცხალი. საწყისი რწმენაა, მაგალითად, როდესაც რაღაცა მოვლენის, ამბის ან ისტორიის ზეგავლენით მე დავიჯერე, რომ ღმერთი არსებობს და დავიწყე სახარებისეული ცხოვრება, ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ბოლომდე გააზრებული არ მაქვს, თუმცა ფორმალურად მაინც ვაკეთებ. ეს საწყისი რწმენა გახლავთ. მაგრამ თუ ამას გულწრფელად ვაკეთებთ და რამდენადაც შეგვიძლია, ცოდვას ვებრძვით, გულწრფელად გადავდივართ ცოცხალ რწმენაზე, ამ დროს ადამიანში ცოცხლდება ღმერთის შეგრძნების უნარი. ამ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ღმერთი სწამს და გრძნობს მას. ადამიანი ღმერთის შეგრძნებას სიტყვებით ვერ გადმოსცემს, თუმცა ის შეიგრძნობს მას. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა ეს ყოველთვის ვერ იგრძნოს, როდესაც იგი ყოველდღიური საქმიანობით არის გართული, მაგრამ ლოცვის დროს მაინც იგრძნობს. შემდეგ ეტაპებზე კი შეიძლება ადამიანი მთელი თავისი გონებითა და გულით გრძნობდეს უფალს და სწორედ ეს არის ისიხაზმი – როცაპიროვნება მიხვდება, რომ ეს გახლავთ მისთვის ყველაზე ძვირფასი და იფიქრებს: რატომ უნდა გავცვალო რწმენა რაღაც მატერიალურში? აღარ ჩავიდენ ცოდვას, ოღონდ ეს არ დავკარგოო. როდესაც ასეთი ადამიანი შესცოდავს, ის მაშინვე მოკვდება სულიერად და მიხვდება თავის შეცდომას, მაგრამ ამას შეიცნობს ადამიანი, რომელიც უკვე დარწმუნებულია, რომ ღმერთში არის სიცოცხლე და გამოცდილი აქვს ღვთის შეგრძნების ბედნიერება.

დღეს ვინ ხვდება, რომ ცოდვას სჩადის? პირიქით, ცოდვა, ანუ მატერიალურით მიღებული სიამოვნება ბედნიერება ჰგონიათ და იბრძვიან ამ მოჩვენებითი ბედნიერებისთვის, მაგრამ, როდესაც ადამიანი მიხვდება და შეიგრძნობს, რას ნიშნავს უფალთან სიახლოვის ბედნიერება, მისთვის ყოველგვარი მიწიერი ბედნიერება თუ მატერიალური ფუფუნება გაუფერულდება და აზრს დაკარგავს.

ყოველი ადამიანი იტანჯება სულის შიმშილით, მაგრამ ამას ვერ გრძნობს, ხოლო მან, ვინც გამოსცადა სულიერი ბედნიერება და დაკარგა ცოდვის გამო, ამას განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს.

და რა არის ისიხაზმი? ისიხაზმი იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი გამოცდის ღმერთთან პირველ შეხებას. ასეთი ადამიანი ცხოვრების მიზნად ისახავს, ეს ბედნიერება აღარ დაკარგოს და არა მარტო ცოდვას, საზრუნავებსაც კი გაურბის, რომ ჰქონდეს იმის დრო და საშუალება, მაქსიმალურად, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია, ემსახუროს ღმერთს და მისი მთელი ყურადღება გადატანილია ღმერთზე. ის ცდილობს, არანაირმა ცოდვამ ფიქრადაც კი არ გაუაროს, რათა ღვთის მადლი არ შეურაცხყოს.

- რამდენად არის შესაძლებელი, ადამიანმა ერში მიაღწიოს ისიხაზმის იდეალს იესოს ლოცვის საშუალებითა და საერო საქმეების კვალდაკვალ?

ერში, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია, თუმცა არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ შეიძლება მოახერხოს კიდეც, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ შეუძლებელია, რადგან დღეს მეტად გართულდა ცხოვრება, უამრავი საცდურია გარშემო. თუმცა ყველა ქრისტიანისთვის შესაძლებელია, იესოს ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გამოსცადოს. რა არის ამისთვის საჭირო? აუცილებელია სწორი ცხოვრება, ანუ სწორი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, გულწრფელი სინანული, აღსარება, პატიოსანი ზიარება. თუ ადამიანი ამ ყველაფერს დამაკმაყოფილებლად ასრულებს, შემდგომ უკვე, ის მოძღვრის კურთხევით იწყებს იესოს ლოცვის კითხვას. რაში მდგომარეობს იესოს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი”? იესოს სახელი მოზიარეა ღვთაებრივი ენერგიებისა, ანუ მადლის. ადამიანი როდესაც იესოს სახელს მოუწოდებს, ნელ-ნელა ეზიარება ამ ღვთაებრივ ენერგიას.იესოს ლოცვა განსაკუთრებულია იესოს ყოვლადძლიერი სახელის გამო, თუმცა, მაგრამ კიდევ ვიტყვი: იესოს ლოცვის ძალას მაშინ შეიგრძნობს ადამიანი, როცა ის ჭეშმარიტი სინანულითა და მოწიწებით აღასრულებს ყველა რიტუალს, ეს აღსარება იქნება, ზიარება, მარხვა თუ სხვა. მაგრამ დღეს კაცობრიობა განუდგა ღმერთს და მატერიალური სამყარო ძალიან მომძლავრდა. ის ამბობს: მე ვარ ერთადერთი რეალობა და სხვა რეალობა არ არსებობს, სულიერი რეალობები სისულელეა. კაცობრიობა ჩათრეულია იმ მორევში, რომელსაც მატერიალური სამყაროს მოჩვენებითი რეალობა ჰქვია და ადამიანი ფიქრობს, რომ თუ მარტო ეს არის რეალობა, რატომ უნდა დავიკლო ცხოვრებით მიღებული მატერიალური სიამოვნებაო? აი, სწორედ აქედან მოდის ყოველი ცოდვა. ადამიანი ვერ ხვდება, თუ რა სულიერ განძს მოიხვეჭს, თუ მატერიალურს უარყოფს.

ისიხაზმის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროში. დღეს მთელი კაცობრიობა და განსაკუთრებით ჩვენ, ქართველები ვდგავართ დიდი პრობლემების წინაშე. მთელმა ქვეყანამ განვიცადეთ დიდი ტკივილი, ბრძოლები, ომები, ხელისუფლების ცვლილებები, ვცდილობთ, რომ უკეთესი საზოგადოება შეიქმნას, მაგრამ რას ვაკეთებთ ამისთვის? არაფერს, ერთ დაცემულ ადამიანს გადავაყენებთ და მოგვყავს მეორე დაცემული ადამიანი, რათქმაუნდა, გააკეთებს იგივეს, რაც გააკეთა მისმა წინამორბედმა, ამიტომ, უკეთესი საზოგადოება რომ შეიქმნას, ადამიანი უნდა გავხადოთ უკეთესი. ეს არის გზა ქრისტიანობისა და ისიხაზმისა, ისიხაზმი ადამიანს ხდის უკეთესს. ყველა პრობლემა, პოლიტიკაში იქნება, ოჯახსა თუ სხვადასხვა სფეროში, გამომდინარეა ადამიანიდან. ადამიანს თუ გავხდით უკეთესს, ამით თავისთავად მოვაგვარებთ მის პრობლემებს ყოველგვარი სოციალური ჩარევის გარეშე.

რა გარეგნული მახასიათებლები აქვს ისიხაზმს?

ისიხაზმს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი გარეგნული მხარე: დაბალ სკამზე ჯდომა, თავის დახრა, სუნთქვები და სხვა, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური. აქ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმაში ლოცულობ. თუ უძლურია ადამიანი, მან შეიძლება დაწოლილმა ილოცოს, ზოგი ფეხზე ამდგარი ლოცულობს, ზოგი – დამჯდარი. მთავარია არა ის, რა პოზაში ლოცულობ, არამედ ის, როგორი გულით ლოცულობ. მთავარია ილოცო მთელი გულით, წრფელად, ღრმა სინანულითა და თავმდაბლობით და მაშინ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას. ასე მიიღწევა ისიხაზმი.
ღვთისწყალობით, უამრავი რჩევა-დარიგება შემოგვრჩა წმინდა მამებისგან იესოს ლოცვისა და ისიხაზმის შესახებ.

იოსებ ათონელი (ისიხასტი) ამბობდა: “აიძულეთ თავი სულისა და ხორცის განსაწმენდად, არ შემოუშვათ არცერთი არაწმინდა გულისსიტყვა გონებაში.”

“გიყვარდეს იესო და დაუცადებლად ილოცე და იგი (ლოცვა) განგანათლებს მის (იესოს) გზაზე.”

“მრავალსიტყვაობას არ დაეჩვიო, სჯობს, ნაკლები ილაპარაკო, მდუმარება კი სულის სიმდიდრეა. ბევრ ლაპარაკს თუ მიეჩვევი, იესოს ლოცვასაც მალე დაკარგავ და შენს სულსაც დაქანცავ და უთუოდ ბევრ სხვა რამესაც ავნებ, რადგან მრავალსიტყვაობაში ცოდვას ვერ გაექცევი.”

წმ. სერაფიმე საროველი: “გულში მუდამ იმეორე იესოს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე”.

წმ. თეოფანე დაყუდებული: “ყველა სახის ლოცვა გულიდან უნდა იწყებოდეს, სხვაგვარი ლოცვა ლოცვა არაა. ლოცვები ლოცვანის მიხედვით, თუ პირადი და მოკლე ლოცვები გულიდან უნდა მიემართებოდნენ უფლისაკენ. მით უფრო ასეთი ლოცვა უნდა იყოს იესოს ლოცვა”.

პაისი მთაწმინდელი: “ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე”.

დავით დანელია

ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий