среда, 28 августа 2013 г.

მიტროპოლიტი ნაზარი.

 
         ნაზარი. 1919

 1922 წელს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურებას ასრულებდა.

მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა. ეკლესიის ეზოში ნაზარს კომკავშირლები ელოდნენ. მღვდელთმთავარმა იცოდა, რომ კომკავშირელთა მიზანი მრევლის წინაშე მისი დამცირება და შეურაცხყოფა იყო. მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტმა წესი ბოლომდე აღასრულა. ტაძრიდან ნაზარი ანთებული სანთლებითა და ბავშვების თანხლებით გავიდა. როგორც კი ნაზარი ეკლესიის ეზოში დაინახეს, კომკავშირლებმა მას უშვერი სიტყვებით გინება და ხელის კვრა დაუწყეს. მიტროპოლიტმა შეურაცხყოფა არ შეიმჩნია, გზა დინჯად გააგრძელა და თან ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა: "შეუნდე უფალო მათ, რამეთუ არ იციან რას სჩადიან."



         ნაზარი და ამბროსი ხელაია

მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) 1872 წელს იმერეთში სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში დაიბადა. მისი წინაპრებიც სასულიერო პირები იყვნენ. დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რის შემდეგაც იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. იოსებ ლეჟავა მღვდლად 1893 წლის თებერვალში, ხონის ეკლესიაში აკურთხეს. 1900 წელს იგი უკრაინაში გაემგზავრა და სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც შემდეგ მაგისტრის წოდებით დაამთავრა. 1904 წელს ლეჟავას ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა. მას ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ კი ორი შვილი დაკარგა. ამის გამო, იგი ბერად აღიკვეცა და სახელად ნაზარი - ღვთისთვის შეწირული დაირქვა.


  ქუთაისის ტაძრის ჯვრის ჩამოგდება.

ნაზარი ქართველ ღვთისმსახურთა იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად აქტიურად იბრძოდა. საქართველოს ავტოკეფალია რუსეთმა 1811 წელს გააუქმა. ამ წელს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის მოტივით, რუსეთის საეკლესიო სინოდმა საქართველოს მაშინდელი კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II ქვეყნიდან გაიწვია. პატრიარქი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. იმავე წელს რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიების მართვა-გამგეობის პროექტი შეიმუშავა. საქართველოს მართლმადიდებული ეკლესია საეგზარქოსოს სტატუსამდე დააქვეითეს. მთელი საუკუნის მანძილზე, საქართველოს საეკლესიო ცხოვრებას რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული ეგზარქოსი განაგებდა.


          ჯაჯანიძე გერმანე

1917 წელს, რუსეთის იმპერიამ რღვევა დაიწყო. რევოლუციების შედეგად ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა. ამით ისარგებლა საქართველომ და თანდათან მოსკოვის გავლენისგან გათავისუფლება დაიწყო. დამოუკიდებლობის შესახებ ხმამაღლა პირველად საქართველოს ეკლესიამ განაცხადა. 1917 წლის 12 მარტს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 106 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას ნაზარიც იღებდა. იმ მომენტისათვის იგი არქიმანდრიტი იყო. ერთი წლის შემდეგ, ნაზარი უკვე ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ქუთათელ მიტროპოლიტად დაადგინეს.


     მამა ბესარიონ კუხიანიძე

1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია შეძლო. თბილისში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, რომელმაც სასულიერო პირებისა და მართლმადიდებლობის სასტიკი დევნა დაიწყო. რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლამ უზარმაზარი მასშტაბი მიიღო. გასაბჭოებიდან ორი თვის შემდეგ, 1921 წლის აპრილში საქართველოს რევკომმა სპეციალური დადგენილებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კანონგარეშედ გამოაცხადა. ეკლესიას ჩამოართვეს მთელი ქონება და განძეულობა. მარტო 1922 წელს საქართველოში 600-მდე ეკლესია გაიძარცვა. ბოლშევიკების მიერ გამოცემული დეკრეტით, საეკლესიო ქონება უნდა აღწერილიყო და ძვირფასეულობა სახელმწიფოს ჩაბარებოდა. სასულიერო პირებს ეკლესიის განძეულის სახელმწიფოსთვის გადაცემას კანონის ძალით ავალდებულებდნენ. ვინც ძვირფასეულობის გადამალვას გაბედავდა, იგი სასტიკად ისჯებოდა. ოფიციალური ვერსიით, ეკლესიიდან ამოღებული განძეული ვოლგისპირეთის მოშიმშილე ხალხისთვის საკვების შეძენას უნდა მოხმარებოდა. მასობრივი ხასიათი მიიღო სასულიერო პირების შეურაცხყოფამ და დაპატიმრებამ. საქართველოში სასულიერო პირების რიცხვი 1600-დან 500-მდე შემცირდა. 1923 წლის გაზაფხულისთვის, საქართველოში მოქმედი 1450 ეკლესია-მონასტრიდან, 1212 დაიხურა, დაინგრა, ან გაუქმდა.


    მამა სიმონ მჭედლიძე

 რეპრესიებს ვერც ქუთათელი მიტროპოლიტი გადაურჩა. 1923 წლის თებერვალში, საქართველოს საგანგებო კომისიის ქუთაისის განყოფილებამ (ქუთაისის პოლიტბიურო) ნაზარი კონტრრევოლუციის ბრალდებით დააპატიმრა. მიტროპოლიტის სახელზე საქმე N381 გაიხსნა, რომელსაც გამომძიებელი კალანდაძე უძღვებოდა.


         ნიკოლაძე იეროთეოს

ნაზარის დაკავების საბაბი აგენტურული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც მიტროპოლიტი ქადაგებების მეშვეობით, მრევლში ანტისაბჭოთა პროპაგანდას აწარმოებდა. ჩეკას შეტყობინებას მიტროპოლიტის ერთ-ერთი მრევლი აწვდიდა, რომელიც ფარული აგენტი იყო. ამონაწერი საქმის მასალიდან (გამომძიებელ კალანდაძის დადგენილება): "მიტროპოლიტი სისტემატურად ეწევა ანტისაბჭოთა საქმიანობას. მისი დამხმარეა ქუთაისის სობოროს მღვდელი გაბრიელ ცაგარეიშვილი. ძიების შედეგად დადგენილია, რომ ამა წლის 27 იანვარს სობოროში ქადაგების დროს, ნაზარი მრევლს ანტისაბჭოთა განწყობას უნერგავდა. კერძოდ აცხადებდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების წყალობით, საქართველო დამონებულ მდგომარეობაში იმყოფება. ნაზარი ყველგან, ყველა სოფელში და დაბაში აწარმოებს ანტისაბჭოთა პროპაგანდას. ამის დამადასტურებელი მასალები ჩეკაში (საგანგებო კომიტეტი) უკვე რამდენიმე თვეა არსებობს.

მივიღე რა მხედველობაში ზემოთ აღნიშნული, დავადგინე: რელიგიის საფარის ქვეშ ანტისაბჭოთა პროპაგანდის მწარმოებლები და საბჭოთა წყობის აქტიური მოწანააღმდეგეები ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლეჟავა ნაზარი და გაბრიელ ცაგარეიშვილი გადაიგზავნონ ჩეკაში შემდგომი გამოძიებისათვის და შესაბამისი აღმკვეთი ზომის შეფარდების მიზნით."

ანტისაბჭოთა პროპაგანდის პარალელურად, გამოძიებამ ნაზარს საეკლესიო ქონების გადამალვაშიც დასდო ბრალი. ბოლშევიკებისთვის ცნობილი გახდა, რომ 1921 წლის თებერვალში, როდესაც კომუნისტურმა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენცია დაიწყო, საპატრიარქომ სვეტიცხოვლისა და სიონის ტაძრების ფასდაუდებელი განძი დედაქალაქს გაარიდა და ქუთაისში გადამალა.

ეს ფაქტი ბოლშევიკებმა შემთხვევით გაიგეს. ნაზარის დაპატიმრებამდე ერთი თვით ადრე, ჩეკამ შინაპატიმრობაში აიყვანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, ხოლო საკათალიკოსო საბჭოს წევრთა უმეტესობა ციხეში ჩასვა. სამღვდელოების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების უმთავრესი მიზეზი პატრიარქის მიერ გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნილი წერილი იყო, სადაც ხელაია მსოფლიო საზოგადოებას რუსეთისგან საქართველოს გადარჩენას სთხოვდა:

ფრაგმენტი წერილიდან: "ოკუპანტები მართალია შინ და გარეთ ყველას არწმუნებდნენ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ....

...ერს ართმენევ მამა-პაპათა სისხლით გაპოხიერებულ მიწა-წყალს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ: მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით იმავ უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამა-პაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულს მას უბრღალავენ წმინდათა წმინდას სარწმუნოებრივ გრძნობას....

...იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულველყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან."

საპატრიარქოს წინააღმდეგ ჩეკამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო. ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია, რომელიც საპატრიარქოს მოღვაწეობას ყველა მიმართულებით იკვლევდა. ფინანსური საქმიანობის რევიზიისას ჩეკამ გასავლის ერთ პუნქტს მიაგნო. ამ პუნქტის მიხედვით, საპატრიარქომ გარკვეული თანხა გამოყო სვეტიცხოვლისა და სიონის ტაძრების განძეულის ტრანსპორტირებისათვის ქუთაისში. საპატრიარქოში შენახული დოკუმენტაციის მიხედვით, 1921 წლის 24 თებერვალს სვეტიცხოვლის, სიონის და საპატრიარქოს მთელი სიმდიდრე სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ პავლე ჯაფარიძეს და ეპისკოპოს დავით კაჭახიძეს გადაეცა, რომელთაც დაევალათ მათი გადატანა ქუთაისში. დოკუმენტს თან ერთვოდა განძეულის დეტალური ჩამონათვალი. სიმდიდრის გადაზიდვა-გადამალვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ: 1921 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე და საკათალიკოსო საბჭო, მღვდელმთავარი იასონ კაპანაძე, მარკოზ ტყემალაძე, დიმიტრი ლაზარიშვილი და სიონის საყდრის მთელი შემადგენლობა.

არქიმანდრიტ პავლე ჯაფარიძის ჩვენებიდან: "კათალიკოზმა ლეონიდემ მე გამიზიარა შეშფოთება წითლების შემოსვლის გამო, და მომცა ბრძანება, დროის დაწნარებამდე, სიონის და მცხეთის ძვირფასეულობის გადამალვის შესახებ. წითლების მიერ თბილისის დაკავების წინ, მე მქონდა კათოლიკოსის ბრძანება, ძვირფასეულობა, რომელიც ოთხ ყუთში და ტომარაში იყო, წამეღო ქუთაისში. ჩემი ქუთაისში ჩასვლის მეორე დღეს, ჩამოვიდა თვით კათოლიკოსი და ვამცნეთ ნივთების ბედის შესახებ. კათოლიკოზის ბრძანებით ყუთები გადმოტანილ იქნა არქიელის (ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი) სახლში საიმედო ადგილას შესანახად. ღამით ერთად ვიმსჯელეთ ამ საკითხის გარშემო და გადავწყვიტეთ ყუთები დაგვეწყო აივნის ქვეშ და ზევიდან გადაგვეფარებინა მიწა და გათლილი ქვა. მერე კათალიკოსი წავიდა თბილისს, მე კი გადაყვანილი ვიყავი მცხეთაში. მალე მან მე გამომიძახა თავისთან და მითხრა, რომ დრო დამშვიდდა და ძვირფასეულობის უკან გადმოზიდვა არის საჭიროო, მაგრამ ამ საუბრიდან სამი დღის შემდეგ კათალიკოსი გარდაიცვალა და საკითხი დარჩა ღიად. ამის შემდეგ მქონდა რა მხედველობაში, რომ კათალიკოსმა მიმცა ანათემას იმ შემთხვევაში თუ მე ვუჩვენებდი ადგილს, სადაც ინახებოდა ძვირფასეულობა, თავი შევიკავე დღევანდელ შემთხვევამდე ადგილის გამხელაზე."

1923 წლის 25 აპრილს, ჩეკამ ნაზარის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. არქიმანდრიტ პავლე ჯაფარიძის ჩვენების საფუძველზე, ბოლშევიკებმა ნაზარის სახლის აივნის ქვეშ მიწაში ჩამარხულ საეკლესიო ქონებას მიაკვლიეს და ამის თაობაზე შესაბამისი აქტიც შეადგინეს:

"ჩვენ ქვემორე ამისა ხელისმომწერნი აღმასკომის თავმჯდომარე ქუთ მაზრ. ლორთქიფანიძემ, პასუხისმგებელი მდივანი უკომის ამხ. ბახტაძემ, პოლიტბიუროს უფროსმა კუჭუხიძემ, პოლიტბიუროს რწმუნებულმა ცირეკიძემ, კეთილაძემ და თოდუამ, არქიმანდრიტმა პავლემ და დ. ცქიტიშვილმა შევადგინეთ აქტი: დღეის რიცხვს დღის 12 საათზე მივედით არქიელის სახლში, სადაც თანახმად მიღებული ცნობებისა უნდა ყოფილიყო ჩამარხული 4 ყუთი ძვირფასეულობით, სიონის და მცხეთის სობორების და კათალიკოზის საბჭოსი. აღნიშნული სახლის აივანზე ახდილი იატაკი ქვის პლიტებიდან და ამოთხრილი იყო მიწა არშინ ნახევარ სიღრმეზე, სადაც აღმოვაჩინეთ 4 ყუთი, რომელიც დიდი ხნის მიწაში ყოფნისგან დაძველებულიყვნენ და ჰქონდათ ნიშნები გატეხისა. ყუთებში აღმოჩნდა ოქროს, ვერცხლის ნივთები და ძვირფასი თვლები, რაზედაც შევადგინეთ აქტი."

ნაზარის დაკითხვის ოქმიდან:

- დამალული განძეულობის შესახებ როდის გაიგეთ?

- გავიგე საიდუმლოდ ლეონიდისგან

- ვის გაანდევით?

- არავის

- ეკლესიისთვის ინახებოდა განძეულობა?

- ეკლესიისთვის და ქართველი ერისთვის.

- რატომ მთავრობას არ განუცხადეთ, რომ სიონისა და სვეტიცხოვლის განძი გადამალული ქონდათ?

- რატომ უნდა განმეცხადებინა?!

- იმიტომ რომ ის მთავრობაა

- ის იყო ეკლესიის განძეულობა, ეპატრონებოდა ეკლესია და განვუცხადებდი მთავრობას მაშინ, როდესაც მოითხოვდა, ისე კი არავითარი დეკრეტი არ იყო ან ჩაბარებისა, ან კიდევ ცნობისა, სად რომელი განძი ჰქონდათ შენახული.

- რატომ მიწიდან არ ამოიღეთ და ეკლესიაში არ წაიღეთ?

- იმიტომ, რომ უფრო საიმედო ადგილას იყო შენახული, ის რომ ეკლესიაში ყოფილიყო შენახული, შესაძლებელია მოეპარათ. ასეთი შემთხვევა კიდეც იყო და ამიტომ მათი ეკლესიაში შენახვა წარმოადგენდა საშიშროებას.

1924 წლის 10 მარტს, უზენაესი სასამართლოს საჯარო სხდომაზე, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში შედგა სასამართლო პროცესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიასა და საკათალიკოსო საბჭოს წევრთა წინააღმდეგ. განსასჯელთა შორის იყო მიტროპოლიტი ნაზარიც. მათ ბრალი დასდეს საეკლესიო ქონების გადამალვაში და ანტისაბჭოთა, კონტრრევოლუციურ აგიტაცია-პროპაგანდაში. პროცესის მონაწილეებს სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯეს. თუმცა შემდეგ ისინი ამნისტიით გაათავისუფლეს.

ციხის შემდეგ ნაზარი თავის ეპარქიას დაუბრუნდა, სადაც მძიმე ვითარება დახვდა. იგი არ შეუშვეს სარეზიდენციო სახლში, რომელიც საწყობად დახვდა გადაკეთებული ამიტომ იძულებული გახდა თავისი ძმის სახლისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა თავისუფლებაზე ყოფნა ნაზარს დიდხანს არ მოუწია. კომუნისტებმა იგი ამნისტიიდან ოთხი თვის შემდეგ განმეორებით დააპატიმრეს. დაპატიმრება შემდეგ გარემოებაში მოხდა:

1924 წლის 30 ივლისს ქუთაისში ნაზართან ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულის საეკლესიო საბჭოს წევრი ვლადიმერ მაღლაკელიძე ჩამოვიდა. მან მიტროპოლიტს აცნობა, რომ სოფელში იყო ეკლესია, რომელიც კომუნისტებმა ერთი წლის წინ თეატრად გადააკეთეს, მაგრამ ახლა მორწმუნეთა მოთხოვნით, ეკლესია ისევ უნდა ამოქმედდეს და ამიტომ საჭიროა მიტროპოლიტის მიერ ტაძრის ხელახალი კურთხევა. ნაზარმა ეკლესიის კურთხევაზე თანხმობა განაცხადა.

2 აგვისტოს მიტროპოლიტი როდინაულში დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძის, მღვდელ სიმონ მჭედლიძის, დეკანოზ იერეთეოზ ნიკოლაძის, პროტოდიაკონ ბესარიონ კუხიანიძის თანხლებით ჩავიდა. მიტროპოლიტს თან ახლდნენ სტიქაროსანი ძმისშვილები არჩილ და ნიკოლოზ ლეჟავები. ქუთაისიდან როდინაულში ჩასულ მიტროპოლიტს აგრეთვე შეუერთდნენ დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, მღვდელი პოლიექტო ვარდოსანიძე, იღუმენი დომენტი გიორგაძე და მთავარდიაკონი ისიდორე სვანიძე.

მიტროპოლიტმა მოინახულა სოფლის ეკლესია და იქ მწუხრისა და ცისკრის ლოცვები მოისმინა. ტაძრის კურთხევა მეორე დღეს უნდა გამართულიყო. ლოცვის შემდეგ, მიტროპოლიტი ნაზარი და რამდენიმე მღვდელი სოფლის სამრევლო საბჭომ ღამის გასათევად საბჭოს ერთ-ერთი წევრის - მათე ჩუბინიძის სახლში დააბინავა. მცირე ვახშამის შემდეგ მიტროპოლიტი მისთვის გამოყოფილ საძინებელ ოთახში განმარტოვდა. მისი თანმხლები პირები აივანზე იმყოფებოდნენ და საუბრობდნენ.

მიტროპოლიტის სოფელში სტუმრობა და ეკლესიის ხელახლა კურთხევის განზრახვა კომუნისტებისთვის იმავე დღეს გახდა ცნობილი. რაიონის ხელმძღვანელობას ეს ამბავი სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა საკუთარი ინიციატივით აცნობა.

შორაპნის მაზრის სოფ. სვირის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ამბერკი ჯუღელის მოხსენებითი ბარათიდან: "2 აგვისტოს ღამით, ვიღაც უცნობი პირის მიერ გადმომეცა ბარათი, სადაც იგულისხმებოდა, რომ ამავე რაიონის სოფელ როდინაულშიდ, კერძო ოჯახში მოეყარათ თავი მღვდლებს და რაღაც შემჩნევითი მოქმედებას ეწეოდნენ ფართო აგიტაციური სახით, რისთვისაც საჭიროდ ვცანი გამეგზავნა მილიცია და მომეყვანა აღნიშნული პირები მათი მოვალეობისა და ვინაობის გამოსარკვევად."

მიტროპოლიტისა და მისი თანმხლები პირების დასაპატიმრებლად სვირის რაიონული მილიციის უფროსის მოადგილე ბარნაბა მაღლაკელიძე გაიგზავნა, რომელსაც თან ორი მილიციელი: უგრეხელიძე და ბურჯანაძე ახლდნენ. როდინაულში მისვლისას მილიციელებმა სოფლის საბჭოს თავმჯდომარე სერაპიონ ხაჭაპურიძე მონახეს, რომელმაც მათ მიტროპოლიტის ადგილსამყოფელი აცნობა და ადგილის საჩვენებლად თავადაც გაჰყვა. მილიციელები ჩუბინიძის სახლში მაშინვე არ შესულან, მათ გადაწყვიტეს ჩუმად მოესმინათ სახლში მყოფთა საუბარი, რომელიც ღია ფანჯრებიდან კარგად ისმოდა.

სვირის რაიონული მილიციის უფროსის მოადგილის ბარნაბა მაღლაკელიძის ჩვენებიდან: "ჩვენ რომ გაგვეგო, თუ ვინ ანდა რა პირები იყვნენ თავმოყრილნი, ამისათვის წინასწარ განვიზრახედ ჩუმად მისვლა, რაც მართლაც შევძელით და დაუგდეთ ყური მათ მსჯელობას. გავიგონეთ შემდეგი: "კომუნისტური პარტია არის მასის დამღუპველი, რომელიც უკარგავს მთელ კაცობრიობას სარწმუნოებას და აბრმავებს მათო."

უმეტეს ნაწილად მოიხსენიებდნენ პარტიის ლიდერებს ზიზღით. ბევრი რაიმე საწინააღმდეგოს ჰქონდა ალაგი მათი ლაპარაკით. ჩვენ ვეღარ ვიქონიეთ მოთმინება და მოვსთხოვეთ ოჯახის უმფროსს კარის გაღება."

ღამის 12 საათზე მილიციელები ჩუბინიძის სახლში შეიჭრნენ და იქ მყოფ სასულიერო პირებს სვირის აღმასკომის უფროსის განკარგულება გააცნეს, რომლის მიხედვითაც მათ დაკითხვისთვის სვირში იბარებდნენ. მილიცია მიტროპოლიტის საძინებელშიც შევარდა და მძინარე ნაზარი საწოლიდან ძალით წამოაგდო. თავად ნაზარი ამ ამბავს დაკითხვის დროს შემდეგნაირად იხსენებს: "ღამის 12 საათი იქნებოდა, მე მძინარე ვიყავი, შემოიჭრა ჩემს ოთახშიდ მილიცია და მეტის მეტი უხეშად მომთხოვა ზევით ადგომა. მე მათ ვთხოვე გაესინჯათ ჩემი პირადობის მოწმობა, მათ კი მითხრეს დატყვევება... მე მოვთხოვე მათი მანდატი, რადგან მე არ ვიცოდი ვინ იყვნენ ისინი, თანაც ღამე იყო. ჩვენთვის მანდატი არ არის საჭიროვო და მე ლოგინში მწოლიარეს მსტაცა ხელი ერთმა მილიციონერმა და პერანგის ამარა გამაგდო შიშველი ჯერ ზალაშიდ და მერმეთ ბალკონშიდ."

ძალის გამოყენების მიუხედავად, მილიციამ მიტროპოლიტის დაშინება და მისი მაშინვე დაპატიმრება ვერ მოახერხა. ნაზარმა ბოლშევიკებს განუცხადა, რომ მათ შეეძლოთ მოეკლათ იგი მაგრამ ორდერის გარეშე ის აქედან ფეხსაც არ მოიცვლიდა. ამის შემდეგ, მიტროპოლიტი კვლავ საძინებელ ოთახში დაბრუნდა.

მილიციელებმა მიტროპოლიტისა და მისი ამალის დაპატიმრების ორდერი ორ საათში მოიტანეს. სახლში მყოფი სასულიერო პირები წიხლების კვრით და ცემით ეზოში ჩამოყარეს, შემდეგ ურემზე შეაგდეს და თოკებით დააბეს. მიტროპოლიტ ნაზარს ტანსაცმლის ჩაცმაც კი არ აცალეს და სვირში პერანგის ამარა წაიყვანეს. გზაში დაპატიმრებულებს დასცინოდნენ, აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მიტროპოლიტი ნაზარი: "ღამის პირველი საათი იქნებოდა დაახლოებით, ძალით დამაწვინეს ურემზედ, შემიკრეს ხელ-ფეხი ვით ბოროტ ავაზაკს და საშინელი ურმის ძაძგურით და ტკივილების გრძნობით ღამითვე მიმიყვანეს ერთ სახლშიდ, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა აღმასკომი და იქ შემაგდეს როგორც პატიმარი ერთ პატარა ოთახში."

მეორე დღეს პატიმრები სვირის საბჭოში, საბჭოს თავმჯდომარემ მანჯგალაძემ და მისმა თანაშემწემ ჯუღელმა დაკითხეს. დაკითხვის შედეგად გამოირკვა მიტროპოლიტის სოფელში ჩასვლის ნამდვილი მიზეზი, მაგრამ, სასულიერო პირები მაინც არ გაათავისუფლეს. თავის დაზღვევის მიზნით, მანჯგალაძემ დაკავებულები შემდგომი გამოძიებისთვის ქუთაისის პოლიტბიუროს გადაუგზავნა:

"შორაპნის მაზრის სოფელ სვირის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოხსენება ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს.

დაპატიმრებული მღვდლები ცხრა და ორი ახალგაზრდა მოწაფე, სულ თერთმეტი კაცი გადაეგზავნოს ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს უფროსს. ამასთან ერთად, გეგზავნებათ თანდართული ოქმები შედგენილი რაიაღმასკომის წევრის მიერ."

საქმე ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს (საქართველოს საგანგებო კომისიის ქუთაისის მაზრის განყოფილება) რწმუნებულის თანაშემწეს ვინმე შონიას გადაეცა.

მასალის წინასწარი გაცნობის შემდეგ, შონიამ 11 აგვისტოს მიტროპოლიტისა და მისი თანმხლები პირების ციხეში გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 19 აგვისტოს შონიამ საქმის ძიება მთლიანად დაასრულა: "1924 წლის 19 აგვისტოს მე ქუთაისის მაზრის საგანგებო კომისიის რწმუნებულმა შონიამ განვიხილე რა საქმე N590 ბრალდებისა გამო: ქუთათელი მიტროპოლიტ ლეჟავა ნაზარის, დეკ. ჯაჯანიძე გერმანესი, დეკ. დოლაბერიძე ვასილის, დეკ. გიორგაძე იეროთეოზის, მჭედლიძე სიმონის, დიაკ. კუხიანიძე ბესარიონის და მ/დ სვანიძე ისიდორესი - ბრალდებულები სვირის რაიონის და როდინაულის თემის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე წანააღმდეგობის გაწევაში, ხელისუფლების და კომპარტიის ლიდერების გინებაში, რა საქმეც კვლევა-ძიებით და წინასწარი გამოძიებით გამორკვეულია სავსებით, დავადგინე: მოწმეებისა და ბრალდებულების დაკითხვის გაგრძელება შეწყდეს და იქნეს გამოტანილი ბრალდებულების მიმართ დადგენილება."

მიტროპოლიტ ნაზარისა და მასთან ერთად პატიმრობაში მყოფ სასულიერო პირებს იმ დროს მოქმედი კანონებითაც კი არათუ სიკვდილით დასჯა, არამედ ხანგრძლივი ვადით პატიმრობაც არ შეიძლებოდა შეფარდებოდათ, რადგან ღვთისმსახურება და ეკლესიის კურთხევა კანონმდებლობით არ იკრძალებოდა. ერთადერთი ბრალდება ანტისაბჭოთა პროპაგანდა რჩებოდა, რომელსაც გამოძიება საკმარისი მოწმეების არარსებობის გამო ვერ ამტკიცებდა.

დაპატიმრებულთა ბედი 1924 წლის აგვისტოს მოვლენებმა გადაწყვიტეს. 28 აგვისტოს ჭიათურაში მომხდარი გამოსვლით, საქართველოში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება დაიწყო, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი მეთაურობდა. აჯანყების საპასუხოდ, ბოლშევიკებმა სასტიკ რეპრესიებს მიმართეს. სწორედ ამ დროს გადაწყდა ციხეში მყოფი სასულიერო პირების სიკვდილით დასჯა. მათი საქმე განაჩენის გამოსატანად იმ სამეულს გადაეცა, რომელიც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებულების მონაწილეებს ასამართლებდა.

1924 წლის 1 სექტემბერს საქართველოს საგანგებო კომისიის ქუთაისის განყოფილებამ (ქუთაისის პოლიტბიურო) როდინაულში დაკავებული სასულიერო პირების საქმე განიხილა. ციხიდან გაათავისუფლეს დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, იღუმენი დომენტი გიორგაძე, მღვდელი პოლიექტო ვარდოსანიძე, მთავარდიაკონი ისიდორე სვანიძე და მიტროპოლიტ ნაზარის ძმისშვილები: არჩილ და ნიკოლოზ ლეჟავები.

სამეულის მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე სიკვდილით დასჯა შეეფარდათ: 1 ქუთათელ მიტროპოლიტს ნაზარს; 2. დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძეს; 3. დეკანოზ იეროთეოზ ნიკოლაძეს; 4. მღვდელ სიმონ მჭედლიძეს; 5. პროტოდიაკონ ბესარიონ კუხიანიძეს. სიკვდილის დასჯის მიზეზს სამეულმა ასეთი კვალიფიკაცია მიანიჭა: "დანაშაულის ფაქტი, რომელიც გამოიხატება კონტრრევოლუციური მიზნით არალეგალურ შეკრებაში და სვირის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, დამტკიცებულად ჩაითვალოს. აღნიშნულ პირებს მიესაჯოთ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა".

მიტროპოლიტ ნაზარს და 4 სასულიერო პირს სამეულმა განაჩენი საღამოს გამოუტანა. სამეულის გადაწყვეტილება ჩეკამ სისრულეში რამდენიმე საათში მოიყვანა. ნაზარი და მისი თანმხლები პირები საფიჩხიის ტყეში ღამით დახვრიტეს.

1994 წელს საქართველოს მართლადიდებული ეკლესიის წმინდა სინოდმა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილი მიტროპოლიტი ნაზარი და ოთხი მღვდელი წმინდანებად შერაცხა.

მიხეილ ბასილაძე


http://24saati.ge/index.php/category/news/2010-06-13/7641.html



Комментариев нет:

Отправить комментарий