воскресенье, 18 августа 2013 г.

არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა (მეცხრე მცნება).

პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე.


ცილის წამებას ერთი უპირველესი ადგილთაგანი უჭირავს ცოდვათა შორის. ეს ისეთივე მძიმე ცოდვაა, ისეთივე მომაკვდინებელია, როგორიც არის, მაგალითად კაცის კვლა, ქურდობა და სხვა. თუ მართალი გინდათ, მათზედაც უმძიმესია. ქურდი კაცი, მაგალითათ, მოგპარავს ნივთს რასმეს, შენ მაინც უვნებლად დაგტოვებს, ის კი, ვინც ცილის მწამებლის გესლის მსხვერპლად ხდება, უსათუოდ უნდა მოიშხამოს. ყოველნაირ ცუდი მიმართულების კაცმა ხანდისხან მაინც იცის მოყვსის შებრალება. ცილის მწამებელი კი მუდამ ულმობელია. დავით მეფე ადარებს ცილის მწამებელს გველს და ამბობს: „აღილესენ ენა მათი ვითარცა გველისა და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა (ფს. 139, 3). ჩვენ შეგვიძლია კიდევ მეტი ვსთქვათ. გველსა და ყოველივე მხეცს-ნადირს კაცი როგორმე მოერიდება, ეცდება თავი დაიცვას, შეიარაღებული დახვდეს, მაგრამ რაც შეეხება ცილისმწამებელ კაცს, მას ვერას გზით ვერ მოერიდებით. ყოველნაირ ხერხს, ღონეს ხმარობს ცილისმწამებელი, რომ თავისი მსხვერპლი მოინელოს. თუ რამე ღირსებას ხედავს თავის აძულებულ პირში, ცდილობს როგორმე დაამციროს, მისი ღირსება არც კი მოიხსენოს სხვების წინაშე, არავის არ შეამჩნევიოს, არ დაანახვოს, ცუდი მხარე მისი კი ათასნაირად გააზვიადოს. თავის აზრის მისახწევად ცილისმწამებელი საშუალებათ უმეტეს ნაწილად პირმოთნეობას ხმარობს. იმნაირად გვეჩვენება, იმნაირად დაგიახლოვდება, ვითომც შენი პირველი მეგობარია და როდესაც შენ ის ერთგული გგონია და გულს გადუშლი, მაშინ ცდილობს ყოველნაირი შენი გულისპასუხი გაიგოს, მესაიდუმლე გახდეს, რომ შემთხვევის დროს ისარგებლოს. როცა შენთან არის, სხვას აძაგებს, კიცხავს, მაგრამ იცოდე, შენზედაც ცუდს იტყვის, როცა დასჭირდება, როცა შენი ძაგებით სხვისი გული უნდა მოიგოს. მთავრობასთან რომ შეხვდეს, აძაგებს იმ პირს, რომელიც მთავრობისაგან რაშიმე არის შენიშნული, სხვა დროს საზოგადოებაში დაუწყებს კიცხვას იმავე პირს, ვითომდა მთავრობის ერთგულებისთვის. ვერასოდეს ვერ მოისვენებს ცილისმწამებელი კაცი. ის თითქოს ყველგან მყოფი იყოს, ხან იქ არის, ხან აქ, ცდილობს ყველგან, ყოველ საზოგადოებაში, ყოველ ოჯახში, ყოველ კაცთან იქონიოს მსვლელობა. ყველას მეგობრად ეჩვენება და მასთანვე ყველგან თავის გესლიანი და შხამიანი ენით ვისმეს უნდა უკბინოს. რამოდენი მეგობრები, რამოდენი ცოლ-ქმარნი გამხდარან ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად ცილისმწამებელის მეოხებით! თუ ასე მავნებელია, თუ ასე წინააღმდეგია ქრისტიანული სწავლა-მოძღვრებისა ცილისწამება, რისთვის არ ცდილობენ მის მოსპობას? განა დამნაშავე არ არის ამ შემთხვევაში საზოგადოება? საზოგადოება ხელს არ უწყობს ამ დამღუპველ სენის გავრცელებას? სადაც ქრისტეს მცნებას - შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, - ფეხი დაუდგამს, იქ ცილის-წამებას ადგილი არასოდეს არ ექნება. რომელიმე სნეულება მაშინ გავრცელდება ხალხში, სოფლად თუ ქალაქად, როდესაც მას შესაფერისი ნიადაგი ხვდება, როდესაც კაცის სხეული მომზადებულია მის შესათვისებლად. იგივე ითქმის ცილის-წამების შესახებაც. ჩვენს დროში ცილისმწამებელთა რიცხვი თანდათან მატულობს. რისთვის? მისთვის, რომ მათ გავლენა მოიპოვეს, მათ სიტყვას იჯერებენ, მათ ხელს უწყობენ, მხარს უჭერენ. ჩვენ როცა შევხვდებით ერთმანეთს, ვეკითხებით, რა იცით ახალი ამბავიო? თითქმის ყოველთვის ამ საკითხს ერთი და იგივე პასუხი მოსდევს - ვისიმე გაკიცხვა. იმნაირად შევეჩვიეთ ზურგთ უკან ერთმანეთის გაკიცხვას, რომ როგორც პური უმარილოდ უგემური გვეჩვენება, ისე ჩვენი მუსაიფი, მასლაათი, ულაზადოდ და უგემურად, თუ ვინმე არ გავკიცხეთ. ამ ჩვენი სისუსტით სარგებლობენ ჩვენი ცილის-მწამებელნი. ისინი ჩვენივე შემწეობით ადვილად აღწევენ მიზანს. ნამეტნავად ხელს უწყობენ მათ ჭკუათხელნი, რომლებიც ადვილად დაიჯერებენ ხოლმე ყოველივე ნათქვამს და მზად არიან გაავრცელონ იგი. ცილისმწამებელს ესმის ეს და სარგებლობს კიდეც ამ ჭკუათხელობითა. როცა უნდა მას, გაავრცელოს ვისზემე ვისზემე ცუდი ხმა, ბევრი ჯაფა არ სჭირდება, მხოლოდ ადვილად დამჯერ პირთან იტყვის რასმე ცუდს, ვისზედაც უნდა, და მეორე დღეს ყოველ ოჯახში იციან; ერთი ოჯახიდან მეორე ოჯახში ახალ ამბათ გადადის და მსწრაფლად ეფინება საზოგადოებას. მერმე როგორ? ისე კი არა, როგორც თვითონ ცილისმწამებელმა გამოსთქვა. არა, ის ერთი კვირის შემდეგ ვეღარც კი იცნობს თავის გამოთქმულს ცილსა. ყოველი გამგონი, როცა სხვას ეტყვის, უსათუოდ თავის მხრივ რამე უნდა მიუმატოს. ვინც ცილის-მწამებლის მსხვერპლად ხდება, რა უნდა ვუთხრათ მათ სანუგეშოთ? იმან უნდა იცოდეს, დაჯერებული იყოს, რომ ბოლო დროს უსათუოდ გაიმარჯვებს, თუ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება და მოთმინებას იქონიებს. საზოგადოებაში, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, ყოველთვის მოიპოვება ორი, სამი კაცი - მართლმსაჯულნი, კეთილ-სვინდისიერნი, რომლებიც სიმართლეს დაინახავენ და ეცდებიან იგი, შებღალული, შემწიკვლული, ისევ განასპეტაკონ. ისინი მხარს დაუჭერენ ცილ-დაწამებულს, ეცდებიან, საზოგადოებას აუხსნან საქმის გარემოება, ყოველივე კარგი მისი მხარე თვალსაჩინოდ დაანახონ ყველას და ცუდი ხმები გააქარწყლონ. ეს უნდა გახსოვდეს ყოველთვის, რომ შენ ცილის-მწამებელს სამაგიერო არ გადაუხადო. ყოველთვის ჯობია ცილ-დაწამებული იყო, ვინემ ცილის-მწამებელი. თვით მაცხოვარს ჩვენსას, „ვინც უსჯულოება არა ჰქმნა, არცა იპოვებოდა ზაკვა პირსა შინა მისსა“ როგორი ცილი დასწამეს მტრებმა, თვითონ კი სამაგიეროდ როგორ ცდილობდა მათთვის? „უფალო, აპატიე მათ, არა იციან რასა იქმონან“ - აი მისი პასუხი. ესეც არ უნდა დავივიწყოთ და ყოველთვის მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ბოროტი კაცი თავის თავს უფრო ბევრს ავნებს, ვინემ სხვასა. ვინც კეთილია, ის თავის-თავისათვისაც კეთილია და სხვისთვისაც, ვინც ბოროტია, უფრო თავის-თავისათვის არის მავნებელი. უკეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყვასთაცა შენთა, ხოლო უკეთუ ბოროტი იყო, აღმოივსო მხოლომან ბოროტი“. ამბობს სოლომონ ბრძენი, მეფე ურიათა. (იგ. 14, 12). ამინ.

Комментариев нет:

Отправить комментарий