воскресенье, 18 августа 2013 г.

სულიერი განსჯისათვის.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი.

რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავის მოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაივიწყეს ყოველი სათნოების საფუძვლის – ღმრთის სათნო განსჯის არსებობა, განსჯის დავიწყებას კი თავისთავად მოსდევს განუსჯელი მოქმედება. კაცობრიობის ისტორია ნათლად მოწმობს, რომ კეთილშობილ კაცთა ბოროტმოქმედებანი განუსჯელი ანუ წინასწარი განსჯის გარეშე ჩადენილი მოქმედებანი იყო.
ამას რომ აგვარიდონ, წმ. მამები გვირჩევენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ღმერთის სიტყვებს: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან" (დაბ. 18, 22). დავუკვირდეთ უფლის სიტყვებს, კარგად დავიმახსოვროთ და ჩვენს ქცევებში ამ რჩევით ვიხელმძღვანელოთ, რათა გადავურჩეთ დიდსა თუ მცირე ბოროტმოქმედებებს, კაცნი რომ ხშირად სწორედ განუსჯელობის გამო სჩადიან.
ქალაქები სოდომ და გომორა პალესტინის ბედნიერი ცის ქვეშ, ყველაზე ნაყოფიერ დაბლობზე მდებარეობდნენ. წმ. წერილი ამ დაბლობს თავისი სიუხვით ეგვიპტეს, ბუნების ზღაპრული სიმშვენიერით კი ედემს ადარებს (დაბ. 13, 10). იქაური მკვიდრნი, რაკი ამსოფლიური სიკეთენი მომეტებული ჰქონდათ, ნაყროვანების ნებას მიეცნენ. ჩვენ ვერ მივხვდებით, რა ხარისხს აღწევდა ეს ვნება ძველებში, რომლებსაც წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა და ჯანმრთელობა ჰქონდათ (იხ. ციცერონის სიტყვები მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ). სოდომის უსჯულოება მდგომარეობდა ამპარტავნებაში, პურის სიჭარბესა და ღვინის სიუხვეში (შდრ. ეზეკ. 16, 49). ნაყროვანებისგან ჩვეულებრივ ჩნდება ხორციელი მდგომარეობა, მისგან კი განუყოფელია ხორციელი სიბრძნე, ანუ აზროვნების წესი კაცისა, რომელიც "ჰბაძვიდა პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფსალმ. 48, 13). ამა სოფლის სიბრძნის მთავარი და არსებითი ნიშანია ამპარტავნება, ეს კი თავისთავად ყველა ცოდვისა და ნაკლოვანების კარია. ამპარტავანმა არ იცის, რა არის ღმრთის თაყვანისცემა, შიში ღმრთისა, საღმრთო და სამოქალაქო კანონების დაცვა, მოყვასის, მისი მოთხოვნილებების, მისი კეთილდღეობის, თვით სიცოცხლის პატივისცემა; მისთვის უცხოა საკუთარი თავის შეცნობა, უცხოა სათნოება, იგია მტერი და მოძულე ყოველი კაცისა და საკუთარი თავისაც. ასეთი ადამიანი მზად არის ყოველგვარი უსჯულოების ჩასადენად, თითქოს რაღაც განსაკუთრებული უფლება ჰქონდეს ამისა. ამპარტავანი არის კაცი გაქვავებული გულითა და დემონური გონებით.
უკვე ვთქვით, რომ ნაყროვანებისაგან სოდომელებში ხორციელი მდგომარეობა განვითარდა: ამ მდგომარეობის სული და გული ამპარტავნება გახდა ("სული არ დამდაბლდება, თუ პური არ მოაკლდა", - თქვა ღირსმა პიმენ დიდმა). ბრმა ამპარტავნებისა და ამა სოფლის სიბრძნის შეერთებით იშვა მათი პირმშო – გაუმაძღარი, აულაგმავი გარყვნილება; ეს გარყვნილება ბუნებრივი ფორმებით კი არ დაკმაყოფილდა, არაბუნებრივი მოინდომა და ხარბად დაეწაფა მას: "ხოლო კაცნი სოდომთანი – ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისა" (დაბ. 13, 13). ვერავითარმა ძლიერმა წამლებმა ვერ უშველა მათ ცოდვებს: ვერც უცხოთესლთა მეფის თხუთმეტწლიანმა ბატონობამ, ვერც მათი ჯარების დამარცხებამ და უამრავი ადამიანის დატყვევებამ ვერ გამოაფხიზლა სოდომელნი, ვერ აიძულა ცოდვების მონანიება. შეუნანებელმა ცოდვილებმა, აულაგმავ ვნებებს რომ იყვნენ მიცემულნი, ზეციური სასჯელი დაიტეხეს თავს: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან".
ღმერთი, გამოეცხადა რა კაცს (პატრიარქ აბრაამს) კაცის სახით, კაცისავე მეტყველების წესს იყენებს, რათა აბრაამმა შეძლოს მისი სიტყვების გაგება და ეს სიტყვები მისაწვდომი და გასაგები გახდეს ყოველი ადამიანის, თვით ყველაზე უბრალოსთვისაც კი. ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი ღმერთი ამბობს: "გარდავიდე და ვიხილო" - მივიდე და ვნახო, მართლა ხდება თუ არა სოდომ და გომორაში ის დიდი უსჯულოებები, მე რომ მესმის. ამ სიტყვებში იგულისხმება: "არ მჯერა ხმების, მინდა საკუთარი თვალით დავრწმუნდე". ამავე სიტყვებშია ჩადებული დარიგება ჩვენთვის, რომ ადვილად არ ვენდოთ ცილისმწამებელს, არ ვიჩქაროთ მოყვასის განკითხვა, განსჯა და დასჯა; არ დავეშუროთ სიმკაცრესა და სისასტიკეს – ჯალათის ხელობას, ვიდრე ჩვენ თვითონ არ ვიხილავთ და არ დავრწმუნდებით იმის სისწორეში, რაშიც კაცს ადანაშაულებენ.
უგუნურ, ქარაფშუტა, უძლურ სულს სჩვევია ადვილად მიენდოს ცილისმწამებელთა სიტყვებს, განურისხდეს მას, ვისაც ბრალი დასდეს, შურისძიება ჩაიდოს გულში ისე, რომ არ გამოიძიოს, სამართლიანად შეისმინეს თუ არა კაცი. ხშირად ხდება, რომ ბოროტის გესლი სათავეს უდებს მითქმა-მოთქმას, ზერელე კაცთა მიამიტობა კი ხელს უწყობს მის გავრცელებას. ამგვარი უკეთური ზოგჯერ ტყუილს იგონებს და გულუბრყვილოებს გადასცემს დასათესად, ზოგჯერ კი ვინმეს უბრალო შეცდომას, უმნიშვნელო მარცხს ათას ტყუილსა და მართალს დაურთავს და საშინელ შეცოდებად აქცევს, თანაც ამ გამონაგონს გესლიანი დაცინვითა და ბოროტი ვარაუდებით აზავებს. ამგვარად, სათნოება კაცთა წინაშე ცოდვად წარმოსდგება, ბეწვისოდენა ნაკლი კი – დირედ. ბოროტება ასე უფრო ხშირად საკუთარი თავის შესანიღბად იქცევა: მოყვასის საქციელს იგი შავ სამოსელში ხვევს, ფარისევლურ აღშფოთებას გამოთქვამს და განიკითხავს მას, რათა საკუთარი თავი რაც შეიძლება უკეთესად წარმოაჩინოს. საჭიროა სიფრთხილე, ყურადღება და ღმერთისაგან ნამცნები განსჯის უნარი, რათა ტყუილი სიმართლედ არ მივიღოთ, არარსებული სინამდვილე არ გვეგონოს, უმნიშვნელო შეცდომა მნიშვნელოვნად არ გამოვაცხადოთ და მისატევებელი – მიუტევებლად.
ცილისწამება ჩვენ თვითონ უნდა შევამოწმოთ, ღმერთი ამას თავისი ღმრთეებრივი მაგალითით გვასწავლის: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან". ღმერთმა, როგორც ყოვლისმხედველმა, კარგად იცოდა სოდომ-გომორელთა ცოდვები, მაგრამ შეზღუდულ კაცთათვის ჩვეული მოქმედება აიღო თავის თავზე, რათა ჩვენი შეზღუდულობის შესაბამისად ვიქცეოდეთ და არ მივითვისოთ უსაზღვრო არსების მოქმედება, რომლის სმენა და ხედვა შეუძლებელია ცდებოდეს. ესმა რა სოდომის გმინვა, ღმერთმა მაშინვე კი არ მოუვლინა სასჯელი მცოდველებს, არამედ ჯერ გამოიძია საქმე, თუმცა ყოველგვარი გამოძიების გარეშეც კარგად იცოდა ვითარება. განსჯის – სწორი და ჭეშმარიტად კეთილი მოქმედების ერთადერთი საფუძვლის – დავიწყება ყოველთვის უდიდეს ბოროტმოქმედებათა მიზეზი ხდებოდა. ამაოებას აყოლილი, ღმრთისმოშიშების, მოყვასის სიყვარულის უარმყოფელი ადამიანები ხშირად ვარდებიან ამ ცოდვაში. ისინი ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი ქცევა ყალბია, იმიტომ, რომ ყალბია თვით სათავე ამ ქცევისა. მეტიც, მათ არც ის იციან, რომ ეს სათავე ყალბია, რამეთუ არ იციან და არც სურთ, რომ იცოდნენ საღმრთო სჯული. ამნაირად, ისე სჩადიან უსჯულოებას, როგორც სიმართლეს, ბოროტებას აკეთებენ და ჰგონიათ, დიდ სიკეთეს ან, ყოველ შემთხვევაში სამართლიან საქმეს მაინც აღასრულებენ. "გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა" (იგ. 12, 15), ამბობს წმ. წერილი.
ასეთი საქციელის მაგალითია ფარაონის კარისკაცის, პეტეფრეს მოქმედება უმანკო და კეთილშობილი იოსების მიმართ. პეტეფრეს ცოლს შეუყვარდა იოსები და, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, ცილი დასწამა თავისი ქმრის წინაშე, პეტეფრემ, ისე რომ საქმე არ გამოუძიებია, იოსები საპყრობილეში ჩააგდო. თავისი საქციელი ამ ადამიანს იმდენად სწორი და სამართლიანი ეჩვენებოდა (ვინაიდან მიჩვეული იყო განუსჯელად მოქმედებას), რომ აზრადაც არ მოსვლია მისი შემოწმება მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც იოსები ციხეში იჯდა – ციხიდან იგი ღმრთის განგებით გათავისუფლდა. თუმცა რა გასაკვირია, რომ ჭეშმარიტი ღმერთის უმეცარი წარმართი ასეთ ცოდვაში ჩავარდნილიყო: ეს წმიდა კაცებსაც კი ემართებოდათ, როდესაც ივიწყებდნენ, რომ დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზით დასწამა ცილი, რომლითაც იოსებს – ეგვიპტელმა ქალმა. ამის შემდეგ სიმართლე გამომჟღავნდა, მეფე ღრმა მწუხარებას მიეცა, ტირილი და გლოვა დაიწყო, შეინანა თავისი დაუფიქრებელი საქციელი და მოვალედ მიიჩნია თავი, რაკი უდანაშაულო მოკლა, ახლა დამნაშავე დაესაჯა. ფავსტა მოაკვდინეს. ამგვარად, უკვე ორი მკვლელობა მოხდა: ერთი უსამართლო, მეორე – სამართლიანი, ორივეს მიზეზი კი ღმერთისგან ნამცნები განსჯის დავიწყება და ნაჩქარევი, წინდაუხედავი მოქმდება იყო.
წმ. იოანე მოწყალის, ალექსანდრიის პატრიარქის ცხოვრებაში ჭკუის სასწავლებელ და თანაც საშინელ ამბავს ვკითხულობთ. ალექსანდრიაში ერთი ბერი ჩავიდა, რომელსაც თან მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ახლდა. ამის დანახვაზე ბევრი დაბრკოლდა: იფიქრეს, ცოდვილ ცხოვრებას ეწევიანო, და ეს ამბავი პატრიარქს მოახსენეს. პატრიარქმა დაუყოვნებლივ ბრძანა, ორივე შეეპყროთ, სასტიკად ეცემათ და სატუსაღოში ჩაეყარათ. ღამე პატრიარქს სიზმრად ეს ბერი გამოეცხადა, უმოწყალოდ ნაცემი ზურგი აჩვენა და ჰკითხა: "მოგწონს, მეუფეო? ასე გასწავლა მოციქულმა ქრისტეს სამწყსოს გაძღოლა? "ნუ იძულებით, არამედ ნებსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინედ" (1 პეტრე, 5, 2). მერწმუნე, შენ შეცდი, როგორც კაცი". ეს უთხრა ბერმა და გაეცალა. პატრიარქს გაეღვიძა, მიხვდა, რომ შესცოდა და ღრმა სინანულმა შეიპყრო თავისი განუსჯელი, ნაჩქარევი საქციელის გამო. გათენდა თუ არა, ბრძანა, მოეყვანათ ბერი, რათა ენახა, მართლა ის გამოეცხადა ძილში თუ არა. ბერი ძლივსძლივობით ეახლა, რადგან მძიმე წყლულებისაგან სიარული უჭირდა. მის დანახვაზე პატრიარქს მკვდრის ფერი დაედო და სიტყვის თქმაც ვერ შეძლო. როდესაც გონს მოვიდა, სთხოვა ბერს, ტანთ გაეხადა – სურდა დარწმუნებულიყო, მართლა ჰქონდა თუ არა მას ის წყლულები, სიზმრად რომ ნახა. ბერმა გაიხადა და აღმოჩნდა, რომ იგი საჭურისი იყო, მაგრამ ამას ვერავინ მიხვდა მისი სიყმაწვილის გამო. ბერის ნაგვემი სხეული რომ ნახა, პატრიარქი ძალიან დამწუხრდა, მოიხმო მისი შემასმენელნი და სამი წლით განაყენა ეკლესიისგან. მერე კი პატიება სთხოვა ბერს და უთხრა: "შემინდე, ძმაო, არ ვიცოდი, რას ვიქმოდი, ვცოდე ღმერთისა და შენს წინაშე. მაგრამ არც შენ უნდა გევლო ასე აშკარად ქალთან ერთად – შენ ხომ ბერი ხარ!" მაშინ ბერმა დიდი სიმდაბლით მიუგო: "მერწმუნე, მეუფეო, სრულ სიმართლეს გეტყვი. ამ ცოტა ხნის წინ ღაზაში ვიყავი. საღამოხანს, წმ. მოწამეთა – კიროსისა და იოანეს საფლავების თაყვანისსაცემად რომ მივდიოდი, ეს ქალწული შემხვდა. მუხლებში ჩამივარდა და ტირილით მეუბნებოდა, ნება მომეცი, თან წამოგყვეო. უარი ვუთხარი და გაცლა დავაპირე, მაგრამ იგი უკან მომდევდა და მომძახოდა: "გაფიცებ, აბრაამის ღმერთს, რომელიც მოვიდა ცოდვილთა ცხონებისათვის და რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს, არ მიმატოვო!" როდესაც ვკითხე, რატომ მაფიცებ-მეთქი ასე, მწარედ ატირდა და მიპასუხა: "მე ებრაელი ვარ, მაგრამ მინდა წინაპართა ბოროტი სარწმუნოება დავაგდო და ქრისტიანი გავხდე. გაფიცებ, მამაო, ნუ მიმატოვებ, არამედ აცხოვნე ჩემი სული, რომელსაც სურს, იწამოს ქრისტე". ეს რომ გავიგონე, შემეშინდა ღმერთის სასჯელისა, თან წამოვიყვანე და წმინდა სარწმუნოების სწავლება დავუწყე. ერთად ვილოცეთ წმ. მოწამეთა საფლავებთან, ეკლესიაში მოვნათლე და ახლა დედათა მონასტერში მიმყავს".
როდესაც ბერის მონაყოლი მოისმინა, პატრიარქმა ამოიოხრა და თქვა: "რამდენი ფარული მონა ჰყავს უფალს! ჩვენ კი, გლახაკნი, მათ არც კი ვიცნობთ!" მერე აიღო ასი ოქრო და სურდა ბერისთვის მიეცა, მაგრამ მან არ გამოართვა ფული და უთხრა: "თუკი ბერს სწამს, რომ უფალი ზრუნავს მისთვის, არავითარი ოქრო არ სჭირდება, ხოლო თუ ოქრო უყვარს, მაშინ მას ღმერთი არა სწამს". ესა თქვა ბერმა, თავი დაუკრა მეუფეს და გავიდა. ამ მწარე გამოცდილების შემდეგ პატრიარქი მუდამ ერიდებოდა მოყვასის ნაჩქარევ განკითხვას და თავის მოწაფეებსაც იმავეს ჩააგონებდა.
ჩვენს სულიერ სალმობებს შორის, დაცემის შემდეგ რომ მივიღეთ, საკუთარ ნაკლოვანებათა უცოდინრობა და მათი დამალვის სურვილიც არის. სამაგიეროდ, გვჩვევია სხვის ნაკლოვანებათა ხედვის, მათი მხილებისა და დასჯისაკენ სწრაფვა. მეტიც, იმის გამო, რომ სინამდვილეში არ ძალგვიძს მოყვასის ნაკლოვანებათა დანახვა (ანდა ამ ადამიანს საერთოდ არ ახასიათებს ჩვენთვის ესოდენ სასურველი ნაკლოვანებები), არარსებულ ნაკლოვანებებს ვიგონებთ, თანაც მათ რჩეული მახვილსიტყვაობით ვნიღბავთ, ვამკობთ და ვაძლიერებთ. საკუთარი ნაკლი უმნიშვნელოდ და ადვილად მისატევებლად გვეჩვენება, მოყვასის კი, რაც შეგვიძლია, ვაზვიადებთ და ყოველგვარი სასჯელის ღირსად წარმოვადგენთ. ეს ვნება განსაკუთრებით ფეხმოკიდებულია იმ ადამიანებში, ვინც სრულ, თუმცა არც მათთვის არის უცხო, ვინც თითქოს ცდილობს სულის ცხონებას. ძალიან ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი საკუთარ თავს, რათა ამ სახიფათო გატაცებას გადავურჩეთ.
წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს (როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილებს) ვერ მიხვდა და ვერ გააცნობიერა თავისი დაცემა. ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველს უბრძანა, ემხილებინა იგი. წინასწარმეტყველმა მეფეს იგავურად აღუწერა მისი მდგომარეობა და სთხოვა, განესაჯა და დაესაჯა დამნაშავე. მეფემ უმალ გამოიტანა განაჩენი, რომელიც სიმკაცრით ბევრად აღემატებოდა კანონის მოთხოვნას (2 მეფ. 12, 1-4). ასეთია ჩვენი დაცემული ბუნება! ჩვენი ცოდვებისათვის მოწყალებასა და შეწყნარებას მოველით, მოყვასის ასეთივე ცოდვებისათვის კი – პასუხისგებასა და სასჯელს. წინდახედულება და სიფხიზლე მოგვეთხოვება: სიფრთხილე საკუთარ თავთან მიმართებაში. ნუ განსჯი შენი აზრისა და წარმოდგენის მიხედვით, ვიღაცის გადმოცემის, მითქმა-მოთქმისა თუ ჭორების საფუძველზე რომ შეგექმნა, არამედ მიბაძე ღმერთს, რომელმაც თქვა: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან". თუ შენგან კანონი მოითხოვს ვინმეს განსჯას, ზუსტად გამოიძიე საქმე და მხოლოდ მაშინ გამოიტანე მსჯავრი: იგივე კანონი ხომ მოყვასის განკითხვასაც გვიკრძალავს, თუკი ეს განკითხვა თვითნებურად, უსამართლოდ ხდება! ხშირად ყოფილა, რომ შურს, სიძულვილსა და ცილისწამებას უდიდესი მართალნი და თვით იესო ქრისტეც კი კაცთა საზოგადოებისათვის უდიდეს ბოროტმოქმედებად წარუდგენია.
ღმერთის სათნო განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, არა მარტო მოყვასის მიმართ, რათა ცილი არ დავწამოთ მართალ და უდანაშაულო ადამიანებს, ანდა სასტიკი სასჯელი არ დავადოთ იმ შეცოდებებისთვის, რომლებიც ასეთ მკაცრ ზომებს სრულიად არ იმსახურებენ: განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, როგორც გარეგნულს, ისე შინაგანს. წმ. მამები ამ განსჯას "სულიერ განსჯას" უწოდებენ – იმ მთავარ სათნოებას, რომელზეც დამოკიდებულია ყველა სხვა სათნოების სისწორე და, შესაბამისად, მათი ღირსება. სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრებს და ვერც გარეგნულად კეთილ გრძნობებს. ჩვენი შეზღუდულობაც და ჩვენი დაცემული ბუნებაც მოითხოვს, რომ ჩვენს მოქმედებას უსათუოდ წინ უძღოდეს განსჯა. ღირსი კასიანე რომაელი ანტონი დიდის შესანიშნავ სწავლებას გადმოგვცემს სულიერი განსჯის შესახებ. ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები ეწვივნენ და მთელი ღამე საუბარში გაატარეს. სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ ყველაზე მეტად რომელი სათნოება იცავს მონაზონს ხიბლში ჩავარდნისა და ეშმაკის მახეთაგან. ერთნი მარხვასა და მღვიძარებას ასახელებდნენ, რამეთუ მათი მეშვეობით აზრი სიფაქიზეს იძენს, იწმინდება და უფრო ადვილად მიეახლება ღმერთს; მეორენი უპოვარებასა და ქონების მოძულებაზე მიუთითებდნენ, რამეთუ ამ გზით გონება თავს აღწევს მრავალფერ მიწიერ ზრუნვათა ბორკილებს და ღმერთს ეთვისება. სხვანი მოწყალებას აძლევდნენ უპირატესობას და უფლის სიტყვებს იმოწმებდნენ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მთ. 25, 34).
ანტონიმ ყველას მოუსმინა და ბოლოს თქვა: "ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, საჭიროცაა და სასარგებლოც მათთვის, ვინც უფალს ეძიებს. მაგრამ ამ სათნოებებს არ შეიძლება გადამწყვეტი უპირატესობა მიენიჭოს, რადგან ბევრი მინახავს, ცხოვრებას რომ მარხვასა და მღვიძარებაში ატარებდა, უდაბნოში მიდიოდა განმარტოებისთვის, უმკაცრეს უპოვარებაში იყო, მთელ ქონებას გლახაკებს ურიგებდა და თვითონ კი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა, მაგრამ მერე მიატოვა ღმრთის სათნო გზა, ცოდვილი ცხოვრება დაიწყო და ქრისტესაც კი განუდგა. მაინც, რა იყო ამ სულიერი გაუმართაობის მიზეზი? ჩემის აზრით, ის, რომ მათ არ ჰქონდათ მთავარი – სულიერი განსჯის ნიჭი. განსჯა ასწავლის ადამიანს, ყველაფერში ერიდოს ზომის გადამეტებას და სამეუფო გზით იაროს. იგივე განსჯა არ აძლევს ეშმაკს უფლებას, რომ კაცს მარჯვნიდან, ანუ მეტისმეტი მარხვით სძლიოს, ანდა მარცხნიდან, სხეულის უზომო განსვენებით დასცეს. იგი სულისათვის თვალისა და ლამპრის მოვალეობას ასრულებს, როგორც სახარება გვასწავლის: "სანთელი გუამისაი არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. ხოლო უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს" (მთ. 6, 22-23). ასეც არის! სულიერი განსჯა, იკვლევს რა კაცის ყოველ სიტყვასა და გულისთქმას, განაგდებს ყოველგვარ უკეთურ აზრსა და განზრახვას, საძაგელს ღმრთის წინაშე, და განარიდებს მისგან ხიბლს. ამას წმ. წერილიც გვიმოწმებს. საულს, ისრაელის პირველ მეფეს, რაკიღა არ გააჩნდა განსჯის უნარი, გონება დაუბნელდა და ვერ მიხვდა, რომ ღმერთისთვის მისი მცნების მორჩილება უფრო სათნოა, ვიდრე თვითნებური მსხვერპლშეწირვა: მან სწორედ იმით განარისხა ღმერთი, რითაც სათნო-ყოფას ფიქრობდა. საულს ეს არ დაემართებოდა, მისი გონება განსჯის უნარით რომ ყოფილიყო განათებული. მოციქული სულიერ განსჯას მზეს უწოდებს: "მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა" (ეფეს. 4, 26). განსჯას ჩვენი ცხოვრების წინამძღოლადაც სახელდებენ: "რომელთა არ ჰქონდეს განკარგვა (განსჯა), დაცვივეს ვითარცა ფურცელი" (იგავი, 11, 14). წმ. წერილში მას რჩევაც (ძვ. ქართ. ზრახვა) ეწოდება, ურომლისოდაც ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ. თვით სულიერი ღვინის სმაც კი, რომელიც "ახარებს გულსა კაცისასა", აკრძალულია ამ "ზრახვის" გარეშე: "ზრახვით ყოველსავე იქმოდე, ზრახვით ღვინოსა სუემდ" (იგავი, 31, 3). და კიდევ: "ვითარცა ქალაქი, ზღუდითა დარღვეული და არა მოზღუდვილი, ეგრეთვე კაცმან, რომელმან ყოს რაი განუზრახველად (განუსჯელად)" (იგავი, 25, 29). აქედან ნათლად სჩანს, რომ განსჯის უნარის გარეშე ვერც ერთი სათნოება ვერ აღმოცენდება და ვერც ბოლომდე შეინარჩუნებს სიმტკიცეს. ამგვარად, ყველა სხვა სათნოების დედა და მცველი განსჯის უნარია". ანტონი დიდის ამ აზრსა და დებულებას სხვა მამებიც ერთხმად დაეთანხმნენ.
სულიერი განსჯის მოპოვება შეიძლება წმ. წერილის, განსაკუთრებით კი ახალი აღთქმის კითხვით, აგრეთვე წმ. მამათა ნაწერების შესწავლით. მაგრამ ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრების წესის შესაფერისი წიგნები უნდა აირჩიოს. ერისკაცმა იმ წმ. მამათა თხზულებები იკითხოს, ვინც საერთოდ ყველა ქრისტიანისათვის წერდა, ზოგადსაცხოვრებელი მონასტრის მკვიდრმა – ცხოვრების ამ წესის მიმდევართათვის განკუთვნილი წიგნები, ხოლო განმარტოებულნი წმინდა დაყუდებულ მამათა სწავლებებს უნდა დაეწაფონ, რომლებიც მუდმივად საკუთარი თავის ხედვას ცდილობდნენ, საკუთარი თავის სულიერი, მადლისმიერი ხედვიდან კი ღმერთის სულიერ, მადლისმიერ ხედვამდე მიდიოდნენ. აუცილებელია, რომ ცხოვრების წესი საკითხავის შესაფერისი იყოს: "იყვენით მყოფელ სიტყვისა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხისყოფელ თავთა თვისთა" (იაკ. 1, 22). აუცილებელია, რომ ცხოვრების წესი საკითხავის შესაბამისი იყოს, რათა იგი მხოლოდ უნაყოფო მეოცნებეობას არ წარმოშობდეს, არც აღგზნებისა და ხიბლის მდგომარეობას იწვევდეს. "სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ – ალაგთა ჩემთა" (ფსალმ. 118, 105), ამბობს წმ. წერილი. ფეხებში აქ იგულისხმება ზოგადად მოქმედება, ალაგში – ქრისტიანის პირადი ქცევა, ნათელში კი – სულიერი განსჯა. მაშინაც, როდესაც საღმრთო სჯულს ვსწავლობთ და მაშინაც, როდესაც ვცდილობთ შევასრულოთ იგი, მდაბალი და გულმოდგინე ლოცვით უნდა გამოვითხოვოთ ზეგარდმო განათლება. ამას გვასწავლის წმ. წერილიც: "ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა" (ფსალმ. 118, 10); "მასწავენ მე სიმართლენი შენნი" (იქვე, 12); "განანათლენ თუალნი ჩემნი და მე განვიცადნე საკვირველებანი შჯულისა შენისანი" (იქვე, 18); "ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა" (იქვე, 19).
სულის სარგებელია წმ. წერილისა და წმ. მამათა ეს რჩევა – ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქნება და ვერც ღმერთისთვის სათნო; უამისოდ ყოველთვის გვაცთუნებს მტერი გარედანაც და შიგნიდანაც. ღმრთის შიშმა დაე გვასწავლოს მღვიძარება და სიფხიზლე, საღმრთო სჯულის შესწავლამ და მის მიხედვით ცხოვრებამ კი მოგვანიჭოს სულიერი განსჯა, რომელიც არის კარი სათნოებათა საცავისა და სულიერ სიკეთეთა საუნჯისა. ახდება, უეჭველად ახდება ჩვენზე უფლის სიტყვები: "რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მთ. 7, 2).






Комментариев нет:

Отправить комментарий