четверг, 19 декабря 2013 г.

კაცი მართალი.

ვაჟა-ფშაველა

I

იყო რამ კაცი მართალი,                                                                      
 წმინდა ვით წყარო ანკარა.
მის ყოფა-ქცევას და საქმეს
ჭუჭყი არ ეცხო არა-რა.
მუდამ სხვის დარდზე მტირალსა                      
და სხვისა საქმის მკეთესა,
თავისთვის საბრალობელსა
არც ეხნა, არცა ეთესა.
სხვისას სდარაჯობს სათიბსა,
სხვისას გარს უვლის ყანასა,
და როცა მწყემსი იძინებს,
იგი ჰმწყსის იმის ფარასა.
სულ სხვისა საქმეზე ჰხარჯავს
თავის ღონეს და ძალასა.
თავისებურად კითხულობს
ცხოვრების ანა-ბანასა.
მკვდარს ის დასტირის სოფლისას,
ის ხდება ჭირისუფალი;
მას გაჰყავ ცხოვრების მკერდზე
გზა რამ ახალი, უვალი.
უმრავლესობა გიჟად სთვლის,
უმცირესობა ჭკვიანად.
ვერავინ ვერ დაამტკიცებს
მის ცდას სხვის დამაზიანად.
სხვისთვის აქვს ჯანი და ენა,
ბეღელ-საბძელი ბზიანად, –
სხვისთვის აქვს მთელი ქონება,
არაფერი აქვს ზიარად.
მის მიერ საწყლებს ბნელი დღე
გადაექცევათ მზიანად.

II

კაცს მართალს ერთი რამ ზნე სჭირს,
ეს ზნე ყველასთვის ცხადია, –
როს ყანა თავთავს დაისხამს,
ის ხდება ყანის გადია;
უნდა იხილოთ მართალი
იმ დროს როგორი მარდია,
თვალს არ იხუჭავს, დღე და-ღამ
ხელ-აპყრობილი ცამდეა.
მთელს სოფლის ყანებს სდარაჯობს,
ფეხს ქვეშ აქვს მთელი მინდორი.
და თუ წაქცეულს ფეხს ჰნახავს,
ცდილობს გახადოს სხვის სწორი, –
წამოაყენებს ფეხზედა,
უსწორებს ხელით თავთავსა –
თვალ-ცრემლიანი შესტირის,
ვისაც ყანის მტრად ჰსახავსა,
ცხვრისა და ძროხის პატრონებს –
ძლიერ უბრთხილდენ ყანასა.
როს ჰნახავს მოტეხილს თავთავს,
ბავშვივით ტირილს დაიწყებს,
ებრალვის ფრიად თავთავი:
თავს პურით ვეღარ აივსებს,
ყანაც ხომ დაზარალდება,
ხალხიც კუჭს ვეღარ გაიძღებს.
მწყერსაც ევედრის, ყანის მტერს,
ბრთხილად ადგამდეს ფეხებსა
და არ ამტვრევდეს სირბილში
ყანას ფოთოლს და კლერტებსა.
ღმერთსაც ხომ მუდამ ევედრის,
აშოროს სეტყვა, კალია,
არ აარიდოს ჭირნახულს
თვისი მოწყალე თვალია.
როცა ცა სეტყვას აპირობს,
ღმერთს ჰსურს დასაჯოს ხალხია,
და ხალხიც სასჯელს ქედს უშვერს,
ამბობს, რომ „ჩვენზედ ახია!“
მაშინვე უფალს მართალი,
როგორაც დედას ბალღია,
ძუძუს მთხოვნელი, ალერსის,
შესტირებს ცრემლის ფრქვევითა:
„უფალო, ბეჩავს სოფელსა
ნუ შეაძრწუნებ რბევითა,
ნუ გაუფუჭებ ამაგსა, –
ოფლსა მიწაში ჩაღვრილსა,
შენის იმედით მშრომელსა,
დღე და ღამ წელში მოხრილსა.
ნუ გააფუჭებ ყანებსა
პურიანს, ყვითლად მბზინავსა, –
ნუ შეუშფოთებ სულს და გულს
კაცს, იმის შემაცქირალსა, –
ნუმც ვნახავ ქალსა და კაცსა
ნასეტყვ ყანებზე მტირალსა“.
და ღმერთიც ისმენს მის თხოვნას,
ააცდენს სოფელს სასჯელსა. –
ბევრი სხვა ანთებს, მართლისას
სულ სხვა ძალა აქვ სანთელსა.
ყანების სარგოდ უფალსა
სხვა ვერვინ ეტყვის სათქმელსა
ისე გულწრფელად, როგორც ის,
ვისაც ვახსენებთ სახელსა.
ამბობენ გაოცებულსა
ყველა კაცს, მართლის მნახველსა,
როგორც ის უვლის ჭირნახულს,
ზედ დასწრწის ყოველ თაველსა.

III

იმავ სოფელში სცხოვრობდა
კაცი რამ ერთი მდიდარი,
სავსე ცხვრითა და ძროხითა,
ყველას საქები ის არი.
თუმც კი ამასაც არ უყვარს,
ვინც ჰყავს ძმად განაფიცარი.
ელაკლუკება მხოლოდა
სულმდაბალი და მშიშარი,
გამორჩენის ან გაძღომის
დიაღ მსურველი ვინც არი.
მდიდარი არაფერს დასდევს,
სახე აქვს მუდამ მცინარი:
ალაღებს ოქრო და ვერცხლი,
შინ უხვად შემომდინარი.
ცით ღმერთი, დაბლა – ხემწიფე,
წყალობის გამომჩინარი,
არიან მდიდრის თავზედა,
როგორც მზე, სხივის მფინარი
გამოდარებულ ციდანა,
გულ-უხვი, მოუწყინარი.
იმიტომ არაფრად აგდებს
ხალხის შურსა და მტრობასა,
როგორაც ყვავთა ჩხავილზე
ყვავისვე გამოხმობასა.

IV

სოფელში საქმე რამ მოხდა
საცნობი, საფიქრებელი.
ზამთრის ღამეში ამ ამბავს
შვილებს უამბობს მშობელი.
თან დასძენს, როგორ ცრუ არის
ტიალი წუთისოფელი.
მაინც სიმართლეს შეაქებს
მისი კეთილის მყოფელი –
და დააფიქრებს ბალღებსა
სიტყვის სიტყვაზე მწყობელი.
მაშ ვსთქვათ, რაც მოხდა: მდიდრისა
ღამე ძნა ვინღაც დაუწვა –
მთელი, რაც კალოზე ჰქონდა,
ათასს ურემზე დაუწყვა.
პირველ, როს ცეცხლი მტერს ძნისთვის
მიეცა, თვით კი წყეული –
გაპარულიყო საითღაც,
როგორც მეჯლისში წვეული.
მოვარდნილიყო მართალი,
მშფოთარი, გადარეული,
ცეცხლისა ჩასაქრობადა
გულისპირჩამოხეული.
და ამ დროს მდიდრის მსახურთა
ენახათ, იგი შაეპყრათ;
ბოროტის საქმის ჩადენა
მართლის კისერზე დაედვათ.
მაგრის თოკითა მეშვლისთვის
ხელი და ფეხი გაეკრათ.
ჯოხი და მჯიღი მრავალი
საბრალოსათვის დაეკრათ.
მდიდარმა ესე ამბავი
მალე აცნობა მეფესა –
და წარუდგინა მართალი
ქვეყნიდან ხარჯის მკრეფესა.
მაშინვე ხალხის შეყრისთვის
შიკრიკი ააყეფესა.
მეფემ იმ წამსვე სასჯელი
გადაუწყვიტა მართალსა –
დაარჩვან იგი საჯაროდ.
და მიტომ მეფის ბრძანების
ასრულებასაც ჩქარობენ,
რომ დასასჯელი აღუჩნდათ,
ვეზირნი ფრიად ხარობენ.
მართლის მომხრენი სტირიან
და ძალიანა წვალობენ.
მაგრამ ისინიც ეჭვითა
გამსჭვალა მსჯავრმა მეფისა –
მეფე არ მოტყუვდებაო,
მომსმენთა ამა ხმებისა,
და ძმაზე უსამართლობით
გული აივსო ძმებისა,
მით გახდა კაცი მართალი
ზვარაკად უმეცრებისა.

V

თვალ-გადუწვდენი მინდორი
ერთ დღეს გაივსო ხალხითა,
თვით მეფეც იქა ბრძანდება
გვირგვინით, ჩაბალახითა.
მას დედოფალიც გვერდით ჰყავ,
ნაზი, ლამაზი სახითა.
ბოძები ამართულია
კისრის დამჭერის მახითა…
უნდა დაარჩვან მართალი
და ამა სანახავითა –
კვლავ გააფრთხილონ მნახველი:
იყოს კეთილის ძრახვითა,
არავინ ავნოს არავის,
არ ისახელოს ავითა, –
თორემ ყელს თოკი მოემბის,
დაეკიდება თავითა.
მოჰყავთ მართალი, იქ სადაც
სდგას სარჩობელის ბოძები.
იგი არაფერს არ ამბობს
გულმშვიდი, გასაოცები, –
ცად მიუპყრია თვალები,
გულში თუმც უთქვამს ლოცვები.
და როცა თოკი მართალსა
გადასდო ყელზე ჯალათმა,
ხელი ჰკრა დასარჩობელსა,
ამ დროს მიწიდან ყანამა
მოხეთქა, ვით ტყემ ბურვილმა,
მით შვება იგრძნო მართალმა.
მოისმა ყანის ჟიჟინი –
მიწიდან ამომდინარი:
„გვაჩვენეთ მართლის მტანჯველი,
ძალიან გვინდა, ვინ არი!“
ყანის ტყე ბოძად შეუდგა
მართალის მქანავს სხეულსა.
ასწია ცაში თავთვებმა,
ვით შვილთა დედას სნეულსა –
კისრიდან თოკი მოეხსნა,
ბოძებიც დაბლა დაემხო.
დასარჩობელი ის გახდა,
ვინც მართალს ავად შაეხო.
გაოცებული დუნია
ჰკვირობდა, პირი გაეღო,
ზოგი დაეცა მიწაზე,
სხვებს კი ხელები აეღო
ღვთის მავედრებლად… მრავალი
ფიქრებს ცისაკე წაეღო.
დიდხანს არ გაჰყვა სოფელსა
ამ სასწაულის დიდება –
მნახველნი დიდად გაფრთხილდენ,
ორი თაობაც იქნება.
მაგრამ ქმნა კარგის რადღაცა
ხალხს მალე მოეწყინება.
დრომ განვლო, საქმე მომხდარი
იქცა უბრალო ამბადა
და დაეკარგა ის ძალა,
რაც ჰქონდა პირველ ხანადა,
როცა დამსჯელნი მართლისა
შეშფოთდენ, გახდენ ავადა.
დღეს იმათ მოდგმისაგანა,
ვის თვალ-წინ ღმერთმა ინება
სასწაულითა სიმართლის
ძალისა გამოჩინება,
გულგრილობასთან ერთადა
სჩანს აზრის გამოცვლილება.
სიმართლის სიავკარგეზე
ერთი სხვას შაეცილება…
გამოღვიძება სჭირია,
როცა ხალხს დაეძინება.
მალ-მალე მოვაგონებდეთ,
არაფერს აწყენს მხილება.
სარგოა, როცა მორწყულს ველს
მზის სხივი მოეფინება.

1915 წ.



                     

 

Комментариев нет:

Отправить комментарий