воскресенье, 15 декабря 2013 г.

თვითმკვლელობა – გზა, რომელიც ადამიანმა თავად აირჩია.

რა შემთხვევებშია ეკლესია შემწყნარებელი

მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ესალმება სიცოცხლეს საკუთარი სურვილით. ბოლო დროს სამწუხაროდ, თვითმკვლელობის ფაქტები საქართველოშიც მომრავლდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. თვითმკლელობა დღეს უკვე სამარცხვინო ფაქტადაც აღიქმება, ოჯახების უმრავლესობა ცდილობს დამალოს ეს ფაქტი და ახლობლის სიკვდილს მოულოდნელ გარდაცვალებად აცხადებს. თვითმკვლელობის ცოდვის შესახებ გვესაუბრება ქციის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა დიონისე გვიმრაძე:

- რას ნიშნავს თვითმკვლელობის ცოდვა, საიდან მომდინარეობს და რა უბიძგებს ადამიანს ამ ცოდვის ჩადენისკენ?

- წარმართულ სამყაროში თვითმკვლელობა გმირობად მიიჩნეოდა, მაგრამ ქრისტიანობა ამ ყოველივეს სხვანაირად უყურებს. თვითმკვლელობა არ არის სიმამაცე, პირიქით, ის სისუსტეს უკავშირდება. ფილოსოფოსი ნიცშე ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია ერთგვარი ტანჯვა გაწყვიტოს და აქვს ამის პოტენციალი, მაგრამ ვერ მოახერხებს ამ ტანჯვის დათმენას თუ არ ესმის შედეგი ამ ტანჯვისა. ადამინი, რომელიც ვერ ითვალისწინებს რა არის შედეგი, რატომ იტანჯება ან რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ტანჯვას, ის ძალიან უსუსური ხდება, თვითმკვლელობა, ეს არის გაქცევის მცდელობა, რაც ადამიანის სისუსტეზე მეტყველებს.

ადამინი, როდესაც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ის გაურბის რეალობას, ჩაკეტილია საკუთარ თავში და დარჩენილია მარტო იმ პრობლემების წინაშე, რომელთა გადაჭრაც შეუძლებლად მიაჩნია. ამიტომ სურს, მას დასასრული მალე ჰქონდეს. ამ დროს მას არ რჩება არც დრო, არც სურვილი ღმერთთან, მოყვასთან ურთიერთობის, შედეგად იგი საზოგადოებისათვის არასასარგებლო პირი ხდება.

თანამედროვე ცხოვრებაში თვითმკვლელობა სამწუხაროდ, ძალიან მომძლავრდა. ამის მიზეზი მრავალია, მაგრამ რომ ჩავუღრმავდეთ თვითმკვლელობის ცოდვის გამომწვევ მიზეზებს, უპირველეს ყოვლისა, ის ეგოიზმზს უკავშირდება ანუ თვითმკვლელობას ახორციელებს თავმოყვარე ადამიანი. იგი ცდილობს საკუთარი მე წამოწიოს წინ. ის მიჯაჭვულია ამ სამყაროსთან, ორიენტირებულია ამ წუთისოფელზე, მის სიკეთეებზე და მიზნად ისახავს მათ შესრულებას, მაგრამ ის ვეღარ იტანს სირთულეს, რაც მის გეგმის განხორციელებას წინ აღუდგა და აქედან მოდის სტრესები.

ღმერთმა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნა. ხატებაში სამი ძირითადი მიმართულება მოიაზრება: თავისუფალი ნება, უკვდავი სული და გონიერება. ფაქტობრივად, თვითმკვლელობის დროს ადამინი უკვდავ სულს უპირისპირებს თავისუფალ ნებას და გონიერებას, რის შედეგადაც სურვილი აქვს, რომ მასში უკვდავება აღმოიფხვრას. მაგრამ ეს წარმოუდგენელია.

თვითმკვლელობის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს: ჯანმრთელობის გაუარესება, ახლობლის გარდაცვალება, ახალგაზრდებში სიყვარულთან დაკავშირებული მოვლენები. დეპრესიულ ადამიანებზე გარკვეულწილად გავლენას მუსიკაც ახდენს. მუსიკა ადამიანს გალობის სახით ღმერთთან უნდა აკავშირებდეს, მასში კეთილმიზნებს ამკვიდრებდეს და ამშვიდებდეს, მაგრამ მძიმე, მიწიერი მუსიკა ადამიანს აგრესიულს ხდის, მასში ამპარტავნებას, ვნებას აღვივებს. ამ დროს მას ჰგონია, რომ ყველაფრის შემძლებელია და ღმერთის საჭიროება აღარ არის.

- რა შემთხვევაშია თვითმკვლელობა გამართლებული?

- ეკლესია ძალიან მკაცრად უპირისპირდება ამ ცოდვას, მაგრამ რჯულის კანონში ტიმოთე ალექსანდრიელი ღვთისმსახურებსა და ეპისკოპოსებს კითხვაზე, როგორ უნდა მოექცნენ თვითმკვლელს, პასუხობს, რომ მღვდელმა დეტალურად უნდა გამოიკვლიოს თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზი და თუ ეს იქნება ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე ჩადენილი, შეიძლება ჟამის წირვაშიც მოიხსენიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკლესიას არაფერი შეუძლია, რადგან იმ ადამიანმა თავად აირჩია გზა _ მოწყვეტილი ყოფილიყო ღმერთს. ეკლესია რომ მათ არ იწყნარებს, ეს, რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვაზე დაფუძნებითაა. უფალი ამბობს, რომ სულიწმინდის გმობა ყველაზე მძიმე და მიუტევებელი ცოდვაა. როცა ჩვენ სურვილი გვაქვს, თვითმკვლელ ადამიანს რაღაცნაირად შევეწიოთ, გამოდის, რომ პრეტენზია გვაქვს ღმერთზე მეტად მოწყალეები ვიყოთ, რაც დიდი კადნიერებაა.

ნარკომანიიდან და ლოთობიდან გამომდინარე თვითმკვლელობის ფაქტებზე ერთმნიშვნელოვანია ეკლესია. თუ ისინი ამ ცოდვის აღსრულების შედეგად გარდაიცვლებიან, განყენებულნი არიან ეკლესიის შეწევნისაგან. ერთი შეხედვით, ადამიანი იმიტომ არ სვამს და მოიხმარს ნარკოტიკს, რომ იმ მომენტში თვითმკვლელობის სურვილი აქვს, მაგრამ ყველა მათგანმა იცის, რომ ეს ასწრაფებს მათ სიცოცხლეს. უფრო მკაცრია ეკლესია იმ შემთხვევაში, როცა ნარკომანი მოიხმარს მისთვის დასაშვებ ზომაზე მეტს. მემთვრალეობის მიმართ უფრო შემწყნარებელია ეკლესია, რადგან მემთვრალე უფრო გონება დაბინდულია, ვერ აცნობიერებს რას აკეთებს და აქედან გამომდინარე, უფრო მეტი შემწყნარებლობა შეიძლება.

ნეტარი ავგუსტინე ნაწარმოებში ,,ღვთის ქალაქი’’ საუბრობს კეთილმორწმუნე ქალბატონზე, რომელსაც მეფის უფლისწულმა პატივი ახადა. შეურაცხყოფილმა ქალბატონმა ეს ამბავი თავის მეუღლესაც უამბო, მაგრამ მან სირცხვილი, რომელიც ღმერთისგან მოევლინა ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ მან თავი იმიტომ კი არ მოიკლა რომ შეურაცხყვეს, არამედ იმიტომ, რომ ხალხის აზრს მიაქცია ყურადღება – იტყვიან, ალბათ, თავადაც დაჰყვა უფლისწულის ნებასო. ნებისმიერი განსაცდელი უფლისგან დაეშვება და ღვთის დახმარებით უნდა გადავიტანოთ, არ უნდა აღვიქვათ, რომ ეს არის მარადიული მდგომარეობა.

-შეუძლია თუ არა სახელმწიფოს შეიმუშავოს რაიმე პრევენციული ღონისძიება ამ საკითხთან მიმართებაში?

- ადამიანის ცხოვრებაში სახელმწიფოს როლი არის ის, რომ მისცეს მას საარსებო საშუალება, უნარ-ჩვევების გამოყენების მაქსიმალური შესაძლებლობა. სახელმწიფოს ძლიერება, მატერიალურ და სოციალურ ნიადაგზე აღსრულებულ თვითმკვლელობებს ბევრად შეამცირებს. ჩვენთან სოციალურ ფონზე ხშირად ხდება თვითმკვლელობის ფაქტები. მაგრამ ზოგადად ამ საკითხს სახელმწიფო ვერ მოაგვარებს. ძალიან ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ჩვენთან, რადგან იქ ადამიანის ფსიქოლოგია მთლიანადაა შეცვლილი, ადამინისა და ღმერთის ურთიერთობის საკითხი უკანა პლანზეა გადასული.
ადამიანს, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს ის ადვილად ემორჩილება ამ მძიმე და მომაკვდინებელ ცოდვას. იმისათვის რომ ასეთი სურვილისაგან და შემთხვევებისგან თავი დავიზღვიოთ და არამარტო ამისათვის, რა თქმა უნდა ადამიანმა უნდა იფიქროს და აქცენტი გააკეთოს – რა არის ჩვენი ცხოვრება, რისთვის შექმნა ღმერთმა, რა არის არსი და ამის გარკვევა თავისთავად ყველანაირად დაგვიცავს ასეთი მძიმე სახის ცოდვის ჩადენისგან.

თეონა ნოზაძე
ინტერნეტ ჟურნალი ”ამბიონი”

Комментариев нет:

Отправить комментарий