вторник, 17 декабря 2013 г.

უმცროსკლასელებს ჰომოსექსუალური სცენების შემცველი რომანები დაურიგეს

«როცა საღამოობით მუხლებზე მდგარი, ფიქრებში ფეხებზე ვეხვევი, ამ ფეხების სიმკვრივე მაოცებს, მაბნევს და ერთმანეთში მერევა. და მოგონება, რომელსაც ჩემი ღამეების საძოვარს სიამოვნებით ვუთმობ, შენზეა, უძრავად რომ იწექი, ვიდრე გეფერებოდი; და მხოლოდ შენი ამდგარი, მოცახცახე ასო მეჭრებოდა ხახაში იმ მაწანწალას მოულოდნელი გამხეცებით, რომელიც შლაპის ქინძისთავით იჩხვლეტს გულ-მკერდზე სისხლიან ხორცმეტს; შენ არც ინძრეოდი, არც გეძინა, არც ოცნებობდი, სადღაც შორს იყავი, უმოძრაო და გაფითრებული, გაშოტილი იყავი განიერ საწოლზე, რომელიც ზღვის ზედაპირზე მოტივტივე კუბოს ჰგავდა». აღნიშნული ტექსტისთვის მკითხველს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ეს არის ციტატა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს ავტობიოგრაფიული რომანიდან «ნოტრ-დამ-დე-ფლერი («ყვავილების ღვთისმშობელი»), რომელიც ქალაქ თბილისის 147-ე სკოლის VI კლასის მოსწავლეებს სახლში წასაკითხად გაატანეს. წიგნი, რომელშიც მწერალი საკუთარი ჰომოსექსუალური გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს, ზრდასრული მკითხველისთვის კი არა, სკოლის მოსწავლეებისთვის იყო გამიზნული! ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე, სასულიერო პირის, მამა დავით ლასურაშვილის 11 წლის შვილი აღმოჩნდა. «საქართველო და მსოფლიოს» სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი მამა დავით ლასურაშვილი ესაუბრება:

_ ჩემი შვილი 11 წლისაა და VI კლასში სწავლობს. ამ ცოტა ხნის წინ ბავშვმა სკოლიდან მოიტანა ფრანგი მწერლის, ჟან ჟენეს, წიგნი «ნოტრ-დამ-დე-ფლერი», რომელშიც ავტორი დაწვრილებით საუბრობს ორალურ სექსზე, აღწერს სექსუალურ სცენებს, წიგნი საშინელი სიბილწის შემცველი ტექსტებითაა სავსე. საგულისხმოა, რომ წიგნის ყდაზევე მითითებულა რომანის ავტორის, ჟან ჟენეს ბიოგრაფია, რომ 15 წლის ასაკში ის არასრულწლოვან დამნაშავეთა კოლონიაში მოხვდა, სადაც პირველი ჰომოსექსუალური გამოცდილება მიიღო. მას შემდეგ მან ევროპის მრავალი ციხე მოიარა. აღნიშნული ნაწარმოებიც ავტობიოგრაფიულია და მისი ავტორი საკუთარ ჰომოსექსუალურ გამოცდილებაზე მოგვითხრობს. ეს ყველაფერი კი VI კლასის მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ. ამას გარდა, ბავშვები გააფრთხილეს, რომ მეორე დღეს სკოლაში მოვიდოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები, სტუდენტები, რომლებთანაც ბავშვებს წაკითხული წიგნის განხილვა უნდა მოეწყოთ. თუ გავითვალისწინებთ რა ტექსტების შემცველია ეს წიგნი, ნაწარმოების გაცნობის შემდეგ, ალბათ, ჩვენი აღშფოთებაც ბუნებრივი იყო.


_ როგორ მოხვდა ეს წიგნი სკოლაში VI კლასელ ბავშვთან, სკოლის დირექტორს თუ მიმართეთ?


_ ბუნებრივია, ვესაუბრე სკოლის დირექტორსაც და პედაგოგებსაც. აღმოჩნდა, რომ პედაგოგებს დროც კი არ მისცეს წიგნის წასაკითხად, იმ დღესვე დაარიგებინეს ბავშვებისთვის. კლასის დამრიგებელმა ბოდიშიც კი მოიხადა თავის მოწაფეებთან და განაცხადა, რომ წიგნის შინაარსი თავადაც არ იცოდა. არ ვიცი, იმთავითვე იყო თუ არა სკოლის დირექტორი საქმის კურსში, მაგრამ როდესაც მშობლებმა მოვითხოვეთ, ეცნობებინათ ჩვენთვის, განათლების სამინისტროს მიერ გაცემული რომელი დოკუმენტის საფუძველზე მოხდა იმ ორგანიზაციის შემოშვება სკოლაში, რომელმაც აღნიშნული პროექტის განხორციელება განიზრახა, სკოლის ადმინისტრაციამ კატეგორიული წინააღმდეგობა გაგვიწია. მეტიც, სკოლის დირექტორისგან ჩემ მიმართ საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი და შეურაცხმყოფელი ტექსტებიც მოვისმინე.


_ განათლების სამინისტროს თუ მიმართეთ?


_ მშობლები მივიდნენ განათლების სამინისტროში და მოითხოვეს, განათლების მინისტრი ან მისი მოადგილე თუ არა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაინც შეხვედროდათ, მაგრამ მათ მხოლოდ სამდივნოში წერილის დატოვება შესთავაზეს. მიკვირს, რისთვის არსებობს სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თუ საზოგადოების წევრებს არ შეხვდება?!


_ შეიძლებოდა განათლების სამინისტროსთან შეუთანხმებლად ამ ლიტერატურის სკოლებში შეტანა?


_ ჩვენ არც ისეთი მიამიტები ვართ, ვიფიქროთ, რომ განათლების სამინისტროს გვერდის ავლით გააკეთეს ეს სკოლებმა. ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა სკოლაში დაახლოებით 15-20 დასახელების წიგნი დარიგდა. ზოგიერთი ნაწარმოები ღვთისა და რელიგიის შეურაცხმყოფელი ტექსტებით იყო სავსე...


_ როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა მიზანი ამოძრავებთ ამ ადამიანებს?


_ აღმოჩნდა, რომ ეს წიგნები სკოლებში ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ევროკავშირის წიგნის კითხვის კვირეულის დროს განხორციელებული პროექტის ფარგლებში დაარიგეს. პროექტს ეწოდება «ვისაუბროთ წიგნებზე»; თითქოს მიზანი ბავშვებისთვის წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება და ევროპული ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო, სინამდვილეში კი, რა სახის წიგნებია, თავად ნახეთ.


ჩვენ მოვიპოვეთ სკოლებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი, რომელშიც მკაფიოდ წერია აღნიშნული პროექტის მიზნების შესახებ.


«მოგესალმებით, დაპირებისამებრ, გიგზავნით ჩვენი პროექტის მოკლე აღწერილობას. «ვისაუბროთ წიგნებზე» ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობაში წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ევროპული ლიტერატურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. კვირეულის ფარგლებში 4-14 ნოემბრის ჩათვლით დედაქალაქისა და რეგიონების სპეციალურად შერჩეულ სკოლებში გაიმართება ევროპელი მწერლების წიგნის კითხვის სესიები. კლასებისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ავტორს, მათ ბიოგრაფებსა და ნაშრომებს. სესიებს გაუძღვებიან ქართული ენის პედაგოგები და მოხალისე სტუდენტები. კვირეულის ფარგლებში საჩუქრად გადმოგეცემათ ქართულ ენაზე ნათარგმნი საბავშვო ლიტერატურა. თქვენი მიზანი იქნება, შეარჩიოთ ბავშვები (30-50), რომლებიც გაეცნობიან სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებებს. კვირეულის განმავლობაში თქვენს ქალაქთან არსებული უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი ეწვევა სკოლებს და დაეხმარება ბავშვებს წიგნების კითხვაში, ასევე, _ სხვადასხვა დისკუსიის გამართვაში, რომელთა დროს ბავშვები ერთმანეთს გაუზიარებენ წიგნის წაკითხვით მიღებულ შთაბეჭდილებებს, მოყვებიან სხვადასხვა ეპიზოდს და ა. შ. დისკუსიებს, შესაძლოა, დაესწრონ ევროკავშირის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ფოტოები გამოქვეყნდება ევროკავშირის ვებგვერდზე და «ფეისბუქის» გვერდზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მოწაფეებს შანსი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. კვირეულის ბოლოს კლასები წარმოადგენენ გუნდურ და ინდივიდუალურ ნამუშევრებს წაკითხული წიგნების შესახებ (პოსტერები, ნახატები, ესეები).


ევროკავშირის დელეგაცია და პარტნიორი ევროპული ინსტიტუტები (სადამკვირვებლო მისია) შეარჩევენ საუკეთესო ნამუშევრებს და ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და სხვა პრიზებით,» _ ნათქვამია წერილში. როგორ ფიქრობთ, ამ ტექსტებს რომ ბავშვი წაიკითხავდა, ამ წიგნის მიხედვით რა ჩანახატები და პოსტერები უნდა შეექმნა?


ამის შემდეგ შევეცადე, დავკავშირებოდი პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია ჩიტაიას, რომლის ვინაობაც მითითებული იყო სკოლებისთვის გაგზავნილ წერილებში. ვთხოვე მას, ეთქვა, პირველ რიგში, რა უფლებით არიგებდნენ ასეთ წიგნებს სკოლებში და მსურდა მას პირადად გავსაუბრებოდი, რაზეც უარი განაცხადა. ჩვენ შორის მხოლოდ სატელეფონო საუბარი შედგა, ის გამუდმებით თავს იმართლებდა. ახლახან ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა მაია ჩიტაიას ინტერვიუ, რომელშიც ის ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ეს წიგნები მოსწავლეებთან არ მიგვიტანიაო. არადა, ეს წიგნი შემთხვევით რომ არ აღმოჩენილა ამ ბავშვების ხელში, ეს მის მიერ სკოლის დირექტორებისთვის გაგზავნილი წერილიდანაც ნათლად ჩანს. «ევროკავშირის წარმომადგენლობა ოქტომბრის ბოლოს ესტუმრება თქვენს სკოლას და ჩამოიტანს ევროპულ ლიტერატურას, რომელიც უნდა განიხილონ მოსწავლეებმა. გთხოვთ, თქვენი სკოლიდან შეარჩიოთ ქართული ენის ერთი პედაგოგი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს, შეარჩიოს თქვენი სკოლის 6-დან 12 წლამდე მოსწავლეები (30-50 მოსწავლე), რომლებიც შემდეგ იქნებიან პროექტის მონაწილეები», _ ნათქვამია სკოლებისთვის გაგზავნილ წერილში.


ამის შემდეგ მაია ჩიტაიამ გადამამისამართა ხათუნა ცხადაძესთან, რომელსაც ევალებოდა იმ წიგნების შერჩევა, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში უნდა დარიგდებულიყო სკოლებში. ხათუნა ცხადაძემ მითხრა, როგორც ჩანს, თქვენს შვილთან ეს წიგნი შემთხვევით მოხვდა, რადგან უფროსი კლასებისთვის იყო განკუთვნილიო. როდესაც მე მას ვუთხარი, რომ წიგნში ჰომოსექსუალიზმის შემცველი ტექსტები იყო, ხათუნა ცხადაძემ მიპასუხა, ჰომოსექსუალიზმი თქვენთვის არის მიუღებელი, თქვენ ერთი ბავშვის მშობელი ხართ და სკოლაში კი ბევრი ბავშვიაო.


მათი მიზანია, ადამიანები ბავშვობიდანვე გახდნენ შემწყნარებელნი იმ ქმედებების მიმართ, რომლებიც ეკლესიისთვის უმძიმესი, მომაკვდინელებლი ცოდვა და გახრწნილებაა. არც ერთი ცოდვის, არც მკვლელობის, არც თვითმკვლელობის გამო ღმერთს ისე არ დაუსჯია ადამიანი, როგორც სოდომ-გომორული ცოდვის გამო დასაჯა, იმდენად საძაგელია ღვთის წინაშე ეს ცოდვა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: მრუშობა მძიმე ცოდვაა, მაგრამ ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას გულისხმობს, მაგრამ მამათმავლობა ბუნების საწინააღმდეგო ცოდვაა და ასეთი ცოდვით სიარულს სიკვდილი სჯობსო.


აშკარაა, რომ ევროკავშირი არამხოლოდ რეკომენდაციებს, არამედ დირექტივებს ურიგებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ასევე მათ, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. სხვათა შორის, ამ მხრივ საინტერესო გამონაკლისია ხორვატია, რომელიც ევროკავშირის წევრია, მაგრამ მან გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია ევროკავშირს და ერთსქესიანთა ქორწინებას რეფერენდუმის გზით უარი უთხრა. საქართველოს ხელისუფლება კი ორცეცხლს შუაა მოქცეული. ერთის მხრივ, ბევრი მათგანისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ყველაფერი, რასაც ევროკავშირი, ფაქტობრივად, გვაიძულებს, მეორე მხრივ, ეშინიათ და ევროკავშირის განაწყენება არ სურთ.


_ რა საფრთხეს ხედავთ სექსუალური განათლების დანერგვაში? თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ, თუ ადამიანს არ აქვს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, ვერანაირი პროპაგანდის შედეგად ასეთად ვერ გარდაიქმნება.


_ ადამიანი საერთოდ ცოდვისკენ მიდრეკილია და ის შეიძლება გავლენის ქვეშ ადვილად მოექცეს. საფრთხე აშკარაა. ჩვენ ხელთ გვაქვს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2010 წელს მიღებული რეკომენდაცია, რომელსაც ჰქვია «სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების შესახებ». აქ მოცემული გარკვეული მითითებები, რომლებსაც დირექტივების ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე უბრალოდ მითითების, რომლითაც მიმართავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და, რამდენადაც საქართველოც ისწრაფვის ევროკავშირისკენ, როგორც ჩანს, საქართველოსაც ავალდებულებენ აღნიშნული მითითებების შესრულებას.


ამ მუხლებს თუ გავეცნობით, დავრწმუნდებით, რომ ბავშვებს არამხოლოდ აჩვევენ სიბილწეს, არამედ საკუთარ შვილებს ხელიდან გვაცლიან.


«სახელმწიფომ არასრულწლოვან ლგბტ პირებს უნდა შესთავაზოს ეფექტური დაცვა ოჯახური ძალადობისგან. მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან ოჯახის წევრთა მხრიდან, რომლებიც აიძულებენ არასრულწლოვან ლგბტ პირებს, გაიარონ სამედიცინო მკურნალობა ორიენტაციის შესაცვლელად», _ ნათქვამია ერთ-ერთ მუხლში, ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ გვერთმევა უფლება, ტრადიციული ოჯახი გვქონდეს. გვეუბნებიან, რომ, თუ ჩვენ შევნიშნეთ, რომ არასრულწლოვან ასაკში ჩვენს შვილს აქვს გარკვეული გადახრები ჰომოსექსუალიზმისკენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, საკუთარი შვილები შესაბამის სპეციალისტთან, ექიმთან მივიყვანოთ და ვუმკურნალოთ, რამეთუ ისინი ჰომოსექსუალიზმს დაავადებად არ მიიჩნევენ.


ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-9 მუხლში წერია, რომ თავად სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით შეზღუდონ თვით ისეთი რელიგიის, მოძღვრებათა აღმსარებლობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს, მოსახლეობის ჯანმრთელობას ან ზნეობას, ან სხვა პირთა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ეს შეზღუდვა სავსებით ვრცელდება ჰომოსექსუალიზმსა და მსგავს გამოვლინებებზე. ვინაიდან, ჰომოსექსუალიზმმა უკვე მკაფიოდ მიიღო იდეოლოგიის ფორმა, პროპაგანდისტული ხასიათი და აღჭურვილია მსოფლიო ლობითა და აპოლოგიით.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ორგანიზაციამ ჯანდაცვის სფეროში, გერმანიის განათლების ფედერალურ ცენტრთან ერთად, შეიმუშავა და გამოაქვეყნა მათ მიერ რეკომენდებული «ევროკავშირის სექსუალური განათლების სტანდარტები». სავარაუდოდ, საქართველოს სკოლებში სექსუალური განთლების პროგრამის დანერგვის მესვეურებიც ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებენ, რომლის მიხედვითაც, 6-9 წლამდე ბავშვს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის სექსუალობა, სინაზე, დავეხმაროთ, მიიღოს სიხარულისა და სიამოვნების განცდა საკუთარ სხეულთან შეხებით; ვასწავლოთ ცნება «მისაღები სექსი». 9-12 წლის ბავშვებს კი უნდა ვესაუბროთ პირველ სექსუალურ გამოცდილებაზე, გენდერულ ორიენტაციაზე, მასტურბაციაზე და ა. შ. ხოლო ჰომოსექსუალიზმის შესახებ ბავშვებს განსაკუთრებით ვრცელი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ.


აშშ-ის ზოგიერთ შტატში ჰომოსექსუალიზმი დღესაც ისჯება. მართალია, ბოლო პერიოდში ცდილობენ, ამერიკაც ევროპულად მოაწყონ, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპა უფრო გარყვნილია, ვიდრე ამერიკა. თუმცა ამერიკის ადვოკატებად ჩვენ, ალბათ, არ გამოვდგებით, ვინაიდან ამერიკელებმაც მაღალი ხარისხის ორმაგი სტანდარტები დააწესეს: ერთი სტანდარტი _ თავისი ქვეყნისთვის, მეორე _ ჩვენთვის. ბუშის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა რა, რომ გასულ ათწლეულებში თავისუფალი ცხოვრების წესის პროპაგანდამ საკმაოდ მძიმე კვალი დატოვა ამერიკულ საზოგადოებაზე, შეეცადა, გაემყარებინა ოჯახის ინსტიტუტი და თავშეკავების პრინციპი დაენერგა ახალგაზრდებში. ამერიკა უზარმაზარი ქვეყანაა, ჩვენს ქვეყანას კი შეცდომის უფლება არ აქვს.


თუ ჩვენი ქვეყნის «გაევროპელების» ვექტორი გადის უზნეობასა და ჰომოსექსუალიზმზე, ჩვენი ეკლესიის შეურაცხყოფაზე, ეროვნული ტრადიციების უარყოფაზე, მაშინ ასეთ «ევროპულ» ოჯახში ყოფნა ჩვენ არ გვჭირდება. მესმის, რომ ახლა არამოდურია ასეთი განცხადებების გაკეთება, ახლა მოდაში პროევროპელობა და პროდასავლელობაა და არა პროქართველობა, მაგრამ ასეთი ევროპა არ გვინდა! უმცირესობის უფლება არ უნდა იყოს დაცული უმრავლესობის უფლებების დარღვევის ხარჯზე. ამას ვერ დავუშვებთ.


ჩვენ, სასულიერო პირებს, გვიკიჟინებენ, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება არ გვაქვს და ამას პოლიტიკაში ჩარევად გვითვლიან. ეს ის პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, რომლებსაც საქართველოში უკვე დამკვიდრებული სახელით _ «გრანტიყლაპიებად» მოიხსენიებენ. ცოტა ხნის წინ თვითმმართველობის კანონზე პატრიარქის შენიშვნასაც მოჭარბებული ემოციურობით შეხვდა ზოგიერთი პარლამენტარი. საინტერესოა, რომელი საერო კანონი გვიკრძალავს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს ეხება? ნუთუ შეიძლება, ფარის დასაგლეჯად მოჯარულ მგლებს მწყემსი დუმილით შეხვდეს?!


ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი


http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5478&lang=ge&Title=%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1+%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1++%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A1#.UrD5GmO6PeY.facebook

Комментариев нет:

Отправить комментарий