среда, 29 января 2014 г.

განსაცდელი ხელს უწყობს, რომ ადამიანები გონს მოეგნენ .

- წმიდაო მამაო, შევიტყვე, რომ ჩემი ახლობლების ტანჯვა არა და არ სრულდება. მათ მწუხარებას ოდესმე თუ ექნება დასარული?

- მოითმინე, დაო და ღმერთის იმედს ნუ დაკარგავ. დააკვირდი ყველა იმ განსაცდელს, რომელიც შენი ახლობლების თავზე მოიწია და გასაგები გახდება, რომ ღმერთს უყვარხართ და ყველა განსაცდელს იმისთვის უშვებს, რომ მთელი თქვენი ოჯახი სულიერად განიწმინდოს. თუკი შენს ოჯახზე მოწევნულ განსაცდელებს ერულად შევხედავთ, ყველანი ძალიან უბედურ ადამიანებად გამოჩნდებით. მაგრამ, თუკი სულიერი თვალით დააკვირდებით, მიხვდებით, რომ თქვენ ბედნიერები ხართ და მარადიულ ცხოვრებაში თქვენი შეშურდებათ იმ ადამიანებს, ამქვეყნად ბედნიერ ადამიანებად რომ ითვლებიან. ყოველივე ამ უბედურების დათმენა შენს მშობლებს ღვაწლად ეთვლებათ. მათთვის ხომ მოღვაწეობის უფრო სულიერი და მადლმოსილი სახე არ იციან (ანუ: პირადი ნებით ნატვირთი ღვაწლი). იმ განსაცდელებში, რომლებიც შენი და კიდევ რამდენიმე სხვა ოჯახზე მოიწია, რაღაც საიდუმლო ნამდვილად იმალება. შენი ახლობლებისათვის ხომ ამდენი ლოცვა აღესრულება! ვინ უწყის ღვთის სამრთალი? ღმერთი ხელის ერთი აღმართვით ყოველგვარ განსაცდელს ბოლოს მოუღებს.

- წმიდაო მამაო, განა არ შეიძლება, რომ ადამიანები ყოველგვარი მწუხარებისა და განსაცდელების გარეშე, რაღაც სხვა საშუალებით მოეგნენ გონს?

- ყოველ ჯერზე, ვიდრე განსაცდელს დაუშვებდა, ღმერთი ცდილობდა, რომ ადამიანი სასიკეთო გზებით მოეყვანა გონზე, მაგრამ მას ვერ გაუგეს და ამიტომაც მოავლინა განსაცდელები. შეხედეთ როდესაც გაუგონარი ბავშვი მამას არ უმორჩილება, მამა ჯერ იმას ცდილობს, რომ მას კეთილი სიტყვით გააგებინოს რამე, ნებას აძლევს, გააკეთოს ყველაფერი, რასაც ისურვებს. მაგრამ, თუ ბავშვი არ შეიცვლება, მაშინ მამა კეთილ სიტყვებს სიმკაცრით შეცვლის, რათა თავისი შვილი ამგვარად გამოასწოროს. ასევეა ღმერთიც: როდესაც ადამიანს სიკეთით ვერაფერს აგებინებს, გონს მოსაყვანად განსაცდელს უგზავნის მას. ადამიანები მცირეოდენ ტკივილს, სნეულებასა და სხვა ამდაგვარებს არ განიცდიდნენ, ისინი მხეცებად გადაიქცეოდნენ და საერთოდ ვერ მიუახლოვდებოდნენ ღმერთს.

ეს ცხოვრება ცრუ და ხანმოკლეა. და ძალიანაც კარგი, რომ ესოდენ ხანმოკლეა, რადგან ის უმწარესი ტკივილები, რომლებიც მწარე წამლის მსგავსად კურნავს ჩვენს სულებს, სწრაფად გაივლის. აბა, დააკვირდი: როდესაც ავადმყოფი იტანჯება, მწარე წამალს აძლევენ მას, რადგანაც სნეულებას ტკბილი კი არა, მწარე კურნავს. იმის თქმა მსურს, რომ სიმწარეს სხეულის სიმრთელე და სულის ხსნა მოაქვს.



მამა პაისი მთაწმინდელი






Комментариев нет:

Отправить комментарий