воскресенье, 5 января 2014 г.

კინტო და ყარაჩოღელი.

კინტო!
ყარაჩოღელი!
ხშირად კინტოს და ყარაჩოღელს ერთმანეთში ურევენ. ჩვენ, ძველი ტფილისის სინდისის შენარჩუნებისათვის, ამ ორ ტიპს განვაცალკევებთ.
კინტო და ყარაჩოღელი სხვა და სხვა ჯურის ხალხია.
კინტო უკანასკნელი დროის მცხოვრებია, - გაქსუებული, დაღლარა, თახსირი: ერთი სიტყვით, კინტო ყარაჩოღელების გადაგვარებული მოდგმაა.
ყარაჩოღელი დარბაისელია, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი.
კინტო თვალმანკიერია და გულხენეში; კინტო ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას სტოვებს, რომელშიაც ვაჟკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებათაა.
ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგე და პირბუდაღი.
ყარაჩოღელი და კინტო თვით ჩაცმულობითაც განსხვავდებიან:
ყარაჩოღელი ანუ ყარაჩოხელ ნიშნავს შავ-ჩოხიანს. მაშასადამე, ყარაჩოღელს აცვია, - ნება მიბოძეთ მათი გარდირობი გაგაცნოთ, - შავი შალის ჩოხა, გრძელ კალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი და ორ ჩაქიანი. ჩოხის ნაპირებზედ მოვლებულია ბუზმენტის ბრტყელი ჩაფარიში, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღ-გაკეთებული და გულამოჭრილი პერანგი, ზედ - შავი ატლასის ან სატინის წვრილ ნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი, განსაკუთრებით ქობაჩი შავი შალისგან იკერებოდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. ამ შარვალს ფართე ტოტები შიგნიდან ჰქონდათ ჩამაგრებული საცვეთების ჩარჩუბაღებში. საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ ყაფაღიან წაღებს. მათი სამკაული იყო ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში-მწვანე ბაღდადი. „გალიბანდის“ ქუდი, წელში-ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის-ქისა წეკოთი.
კინტო ნიშნავს კინწით, კისრით თაბახის მზიდველს (კვინტი ძველებურად კუდიანებსაც ნიშნავდა), კინტოს აცვია ჩითის პერანგი, - წინწკალშეყრილი და მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი გვერდზე აქვს, მარცხენა მხრით: საყელოზე ოთხი ღილი აკერია, მაგრამ საკინძე ყოველთვის ჩამოხსნილი აქვს. აცვია შავი ნაშურის ახალუხი (რომელსაც იშვიათად ხმარობენ), ლასტიკის განიერი შარვალი, რომლის ტოტებს ხშირად ფარფარი გააქვს; თავზე-ქეჩის ქუდი, ან „კიზიროკიანი შლიაპკა“, ფეხზე უქუსლო ჩუსტები (საგარეოდ - გარმონისებური ეგრედწოდებული „დაწყობილი ჩექმები“). გულზე - საათი ძეწკვით; წელზე - აბრეშუმის სარტყელი ან ვერცხლის ვიწრო ქამარი, ქამარში - უბრალო ხელსახოცი; ჩოხას სულ არა ხმარობენ.
ყარაჩოღლის ხმა ტკბილია და შთამბეჭდავი;
კინტოს ხმა - ხრინწმოკიდებული და ხმელი.
ყარაჩოღელის მიხვრა-მოხვრა მტკიცეა;
კინტოსი - ოკრობოკრო.
ყარაჩოღელი თვით ჰქმნის სიტყვის შედევრებს;
კინტო ამ სიტყვებსაც ამახინჯებს.

ყარაჩოღელი მღეროდა:
„გამიფრინდა სიხარულის ფრინველი,
მიზეზისა გამო სხვისა-და-სხვისა“.

კინტო მღერის:
„არღანჩიკო, დაუკარ,
ფაიტონჩიკ, გარეკე“.

ყარაჩოღელი შეფრფვინვით შეჰღაღადებს თავის სატრფოს:
„შენ არზუმის ცისკარი ხარ, გულნარა,
მანათობლად აღმომხდარი, გულნარა“.

კინტო თავის ოჯახსაც არ ინდობს;
„ჩემი ცოლი ანანა
ხან [მწყალობს] და ხან არა!“.

ყარაჩოღელის მუსიკა დუდუკია;
კინტოსი - არღანი.

ყარაჩოღელის რეპერტუარი:

1. ნაჭერ-ნაჭერ ღრუბელ მოდის მაღლა ციდანა,
დაბჭდილი წიგნი მომდის საყვარლისგანა“.
2. ახ, მთვარევ, მთვარევ, დამწვართ იმედო!
და სხვა.

კინტო ამ სიმღერებს ასე ასრულებს:
1. Кусок-кусок облак идет свисок небеса-ო
Запечатан писмо несет от лувовница-ო.
2. Ах, луна, луна, жаренных надежда...
და სხვა.

ყარაჩოღელების სასმისი იყო ჩინური ჯამი, თიხის ფიალა, აზარფეშა და ვერცხლით შეჭედილი ხის კულა.
კინტომ არც კი იცის ამ ჭურჭლის სახელები; იგი უარჰყოფს ქამრიან ჭიქებსაც კი და უცხოელ ბოჰემისტების მიბაძვით ღვინოს ქალის ტუფლიდანა სვამს:

„დე, ჩაჭყაპე ღვინოს კახურს,
მაგ თეთრ ტუფლით სვამდეს, სცლიდეს;
მას ეშხისგან ტვინი უხურს,-
ანუშკაჯან, არ შეგცივდეს!“

კინტო ნაბარდია;
ყარაჩოღელი - ჯომარდი.
მათი აღებ-მიცემობის დიალოგიც კი სხვანაირია.
კინტო თავის მუშტარს ათასგვარ უდიერ და უასაკო სიტყვას ეუბნება (მაგალითები ნუ გვინდა!).
ყარაჩოღელის სიტყვა-პასუხი კი ამ შემთხვევაშიაც ჭკუის სალესავია. მაგალითად: ყარაჩოღელთან მიდის დედა რომელსაც თან ლამაზი ქალიშვილიც ახლავს, რიღაცის ყიდვა უნდათ:

_ რა ღირს, შვილო, ეს საქონელი?
_ რვა აბაზი.
_ ექვს აბაზად არ შეიძლება?
_ ეგ ქალი შენი რა არის, დედი?
_ შვილია, შვილო!
_ შეიძლება!

აი, ამ სინამდვილიდან აღებულ პატარა ფაქტიდანაც ნათლად ჩანს თუ როგორი ეშხის და მარიფათის ადამიანი იყო ძველი ტფილისის ძველი ყარაჩოღელი.
კინტოს მოსწრებული სიტყვა გაცვეთილი ფრაზაა, ათასჯერ ნათქვამი, შაბლონიური, ყოველთვის ორჭოფული, მშიშარა და შიშველი.
ყარაჩოღელის სიტყვა კი თამამია და გულუბრყვილო. ერთად-ერთი, რაც გამოჰყვათ კინტოებს ყარაჩოღელებისგან - მიმიკური ირონიაა.
ძველად ყარაჩოღელებს ჩვეულებათ ჰქონდათ, წამწამს გამოიძრობდნენ და ქვაზე დანაყავდნენ, ნიშნად მუდმივი ოხჩუმობისა (ძმობისა);
კინტო კი ასე ხოტონიკობს: მეგობარი, რომ კარგი იყოს, ღმერთსაც ეყოლებოდაო!

ყარაჩოღელს მობეზრდა ყავახანები, „ტრახტირები“ მასაც უნდა „ზევით-ზევით“ ავიდეს:
„დალოცვილო! როგორ თუ რა მაჯავრებს,
გული მტკივა, მინდა გაგიზიარო;
რათა, ძმაო, ერთი მითხარ, რისთვის-
მე-ტრახტირში, შენ-თეატრში იარო!“

კინტო კი თავის პარტნიორს ასე ეუბნება:
„ხოჯივანქში მატურები რომ არი,
იქ ამოდი, ვითამაშოთ ყომარი“.

ყარაჩოღელი ხშირად თვით იგონებს ათასგვარ გასართობს, რომელიც მეორე დღეს ადათებში გადადის.
კინტო კი სპობს ამ ადათებს. მისი გასართობია: ყომარი, ბილწ-სიტყვაობა, სოდომგომორის ცოდვა და ის ხელმრუშობა, რომელზედაც შოთამ ისიტყვა:

„მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
ენა დაშვრების მსმენელსა, ყურნიცა დავალდებიან,
ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან,
მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან“.
რა პირობები უწყობდა ხელს ამ წოდებათა წარმოშობას?

ყარაჩოღელი ძველი ტფილისის ძველი თაობაა. ყარაჩოღელი იმ დროინდელი მოქალაქეა, როცა „ქართლის ცხოვრების“ სიტყვით: „ქალაქი ტფილისი ჯერთ არა სრულიად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“. ყარაჩოღელი სინტეზია ქართულ-სპარსულ ურთიერთობისა და საზოგადოთ აღმოსავლეთის ხალხთა ჩვენში ყონაღობისა.
კინტო კი შექმნილია შერეულ ბაზრის წიაღში, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო, იგი ნალეკია ყარაჩოღელთა ოჯახისა, გაზრდილი ქუჩებსა და სამორინეში. კინტო, როგორც ცუღლუტი, მცირე უნარის და მცირე მოთხოვნილების პატრონი, კმაყოფილდება ორ-გროშიან მოგებით, რომელსაც დიდხანს ჯიბეში არც კი იჩერებს: ან იმ დღესვე ფლანგავს მიკიტნის დახლთან, ან ყომარბაზებში აგებს.
როგორც რუსეთში იყო „Босяк“ -ი, ეს ლოთი მწიგნობარი, პარიზში თავისებური ტიპი apache-ი, ისეც ჩვენმა ტფილისმა, მხოლოდ ტფილისმა, წარმოშვა ეს ბედასლი, თავნება, „პაჟარნი“ ლევანდი და დაუდევარი ტიპი, რომელსაც იმათთან შედარებით მაინც-და-მაინც დიდი სიბოროტის ჩადენა არ შეუძლიან.

ტოლსტოი, ტფილისში ყოფნის დროს, სწერდა თავის მეგობარს: ტფილისს ემჩნევა ცივილიზაცია, ტფილისი ბაძავს პეტერბურგსო“.
მართლაც, ტფილისში ნელინელ იჭრებოდა ცივილიზაცია, ტფილისი ევროპიელდებოდა. იცვლებოდა ტფილისი და ამასთანავე, რასაკვირველია, ისპობოდა და ითქვიფებოდა ყარაჩოღელთა ჯილაგიც.
აი, რას წერდა ილია იმდროინდელ იმ დროინდელ „გადაგვვარებულ ტფილისზე“: „ხომ ჩვენი ქალაქია, მაგრამ იქ გული არ მიდგება, თითქოს ჩვენები აბარგებულან, გახიზნულან და სხვები დასახლებულანო; გული გულს აღარ ეკარება და სურვილი სურვილსა. ლეჩაქი რა არის, ლეჩაქიც კი ვეღარსად დაგვინახავს, თითქოს ნამუსთან ერთად ისიც მოუხდიათ და გადაუგდიათო“.
ამას აღნიშნავენ უცხოელი მოგზაურებიც.
თეოფილე დეიროლი ამბობს: აღმოსავლეთში ადათებთან ერთად, ტანისამოსიც ცვლილებას განიცდისო.

ან-კიდევ:
„ქართველი ხალხი თანდათანობით ებმებოდა ევროპულ საზოგადოებაში, მიუხედავათ თავისი ქართული ტანისამოსისა, რომელსაც უფრო ბალებში ატარებდნენო“.

მაგრამ ამის დანახვა და აღნიშვნა ქართული პოეტისათვის უფრო საგრძნობი იყო: აი, მეორე ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანი როგორ უჩივის ქართული ტანისამოსის გადავარდნას: „მოვიდა გამოჩენილი ევროპაში მხატვარი ზიჩი, რომელსაც ჰსურდა დაეხატა კარტინისათვის, Демон, ქართველი კაცი და ქალი ძველებური ტანისამოსით, და ვერავინ ვიპოვეთ! ღმერთმა უშველოს ტასო ოგლობჟიოს, ამან მიჰსცა თავის საქორწილო ტანისამოსი ყამჩითა, ჯიღითა, ქინძისთავებითა და ძველებურის ნივთებითა და ამით დიდათ გაახარა ზიჩი, - ასე განათლდა, ასე წახდა საქართველო, რომ თავისი აღარა უნდათ-რა და დიდათ ჰრცხვენიანთ ქართულად ჩაცმა! ოჰ, ოჰ, კნიაზო ნიკო, დიდად სამწუხაროა!“).

თუ ეს ორი ქართველი პოეტი ასე ჰგოდებდა ტფილისის ფერისცვალებაზე და სწუხდა ქართული გარდერობის გაევროპიელებისათვის,- მესამე პოეტი, რაფ. ერისთავი, პირდაპირ ილაშქრებს კინტოების - ამ ახალი მოქალაქეების - წინააღმდეგ:

„დახე, ჩვენი ქალაქი რარიგად გამოცვლილა,
ვერავის ვსცნობ, არც მცნობენ, კინტოებით გავსილა.
ეს კი ვნახე მე თვითონ, აბა რა სათქმელია,
ძველს ქალაქში ტალახი, ისევ ძველისძველია...
ჩვენი დედაქალაქი, რა რიგად გამოცვლილა,
და გრიქულა დალაქიც - მეპარიკე შექმნილა.
თაღლითაანთ გეუა, ჩალხანებს რომ ჰკალავდა,
დღეს კალასკაში იჯდა, თავს აღარ იმალავდა...
ხალხი მიდის და მოდის, სულ ბუზივით ირევა,
იმათი ცქერით კაცი ჭკვიდამ გადაირევა...
ქალებს დასთრევს კუდები თითო გუთნის გაშლაზედ,
წინ ჯიბე, უკან ჯიბე, კიდევ ჯიბე ბაშლაყზედ...
ქუჩაში აღარ ისმის ძველებური სიმღერა,
ნეტავ, ეს რაღამ მოსპო? რა ცოდვილმა გვიმტერა?
დახე, ჩვენი ქალაქი რა რიგად გამოცვლილა,
ვერავის ვსცნობ, არც მიცნობენ, კინტოებით გავსილა“.


სტატიის ავტორი - იოსებ გრიშაშვილი;
სტატია აღებულია - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გამომცემლობა „სახელგამი“, 1927 წ.



http://www.dzeglebi.ge/statiebi/etnografia/kinto_yarachogeli.html
**

ყარაჩოხელები
http://consulate-georgia.org/?p=6213

Комментариев нет:

Отправить комментарий