понедельник, 6 января 2014 г.

ტერაქტები ვოლგოგრადში - გაფრთხილება სოჭის ოლიმპიადისთვის...

 06-01-2014

რუსეთის ხელისუფლება ჩრდილო კავკასიაში სისხლის ღვრის შედეგებს ტერორისტული აქტების სახით იმკის...

34 დაღუპული და 70 დაშავებული - ასეთია ის ტრაგიკული შედეგი, რაც რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში (ყოფილ სტალინგრადში) 29 და 30 დეკემბერს ორ ტერორისტულ აქტს მოჰყვა - ტერორისტმა-თვითმკვლელებმა თავი აიფეთქეს რკინიგზის სადგურსა და ტროლეიბუსში.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ ტერორისტული აქტების დამგეგმავებისა და შემსრულებლების გამართლება - მათ გამო ხომ ათობით უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრები (მათ შორის - ბავშვებიც) დაიღუპა და დაიჭრა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სწორედ იმ ოცწლიანი ბრძოლის გამოძახილია, რომელიც 1994 წლის შემოდგომაზე კრემლმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ დაიწყო - ის ჩეჩენი თუ დაღესტნელი ბავშვები და ქალებიც უდანაშაულონი იყვნენ, რომლებიც რუსული ავიაციისა და არტილერიის დაბომბვებისას ყოველდღიურად იღუპებოდნენ.
დღეს სწორედ მათი ძმები, მამები თუ დედები ხდებიან თვითმკვლელი ტერორისტები და შიშის ზარს სცემენ რუსეთის ქალაქებს.

საგულისხმოა, რომ ვოლგოგრადის ტერაქტებამდე, 27 დეკემბერს, 50 კგ-მდე ტროტილი აფეთქდა მანქანაში პიატიგორსკის ერთ-ერთ ქუჩაზე, რასაც სამი გამვლელის სიცოცხლე შეეწირა.
რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის ოლქის ქალაქი პიატიგორსკი მხოლოდ 260 კმ-ითაა დაშორებული სოჭიდან, სადაც ერთ თვეში ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.

ვოლგოგრადის ტერაქტების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტყუილად როდი ჩაფრინდა სოჭში და პირადად შეამოწმა, როგორ არის დაცული ქალაქი და ოლიმპიური ობიექტები.
კრემლში ეშინიათ, სოჭის ოლიმპიადა ასეთივე ტერორისტულმა აქტებმა არ შეაზანზაროს, რაც მსოფლიოს წინაშე რუსეთის პრესტიჟს შელახავს.

ეს რომ არ მოხდეს, რუსეთის სპეცსამსახურები, შსს და თვით საარმიო დანაყოფებიც კი უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებენ სოჭის მიმდებარე რაიონებში, მათ შორის - ოკუპირებულ აფხაზეთშიც (სხვა თუ არაფერი, სწორედ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვა გახდა ერთ-ერთი მთავარი საბაბი იმისა, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა კოდორის ხეობაში ჩაიდინა).
მიუხედავად კრემლის დიდი მონდომებისა, სოჭის ოლიმპიადა მაინც რჩება კამიკაძე-ტერორისტების სამიზნედ. სწორედ ამის შიშით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის სპორტსმენები უკვე უარს აცხადებენ სოჭში გამგზავრებაზე.


ირაკლი ალადაშვილი

http://www.kvirispalitra.ge/military/20134-teraqtebi-volgogradshi-gafrthkhileba-sotcis-olimpiadisthvis.html

Комментариев нет:

Отправить комментарий