среда, 29 января 2014 г.

როგორ დავიცვათ ჩვენს გულში სიკვდილის ხსოვნა და უფლის მოსალოდნელი საშინელი სამსჯავრო.

წმიდა მამების თქმით, ჩვენს მიერ წამოწყებულ სულიერ ბრძოლაში მეტად საჭირო და სასარგებლოა რომ, ყოველ მიზეზ გარეშე, გვახსოვდეს სიკვდილი და უფლის მოსალოდნელი სამსჯავრო. აბბა ფილოთეოს სინელი ამ სულიერი წვრთნისათვის სასარგებლო ერთგვარ ტაქტიკაზე მიუთითებს. იგი შემდეგს აღნიშნავს: „დილის საათებიდან მოყოლებული, ვიდრე სადილობის დრომდე, დაე, შენი გონება უფალზე ფიქრით იყოს დაკავებული, ანუ ლოცვითა და გულის დაცვით დაკავდი, ხოლო მას შემდეგ რაც უფალს მადლობას გადაუხდი, სიკვდილზე და უფლის სამსჯავროზე დაფიქრდი“. როდესაც გონების ამგვარი ფიქრებით ვარჯიშს შევუდგებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გარდა, დაე, ჩვენი უფლის სიტყვებიც გავიხსენოთ: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლუკა, 12, 20). და გვახსოვდეს, რომ უფლის მიერ ჩვენი განსჯის დღეს, ჩვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ ამაო სიტყვას მნიშვნელობა ექნება მინიჭებული. რადგანაც ნათქვამია: „ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა“ (მათე, 15, 18). გავიხსენოთ ასევე წმიდა მოციქულთა სიტყვებიც, რომ დასასრული მოახლოებულია და რომ უფლის დღე ისე მოგვიახლოვდება, როგორც ღამეში ქურდი. მოვა დრო, როდესაც ყოველი ჩვენთაგანი ქრისტეს განსჯის ტახტისა და უფლის სიტყვის წინ წარვდგებით, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი საქმეებისთვისა და ჩვენი სიტყვებისათვის განგვსჯის, არამედ ასევე – ჩვენს გულში ნაფიქრალისთვისაც. წმიდა ანტონი დიდი, მამათა მამა ასე ამბობს: ყოველთვის ვიფიქროთ იმაზე, რომ „ვერ მოვასწრებთ ამჟამინდელი დღის დასრულებასაც კი“. გავიხსენოთ ასევე წმიდა იოანე კიბისაღმწერელის სიტყვები: დაე, იფიქრე შენი ცხოვრების დასასრულზე და საუკუნეც რომ იცოცხლო, ცოდვას არ ჩაიდენ. იგივე წმიდანი სხვაგან ამგვარად ამბობს: „ხსოვნა სიკვდილზე მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული შენს ცხოვრებასთან“. ხოლო, წმინდა ისააკ ასურის სიტყვებით კი: „ადამიანო, ყოველთვის გახსოვდეს შენს გონებასა და გულში, რომ დადგება ჟამი, როდესაც აქედან უნდა წახვიდე“! თუმცა, არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული წმიდანები, არამედ თითქმის ყოველი წმიდანი გამუდმებით იყო დაკავებული ამ სათნო წრთვნით. რა თქმა უნდა გამოსაყოფია, რომ კლასიკოსი ფილოსოფოსებიც ასევე საუბრობდნენ სიკვდილის არ დავიწყების აუცილებლობაზე. მაგრამ, რას ვიზამთ ჩვენ, ცოდვისადმი მიდრეკილი და სუსტი არსებანი? როგორ შევისწავლით ამ წრთვნას, და როგორ შევძლებთ, რომ თუნდაც მცირე ხნით, ეს ფიქრი ჩვენს გულში შევუშვათ? რადგან, როგორც წმიდა ისააკი ამბობს, იმისათვის, რომ ვინმემ სრულყოფილ დონეს მიაღწიოს, გულის სიღრმეში უნდა მოიპოვოს უფალზე ფიქრის მადლი, რაც ღმრთის უდიდესი და ერთ-ერთი შესანიშნავი საჩუქარია. თუმცაღა, ჩვენი გონების გაფანტულობა და თავდავიწყების სიბნელე არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ყოველივე შევიგრძნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვფიქრობთ და ერთმანეთში ვსაუბრობთ კიდეც სიკვდილზე, მაინც არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს სიტყვები ჩვენი გულების სიღრმეებში ჩავიწეროთ. მიუხედავად ამისა, მაინც ნუ დავკარგავთ იმედს, ნურც სრულიად მივანებებთ თავს ამ მცდელობას, რადგან დროთა განმავლობაში, უფლის შემწეობითა და ჩვენივე მონდომებით ამის მიღწევას შევძლებთ. თუკი, ვინმე დაფიქრდება იმაზე, რაც კი აქამდე იყო დაწერილი, მიხვდება, რომ ამ სახის წრთვნა ძალიან აუცილებელი და მეტად სასარგებლოა. რადგან, როგორც პური, რომელიც სხვა დანარჩენი საკვებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ასევე ფიქრი სიკვდილზე სხვა სულიერ წვრთნათა შორის უპირველეს ვარჯიშს წარმოადგენს. და როგორც შეუძლებელია, რომ მშიერმა კაცმა სხვა რაიმე საკვები მოითხოვოს და არა პური, ზუსტად ამის მსგავსად ის ადამიანი, ვისაც სურს რომ გადარჩეს, წმიდა მამების თქმით, ამას ვერ მოახერხებს, თუ არ იფიქრებს სიკვდილზე. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენს გონებაში გავიაზროთ ის, რაც წმიდანებმა სიკვდილის სხვადასხვა საშინელ შემთხვევათა შესახებ დაწერეს. მაგალითად, როგორც ეს დაწერა წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა და სხვა უამრავმა მამამ. მე საჭიროდ მიმაჩნია გავიხსენოთ სიკვდილის ის სხვადასხვა შემთხვევა, რომელსაც შევესწარით ან რომლის შესახებაც გვსმენია და რომელიც ხშირად ხდება ჩვენს დღეებში. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმე ერისკაცს, ან თუნდაც მონაზონს, რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა, ტკბებოდა ამქვეყნიური ცხოვრებით და დიდ იმედებს ამყარებდა თავის დღეგრძელობაზე, მოულოდნელად ეწვია სიკვდილი, თუმცაღა მას ჯერ კიდევ არ მიეღწია მოხუცებულობის ასაკამდე. მათგან მრავალმა აღსასრულის დადგომამდე ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოახერხა, რადგან სიკვდილი სრულიად მოულოდნელად ეწვია მათ: ზოგს ჭამის, ზოგს კი სმის დროს. სხვებს ის ქუჩაში სიარულისას უეცრად დაატყდათ თავს, სხვებს – თავიანთ საწოლში, სადაც ცოტა ხნით ფიზიკური დასვენების გამო დასაძინებლად წამოწვნენ, თუმცაღა მარადიული ძილით დაიძინეს. ზოგიერთებს უკანასკნელი ჟამის დადგომისას საშინელი კითხვები ჩაესმათ და შემაძრწუნებელი ფიგურები იხილეს. შეიძლება, სწორედ აქედან გამომდინარე, სიკვდილზე ფიქრმა ცოტათი მაინც შეგვაშინოს. როდესაც ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე დავფიქრდებით, ჩავეკითხოთ ჩვენს საკუთარ თავს, თუ სად არიან ჩვენი მეგობრები და ნაცნობები და რა მოიგეს მათ ამ ცხოვრებაში? შეიძლება, ზოგიერთი მათგანი ამქვეყნიურ ყოფაში სახელგანთქმული და დიდებით მოცული იყო, შეიძლება, ზოგიერთი მათგანი დიდ სიმდიდრესა და უხვ მატერიალურ ფასეულობებს ფლობდა, თუმცა, განა ყოველივე ეს არ გაიხრწნა და ფერფლად არ გადაიქცა? გავიხსენოთ ასევე ჩვენი ეკლესიის ჰიმნოგრაფიც, რომელიც ამგვარად ამბობს: „ცხოვრებისეული სიამოვნებათაგან რომელი მათგანი რჩება ისე, რომ მწუხარებაში არ მიიღოს მონაწილეობა? რომელი დიდებაა ამქვეყნად შეურყეველი? იგი ყოველთვის მკრთალი ჩრდილის მქონე და მუდამ მატყუარა ოცნებების დაღმართია, რომელსაც ყოველთვის სიკვდილი ცვლის…„ (წმიდა იოანე დამასკელი). ჭეშმარიტად, ყოველივე ამქვეყნიური ამაოებაა, რადგანაც არაფერი არ რჩება ჩვენი სიკვდილის შემდეგ. ჩვენ თან არ წავიღებთ ჩვენს წარმავალ სიმდიდრეს, თან არც ამქვეყნიური დიდება გაგვყვება. მაშ, რატომ უნდა ვწუხდეთ ამაოდ? რატომ ვართ ასე ძალიან დაკავებულნი ამქვეყნიური საზრუნავით? გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, მოკლეა, მივდივართ ამქვეყნიური ცხოვრებიდან, რომელიც არაფერია თუ არა კვამლი, ორთქლი, მიწა და ნაცარი. მოკლეა ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე და სწრაფად გადის. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ იგი ამქვეყნიური ცხოვრების გზაზე ერთ-ერთი მოგზაურია, რომელსაც საითკენაც სურს იქითკენ მიემართება. როდესაც იგი მიაღწევს ერთ რომელიმე ქალაქს, სასტუმროში ჩერდება და იცის, თუ როდის მივიდა იქ და როდის წავა. ან საღამო ხანზე მივა და ან დილით და როდესაც მოუნდება წასვლა, მაშინ წავა. თუკი იქ დაყოვნება მოუნდება, მაშინ შეუძლია იოლად გააკეთოს ეს. თუმცა, როდესაც ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასვლის დრო დგება, ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ამ გამოწვევაზე, არც იმის შესაძლებლობა გვაქვს რომ აქ უფრო მეტ ხანს გავჩერდეთ, თუნდაც ეს ძალიან გვინდოდეს. სიმართლეა ის, რომ სიკვდილის საშინელი საიდუმლო მოულოდნელად გვატყდება თავს, რომელიც ძალდატანებით განაშორებს სხეულსა და სულს ერთმანეთისგან, სულს განშორებული სხეული მიწას უბრუნდება და ღმრთის ნების თანახმად იხრწნება. მაშ, რას გავაკეთებთ მერე, თუკი აქედანვე უკანასკნელი წამის მიმართ გულგრილად ვიქნებით განწყობილნი და მოუმზადებელნი შევხვდებით სიკვდილს? სწორედ იმ დროს მივხვდებით, თუ რაოდენი ბრძოლა ექნება სულს, როდესაც ის სხეულს განშორდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს იტირებს მაშინ ადამიანი, თუმცა არავინ დაეხმარება მას! იგი თავის თვალებს ანგელოზებს მიაპყრობს და ამაოდ შეევედრება. ადამიანებისკენაც გაიწვდენს დასახმარებლად ხელებს, თუმცა არავინ დაეხმარება მას გარდა უფლისა და თავისი კეთილი საქმეებისა. სწორედ ამის გამო, მართებული იქნებოდა, რომ დავფიქრებულიყავით ამქვეყნიური ცხოვრების წარმავალობაზე, გვეზრუნა ჩვენი სულის მომზადებაზე და ნუ დავუთმობდით მთელს ჩვენს ყურადღებას ამქვეყნიურ საზრუნავსა და ფუჭ საქმიანობას. თუნდაც, მთელი სამყაროს ხელში ჩაგდება შევძლოთ, სამარეში ხომ მაინც მარტოდმარტო ჩავალთ და აქედან ვერაფრის წაღებას შევძლებთ: ვერც სილამაზის, ვერც დიდების, ვერც ძალაუფლების, ვერც პატივის და ვერც რაიმე სხვა ამ საუკუნეში სიამოვნების მომნიჭებელი ნივთის. როდესაც სამარეს ვუცქერით, ჩვენს მშვენიერებას მეტად უპატიოს, ცრუსა და უსახურს ვხედავთ.



სიკვდილის ხსოვნა & მომავალი სამსჯავროსათვის მზადება (II ნაწილი)


როდესაც ვუყურებთ შიშველ ძვლებს, მაშინ ვფიქრობთ შემდეგზე: თუ რომელი მათგანი იყო მეფე და რომელი ღატაკი, რომელი იყო სახელოვანი და რომელი – შეუმჩნეველი? სად არის ამ სამყაროს სიმშვენიერე და სიამენი? განა ეს ყოველივე ამაზრზენი წარმოსახვანი და მოჩვენებითი სახეები არ არის? რადგან, ამ სამყაროში არსებული ყოველივე მნიშვნელოვანი და სასურველი განადგურებულია, მათ სწრაფად ჩაიარეს ისევე, როგორც ჩაივლის ჩრდილი, ანდა ყვავილი, რომელიც ჭკნება. ასე იხრწნება თავად ადამიანიც! ჩვენ კი ჩვენი ხრწნადობის გამო განცვიფრებულნი ასე ვიტყვით: ოჰ, რა საოცრებაა! რა საიდუმლოა ეს, რომელიც ჩვენ თავს ხდება! როგორ დავემორჩილეთ ხრწნას, როგორ დავუკავშირდით სიკვდილს? და მართლაც, სამყაროში ხომ მცნების დარღვევის გამო, ადამისა და ევას მიერ აკრძალული ნაყოფის გასინჯვის შედეგად გაჩნდა ტკივილი. ამგვარადვე გაჩნდა ამქვეყნად სიკვდილიც, რომელიც ადამიანთა მოდგმას ტანჯავს. თუმცა, ჩვენმა ბრძანებელმა უფალმა იესო ქრისტემ, თავისი ენით აღუწერელი კაცთმოყვარეობის გამო, გაანადგურა გველი ეშმაკი და თავისი აღდგომით ჩვენ სხვა სიცოცხლე გვიწყალობა. სწორედ ამ გზით, იესო ქრისტემ განადიდა და პატივი მიაგო თავის მონებს. გავიხსენოთ ასევე მეორედ მოსვლის შესახებ, ჩვენ მკვდრეთით აღდგომასა და იმ დროს განხორციელებულ საშინელ სამსჯავროზე, რომელიც სახარებისეული სიტყვებია, უფლის მიერაა ნაკარნახევი და წმინდა მოციქული და მახარებელი მათეს მიერაა დაწერილი, რომელიც შემდეგს ამბობს: „ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცასაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა“ (მათე. 24, 29-31). თითქმის იგივეს გვაუწყებს ჩვენ იოანე, იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფე: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოანე. 5. 25, 29). და კვლავ ამგვარად ამბობს მათე მახარებელი: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ… მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს… და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა“ (მათე. 25. 31-46). და განა რა არის უფრო სამწუხარო და უფრო საშინელი, ჩემო ძმებო, ვიდრე ეს შემაძრწუნებელი სურათი და სამაგიეროს განურჩეველი მიგება, როდესაც ვიხილავთ ყველა მათგანს, ვინც კი შესცოდა და არ მოინანია, რომლებსაც უფლის სამართლიანი სამსჯავროს შემდეგ, გულისგანმგმირავი ყვირილითა და ყოველგვარ შედეგს მოკლებული ცრემლებით მარადიულ სატანჯველში წარგზავნიან? როგორ არ ვტირივართ და არ ვოხრავთ, როდესაც ჯოჯოხეთის საშინელ სატანჯველზე ვფიქრობთ, სადაც, როგორც ეს წმიდა წერილშია ნათქვამი, მარადიული ცეცხლი და ქვესკნელის სიბნელე, უკიდეგანო სიღრმე და საშინელი მატლები, რომლებიც არასდროს იძინებენ, კბილთა ღრჭენა და სხვა უამრავი ენით აღუწერელი სატანჯველი გააწამებს იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი ცოდვები არ მოუნანიებიათ, რომლებმაც თავიანთი ბოროტი ჩვევებით განარისხეს უფალი, ამ ადამიანთა შორის კი, უპირველესი, მე უბადრუკიც ვარ. მაშინ რა დიდი შიში დაგვეუფლება, ჩემო ძმანო, როდესაც ტახტი მომზადებული იქნება, წიგნები კი თავისთავად გადაიშლებიან და უფალი დიდი სამსჯავროსათვის დაჯდება, ხოლო ანგელოზები შიშით აღვსილნი იდგებიან უფლის წინაშე! და რას გავაკეთებთ ამ დროს ჩვენ, ტანჯული ადამიანები, რომლებსაც უამრავ ცოდვაში გვექნება წილი ნაყარი, როდესაც გავიგებთ, რომ უფალი მამისა მისისა მიერ კურთხეულთ უხმობს ცათა სასუფეველში, ხოლო ცოდვილებს კი საუკუნოვან სატანჯველში აგზავნის, რათა ისინი რჩეულთაგან განაშოროს! ან რას ვუპასუხებთ ან რას ვიტყვით მაშინ, როდესაც ყოველი ჩვენს მიერ ქმნილი საქმე ჩვენ წინაშე შემოწმდება და ყოველი დაფარული გამჟღავნდება, რაც კი დღისით თუ ღამით, სიტყვებით, საქმეებითა თუ ფიქრებით ჩაგვიდენია! როგორი შიში დაგვეუფლება მაშინ, როდესაც უკვე ვეღარავინ მოახერხებს უარყოს ის ცოდვები, რომელიც ჩაუდენია, რადგანაც ის, უფლის სამსჯავროს საშინელ წამს, ჭეშმარიტების მიერ იქნება შემოწმებული! მაშინ, როდესაც მართალნი ზეციურ პალატებში, სიხარულსა და დიდ ზეიმში შევლენ და თავიანთი კეთილი საქმეების საფასურით ტკბობას მიეცემიან. ვის ექნება იმის ძალა, ჩემო ძმებო, რომ აღწეროს ის შიში და ძრწოლა, რომელიც ჩვენი უფლის მეორედ მოსვლისა და განურჩეველი განსჯის ჟამს მოიცავს ადამიანებს, როგორც ამას ამბობს ერთ-ერთი მამა: „იმ დროს, რომ სიკვდილის მოსვლის შესაძლებლობა ყოფილიყო, მაშინ მთელი სამყარო სიკვდილს ისურვებდა, ვიდრე ამ საშინელი მოვლენების მომსწრე გამხდარიყო“. სწორედ ამიტომ, ეს ყოველივე უნდა შევიგრძნოთ და გვახსოვდეს. ხოლო, როდესაც ამ ყოველივეს შეგრძნება ჩვენს გულს არ სურს, მაშინ შემდეგი სიტყვებით უნდა ვაიძულოთ ის, რომ ამაზე იფიქროს: ჩემდა სამწუხაროდ, ჩემო უბადრუკო სულო, მოახლოვდა ჩვენი სხეულისგან განშორების ჟამი, განა ახლაც არ შეწყვეტ სიბოროტეს, როდემდე დარჩები სიზარმაცეში? რატომ არ ფიქრობ სიკვდილის საშინელ ჟამზე? რატომ არ გეშინია უფლის მოსალოდნელი სამსჯავროსი? რით გაიმართლებ თავს, როდესაც, ცოტა ხანში, შენივე საქმეები შენ წინაშე წარმოჩნდებიან იმისათვის, რომ შეგამოწმონ და გაგასამართლონ? თუმცაღა გევედრები, სულოვ ჩემო, რაც კი დრო დაგრჩენია განეშორე შენს უსარგებლო საქმეებსა და მიჰყევი სათნო ცხოვრებას. ირბინე, რათა შეხვდე ჩვენს უფალს – იესო ქრისტეს და მხურვალე რწმენით უხმო მას შემდეგი სიტყვებით: დამნაშავე ვარ უფალო, დამნაშავე ვარ შენ წინაშე, თუმცაღა ვიცი შენი კაცთმოყვარეობის სიდიდე და სწორედ ამის გამო, უფალო, მუხლმოყრილი ვევედრები შეწყალებას შენს სიკეთეს, რათა ჩემი სული შემკრთალია და ასე იქნება მანამ სანამ ის ჩემს უბადრუკ სხეულს არ განშორდება. რადგან შესაძლოა, ცხოვრების მანძილზე ჩემს მიერ ჩადენილი ჩემთვის ცნობილი თუ უცნობი ცოდვების მიზეზით ჩემი სული მოწინააღმდეგე ეშმაკის რჩევით ჯოჯოხეთისკენ მიემართება. შემიწყალე მე, უფალო, თვალი აარიდე ჩემი სულის საცოდავ სახეს, რომელიც მას ეშმაკმა დემონებმა მიანიჭეს, და გევედრები, რომ იგი მისმა უდიდებულესობა ანგელოზებმა ჩაიბარონ. შენ, ვისაც გაქვს ძალა იმისა, რომ შეგვინდო ჩვენი შეცოდებანი, სიმსუბუქე შესძინე ჩემს სულს და სრულიად აღმოფხვერი მასში ჩემი ცოდვები, რომლებიც სიტყვებით, საქმეებით, ფიქრებით, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით, ჩემი ბუნების უძლურების მიზეზით ჩავიდინე, რათა ჩემს სხეულთან განშორების შემდეგ შენს წინაშე სუფთა და უმწიკვლო წარვდგე. დაე, ნუ მომიტაცებს ამ საუკუნის მბრძანებლის ხელი და ნუ ჩამაგდებენ მე უბადრუკს ჯოჯოხეთის ქვესკნელში. არამედ დამეხმარე და ყოველთვის ჩემი მხსნელი და მფარველი იყავი. შეიწყალე, უფალო, ჩემი სული, რომელიც დასნეულებულია ამქვეყნიური ცხოვრების ვნებებით და განწმინდე ის სინანულის, აღსარებისა და შენი შემწეობის გზით, გადაარჩინე ის მოსალოდნელ საღმრთო სამსჯავროზე. და როდესაც, შენ უფალო, დედამიწაზე მოხვალ და დიდებით დაბრძანდები, ჩვენო მწყალობელო, შენი დიდების ტახტზე, რათა სამართლიანად განსაჯო, მაშინ ყველა ჩვენთაგანი, მართალნიც და ცოდვილნიც, შენი მოუსყიდველი საკურთხევლის წინაშე წარვდგებით, შიშველნი, როგორც მსჯავრდებულნი, შენ კი დაიწყებ ჩვენი ცოდვების შესახებ კითხვების დასმას, რომლებიც სხვადასხვა გზით ჩავიდინეთ, მაშინ, ყოველივე სიკეთით აღსავსევ, ნუ განსჯი ჩემს დამალულ საქმეებს, ნუ დამაყენებ ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე, არამედ შემიბრალე, ჩემო ღმერთო, და შემიწყალე. ვფიქრობ საშინელ სამსჯავროზე და შიშისაგან ვკანკალებ იმ დღის გამო, კაცთმოყვარე უფალო, როდესაც მე განმსჯი, ვამოწმებ ჩემს ცნობიერებას და ძალიან ვწუხვარ იმ ეშმაკობების გამო, რომელიც ჩამიდენია და არ ვიცი, თუ რას გიპასუხებ განკითხვის დღეს, უკვდავო მეუფევ, მე, რომელმაც ასე ძლიერ განგარისხე! როგორ გავბედავ და შენგან ვითხოვ შეწყალებას, სამართლიანო მსაჯულო, ჩემო უფალო, მე მყრალი და გარყვნილი? მაგრამ, დიდებულო, კეთილო და შემბრალებელო უფალო, მამავ, მხოლოდშობილო ძევ და სულო წმიდავ, შემიწყალე მე და გადამარჩინე ჩაუქრობელი ცეცხლისაგან და ღირს მყავ, სამართლიანო მსაჯულო, რათა შენს მარჯვენა მხარეს დავდგე! (წმიდა ნილოს სორსკი, გულისთქმათა წრთვნის შესახებ, გამოც. „მართლმადიდებლური სკა“, გვ. 83-91)

www.pemptousia.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий