среда, 29 января 2014 г.

დროის ფერიცვალებაზე


ა) ყოველ ეპოქაში ადამიანს დროის თვლის, მისი მნიშვნელობის, კონტროლისა და განსაზღვრის სურვილი გააჩნია. გარდა ამისა, შესაძლებელი რომ იყოს, მას ასევე სურს, რომ დროის საზღვრებს აღემატებოდეს. ყოველივე ეს ჩანს, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის სხვადასხვა ძეგლებიდან, ისე – დროის შესახებ არსებული სხვადასხვა მოსაზრებებიდან. ბიბლიური სიბრძნეს მოკლებულ ხალხს შორის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიებში, წარმოიშვა დროის სიწმინდისა და მის ციკლურ ბრუნვასთან დაკავშირებული მითოლოგიური წარმოდგენები. სწორედ ამგვარად წარმოიშვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დრო ციკლურად ბრუნავს. დროის ციკლურ ბრუნვასთან დაკავშირებულ წარმოდგენას დომინანტური ადგილი ეჭირა ასევე წარმართულ ბერძნულ აზროვნებაშიც.

ბ) წინარე ქრისტიანულ ხანაში წარმოიშვა სხვადასხვა სადღესასწაულო ციკლები. ყოველი თვის პირველი რიცხვი, წლის პირველი რიცხვი, ბუნიობანი, დღისა და ღამის გათანაბრება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ამა თუ იმ დღესასწაულის საფუძვლებს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ძველ აღთქმაში შაბათი უკავშირდება სამყაროს შექმნის მეშვიდე დღესა და უფლის დასვენებას „ყოველთაგან საქმეთა მისთაგან“, რამაც სადღესასწაულო სიმბოლიზმს დაუდო საფუძველი. რიცხვი შვიდი კვირის ციკლის წიაღში წარმოადგენს სამყაროს შექმნის სრულყოფილებისა და ამავდროულად კვირის კოსმიური დროის სიმბოლოს.

გ) თუმცა, შაბათის, როგორც უქმე დღის სარწმუნოებრივმა სტანდარტიცაზიამ, ისევე როგორც სხვა დღესასწაულებისამ, ისინი თავიანთ ჰუმანურ ღირებულებას, ფუნქციას დააცილა. სწორედ ამის გამო, კრიტიკულია უფლის სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველის მიერაა წარმოთქმული: „ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული? თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა … სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს“ (ესაია წინასწარმეტყველი, 1, 13- მომდევნო). ეკლესიამ, შაბათი დღიდან კვირა დღეზე გადაიტანა სიმძიმის ეპიცენტრი, რომელიც კვირის პირველი დღეც არის და მეშვიდეც, რომელიც უფლის სასუფევლისა და მადლის სივრცეს გვიხსნის. რადგან კვირა დღე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, უფლის მკვდრეთით აღდგომის დღეა, ყოველკვირეულ აღდგომის დღესასწაულს წარმოადგენს.

დ) ქრისტიანებისათვის თვეები, წლები, საუკუნეები და ათასწლეულები ყოვლისმპყრობელი უფლის ხელთაა. სწორედ იგი მართავს დროს და მას მარადისობად გადააქცევს, რადგანაც უფალი თავად დაუსაბამო და მარადიულია. „და შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან“, გვასწავლის წმიდა წერილი და შემდგომ ამისა აგრძელებს: „იგინი წარჴდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე; და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ… ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს“ (ებრაელთა მიმართ, 1. 10-12). 

ე) საეკლესიო კალენდარში (ეორტოლოგიონში, სადაც თვეების მიხედვითაა მოცემული წმინდანებისა და დღესასწაულების ჩამონათვალი) მეხსიერების სრულყოფილებით არის წარმოდგენილი ამ დრომდე მომხდარი ყველა ის მოვლენა, რომელსაც ხსნის ფუნქცია გააჩნია და რომელიც ისტორიის მსვლელობისას უფალმა ადამიანის გადარჩენისთვის დაუშვა. იესო ქრისტეს შობა, წინადაცვეთა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება ამ დრომდე აღინიშნება. ასევე საზეიმოდ აღინიშნება უფლის რჩეულთა, წმინდანთა, მართალთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წამებულთა, მღვდელმთავართა, აღმსარებელთა, ღირსთა ხსოვნა, ისევე როგორც ახალმოწამეთა, რომლებმაც თავი გასწირეს უფლისთვის და შეიყვარეს მოყვასი თვისი ძნელბედობის ჟამს. 

ვ) ეკლესიაში მჟღავნდება, თუ რა გააკეთა უფალმა თავისი ქმნილებისათვის, ასევე – ისიც, თუ რას შეუძლია მიაღწიოს ადამიანმა, როდესაც ის სული წმიდის მადლით ბრწყინდება და ღმრთის სიყვარულითაა შთაგონებული. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ნატრობენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში კარგად და მშვიდობიანად იცხოვრონ, დრო არ წარმოადგენს მათთვის უმაღლეს სიკეთეს. ისინი დროს მოიაზრებენ, როგორც სულიერი ბრძოლისა და წრთვნის პერიოდს, ისინი ხომ ლოცულობენ „რომ თავიანთი დარჩენილი ცხოვრების დრო სიმშვიდესა და სინანულში გაატარონ“.

ზ) აწმყო ცხოვრებაში ქრისტიანი წინასწარ ემზადება, რომ სული წმიდის დახმარებით ღმრთიური სიყვარულის სამოთხეში შესვლის ღირსი გახდეს. მას, ვინც თავის ცხოვრებას უფლის ხელთ მიანდობს და მის მცნებებს დაიცავს, მომავლის შიში არ გააჩნია. იგი წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და წარსულში მოღვაწე წმიდანთა რწმენითაა შთაგონებული, იბრძვის, რათა აწმყო დროში კვლავ იარსებოს სიყვარულმა და ცდილობს, რომ მომავალ საუკუნო ცხოვრებასა და დიდებაში მონაწილეობის იმედი ცოცხლად დაიცვას. სწორედ მაშინ ექნება მას იმის საშუალება, რომ მიმართოს უფალს, რომელიც არის „ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული“, და მას უთხრას: „ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!“ (გამოცხადებაი, 22, 13, 20). 

წყარო: გაზეთი „მაკედონია“, 29-12-2013 წელი



www.pemptousia.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий