воскресенье, 5 января 2014 г.

როგორ გვეხმარებიან წმინდანები.

მართლმადიდებელი ქრისტიანები წმინდანთა დასს განსაკუთრებულ თაყვანს მიაგებენ, მათ ღვთის წინაშე მეოხებასა და შემწეობას სთხოვენ. მათი ხატები მლოცველებისთვის განსაკუთრებულ ძალას და იმედს წარმოადგენენ. მრავალი მორწმუნე გამხდარა იმ სასწაულების მოწმე, რომლებსაც ხატები აღასრულებენ. ქრისტიანები წმინდანთა შორის განსაკუთრებულ თაყვანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს მიაგებენ. ქრისტიანების სულიერი ცხონების ერთ–ერთი გზა ღვთისმშობლის თაყვანისცემაა. როგორ მივაგოთ პატივი წმინდანებს, მამა გიორგი (სხირტლაძე) განგვიმარტავს.

– მამაო, როგორ ეხმარებიან წმინდანები ადამიანებს?

– წმინდანებს თაყვანს იმიტომ არ სცემენ, რომ მათ რაიმე ზეგანსაკუთრებული საქმეებისთვის გამორჩეული დამსახურება მიუძღვით ღვთის წინაშე, რის გამოც მათ ღვთის ისეთი წყალობა მიიღეს, რომ სხვებსაც გაუნაწილებენ. არ შეიძლება წმინდანებზე ასეთი გადაჭარბებული წარმოდგენა გვქონდეს. ეს ღმერთთან გატოლების ტოლფასი იქნება. წმინდანები ისინი არიან, რომლებმაც საკუთარი რწმენით, ღვაწლითა და სიყვარულით ღვთის უსაზღვრო მადლი მოიპოვეს. ეკლესიას სხვადასხვა ხარისხის წმინდანები ჰყავს – წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსი ბერები, წმინდა მხედარნი, მკურნალნი, უვერცხლონი... ქვეყნიერებისთვის ყველა არ არის ცნობილი. ზოგი მათგანი უფალმა უცნობი დატოვა.

ღვთის ანგელოზებთან ერთად უფალმა მათ მისცა ძალა, უხილავად აღასრულონ საკუთარი ნება ადამიანთა შორის. წმინდანები თითქოს ღვთის ხელებია, რომელთა მეშვეობით უფალი თავის საქმეებს აღასრულებს. მათ გარდაცვალების შემდეგაც ეძლევათ ძალა, აღასრულონ სიყვარულის საქმენი თანამოძმეთა გადარჩენისთვის. ყველას შეუმჩნევია, როგორი სიცარიელე და სიმარტოვეა იმ ტაძარში, საიდანაც გამოტანილია წმინდანთა ხატები. იმის გაცნობიერება, რომ ისინი ჩვენთან ერთად არიან და ლოცულობენ, იქითკენ გვიბიძგებს, რომ ისინი ჩვენს ლოცვებში ჩავრთოთ. წმინდანებისადმი ლოცვით ჩვენი სული უფრო იხსნება და ფართოვდება.

– ცხედრის უხრწნელობა მართლაც ითვლება წმინდანობის ნიშნად?

– ზოგჯერ ასეცაა, მაგრამ ეს კანონს არ წარმოადგენს, რომ ვინმე წმინდანად შერაცხონ. წმინდა სხეულის ნაწილებს განსაკუთრებულ თაყვანს მიაგებენ და თუნდაც სულ მცირე ნაწილსაც კი უდიდესი მადლი და ძალა აქვს. წმინდანთა ნაწილები შეგვიძლია, შევადაროთ სამარხში უფლის სხეულის ყოფნას, რომელიც ღვთაებრივ სულს არ ჰყავდა მიტოვებული და აღდგომას ელოდა.

– მამაო, ამბობენ, ვინც თაყვანს არ სცემს ღვთისმშობელს, ის არც უფალს აღიარებსო. ეს მართლაც ასეა?

– მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს ღვთისმშობელ მარიამს, როგორც "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა", ანუ, როგორც აღმატებულს ყველა ქმნილებაზე. მის წინაშე, როგორც მთელი კაცობრიობის მეოხზე, ისე უნდა ვილოცოთ. ღვთისმშობლის სიყვარული და თაყვანისცემა მართლმადიდებლური სწავლების გულია, რომელიც ათბობს და აცოცხლებს ეკლესიის სხეულს. ვინც თაყვანს არ სცემს ღვთისმშობელს, სწორედაც რომ არ აღიარებს ქრისტეს. მართლმადიდებლური სარწმუნოება არასდროს განაშორებს ძეს დედისგან. ქრისტესთან ერთად თაყვანს სცემს მის დედას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომლისგანაც უფალი კაცობრივი ბუნებით შეიმოსა. ღვთისმშობელი ყველა ადამიანის, ყველა ქრისტიანის დედაა. იგი ცოდვილ კაცობრიობას მეოხებას უწევს უფლის წინაშე, მას გადარჩენაში ეხმარება. წმინდა მარიამის მსახურება დედამიწაზე განსაკუთრებული მადლით არის მოსილი. ეს არ არის ადამიანური ფანტაზიის ნაყოფი. მას მართლაც უდიდესი მადლი გააჩნია.

წმინდა მამები გვასწავლიან, თუ რამე გიჭირთ, სარწმუნოებით ევედრეთ ღვთისმშობელს და მაშინვე დაგეხმარებათო. მას ესმის ჩვენი ვედრება და გვეხმარება. ეს არის სულიერი შეწევნა, დედაშვილური დამოკიდებულება საკუთარი შვილების, ნათესავთა, ქრისტიანთა მიმართ.

– ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას ადამიანს მფარველი ანგელოზი ევლინება, რომელიც მთელი ცხოვრება პატრონობს მას...

– ანგელოზები ხშირად უშუალოდ ერევიან ჩვენს ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა გაიხსენოს, რამდენჯერ გამოგვიხსნა უფალმა განსაცდელისგან, რამდენჯერ გვიწყალობა სიკეთე. იცოდეთ, ყველა ნეტარ, ბედნიერ წუთში უფალი თქვენთან იყო. ხშირად იფიქრეთ ღმერთზე, ღვთისმშობელსა და მფარველ ანგელოზებზე და მათგან მეტ სულიერ სიმტკიცეს მიიღებთ. ჩვენ მარტო არასდროს ვიმყოფებით. მხოლოდ დემონი, ბოროტი სული არ დაგვყვება თან, არამედ ჩვენი მფარველი ანგელოზებიც ჩვენთან არიან, არ გვტოვებენ. მათ ამოჰყავთ ადამიანების სულები ცოდვათა მორევიდან. ამიტომ ყველამ აღვავლინოთ მათ წინაშე ლოცვები და უფალი აუცილებლად შეგვეწევა.


www.sana.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий