воскресенье, 2 февраля 2014 г.

ურთიერთობა.5

თავი 5


ურთიერთობა




"იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ" (იოანე 17:22)

როდესაც ადამიანი განისაზღვრება როგორც "ღმრთის ხატი", ეს განსაზღვრება აფიქსირებს უმთავრესს - ადამიანის კავშირს ღმერთთან, ღმრთის მოწოდებას ადამიანისადმი. რა მოწოდებაა ეს? ეს არის მოწოდება ერთობისა და სიყვარულისკენ. ადამიანი არის პიროვნება და ღმრთის მსგავსება იმ ზომიტ, რა ზომითაც აქვს მას ურთიერთობა ღმერთთან და რა ზომით აღიარებს ის ამგვარ მსგავსებას სხვა ადამიანებში.

ადამიანის არსებობის ერთადერთი აზრი - პირადი უკვდავებაა. "რა არის უკვდავება? - კითხულობს უდიდესი ქრისტეანი ფილოსოფოსი ისააკ ასურელი და პასუხობს: - უკვდავება - ეს ღმრთის შეგრძნებაა", ანუ - პირადი ურთიერთობა ღმერთთან.

"როდესაც ეკლესია ასწავლის მარადიული სიცოცხლის შესახებ, ლაპარაკი სულაც არ არის ერთგვარ მომავალ "მდგომარეობაზე", რომელშიც ადამიანის ამა თუ იმ ნაწილს, - მის "სამშვინველს" თუ "სულს", - ძალუძს გადარჩეს სხეულის სიკვდილის შემდგომ. ეკლესიის რწმენა არის იმაში დარწმუნება, რომ ჩვენი არსებობა განპირობებულია არა მისი ბუნების ფსიქოფიზიკური თვისებებით, არამედ ღმერთთან კავშირით, მისი სიყვარულით ყოველი ჩვენთაგანისადმი. მარადიული სიცოცხლისადმი რწმენა ეს არის დაჯერება იმისა, რომ ღმრთის სიყვარული უცვალებელია ჩვენდამი.

ამავე დროს, მარადიული ცხოვრება იქნება არა მარტო სულის სიცოცხლე, რომელიც გათავისუფლდება ხორცისა და სამშვინველისგან, არამედ სიცოცხლე ახალ იერუსალიმში, რომელიც ასე მკაფიოდ აღწერა იოანე ღვთისმეტყველმა თავის გამოცხადებაში: "მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი" (გამოცხ. 21:1-5).

მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, სიკვდილის პერსპექტივა ადამიანს "დღის დაზოგვას", ღირსეულ ცხოვრებას ასწავლის. ადამიანი ჭვრეტს უკეთესს არსებულიდან, შეჰხარის ყოველგვარ სრულყოფას, მდიდრდება სულიერი გამოცდილებით, მადლობს და ხარობს მიღებული წყალობით (Ильин И. А. Аксиомы религиозного опыта. М., 1993. С. 412).

უკვდავების ქრისტეანული გაგება ასახულია "სიკვდილით შობის" საიდუმლოში. სიკვდილმა უნდა გვირგვინოსან ჰყოს ადამიანის ცხოვრება. მას ისეთი დასასრული უნდა ჰქონდეს, რომელშიც უკვე იქნება გამობრწყინვებული ახალი აღმასვლის დასაწყისი. ის ამქვეყნიური განწმენდის უკანასკნელი ეტაპია, ბოლო სულიერი გამოცდა და ადამიანის მატება, ღმრთისადმი მიმართული სულიერი სიყვარული და უკანასკნელი კითხვა სულიერი შემეცნებისა" (Там же. С. 413).
"ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?" (ინ. 11:26). "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში" 9ინ. 5:24). წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ღმერთთან ურთიერთობა - ეს არის სწორედ პირადი უკვდავება, ხოლო მადლი - სიცოცხლე სამარადისო. ასე გვასწავლიან წმიდა მამები. ღმერთთან კავშირის საბოლოო გაწყვეტა, მისგან სრული გაუცხოება - ეს არის სულიერი სიკვდილი და მარადიული წარწყმედა.

"ხშირად ქრისტეანული ზნეობის დაცვა გაიგივებულია იმ ღირებულებებთან და კანონებთან, რომლებიც თავის მხრივ გამომდინარეობენ სახარებიდან და საეკლესიო გადმოცემიდან. შესაბამისად, სწამთ, რომ ეს ზნეობა განქარდება იქ, სადაც ამ ღირებულებებს უგულებელჰყოფენ, კანონებს კი არღვევენ. ასეთი შეხედულება შეიძლება კარგად იქნეს დასაბუთებული საზოგადოების ინტერესების პოზიციიდან. სავარაუდოდ, ის სწორია და სასარგებლოა საზოგადოებრივი წყობისთვის, ზნეობრივი საკადრისობისთვის. მაგრამ შეუძლებელია სწორად და მით უმეტეს საკმარისად მივიჩნიოთ ის საღვთისმეტყველო პოზიციიდან. რადგან ხსენებული შეხედულება უგულებელჰყოფს ადამიანის კავშირს ქრისტესთან. არადა ქრისტეანის სიმტკიცე ღირებულებათა მიღებისა და კანონთა დაცვის საკითხში, რომელიც სახარებასა და საეკლესიო გადმოცემას ეხება, არავითარ სარგებლობას არ მოიტანს, თუ არ არსებობს უშუალო კავშირი ქრისტეს პიროვნებასთან.

ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმრთის კანონი ან მცნება წარმოსდგება როგორც მისი პირადი ნება. შესაბამისად, ღმრთის კანონის ან მცნების დარღვევა არ განიხილება როგორც უბრალო უწესრიგობა ან კიდევ ზნეობრივი გადახრა, არამედ როგორც ღმრთის ნების უარყოფა, ან კიდევ ღმერთთან ურთიერთობის გაწყვეტა. ღმრთის კანონის ან მცნების ფორმალიზაცია უეჭველ გადახრად გარდაიქცევა, რადგან ამაშია არსი ფარისევლობისა. ახალ აღთქმაში ღმრთისა და ადამიანის ურთიერთობის პიროვნული ხასიათი თავის ლოგიკურ დასრულებას ღებულობს. თვით ღმერთი ხდება ადამიანი და პირად ურთიერთობაში შედის მასთან. ახალი აღთქმის სჯული ხდება ლოგოსი, ქრისტე. ამიტომაც, ძველი სჯულის მცნება გარდაიქმნა მადლად, რომელიც ქრისტემ მოიტანა" (წმ. მელიტონ სარდელი. "პასექის შესახებ").

როდესაც ჩვენი სინდისის თვალსაწიერიდან ქრისტესთან პირადი ურთიერთობის ხასიათი იკარგება, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ ქრისტეანულ ცხოვრებასა და ქრისტეანულ ზნეობრიობაზე. განწყობა, რომელსაც ხშირად ვხვდებით ქრისტეანულ სამაყაროში ისეთია, რომ მორწმუნე ადამიანი მიისწრაფვის დაიცვას ტრადიციით ნაკურთხი ღირებულებები ან კიდევ თანამიმდევრული იყოს ქრისტეანული კანონების დაცვისას, მაგრამ ქრისტესთან რაიმე პირადი ურთიერთობისა და კავშირის გარეშე, რაც უკვე მანკიერებაა. ამგვარი განწყობა აუცილებელია შეფასდეს არა იუდაიზმთან უბრალო დაბრუნებად, არამედ დაბრუნებად მისი ყველაზე დაცემული ფორმით, რომელიც სახარებებში ფარისევლებისა და სადუკევლების სახით არის წარმოჩენილი.

არავინ უარყოფს, ცხადია, ზნეობრივი კანონის ან ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობას საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, ადამიანთა შორის ურთიერთობებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ღმრთის კერძო ნება გამოიხატება ადამიანთა ცხოვრებაში, როგორც ისტორიულად, ასევე ზნეობრივი კანონის სახით, ზნეობრივი ღირებულებების სახით. მაგრამ, ხსენებულ საგანთა მნიშვნელობისდა მიუხედავად არ შეიძლება მათი გაიგივება ქრისტეანულ ზნეობასთან.

როდესაც ქრისტეანი თავის ცხოვრებას ნებისმიერი გარდამავალი კანონებისა და ღირებულებების საფუძველზე აგებს, ის შეიძლება იყოს საზოგადოების უზადო წევრი, სანიმუშო მოქალაქე, წესიერი მეოჯახე, ღირსეული ადამიანი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორი ქრისტეანია იგი. არა იმიტომ, რომ ყოველივე ამას აქვს ანტიქრისტეანული ხასიათი. პირიქით, ის საკმაოდ ღრმად არის დაკავშირებული ადამიანის ბუნებასთან, რომელიც არსით ქრისტეანია, და იზრდება ადამიანში კაცობრიობაზე ქრისტეანული რწმენისა და სწავლების მრავალსაუკუნოვანი გავლენის შედეგად. მაგრამ ეს სათნოებები ნამდვილად ქრისტეანული რომ გახდეს, აუცილებელია შეუერთდეთ ქრისტეს პიროვნებას. უფრო ზუსტად, აუცილებელია წმიდა სამებასთან: მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან შეერთება.

ქრისტე არ მოუწოდებს ადამიანს შეეწყოს კანონებს, განკარგულებებს და ბრძანებულებებს ან კიდევ შეითვისოს ზნეობრივი და ფილოსოფიური პრინციპები. ის ადამიანს მისდამი მიყოლას მოუწოდებს. ხოლო ქრისტესადმი მიყოლის პირობად ღმერთი საკუთარი თავის უარყოფას და სიკვდილისთვის მზადყოფნას გვიყენებს: "მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას" (მათე 16:24-25).

ქრისტე არ ითხოვს ადამიანისგან ისეთს, რომლისთვისაც მრავალგზის არ მიაგებს. აქ ის ადამიანისგან თვით ადამიანს და მის სიცოცხლეს ითხოვს. მაცხოვარი ითხვს რათა ადამიანმა უარყოს საკუთარი თავი და მას მისდიოს, თავისუფლად შესძლოს საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანა, რათა ჭეშმარიტად კვლავ მოიპოვოს. და აქ ლაპარაკია არა კანონების დაცვაზე ან ღირებულებების აღიარებაზე. იმიტომ კი არა, რომ ისინი უსარგებლოა, არამედ იმიტომ, რომ თავისთავად ისინი ჯერ კიდევ არ მიანიშნებენ იმაზე, რომ მიჰყვებიან ქრისტეს.

ვინმეს თუ ქრისტეს მიყოლა და სიკვდილამდე მისი მცნებების ერთგულება არ სურს, რამდენი კანონიც უნდა დაიცვას, რამდენი ღირებული და ღირსეული საქმეც უნდა აღასრულოს, ქრისტეანული თვალსაზრისით ღირებული ამაში არაფერი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, უსჯულოდ და უკანონოდ მცხოვრები, მაგრამ მონანული ადამიანი სჯობია, რადგან სინანული ხომ სულის ცხოვნების პირობაა რასაც ქრისტეს სიტყვებიც ადასტურებს: "მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე 9:13).

ადამიანის ცხოვრება აღესრულება ღმერთთან მისი პირადი ურთიერთობით. ხოლო ეს კავშირი მყარდება ღმრთის სჯულის ან ღვთიურ და ზნეობრივ ღირებულებათა მიერ. ის იქმნება ღმრთის მცნებათა დაცვით, რომელიც არის მარად ცოცხალი ღმრთის მოქმედება ჩვენში, რადგან "მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა" (ინ. 12:50). ეს არის სიცოცხლე, რომელიც სიკვდილს ამარცხებს.

კაცობრიობის ისტორიული არსებობა და საზოგადოებრივი წესრიგი საჭიროებენ კანონებსა და ღირებულებებს. მაგრამ ეს ყოველივე უნდა შეეწეოდეს ადამიანს, და არ ბატონობდეს მასზე, რადგან: "შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის" (მკ. 2:27). ადამიანი ქრისტეანი ვერ გახდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის კანონებისა და განწესებების თანხმიერად ცხოვრობს. ის ქრისტეანი მაშინ ხდება, როდესაც მორჩილებს ღმერთს და საკუთარ ცოდვებს ნანობს, როდესაც ამტვრევს ეგოიზმის ნაჭუჭს და ეხსნება ქრისტეს. როდესაც ის გადაწყვეტს მიჰყვეს ქრისტეს, უარს ამბობს საკუთარ თავზე და მის მცნებებს სიკვდილამდე იცავს. აქ ამჟღავნებს თავს მცნების ბუნება: ქრისტეს მცნება, რომელიც მარადიულ სიცოცხლესთან არის გაიგივებული; ეს არის ორმაგი მცნება სიყვარულისა, - ღმრთისა და მოყვასისადმი.

ქრისტეანული სული უპირველეს ყოვლისა მოიცემა ცხოვრებისეულად. ქრისტეანული ცხოვრება უნდა გამოხატავდეს ქრისტეანული რწმენის შინაარსს. ის უნდა აქეზებდეს სხვებს გასინჯონ ქრისტეანული ცხოვრების წესი. ასე რომ, საბოლოოდ, საზოგადოების გამოსწორება - ეს არის ადამიანის პირადი გამოსწორების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველი ჩვენთაგანი - საზოგადოების წევრია და როდესაც საკუთარ თავს ვასწორებთ, საზოგადოების რაღაც ნაწილსაც ვასწორებთ, ერთდროულად კი ვქმნით ჯანსაღი ცხოვრების კერას.

მაგრამ, როდესაც საზოგადოების გამოსწორების საკითხს განვიხილავთ, როგორც კერძო საქმეს, უპირველეს ყოვლისა მხედველობაში გვაქვს ის, რომ არ შეგვიძლია მოვითხოვოთ სხვისგან ეს გამოსწორება. თუკი თვით ღმერთი ძალდატანებით არავის ასწორებს, როგორ შეგვიძლია ჩვენ ამისი გაფიქრება? სხვა ადამიანის თავისუფლების პატივისცემა ყოველგვარი ქრისტეანული მოღვაწეობის საფუძველთა საფუძველია.

მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ საკუთარი თავის გამოსწორება ოდენ საკუთარი ინტერესებით შემოფარგვლასა და თვითჩაკეტილობას როდი ნიშნავს. ადამიანი არსებობს როგორც პიროვნება და ყოველთვის სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში ვითარდება. თვითშეზღუდვა და კარჩაკეტილობა შესაძლოა საჭირო იყოს დროის რაღაც მონაკვეთში, თვითკრიტიკისა და თვითჩაღრმავების მისაღწევად. მაგრამ ქრისტეანის მიზანი სულაც არ არის საკუთარი თავით შეზღუდულობა და ჩაკეტილობა, არამედ მთელი კაცობრიობისადმი სამახარობლო საქმის ქადაგება.

სააღდგომო ტროპარში ვგალობთ, რომ ჩვენმა უფალმა "სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა". ხოლო ქრისტეს სიკვდილი, ლიტურგიის მიხედვით, - "ცხოველმყოფელია". "სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1 კორ. 15:55). ხოლო "სიკვდილის ნესტარი ცოდვაა" (1 კორ. 15:56), ანუ გაუცხოება (რადგან ცოდვა ღმრთისგან აუცხოებს ადამიანს). ჯვარზე თავისი სიკვდილით გამოაძრო რა სიკვდილის ნესტარი (გააუქმა გაუცხოება) მაცხოვარმა, გააუქმა სიკვდილი როგორც გაუცხოება ღმრთისგან, როგორც სიცოცხლისგან მოკვეთა. "მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ" (1 კორ. 15:57). სწორედ ამიტომ განკაცდა ქრისტე, ამისთვის ეცვა ჯვარს და მკვდრეთით აღსდგა.

ქრისტე იმიტომაც იწოდება მაცხოვრად, რომ გვიხსნა გაუცხოებისგან, ანუ ცოდვისგან (შეად. მათე 1:21). "რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა" (ეფეს. 2:16-22). მხოლოდ განკაცებული მხოლოდშობილი ძისგან ღებულობენ ადამიანები ჭეშმარიტ და დაუღამებელ სიცოცხლეს, მარადიულობას. "რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას" (ეფეს. 2:18).

"აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან" (გამოცხ. 3:21).


გაგრძელება

თავი 6

სახელი

Комментариев нет:

Отправить комментарий