воскресенье, 2 февраля 2014 г.

სახელი.6

თავი 6


სახელი




ადამიანის სახელი - ეს მის პიროვნებაზე მინიშნებაა, მის სულზე, რომელიც ადამიანის ბუნების უმთავრესი ნაწილია. სახელი ადამიანს გამოჰყოფს მილიარდობით სხვა ადამიანისგან და მისი პიროვნების განუმეორებლობას ადასტურებს.

მამა, ძე და სულიწმიდა - სამი პიროვნება და სამი სახელია და რადგანაც კაციც ღმრთის ხატადაა შექმნილი, ისიც პიროვნებაა. თვით ღმერთმა მისცა მას სახელი "ადამი" უწოდა, რითაც უფალმა ღმრთის ხატებისა და მსგავსების ერთგვარი ნიშანი მისცა. "გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში" (ლუკა 10:20), - ეუბნება უფალი სახარებაში თავის მოწაფეებს და მხედველობაში აქვს მათი მომავალი მონაწილეობა მარადიულ ცხოვრებაში. ამრიგად, სახელი ეს არის ერთგვარი "პიროვნების მოწმობა", რომელიც აძლევს ადამიანს უფლებასა და შესაძლებლობას ურთიერთობაში იყოს ყოვლადწმიდა სამებასთან, მონაწილეობა მიიღოს მარადიულ ცხოვრებაში, რომელიც პიროვნებათა ურთიერთობაა. ღმრთის სასუფეველი ეს არის პიროვნებათა ურთიერთობა სიყვარულში, მაშინ როდესაც ჯოჯოხეთი - ამგვარი ურთიერთობა არარსებობაა.

სახელი არა მარტო პიროვნების აღნიშვნაა, არამედ მისი აღიარებისა და მოწოდების საშუალებაც. ადამიანები ურთიერთობას სწორედ სახელთა მეშვეობით ამყარებენ. მეტიც, წმიდა ხატი, მართლმადიდებლური სწავლებით, თავის პირველხატთან სწორედ სახელით არის დაკავშირებული, რომელიც ხატს აუცილებლად აწერია. როდესაც მორწმუნე კაცი უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ანგელოზთა ან წმინდანთა ხატებს უმზერს და გამოსახულებას მათ სახელს უწოდებს, სწორედ ამ სახელწოდებით შედის ცოცხალ და ლოცვით ურთიერთობაში მასთან. ხატთაყვანისცემის შესახებს საეკლესიო დოგმატის მიხედვით, რომელიც მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ჩამოყალიბდა, "პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულ არსებას (ანუ პიროვნებას - ავტ.)". აქედან კი გამომდინარეობს, რომ ხატმებრძოლეობის მწვალებლობა საკუთარ თავში შეიცავდა პიროვნული საწყისის უარყოფას, როგორც საერთოდ ყოველი ერესი და ცრუსწავლება (თუკი მათ ამ კუთხით ყურადღებით განვიხილავთ).

რატომ ანიჭებდნენ წმიდა მამები სულიერი ცხოვრებისთვის ასეთ დიდ მნიშვნელობას იესუს ლოცვას? იმიტომ, რომ, ამ ლოცვის დროს, როდესაც ვუხმობთ იესუს სახელს (აქედან ლოცვის სახელწოდებაც), ადამიანი ცოცხალ ურთიერთობაში შედის უფალთან, უერთდება მას სიყვარულით ქრისტეში. ღმრთის სახელის განუწყვეტელი მოწოდება, ანუ განუწყვეტელ ლოცვა - ეს არის სულის ცხოვრება, ცოცხალი და პიროვნული ღმრთისადმი სიყვარულისა და ერთგულების გამოხატულება.

ღმრთის სახელის მეშვეობით, როდესაც ის რწმენით გამოითქმება, ურთიერთობას ვამყარებთ ღმერთთან. რწმენა, მოციქულ პავლეს თქმით, ეს არის "უხილავისადმი რწმენა" (ებრ. 11:1). ანუ, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ პიროვნული ღმრთის არსებობაში და იმაშიც, რომ ღმერთს ესმის ჩვენი ვედრება, გვისმენს და შესაძლებლობას გვაძლევს მასთან პიროვნული ურთიერთობისა. ამ დროს, ჩვენში იღვიძებს არა მარტო რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, არამედ "ღმრთიშემეცნებაც".

"პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს. უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში. უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ" (გამ. 33:11-12, 17).

წმიდა წერილიდან ვიცით, რომ მარადიულად იცხოვრებენ ისინი, ვისი სახელებიც სიცოცხლის წიგნში ჩაიწერება (იხ. მაგ.: გამოცხ.: 13:8). "უფალო, - შეჰღაღადებდა მოსე უფალს, რათა ებრაელი ერი შეეწყალებინა, - დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან" (გამოცხ. 32:31-32). "მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, - ბრძანებს უფალი აპოკალიფსისში, - არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (გამოცხ. 3:5-6). და კიდევ სხვა ადგილას: "მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (გამოცხ.: 3:12-13).

მომავალ, საუკუნო ცხოვრებაში მონაწილეობა, ზეციურ იერუსალიმში ცხოვრება, ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას და "მისი პირის ხილვას" გულისხმობს. წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ამის შესახებ ნათქვამია: "იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი" (გამოცხ. 22:4). "ღმრთის სახელით აღბეჭდვა კი ეს არის პიროვნული შეხვედრა ღმერთთან, მისი იპოსტასური თვითგამოცხადება" (Прот. С. Булгаков. Апокалипсис Иоанна: Опыт догматического истолкования. С. 248).

სახელის მნიშვნელობის შესახებ ა. ფ. ლოსევი წერდა: "სახელის ბუნება არსში ან მის გამოვლენაში არ მდგომარეობს, ანუ სახელი თავისთავად არ არის არსი (საგნისა და სუბსტანციის თვალსაზრისით), ის არც მოვლენაა, თავისთავად აღებული, რომლის გაიგივება არ შეიძლება არც თავისთავად არსთან, არც საკუთარი თავის გამოვლენასთან, რადგან ის სიმბოლოა... არამედ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თუკი სახელზე ვლაპარაკობთ, ჩვენი "სიმბოლო" წმიდად პიროვნული შინააარსით უნდა იყოს აღსავსე. ამდენად, სახელის უბრალოდ პიროვნებად მიჩნევას ვერ დავუშვებთ, რაგან სახელი თავისთავადი როდია სუბსტანციური თვალსაზრისით; ხოლო პიროვნება, უპირველეს ყოვლისა, სუბსტანციაა... სახელი ეს არის განსხვავებულობა სხვისგან... სახელდებული პიროვნება თვითონაც აღიარებს ამ სახელებს და მათ მოწოდებას ეხმაურება" (წიგნიდან "Философия имени").

თავის ნაშრომში "სახელები" მღვდელი პავლე ფლორენსკი წერს: "საზოგადოებრივი სახელის საბოლოო დაკარგვა ყოველთვის აღნიშნავდა სამოქალაქო და ისტორიულ სიკვდილს, საბოლოო გაქრობას ისტორიის ჰორიზონტიდან; და პირიქით, ისტორიაში შესვლა, მასში საკუთარი ადგილის დაკავება, ყოველთვის იყო დაკავშირებული "საკუთარი სახელის შექმნასთან", რომლის უმაღლეს გამოხატულებას წარმოადგენს სახელის მარადიული ხსოვნა ეკლესიის კრებითი ცნობიერებისა და ღმრთის მიერ. ის, რომ ღმერთს ესა თუ ის სახელი ახსოვს, ნიშნავს ამ "მე"-ს მარადიულ არსებობას, ხოლო ყოფიერებასთან კავშირის საბოლოო გაწყვეტა ღმრთისგან მივიწყებისა და სიცოცხლის წიგნიდან ამოშლის ტოლფასია" (Свящ. Павел Флоренский. Имена / Малое собр. соч. Вып. 1. 1993.)

დღეს მრავალ ქრისტეანს, რომელიც ეწინააღმდეგება ანტიქრისტეანულ გლობალიზაციას და იცავს ადამიანის უფლებას არ დაკარგოს თავისი ქრისტეანული სახელი, ზოგჯერ სახელღმერთობის (имябожничество), ანუ სახელთაყვანისცემის (имяславие) მწვალებლობაშიაც კი დებენ ბრალს და ამის დასტურად ზოგიერთ თანამედროვე ღვთისმეტყველსაც იმოწმებენ, რომლებსაც ამგვარი გადახრები ჰქონდათ. ამიტომაც, ძალზედ მნიშვნელოვანია განიმარტოს, რას იზიარებენ გლობალიზაციის მოწინააღმდეგე ქრისტეანები და რას არა ამ ღვთისმეტყველთა თხზულებებიდან. მაგალითად, სერგი ბულგაკოვი მისდევდა "სოფიის, ანუ ღმრთის სიბრძნის", როგორც "მსოფლიო სულის" შესახებ მწვალებლურ შეხედულებას (ე. წ. "სოფიოლოგია"), ასევე სწავლებას მომავალი აპოკატასტასისის (აღდგენის, განწმენდის) შესახებ, რომლის თანახმადაც ჯოჯოხეთური წამება მარადიული არ იქნება და საერთო ჯამში ყველა ცოდვილი ცხონდება, თვით დაცემული ანგელოზებიც კი (სატანის ჩათვლით).

მაგრამ, ყოველი მსჯელობა სახელის შესახებ ცრუ და მწვალებლური როდია. გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებს თავის სტატიებსა და წიგნებში მოჰყავთ დეკანოზ სერგი ბულგაკოვის, მღვდელ პავლე ფლორენსკის და ფილოსოფოს ა. ფ. ლოსევის შეხედულებები სახელის შესახებ მხოლოდ იმისთვის, რათა აჩვენონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა, რამდენად მნიშვნელოვანია დაიცვა დღეს ღმრთის ხატება და მსგავსება, ღმრთისგან ბოძებული პატივი პიროვნებისა და წმიდა კერძო სახელი, ყოველ ქრისტეანს ნათლობიდან რომ ენიჭება. ჩვენ შევიწყნარებთ მითითებულ მოაზროვნეთა ზოგიერთ შეხედულებას, მაგრამ უარვყოფთ სხვა მოსაზრებებს, კერძოდ კი მათ, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებებს მოცემულ საგანზე.

ჩვენ არ თანავუგრძნობთ ე. წ. "სახელღმერთობის" ცრუ სწავლებას, რომლის მიხედვითაც "ღმრთის სახელი თვით არის ღმრთის უქმნელი ენერგია" და, რომ "ღმერთი თავის სახელში არსებითად და განუყოფლად იმყოფება ისე, როგორც ღმრთის არსი მისი ენერგიისგან", რომ "ღმრთის სახელი (განსაკუთრებით კი სახელი "იესუ") თვით ღმერთია". ასე ასწავლიდა, მაგალითად, სახელღმერთობის "ბელადი" მღვდელმონაზონი ანტონი (ბულატოვიჩი). და ეს სწავლება, საღი, მართლმადიდებლური აზროვნებით, რა თქმა უნდა, უმეცრებაა.

მართლმადიდებლური შეხედულება ამ საკითხზე ასეთია: ღმრთის სახელები აღნიშნავენ ღმერთს, უთითებენ მასზე, მაგრამ თავისთავად სახელი ღმერთი როდია. ღმრთის სახელები - ღმრთის ხატებია, რომლებსაც ჩვენი გონება, მლოცველის გონება პირველხატამდე (ანუ ღმრთის პიროვნებამდე) აჰყავთ, მაგრამ თავად როდია პირველხატი (ანუ თავად როდია ღმრთის პიროვნება).

სახელი თავისთავად არ არის პიროვნება, არამედ მინიშნებაა, სიმბოლოა. "სახელები აღნიშნავენ მხოლოდ არსს, მაგრამ თავად როდი არიან არსნი" (წმ. ბასილი დიდი. "ბოროტმეტყველი ევნომეს უარყოფა"). "სხვაა საგანი, რომელიც თავისი ბუნებით სახელდებას ექვემდებარება, და სხვა - სახელდება, რომელიც საგანს აღნიშნავს. ყოფიერება - ერთი და იგივე როდია სახელწოდებასთან" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. "ევნომეს უარყოფა").

ამრიგად, კვლავ ჩვენს თემას თუ დავუბრუნდებით, ჭეშმარიტ ქრისტეანებს დღეს საიდენტიფიკაციო ნომრების მიღება არ სურთ არა იმიტომ, რომ მათი აზრით, კერძო სახელები ეს მათი პიროვნებებია, არამედ იმიტომ, რომ კერძო სახელი მათი პიროვნების აღმნიშვნელი სიმბოლოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელი იმაზე უთითებს, რომ ადამიანი არის ღმრთის ხატი, ღმერთს მიმსგავსებული პიროვნება.

აი რატომ არის უსაფუძვლო და უაზროც კი იმ ქრისტეანთა სახელღმერთობაში დადანაშაულება, რომლებიც მხეცის სამეფოს დადგომას ეწინააღმდეგებიან (ასეთივე უაზრობა იქნებოდა "კაბალისტიკაში" იმ მორწმუნეთა დადანაშაულება, ვისაც ციფრების "ეშინია" და "მნიშვნელობას ანიჭებს მათ"; თუმცა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ვინმეზე თუ შეიძლება ითქვას კაბალისტიაო, სწორედ ისინი არიან, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ციფრულ სახელწოდებებს ნერგავს).

ბოლოს და ბოლოს, სახელღმერთობის მიმდევარნი, უმთავრესად, ღმრთის სახელის შესახებ ასწავლიდნენ (აქედან მომდინარეობს მათი მწვალებლობის სახელწოდებაც), მაშინ როდესაც, გლობალიზაციასთან მებრძოლი მართლმადიდებელი ქრისტეანები იცავენ ადამიანთა სახელებს და უთითებენ, რომ დაუშვებელია მათი "კაცის რიცხვით" (იხ. გამოცხ. 13:18) შეცვლა. რადგან ჯერაც არავის მოსვლია აზრად მიმართოს ღმერთს, როგორც დანომრილ არსებას.

უნდა მოვერიდოთ უკიდურესობებს. ერთის მხრივ, არ შეიძლება ითქვას, რომ სახელს საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა; რომ, თითქოსდა პიროვნული სახელით იდენტიფიცირებასა და ციფრული კოდის მეშვეობით ადამიანის იდენტიფიცირებას შორის არ არის განსხვავება. მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე არ შეიძლება სახელს მივანიჭოთ ის მნიშვნელობა, რომელსაც სახელღმერთობის მიმდევარნი ანიჭებენ.

ადამიანის სახელი - ეს არის მისი პიროვნების აღნიშვნა და არა თვით პიროვნება. ამ სიტყვებშია ჩვენი პოზიცია. ღმერთი პიროვნებაა. მაშასადამე, ღმრთის სახელი მისი პიროვნების აღმნიშვნელია და არა თვით ღმერთი. აი, ჩვენი "ფორმულა". თუკი ჩვენს წიგნში რაიმე ზუსტად წმიდა მამათა სიტყვების შესატყვისად ვერ გამოვხატეთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თანხმობაში არ ვართ წმიდა მამებთან. ჩვენ "პროფესიონალი ღვთისმეტყველები" როდი ვართ (როგორც პაისი მთაწმინდელი ამბობდა), ჩვენი მთავარი მიზანია ვაჩვენოთ ანტიქრისტეანული სისტემის მიერ დანერგილი, პიროვნების გამაუსახურებელი, მხეცური პრაქტიკის არსი და ამის შესახებ გავაფრთხილოთ ერი ღმრთისა. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აკისრია ღმრთის წინაშე ღმრთისმსახურებს, სამღვდელოებას.



გაგრძელება

თავი 7

პიროვნების უარყოფა

Комментариев нет:

Отправить комментарий