пятница, 28 февраля 2014 г.

განათლებულ ადამიანს, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ „რაღაც“ არსებობს

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


განათლებულ ადამიანს, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ „რაღაც“ არსებობს



შენ წერ, რომ ბოლოს და ბოლოს „რაღაც“ უნდა არსებობდეს. ამბობ, რომ რომელიღაც უდიდესი ასტრონომის წიგნი წაიკითხე ვარსკვლავების შესახებ და თვალში მოგხვდა ამ ცნობილი მეცნიერის მტკიცება, - „სამყაროში უფლის გარეშე ყოველივე აუხსნელია“. და ამან გაიძულა, დაგესკვნა, რომ „რაღაც“ არსებობს.

თქვი, ლაზარეს ძეო „ღმერთი არს!“ - და გიხაროდეს! არის „რაღაც“ - ასე ამბობს მრავალი განათლებული ადამიანი. მაგრამ თუკი სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ სიტყვა „რაღაც“-თან ერთად იქნები, შენი სიცოცხლე არარაობად დარჩება.

ერთი წამიერი წინათგრძნობა, რომ ხილული სამყარო დიდ საიდუმლოს შეიცავს, - ეს ჯერ კიდევ არ არის ის ცხოველმყოფელი და ნაყოფიერი რწმენა, რომელიც ჩვენს გზას ანათებს და მიზანს მიგვითითებს.

ვთქვათ, რომ „რაღაც არსებობს“ - ჯერ კიდევ არ ნიშნავს დღის სინათლის ხილვას. ეს ნიშნავს, რომ მგზავრმა შენიშნა თავისი გაფართოებული გუგებით ესესაა ღამის უკუნში განთიადის მოახლოება. ხოლო მზის ამოსვლამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. რომ გეთქვა: „არსებობს ვიღაც“, ცისკარი წამოენთებოდა შენი ცხოვრების ჰორიზონტზე.

შეიცან შემოქმედი შენი, ძვირფასო ძმაო! ეს მის ქმნილებათა შეცნობაზე უფრო მნიშვნელოვანია. ნუ შეავსებ მათ რიგებს, ვის შესახებაც მოციქული ამბობდა: „ჰმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა“ (რომ. 1,25). ის, უზენაესი მხატვარი დგას საკუთარი ნაწარმოების წინაშე.

შენ მეტად გაგიტაცეს მისმა მშვენიერმა ტილოებმა, რომელნიც ჯერ თვალს უხელენ, შემდეგ კი აბრმავებენ. რატომ არ მიეახლები მხატვარს და არ გაეცნობი მას? ქრისტე სწორედ იმისთვის ჩამოვიდა მიწაზე, რომ ხელი გამოგიწოდოს და შემოქმედს გაგაცნოს. იგი ვინც არ მიუახლოვდება მხატვარს ამ სამყაროში, მის განსაცვიფრებელ სახელოსნოში, არ გაეცნობა მას, არ წარუდგება და თაყვანს არ სცემს, იგი არ დაიშვება მის ზეციურ სასახლეში.

მე ამას დაკრძალვიდან დაბრუნებული გწერ. ოხრიდში ერთი ღვთისმოსავი ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილის სარეცელზე მის სახე იყო ნათელი, უფრო ნათელი, ვიდრე სიცოცხლეში. რწმენით ცხოვრობდა და რწმენაში განისვენა. სრულიად ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბრძენი. შენ კი უკვე ახალგაზრდა აღარ ხარ.

მშვიდობა შენდა და წყალობა უფლისა.


„მისიონერული წერილები“ (წერილი 54), თბილისი, 2005 წ.


Комментариев нет:

Отправить комментарий