суббота, 22 февраля 2014 г.

მტკიცედ აღვიბეჭდოთ მეხსიერებაში: როდესაც სხვები დამორჩილდნენ

და სულით დაეცნენ, მატათია მამაცურად იცავდა უფლის სჯულს (I მაკაბ., თავი 2); როდესაც ებრაელები დაიფანტნენ და ღმერთის რწმენისაგან განდგომა დაიწყეს, ილიამ გასძლო თავის დიად ბრძოლაში; დანიელი ვერ შეაშინა ვერც მარტოობამ უცხო ქვეყანაში, ვერც უმოწყალო დევნამ და მან არაერთგზის ვაჟკაცურად დაამტკიცა თავისი სარწმუნოება; სამი ყრმა მუქარამ ვერ გასტეხა, ბაბილონის ცეცხლს მათ თავიანთი სარწმუნოება დაუპირისპირეს და ტყვეებმა გამარჯვებულით მეფე დაამარცხეს. თუმცა არიან ამჟამად ორპირნი და გამცემელნი, რომელნიც ეკლესიაში იმყოფებიან და ეკლესიას აღუდგებიან, არყევენ სარწმუნოებასა და სიმართლეს, მაგრამ უმეტესობა იმარხავს საღ გონებას, წმიდა რელიგიას და სულს – მხოლოდ თავისი ღმრთის ერთგულს. სხვისი ორგულება ვერ არღვევს მათ ქრისტიანულ რწმენას და უფრო მეტადაც განაცხოველებს მას, წარმართავს ზეციური დიდებისაკენ, თანახმად ნეტარი მოციქულის სიტყვებისა, რომელიც გვარწმუნებს და გვეუბნება: "არამე რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ. იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ და ყოველი კაცი ცრუ" (რო. 3.3-4). თუკი ყოველი კაცი ცრუა და სიმართლე მხოლოდ ღმერთთანაა, მაშ ღმრთის მონებმა და განსაკუთრებით ეპისკოპოსებმა რა უნდა აკეთონ? – დაუტეონ კაცობრივი სიცრუე და გზააბნეულობა, დაიცვან უფლის დანაბარები და ღმრთის სიმართლე შეიმოსონ (წერილი 67).




წმიდა კვიპრიანე კართაგენელი (III ს.)








Комментариев нет:

Отправить комментарий