понедельник, 10 февраля 2014 г.

ერთ სერბ პატრიოტს, რომელიც ამტკიცებს, რომ უფრო მნიშვნელოვანია იყო პატიოსანი სერბი, ხოლო რწმენა - მეორეხარისხოვანია -

მეც ვამბობ: საკმარისია იყო კარგი სერბი, მისდიო საუკეთესო და სახელგანთქმული სერბების მაგალითს, რომლებიც უკანასკნელი ათასწლეულის მთელი მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა რიგებში დგანან. თუმცა, გადაჭრით ვერ ვიტყვი იმას, როგორც შენ ამბობ, რომ რწმენა - მეორახარისხოვანია, რადგან ეს რომ მეთქვა, ყოველი სერბი მატყუარად ჩამთვლიდა.

შენ კარგი სერბი ხარ. თუკი გაქვს მეფე ვლადიმერის მოწყალე სული, ნემანის სიმტკიცე, წმინდა საბას ქრისტესმოყვარება, მეფე მილუტინის თავგამოდება, სტეფან დეჩანსკის თვინიერება, მეფე უროშის თავმდაბლობა, თავად ლაზარეს თავგანწირვა, ბანი სტრახინის ვაჟკაცობა, მარკო კრალევიჩის სიმართლისმოყვარება, ძმები იუგოვიჩების დედის გული, თავადის ასულ მილიცას ერთგულება და სიკეთე, კოსოვოელი ქალწულის თანაგრძნობა, დატყვევებული მიწის მოთმინება, ბრმა გუსლიარების გამჭრიახობა, სერბი ბერებისა და მღვდელთმსახურთა სიბრძნე, უბრალო გოგონათა კდემამოსილება, სახალხო მომღერალთა შთაგონება, სახალხო ხელოსანთა ნიჭიერება, მქარგველთა და მქსოველთა სინატიფე და მოთმინება, სახალხო მთქმელთა სიზუსტე, სერბ გლეხთა ზომიერება და თავშეკავება, ნათელი და ბრწყინვალება სერბთა გაქრისტიანების დღესასწაულისა.

განა ყოველივე ეს რწმენისაგან არ არის? ჭეშმარიტად, ყველაფრის საფუძველი და ფესვი, რაც მე ჩამოვთვალე, - ქრისტეს რჯულია. თუ არ არის შენში შენს კეთილისმყოფელ, სახელოვან წინაპართაგან არც ერთი - შენ კი სერბად იწოდები, - მაშინ ცნობილი ფირმის ცარიელ ვიტრინას გავხარ. ამას კი, ვგონებ, არც შენ უსურვებ საკუთარ თავს და არც მე გისურვებ.

უთხრა ვინმეს: „იყავი კარგი სერბი, ხოლო რწმენა მეორეხარისხოვანია“. - იგივეა, ცხვარს რომ უთხრა: მთავარია იყო გამოკვებილი, ხოლო საძოვარი მეორეხარისხოვანია! ვერავინ შეძლებს, იყოს კარგი სერბი, თუ, უპირველესყოვლისა, არ იქნება კარგი ადამიანი. დედამიწის ზურგზე არ ყოფილა და არც არის სხვა ძალა, რომელიც შეძლებდა, გაეხადა ადამიანი სრულყოფილი, გარდა - ქრისტეს რჯულისა. ამიტომ, ნუ ისურვებ სერბობას სულიერი საუნჯის გარეშე. რადგან არ გამოგადგება უჭკუო კაცი დამრიგებლად, არც ურწმუნო სერბი თანამშრომლად.


გისურვებ მშვიდობას და სალამს გიძღვნი.


წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

„მისიონერული წერილები“ (წერილი 15), თბილისი, 2005 წ 


Комментариев нет:

Отправить комментарий