понедельник, 10 февраля 2014 г.

მართლმადიდებელ მოსწავლეს - რატომ არ ჰყავთ მართლმადიდებლებს პაპი

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


ჰყავთ მართლმადიდებლებს თავიანთი „პაპი“. დედამიწის ზურგზე ყველა პაპსა და პატრიარქზე აღმატებული. ის იყო დასაბამიდან და იქნება ბოლომდე. ეს ის „პაპია“, რომელსაც მოუწოდებდა ქრისტეს ყველა მოციქული: - სულიწმიდა, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული ნუგეშისა და უფლის ძალისა. ისაა - ჭეშმარიტი პაპი ქრისტეს ეკლესიისა დასაბამიდან უკუნისამდე, გარეშე ცვლილებებისა, დისკუსიებისა და არჩევისა, წინამორბედებისა და მემკვიდრეებისა. ის, რომ მოციქულნი თავიანთ უზენაეს მეთაურად სულიწმიდას აღიარებდნენ, დამტკიცებულად ვიცით დოკუმენტიდან, რომელიც მათივე ხელითაა ნაწერი. პირველ კრებაზე იერუსალიმში მოციქულებმა ჩაწერეს ცნობილი სიტყვები: „რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან“ (საქ. 15,28). ყოველი კრების წინ მას ევედრებოდნენ, მას მოუხმობდნენ, უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. განა ასე არ იქცევიან მართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსთავარნი დღემდე? ყოველი კრების წინ ისინი უპირველეს ყოვლისა თავიანთ უცოდველ პაპს - სულიწმიდას მიმართავენ. შიშითა და თრთოლვით ითხოვენ მის კურთხევას ყველა საქმეში და უსიტყვოდ ემორჩილებიან მას. და არა მარტო ეკლესიის მეთაურნი, არამედ მართლმადიდებლურ სახელმწიფოთა მეთაურები, მინისტრები, სახალხო რჩეულები სულიწმიდასადმი ლოცვით იწყებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხსნიდნენ კრებას. ასევე იქცეოდნენ და იქცევიან სკოლის მასწავლებლები: სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად აღავლენენ ლოცვას სულიწმიდისადმი. ყოვლადკეთილი, ყოვისშემძლე და ყოვლისმხედველი სულიწმიდა ყველას ხელმძღვანელობს, ყველაფერს ამაგრებს და ყველაფრის შთამაგონებელია: - ეკლესიისა, სახელმწიფოსი და განათლებისაც. და მართავს არა ძალადობით, როგორც მიწიერი დიქტატორები, არამედ, როგორც მამა, სიბრძნითა და სიყვარულით. ცნობილია თქვენთვის, რომ ბერძნული სიტყვა „პაპი“ თარგმანში „მამას“ აღნიშნავს. შესაბამისად, თავის ყველაზე პირდაპირი ისტორიული და ზნეობრივი გაგებით სულიწმიდა - ჩვენი მამა, ჩვენი პაპია. მაშ, რაღად სჭირდება მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ ერთი მამა და პაპი? განა თვით უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ არ გაგვაფრთხილა მიწიერ „პაპებსა“ და „მამებთან“ დაკავშირებით? ცხრამეტი ასწლეულის წინ გვიქადაგა მან: „მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთ არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა“ (მათე 23,9). 

მშვიდობა თქვენდა და ჯანმრთელობას უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 47), თბილისი, 2005 წ.


orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий