вторник, 18 марта 2014 г.

ყმათა ღაღადი...

იმის წინასწარმეტყველებას, რაც 16 მარტს ყირიმში მოხდა, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვიტყვი _ ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემს წინა სტატიებში გამოთქმული ვარაუდების ნაწილი უკვე ახდა გამართული რეფერენდუმის სახით. დიახ, ნაწილი, რადგან ყირიმი მხოლოდ დასაწყისია უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე შეუქცევადი პროცესისა, მაგრამ ამაზე _ ქვემოთ...

თუ ალექსანდრე ნეველის მიერ კულიკოვოს ველზე 1380 წლის რუსულ «ძლევაი საკვირველს» და ივანე მრისხანეს მეფობასაც «გამოვტოვებთ», რუსეთის ზესახელმწიფოებრივი ამბიციების საწყისი პეტრე დიდის მეფობა გამოვა. თუმცა რუსეთის პირველმა იმპერატორმა მხოლოდ ბალტიიდან გაჭრა ევროპაში სარკმელი და შავ ზღვაზე «ფეხის მოკიდება» ვერ შეძლო; სამაგიეროდ, ეს მისია წარმატებით განახორციელა ეკატერინე II-მ, რომელმაც დღევანდელი საჯილდაო ქვა, ყირიმის ნახევარკუნძული, მოაქცია რუსეთის იმპერიაში, მანვე დააარსა ქალაქი სევასტოპოლი (და არამარტო), როგორც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის აკვანი!..


მას მერე, საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე რუსეთის იმპერია ძლევამოსილების ზენიტში იმყოფებოდა, რომელსაც წერტილი ნიკოლოზ II-ს უნიათობის გამო ბოლშევიკურ-ტროცკისტულმა გადატრიალებამ დაუსვა!


თუმცა, როგორც თავად რუსები უწოდებენ რუსეთს, «სვეტაია რუს» ღმერთმა არ გაწირა და ტროცკისტი მასონებისგან მხსნელად ქართველი სტალინი მოუვლინა, რომელმაც ყველა წინამორბედს გადააჭარბა და, მიუხედავად მაშინდელი დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკადისა (ეს იმათ საყურადღებოდაც, ვისაც ე. წ. სანქციებით რუსეთის დაშინების იმედი აქვთ), რუსეთის უძლიერესი ბირთვული იმპერია სსრკ-ის სახით დედამიწის 1/6-ზე გადაჭიმა!


სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვ-ბრეჟნევის მსგავსმა ნეოტროცკისტებმა ანგრიეს, გამოხრეს, ძარცვეს სტალინის გენიის ინერციით მავალი სსრკ, რომელსაც საბოლოო წირვა ამერიკელების ტყლიპიანმა ხელისბიჭმა _ მიხეილ გორბაჩოვმა გამოუყვანა...


ამ მცირე ისტორიული ექსკურსიდან, როგორც მინიმუმ, 2 რამ ჩანს: პირველი, რომ ყირიმი სწორედ რუსული მიწაა და არა უკრაინული; რაც მთავარია, ვლადიმერ პუტინის დღევანდელი ქმედებები რიგით მესამე ცდაა, რუსეთის ძლევამოსილების აღდგენისა და მართლაც, ცივ ომში დამარცხებულმა რუსეთმა ბოლო ოცწლიანი კრუნჩხვა-ჭინთვების შემდეგ, როგორც იქნა, გააკეთა ისტორიული არჩევანი და ყირიმ-სევასტოპოლის დაბრუნებით, რაც უკვე ფაქტია, კვლავ მეორე პოლუსად მოევლინა მსოფლიოს. იმ მსოფლიოს, რომელიც, რუსეთის პოლიტიკურ-სამხედრო-ეკონომიკური ინერტულობის გამო, «ლაჯებში ჰყავდა ამოდებული» აშშ-სა და მის სატელიტ ევროკავშირს _ ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ 16 მარტამდელი და 16-ის შემდგომი სამყარო ორი სხვადასხვა რამ არის...


არსენ იაცენიუკი (ევრომაიდანის მთავარი იდეოლოგი), ალექსანდრე ტურჩინოვი (რადას ბაპტისტი სპიკერი), ალექსანდრე მუზიჩკო, იგივე «საშკო ბელი» და დიმიტრი იაროში (ტერორისტები), არსენ ავაკოვი და ალექსანდრე კირში (ორივე ჰომოსექსუალი), იულია ტიმოშჩენკო (უკრაინაში კორუფციის დედა), ვიტალი კლიჩკო (კრიმინალური ავტორიტეტების პატრნიორი), ოლეგ ტიგნიბოკი (პირწავარდნილი ბანდერელ-ფაშისტი) _ აი, ნამდვილი სახე ამერიკული დემოკრატიისა და არასრული ჩამონათვალი თეთრი სახლის ყმებისა, რომელთა საშუალებითაც მოახდინა აშშ-მა ფაშისტურ-ბაპტისტურ-პედერასტული სახელმწიფო გადატრიალება და რომლებიც ახლა «ღაღადებენ» თეთრი სახლისა თუ ევროსაბჭოს კაბინეტ-კორიდორებში და «აგრესორი რუსეთისგან» დაცვას ითხოვენ... (ისე, ზემოთ ჩამოთვლილ ხალხთან მკითხველს არ გაუჭირდება მათი ქართველი ეპიგონების სახელების მიწერა, ანუ «ვარდების სახელმწიფო გადატრიალებასთან» პარალელების გავლება) თეთრი სახლის მაძღარი ყმებისგან მართული ქვეყნების მოსახლეობა კი მშიერმუცელა მონებად იქცევიან ხოლმე _ უკრაინელების არ იყოს, ნაცებ-ქოცებში განფენილი მაძღარი ყმებიც მხოლოდ საკუთარი სტომაქის ამოსაყორად დაეთრევიან «ურდოში»!


იძახონ ახლა რამდენიც უნდათ _ ეს რა გვიქნა რუსეთმაო, მოუწოდონ ამერიკელ მეპატრონეებს _ არიქა, გვიშველეთო და ივიშვიშონ ყირიმის დაკარგვაზე _ ეს ყველაფერი იქნება ყმათა ღაღადი, უკრაინის დეზინტეგრაციის პროცესი კი გაგრძელდება, რადგან იანკების ყმა მეიდანშიკებმა ძია სემის მაძღარ ყმობას გადააყოლეს სახელმწიფო, რომელსაც აქამდე უკრაინის სახელით ვიცნობდით, ზუსტად ისევე, როგორც საქართველო გადააყოლა ასევე იანკების ყმა «ნაციონალურმა მოძრაობამ» ძია სემის ავანტიურისტულ მითითებებს. რუსეთმა საკუთარი ინტერესები ბოლომდე დაიცვა. ამერიკელებმა უკრაინა ბოლომდე გაწირეს, ხოლო მაიდნელებმა უკრაინა პირწმინდად გაყიდეს და არ მითხრათ, რომ «დემოკრატიის მაღალი იდეალებისთვის» ღირდა სახელმწიფოს დაშლა!


პუტინის რუსეთმა არჩევანი გააკეთა, რომ იგი აღარ აპირებს ნეოლიბერალების პარპაშის მშვიდად ყურებას. უკრაინაში მომხდარიც და მოსახდენიც რუსეთის წინააღმდეგ გამოუცხადებული ომია და ეს გამოწვევა მიიღო ვლადიმერ პუტინმა. ეს ომი არა მხოლოდ მსოფლიო გავლენის სფეროების გადანაწილებას გულისხმობს, არამედ, პირველ რიგში, იდეოლოგიების; გნებავთ, კულტურათა, მსოფლმხედველობათა ომია _ ერთი მხრივ, უზნეობის, გარყვნილების მორევში ჩაძირული დასავლეთია, რომელიც დაუფარავად ცდილობს საკუთარი, ახალი «ღირებულებების» მსოფლიოსთვის თავს მოხვევას, ერთი სიტყვით, მთელი სამყაროს სოდომიზაციას, და მეორე მხრივ, მართლმადიდებელი რუსეთი; მკითხველს შევახსენებ, რომ რუსეთია ევროპა-აზიის სივრცეში ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე 100 წლით (ეს ციფრი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იუმორ-სარკაზმსაც გულისხმობს) აკრძალა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, ანუ, როგორც მინიმუმ, 2112 წლამდე რუსეთის ტერიტორიაზე გეიპარადები ვეღარ გაიმართება!


მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის დროზე განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, პირველ რიგში, ე. წ. ლგბტ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვააო. ხოლო პრეზიდენტმა ობამამ ჯერ გეებს ჯარში მსახურების უფლება დაუკანონა და შემდეგ კვერი დაუკრა მადამ ჰილარის, _ აშშ-ის ფინანსური დახმარება პირდაპირ იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაში ამ უფლებების დაცვის ხარისხზეო! შემდეგ საკუთარი ჰომოსექსუალური გამოცდილების ფაქტიც აღიარა, რომელსაც სტუდენტობის დროს ჰქონია ადგილი...


ჰოდა, დასკვნებიც თავად გამოიტანეთ მკითხველო! ჩემის მხრით კი დავძენ, რომ თუნდაც მხოლოდ ამის გამო რომ ვიყო რუსეთის მხარეს, გამემტყუნება?..


ყირიმის «ანექსიას», კოსოვოს პრეცედენტიდან გამომდინარე, რეფერენდუმიც უმაგრებს ზურგს. აშშ-ევროპამ, _ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევააო. არადა, კოსოვოს ერთადერთი «განსაკუთრებულობა» ისაა, რომ ასე უნდოდა მაშინ ამერიკა-ნატოს და ახლა რომ რუსეთის მიერ ყირიმის «ოკუპაციაზე» მოთქვამენ, ყირიმში ერთი ტყვიაც არ გავარდნილა, მაშინ, როდესაც ნატოს ავიაციამ 1999 წლის 24 მარტის აღდგომა ღამეს მიწასთან გაასწორა მართლმადიდებელი სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი!


ისე, ცნობისთვის: კოსოვოს პრეცედენტის გამო მოხდა სოხუმ-ცხინვალის აღიარებაც...


ზემოთ ისტორიული არჩევანი ვახსენე და სწორედ ის არ ესმით ამერიკა-ევროპაში, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში ნებისმიერ ფასს გადაიხდის, ანუ არჩევანს ზნეობრივ-პატრიოტული მოტივაცია აქვს და მისი დოლარებში შეფასება, იმ სანქციებიდან გამომდინარე, რომლითაც ემუქრებიან რუსეთს, უპერსპექტივო საქმეა!


კომპეტენტური კომენტატორები იმასაც აღნიშნავენ, რომ სანქციების შემოღებით დასავლეთი რუსეთის მოსახლეობის უმცირესობაზე დებს ფსონს, ანუ მოსახლეობის შეძლებული უმცირესობა ვეღარ წავა პრესტიჟულ კურორტებზე დასასვენებლად თუ საშოპინგოდ ევროპა-ამერიკაში. უბრალო ხალხი კი, რომელიც მთავარი დასაყრდენია ვლადიმერ პუტინისა, რუსეთის დროშების ფრიალისა და «რასია, რასიას» სკანდირების ერთგული დარჩება, არც «ქამრების შემოჭერაზე» იტყვის უარს, რისი დიდი ისტორიული გამოცდილებაც გააჩნია...


თუმცა ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, პოლიტიკურ-ეკონომიკურმა იზოლაციამ შეიძლება რუსეთის ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად იმოქმედოს, ამის ისტორიული გამოცდილებაც გააჩნია რუსეთს _ სტალინის სსრ კავშირმა შეძლო მხოლოდ შიდა რესურსებზე დაყრდნობით აეთვისებინა მაშინდელი მოწინავე ტექნოლოგიები, მოეხდინა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, რის შედეგადაც გამოუშვეს საუკეთესო თვითმფრინავები, ტანკები და ა. შ.


ახლაც იგივე შეიძლება განმეორდეს და, სანქციების შემოღების შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა შეიძლება მხოლოდ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებული აღარ იყოს და თავად შექმნას ის, რასაც დასავლეთი არ მისცემს...


ერთი სიტყვით, წილი ნაყარია და უფრო მეტიც, რუსეთი ყირიმზე არ გაჩერდება; იმიტომ, რომ ამას მოითხოვს მიმდინარე პროცესის დიალექტიკა _ თუნდაც რუსული ანდაზიდან გამომდინარე, «სემ ბედ ოდინ ოტვეტ», რუსეთი აუცილებლად შეეცდება და არც თუ წარუმატებლად, საკუთარი გავლენები «რუსეთის უკრაინის» სხვა ნაწილებზეც განავრცოს. მაგალითად, ოდესის, დნეპროვშჩინის, ხარკოვ-დონეცკისა და სხვა რეგიონებიც რეფერენდუმის გზით დაიბრუნოს, თუმცა არ გამოირიცხება პირდაპირი სამხედრო ინტერვენციაც იმ შემთხვევაში (და ამის ალბათობა დიდია), თუ ე. წ. პრავი სექტორის ბოევიკებმა ხსენებულ რეგიონებში რუსი მოსახლეობის მასობრივი ტერორი დაიწყეს, ან თუ სააკაშვილის რჩევები გაიზიარეს და, ცხინვალის მსგავსად, სიმფეროპოლს გრადებით დაუშინეს!


როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს საგარეო უწყებას ვერავინ დაასწრო რუსეთის აგრესიის დაგმობა. არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთს «ზადნი» არ აქვს და, თუ უკრაინაში ყველაფერზეა წამსვლელი, საქართველოს დასაშოშმინებლად რუსული წკიპურტიც საკმარისი იქნება!


უკრაინის მოვლენებმა ისიც დაგვანახა, თუ რეალურად რა ფასი აქვს ამერიკა-ევროპა-ნატოს მუქარებს, სამხედრო კომპონენტზე ხომ საუბარიც არ არის და სანქციების შემოღებასაც არ ჩქარობენ. კარასინ-აბაშიძის შეხვედრებზე უარის თქმას იქნებ ის ჯობია, რომ რუსეთისავე «იარაღით» ვეცადოთ აფხაზეთის პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტას, ანუ იქნებ რუსეთთან იმაზე გვემუშავა, რომ გალში ყირიმის მსგავსი რეფერენდუმი ჩაგვეტარებინა?


ეს იდეა იქნებ ერთობ ჰიპოტეტურ-მიამიტურია, მაგრამ ვინ იცის, «ცდა ბედის მონახევრეაო», _ ნათქვამია და ისედაც, ეს ჯობია გამძვინვარებული რუსეთის წინ სამგლე გოჭივით გამოხტომას...


დავით მხეიძე


geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий