понедельник, 17 марта 2014 г.

რატომ არ უშვებს სახელმწიფო ID ბარათის ალტერნატივას?

  მრევლის, სასულიერო პირებისა და იურისტების მონაწილეობით, ახალი ტიპის პირადობის მოწმობის – ID ბარათის ალტერნატივის მოთხოვნით, მრავალი მშვიდობიანი აქცია ჩატარდა. შეგროვებულია 100 000 ხელმოწერა ალტერნატიული საბუთების მოთხოვნით, რომელთა მიმართვაც განსახილველად შეტანილია საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე.

წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ლევან ფიროსმანაშვილიც თქმით, როცა ქვეყნის მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის რაიმე პირობა მიუღებელია, თუნდაც ID ბარათთან მიმართებაში, ალტერნატივა უნდა იყოს დაშვებული.

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი: „ქრისტიანის პოზიციიდან გამომდინარე ამ თემაზე საჯარო საუბარს არ ვაპირებდი. ქრისტიანობა იმ პერიოდში იშვა, როცა სამყაროში ყოვლად გაუმართლებელი მონათმფლობელობა არსებობდა. მონათმფლობელობამ ფეოდალიზმამდე გზის გავლას რამდენიმე საუკუნე მოანდომა. თავად ფეოდალიზმი არანაკლებ უმართებულო წყობა გახლდათ. ფეოდალიზმზე დამყარებულ მონარქიას იდეალურსა და კარგს ვერ დავარქმევ. ისტორიამ ყოველი მათგანის სახე ნათლად წარმოაჩინა. სამყაროში არ არსებობს წყობა, რომელიც იდეალურად მართებულია. თვით დემოკრატიისთვის მებრძოლი სოკრატე თავად დემოკრატებმა სრულიად უმართებულოდ სიკვდილით დასაჯეს, რადგან იგი სიმართლის ხმა იყო და დემოკრატიას ამოფარებულმა ტირანებმა თავიდან მოიცილეს. ამიტომ ქრისტიანებისთვის ამქვეყნიური მართალი წყობის ძიება პრიორიტეტად არასდროს არ ყოფილა. “უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა, თუ თქვენ სძულხართ სოფელს, უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ადრე მე მომიძულა. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა” (იოან. 15, 20, 18 და 19).


უსამართლობისგან დევნის დათმენა ქრისტიანის მოწოდებაა. ჩამოთვლილ სოციალურ წყობილებებში ქრისტიანი დემოკრატიის დასამყარებლად არ იბრძოდა. სიმართლის ბაირაღი მაღლა ეჭირა, უსამართლობას ამხელდა, მაგრამ დევნას ქრისტესავით უხმობელად ითმენდა. ქრისტემ გოლგოთის გზა სრულიად უმართებულოდ, დაუმსახურებლად აიარა და სოფელს სწორედ ჯვარცმით სძლია. ქრისტიანები სამყაროს სიმართლის, მშვიდობისა და სიყვარულის გზავნილს აწვდიდნენ.

ქრისტიანთა შორის ID ბარათზე საუბარი აქტიურ შეშფოთებას იწვევს. მის რელიგიურ ჭრილში განხილვას არ შევუდგები. ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა იმსჯელა და დადგენილება გამოსცა, სადაც მასში სავარაუდოდ არსებული რელიგიური ნიშანი გამორიცხა და ამ ნიშნით მიუღებლად არ ჩათვალა. ანუ წარმოაჩინა რომ იგი თავის თავში სამ ექვსიანს – 666 არ შეიცავდა. ბევრი ამ საკითხზე მსჯელობას დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე იწყებს.

ქრისტიანებს შევახსენებ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე ამ პრინციპებისთვის თავს ვერ გამოვიდებთ, ჩვენ უსამართლობის დათმენა გვმართებს.

ამ გზავნილს საზოგადოების სათავეში მყოფთ ვაწვდი. როგორც რიგითი მოქალაქე და საზოგადოების სამსახურში მყოფი პირი შევახსენებ, რომ ისინი სწორედ ამ საზოგადოების მიერ დემოკრატიულად იქნენ არჩეულნი. ID ბარათები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სუბიექტისთვის მიუღებელი (რელიგიური ნიშნის მიზეზის გამო, გავიმეორებ წმ. სინოდმა დაასაბუთა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არის!), როცა ქვეყნის მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის რაიმე პირობა მიუღებელია, აუცილებლად უნდა იყოს ალტერნატივა, რაიმე სახის კომპრომისი და ამით პატივი სცეს, თავის თუნდაც უმცირესობის წარმომადგენლებს. სწორედ ამის რეკომენდაცია გასცა სინოდმა და არა შესაძლო საშიშროების არსებობა!“

თქვენი აზრით, რატომ არ უშვებს სახელმწიფო აიდი ბარათის ალტერნატივას?

აქ ერთი პრობლემაა. სახელმწიფოს ერიდება ალტერნატივის დაშვებას. შესაძლო მიზეზით, უმცირესობა არ გადაიქცეს უმრავლესობად!!! ერთი რამ ფაქტია: რელიგიური ნიშნის არ არსებობის მიუხედავად, ვიტყვი: ამ საბუთის შემოტანა უმართებულოდ მოხდა. წინა მმართველების დროს არ იქცა საზოგადოებისთვის განხილვის საგნად, რამაც უამრავი კითხვა და უკმაყოფილება გამოიწვია!

დავურთოთ ისიც, რომ ეს, ფაქტობრივად, ძალადობრივად წარიმართა. მთელ რიგ უწყებებში მომსახურე პერსონალს ამგვარი საბუთის მისაღებად პირდაპირი მოთხოვნა დაუყენეს და ხსენებული ბარათი დაჩქარებული წესით შემოიღეს.

სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს!

წინასწარი განხილვის შემთხვევაში კი ამგვარ პროცესებს აიცილებდა. ამ განხილვის დროს ნაჩვენები იქნებოდა მისი ყველა მხარე: დადებითი და უარყოფითი (თუნდაც რელიგიური ნიშნის არსებობა-არარსებობა). მოყვანილი იქნებოდა წინამორბედი განვითარებული ქვეყნების მაგალითები და ასევე მიზეზები, თუ რატომ მიიღეს ან დაიწუნეს მოწინავე ქვეყნებმა, თუნდაც გერმანიამ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა. ეს იქნებოდა დემოკრატიული დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი. ეს ასე არ მოხდა, ახლა კი არ მოგწონთ თუკი ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუნდაც უმართებულოს. მაგრამ თავად სახელმწიფო მოექცა მათ უმართებულოდ და ამიტომ, მათი მოთხოვნა, თუნდაც პრინციპის გამო მართებულია!

ვერანაირ პრობლემას ვხედავ ალტერნატიული ვერსიის შემუშავებისთვის. პირიქით, ამგვარი ნაბიჯი ამ ხალხის თვალში საკუთარი მთავრობისადმი ნდობას აამაღლებს. ნათელი, გამჭირვალე მოქმედება ელექტრონული ვერსიისადმი შიშსა და ეჭვს განაქარწყლებს. სახელმწიფოსთვის ნათელია, ყველა მოქალაქის ერუდიციის დონე მაღალი არ არის. ამიტომ თავად სახელმწიფო უნდა მივიდეს ყველა სახის საფეხურზე და მათთვის გასაგები ენით ითანამშრომლოს საკუთარ მოქალაქეებთან. როცა “დემოკრატიული” პრინციპებით მოგვიწოდებენ აზროვნებას, მათდამი დამოკიდებულებაც დემოკრატიული უნდა იყოს. გარკვეული ორიენტაცია, იდეოლოგია, კურსი მოქალაქეთა წინაშე თავად სახელმწიფომ უნდა წარადგინოს.

დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეებს ცხვრებივით არ უნდა მოექცეს! თუკი ერთი ინდუსის, ბანგლადეშელის, ზოროასტრელის და ასე, მართლაც, უმცირესობათა უფლებებს ვუფრთხილდებით, რა გახდა იმ ნაწილის მოთხოვნა, რომლებიც არა ბარათის გაუქმებას, არამედ თავისთვის ალტერნატივას ითხოვენ?! მიზეზი ალბათ ისევ შიშია, უმცირესობა უმრავლესობად არ გადაიქცეს და პროექტის ხელახლა დაწყება არ მოხდეს, რასაც თანამდევად ჩემ მიერ ხსენებული დემოკრატიული პროცესები მოყვება. ეს კი ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და არა მარტო… შესაძლოა, მართლაც დემოკრატიული ცხოვრების წესის მისწრაფების გამო, დემოკრატიული აზროვნების შესაბამისად, საზოგადოებამ უარი თქვას! ამას თავად ID ბარათის ტექნიკურად დადებითი და უარყოფითი მხარეები წარმოაჩენს.

ამის პრეცედენტი ევროპის რიგ ქვეყნებში გვაქვს. ნუ მიუდგებით იმგვარად: ქრისტიანები ცხვრები არიან და ცხვრებს ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. ნუ მისცემთ სათქმელის საბაბს იყვნენ კანონმორჩილნი, მაშინ როცა თავად გაწყობთ.

ქრისტეს მღვდელმა დემოკრატიაზე ვისაუბრე, მაგრამ არა ჩემი ინტერესისთვის, არამედ, უბრალოდ თქვენი იდეოლოგიის მრწამსი შეგახსენეთ, რომ უცაბედად ვინმემ ამ პრინციპების ღალატი არ დაგაბრალოთ. ბოდიში შეწუხებისთვის. მე არ ვამბობ, რომ ელექტრონული ბარათის ფლობის წინააღმდეგი ვარ. ეს ჩვეულებრივი თანამედროვე ვარიანტია, თავისი დადებითი და სუსტი მხარეებით. როცა მისი აღება (საზღვრის გადასაკვეთად) დამჭირდება, პრობლემას ვერ ვხედავ.

პრობლემა სახელმწიფოს თავისი მოქალაქეთა მიმართ იგნორირებული დამოკიდებულებაა. როცა რაიმე საკითხის (ეროვნული და საზოგადოებრივი) გადაწყვეტა საზოგადოების გვერდის ავლით ხდება. … სამწუხაროდ, წინა მმართველების დროს ეს ნებსით თუ უნებლიედ ორიენტაციის დევიზად იყო ქცეული. ნებისმიერი კანონი ყველა მოქალაქის ინტერესს თანაბარი უფლებით უნდა გამოხატავდეს.

რას გვეტყვით ბარათის ტექნიკურ უსაფრთხოებაზე?



რაც შეეხება საბუთის ტექნიკურ უსაფრთხოებას და უნივერსალობას ეს მტკნარი სიცრუეა. ჰოლივუდის ფილმებში ხშირად არის კადრები, სადაც მას მარტივად აყალბებენ. ეს რომ რეალობა არ იყოს ეს “ფანტაზიური” სიუჟეტი მხოლოდ ერთი ან ორი რეჟისორის ფილმში აისახებოდა. თუკი შევხედავთ დეტექტივებსა და თრილერებს, იქ ეს თემა აქტიურია. საინტერესოა ასეთ უნივერსალურ ქვეყანაში რატომ ვერ შეიმუშავეს უსაფრთხოების მაღალი ნორმები.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში პირადობის ახალი მოწმობა 2011 წლის 1 აგვისტოდან გაიცემა.




Комментариев нет:

Отправить комментарий