среда, 16 апреля 2014 г.

თავისუფლება - ილია II

თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.




ცრუ თავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელეპროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მასში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას.



თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიოფს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.



თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგი მუდმივი თვითკონტროლი და, მისი საშუალებით, ცოდვის მონობიდან თავის დაღწევაა. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ მხოლოდ ღმერთში და ღმერთით შეგვიძლია ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება "თავისუფლებისათვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, - გვარიგებს იგი, - მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას" (გალ. 5,13).



საოცრად მსჯელობს იმპერატორი ნერონის თანამედროვე, რომში I საუკუნეში მცხოვრები დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ეპიქტეტე (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან მშვენივრად უწყოდა და სხვათაც უხსნიდა, თუ ბატონს როგორ აქცევს მონად მისი მიწიერი ვნებანი და, პირიქით, თვით ყველაზე მძიმე მონობისა და ტყვეობისაგან როგორ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი კავშირი ღმერთთან.



სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და სრულფასოვანი სახელმწიფო ააშენოს.



Комментариев нет:

Отправить комментарий