воскресенье, 25 мая 2014 г.

ილია მეორე: ვინც ღვარძლს, შუღლს და მტრობას თესავს, დიდხანს ვერ იქნება!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ ღმერთი ამთლიანებს და აერთიანებს, ხოლო ბოროტი სული - ეშმაკი ჰყოფს, და ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას.

"ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება ცვალებადია. კეთილი მოდის, შემდეგ მიდის, ასევე ბოროტი მოდის, შემდეგ მიდის და ასე ტრიალებს. დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას. ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმათთვის, რომელთაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენ ვლოცულობთ როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ისე რუსებისთვის, ისე სხვა ერების წარმომადგენლებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, დადგება ის მშვიდობიანი დრო, როცა ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნდება საქართველოს.


"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ განუყოფელი და განუყრელი ძმები. ჩემთვის ეს ადვილი სათქმელია, რადგან 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მახსოვს ის სითბო, ის განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც იჩენდნენ აფხაზები ქართველების მიმართ. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აფხაზებს გადაურჩენია ქართველი და ქართველს გადაურჩენია აფხაზი. ვინც თესავს ღვარძლსა და შუღლს, მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს, ვერ იქნება, რადგან ღმერთი ამთლიანებს, აერთიანებს და ბოროტი სული, ეშმაკი ჰყოფს. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელს, რომ თავისი მფარველობა გაუწიოს საქართველოს და ასევე იმათ, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს მთლიანობას. დღეს ჩვენ ვასრულებთ პანაშვიდს და ვლოცულობთ მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში, რომლებიც თბილისში მოდიოდნენ და ვიღაცამ მათი თვითმფრინავი ააფეთქა", - აღნიშნა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა, რის შემდეგაც ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.


სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ როგორც გარდაცვლილების ახლობლები, ისე პოლიტიკოსები, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, ოპოზიციის წარმომადგენლები - ნინო ბურჯანაძე და ჯონდი ბაღათურია.

თეო ტაბატაძე
25 მაისი, 2014.


reportiori.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий