четверг, 1 мая 2014 г.

მამა დავითი: ეს კანონი არის უმრავლესობის დისკრიმინაცია

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პარლამენტის წევრები ირწმუნებიან, რომ „პროექტზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია“.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, „პარლამენტარები არანაკლებ ზრუნავენ არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ წარმატებებზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების მორალურ სტანდარტებზე. ჩვენ დაკავებულები ვართ ყველა იმ თემატიკის აწონ-დაწონით, რაც დღის წესრიგში დგას“


რამდენად კარგად იყო თემატიკა „აწონილ – დაწონილი“, რა საფრთხეებს ხედავს ეკლესია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემთხვევაში და რა არ გაითვალისწინა საქართველოს პარლამენტმა, ამ საკითხებზე sazogadoeba ge ექსპერტს იურიდიულ საკითხებში კახი კახიშვილსა და დეკანოზ დავითი ისაკაძეს ესაუბრა.


კახი კახიშვილი: „დღეს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე, როდესაც კანონპროექტი მზადდებოდა, პარლამენტის უმრავლესობამ და საქართველოს ხელისუფლებამ თემის განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად საჭიროდ არ ჩათვალა.


აღნიშნულ კანონპროექტს იზიარებს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა, როგორც უმცირესობა, ისე უმრავლესობა და არ იზიარებს საზოგადოების დიდ ნაწილი: საპატრიარქო, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი...


მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მაინცდამაინც საქართველოს პარლამენტშია ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია და დანარჩენ საზოგადოებას არაფერი ესმის. თუ კითხვები არსებობს, საჭიროა პასუხებიც. დღეს, როდესაც პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ „ გამოძებნიან კონსენსუსს“, ამ შეთანხმების გამოძებნა შესაძლებელი იყო რამდენიმე თვით ადრე.


საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მნიშვნელოვან კანონპროექტზე ინფორმაციის მიღებისა და მისი ფართო განხილვისთვის საზოგადოებას მოკლე დრო აქვს“.


წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე)


ეს არის კანონი – პროპაგანდა, ეს არის უზნეობის, გარყვნილების, უმძიმესი ცოდვის ქადაგება, რომელსაც სოდომ –გომორული ცოდვა ჰქვია. ჩვენ არ ვერევით სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ როდესაც საკითხი დგება ასე: ეხებიან ზნეობას, ოჯახის სიწმინდეს, იმ ფაქიზ თემებს, რომლებიც ეკლესიას ცალსახად აქვს შეფასებული, როდესაც სოდომ –გომორულ ცოდვას აკანონებენ, ჩვენ ბუნებრივია, ხმას ამოვიღებთ და გვექნება პროტესტის გრძნობა არამარტო სულიერი თვალსაზრისით. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის ფაქტიურად გენოციდი და ფიზიკური განადგურების საშიშროება. ამ შემთხვევაში, ჩვენ, სასულიერო პირებს, მრევლს არ გვაქვს უფლება, ხმა არ ამოვიღოთ.


– როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა დღეს ასეთი აქტუალური ამ კანონპროექტის განხილვა?
– ეს მოდის უცხო ქვეყნებიდან , რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანას თავს მოახვიონ უცხო ფასეულობები, ტრადიციები. საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, ვინც იუდასავით 30 ვერცხლზე იყიდებიან. სწორედ მათი მეშვეობით ცდილობენ ამ კანონპროექტის მიღებას.


– შეიძლება, რომ ამ კანონპროექტით დანაშაულად ჩაითვალოს ნებისმიერი ქმედება, იგივე ვთქვათ, ეროვნული ღირებულებების დაცვა, ქადაგება, ცოდვის მხილება და ა. შ?


– მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონკორდატი, საკომიტეტო განხილვაზე დავსვი ასეთი კითხვა: სასულიერო პირმა, ან ერისკაცმა, თუნდაც არამორწმუნემ რომ ისაუბროს, თქვას იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალიზმი - ეს არის სიბილწე, ჩაუთვლიან თუ არა ამას დისკრიმინაციად იმ პირთა მიმართ, ვინც ამ ცოდვით არის დაკავებული?


თავიდან თქვეს, რომ სასულიერო პირს არ ჩაუთვლიან, მაგრამ საერო პირთან დაკავშირებით პასუხი აღარ ჰქონდათ და ჩიხში შევიდნენ. აქ , რა თქმა უნდა, არის საშიშროება, რომ თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილი იტყვის, რომ ეს ცოდვაა, ისინი შეიძლება ციხეებში აღმოჩნდნენ. მე ვიტყოდი, რომ ეს კანონი არის უმრავლესობის დისკრიმინაცია.


– უკავშირებთ თუ არა კანონპროექტის განხილვას ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის მოახლოებას?


– ბუნებრივია, ეს კანონი არის ვიზების ლიბერალიზაციისთვის და ასევე მწვანე შუქი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის და ამას არც მალავენ.


– მაგრამ საბერძნეთს და კვიპროსს არ დასჭირვებიათ მსგავსი კანონპროექტების განხილვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის (?)


– რა თქმა უნდა... ან ჩვენ რატომ უნდა დავკნინდეთ ისე, რომ ზნეობა და სული გავყიდოთ? მით უფრო, რომ ძალიან ბევრი ევროკავშირის ქვეყანა გამოდის მძაფრი კრიტიკით ევროკავშირის მიმართ. მათ საკუთარ ქვეყნებში პრობლემები ექმნებათ: არის საშინელი უმუშევრობა და ქვეყნის დავალიანება, – კრედიტორების ხელში ვარდებიან.


საბერძნეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთი თვის წინ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა თავის მოსახლეობას ბოდიშით მიმართა, რომ თავის დროზე ხმა არ ამოიღეს და ქვეყანა უცხოელი კრედიტორების ხელში ჩააგდეს. საბერძნეთის დღევანდელი დავალიანება, დაახლოებით, 350 მილიარდ ევროს შეადგენს. აი, რა მოუტანა საბერძნეთს ევროკავშირში შესვლამ. თუმცა ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ევროპელ ხალხთან. ჩვენთვის მიუღებელია ოლანდის პოზიცია, მაგრამ მისაღებია იმ მილიონი ფრანგის გამოსვლა, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას აპროტესტებდა საფრანგეთში. ევროპელი ხალხი ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქრობს, რომ უზნეობის დაკანონება მიუღებელია.


http://www.sazogadoeba.ge/


Комментариев нет:

Отправить комментарий