четверг, 1 мая 2014 г.

პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა პარლამენტმა დღის წესრიგში დატოვა

  საქართველოს პარლამენტის ბიუროს 29 აპრილის გადაწყვეტილებით, «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღის წესრიგში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას საპატრიარქო ითხოვდა. ანტიდისკრიმინაციულ კანონს, სავარაუდოდ, 30 აპრილის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის საფუძველზე პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად. კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტს კანონპროექტის განხილვის გადადების თხოვნით მიმართა _ პატრიარქისთვის მიუღებელია პროექტის წარმოდგენილი სახით მიღება.

«ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კონსტიტუციაში არარსებული ცნებების «სექსუალური ორიენტაციისა» და «გენდერული იდენტობის» შემოტანა ხალხში დიდ ვნებათა ღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად», _ აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი ყველა რელიგიის მიერ აღიარებულ ძირითად თეორიას ეჭვქვეშ აყენებს. ეს კი, თავის მხრივ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის.

P.S. «კანონის, «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა», ამოქმედება ნიშნავს ჯარში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, პენიტენციარულ სისტემაში «ცისფერების” შესვლას. პირველი მოსმენით კანონპროექტი 109 ხმით არავის წინააღმდეგ დამტკიცდა. მართლმადიდებლებს პარლამენტში 1 ხმა არ აღმოაჩნდათ «ცისფერი დიქტატურის» წინააღმდეგ. საქართველო ხომ ისეთი არაა, როგორიც მისი პარლამენტია. პარლამენტი უნდა იყოს საზოგადოების პოლიტიკური შეხედულებების ანარეკლი. მხოლოდ სამი დეპუტატი გამოვიდა კანონპროექტის წინააღმდეგ. საქართველო თავისუფალი ქვეყნაა, სხვათა შორის, ამ ქვეყნაში თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება ნაძირალებსაც აქვთ, რომლებმაც სული გაყიდეს. თუმცა მსგავსი ადამიანების მორალის გავლენის ქვეშ ვერ მოვექცევით. ჰომოსექსუალიზმი ეს არის ანომალია, ნორმიდან გადახრა, ამიტომაც საზოგადოების 90 პროცენტი არ ეთანხმება იმას, რომ ჰომოსექსუალები ბავშთა-ბაღებში შევიდნენ და აღმზრდელად იმუშავონ. ბაღში აღმზრდელად უნდა მუშაობდეს ნორმალური ფსიქიკის ქალი ან კაცი»,_ განაცხადა კოალიცია «ნინო ბურჯანაძე _ გაერთიანებული ოპოზიციის» ერთ-ერთმა ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.


geworld.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий