суббота, 24 мая 2014 г.

გია ვოლსკი: „ვფიქრობ, ვასაძის განცხადება სწორედაც რომ პოლიტიკურია“

ლევან ვასაძის ულტიმატუმმა საპარლამენტო უმრავლესობაში ადეკვატური რეაქციები გამოიწვია. დეპუტატები ბიზნესმენს ურჩევენ, პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს და საკუთარი ქველმოქმედება ამბიციას არ შესწიროს. დიდი ალბათობით, ვასაძე ყოფილი მეგობრების რჩევებს არ გაითვალისწინებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საკუთარი კატეგორიული ტონით ის სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს.

ლევან ვასაძე:

– მესმის, რომ ჩემი განცხადებით საკუთარ თავს ვავნებ, მაგრამ რა გაეწყობა. თქვენ მე მიწყრებით, მაგრამ თქვენ სამშობლო გაგიწყრებათ ამ გაუგონარი საქციელისთვის. იძულებული ვარ, მოგახსენოთ, რომ ამ კანონის მიღებით თქვენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საკანონმდებლო აქტის ავტორები გახდით. ისეთი რამ ჩაიდინეთ, ამის ართქმა საქართველოს ღალატს უდრის...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ვასაძის განცხადებას პოლიტიკურ მესიჯად აღიქვამს. რამდენად შეიძლება მოიაზრებოდეს ბიზნესმენის უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ამაზე საუბარი დეპუტატებს უჭირთ. თუმცა ფაქტია, რომ მარგველაშვილი ვასაძის უახლოესი მეგობარია, ირაკლი ალასანიაზე კი ბიზნესმენმა თავად გააკეთა მინიშნება, რომ მასთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებს... ასე რომ, არ არის გამორიცხული, კოალიციის დღევანდელი წევრები სულ მალე ვასაძის ახალ პოლიტიკურ ერთობაში აღმოჩნდნენ...

გია ვოლსკი, პარლამენტის წევრი:

– ეჭვი მაქვს ლევან ვასაძემ არ იცის რეალური სიტუაცია და ვფიქრობ, მან არ იცის არც კანონის შინაარსი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ვასაძე ან აჩქარდა ან პოლიტიკური ამბიცია აქვს, რომელსაც ვერ იკავებს.

– შესაძლებელია, რომ შედგეს შეხვედრა?

– ვასაძე საკმაოდ გონიერი ადამიანია იმისთვის, რომ მოუფიქრებლად გადაედგა ნაბიჯი. ვფიქრობ, მას გარკვეული ამბიცია გააჩნია და სურს ტემპერატურის აწევა, რომელსაც საკმაოდ კარგად და შორსმჭვრეტელური გონიერებით არეგულირებს საპატრიარქო და პატრიარქი პირადად. ვფიქრობ, მას რაღაც არ მოსწონს ტემპერატურის დაწევა, სტაბილურობის შენარჩუნება დაძაბულობის განელება – ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. მეორე საკითხი ის არის, რომ ლევან ვასაძე ან არ იცნობს, ან არ უნდა გაიგოს, რას გულისხმობს ეს კანონი. მესამე – პირველი და მეორე დასკვნიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ვასაძეს თავისი მსოფლმხედველობა აქვს, ან რაიმე გეგმა, რომელიც, ვფიქრობ, სიკეთის მომტანი არ უნდა იყოს.

– შეიძლება ვასაძე პოლიტიკაში ვიხილოთ?

– ვფიქრობ, ვასაძის განცხადება სწორედაც რომ პოლიტიკურია...

– ფიქრობთ, რომ ეს უშუალოდ ვასაძის გადაწყვეტილებაა, თუ მის უკან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მოიაზრებთ?

– იცით, თავად ლევან ვასაძეს მშვენიერი პროექტები აქვს განხორციელებული. იმდენად კარგები, რომ ნაკლს ვერ უპოვი, თუნდაც ის სკოლა, რომელიც მან დააარსა, თუნდაც ის ვითარება, რომელიც მან შექმნა ამ სკოლის გარშემო. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ ქველმოქმედებას ამბიციას დაუქვემდებარებს.

– თუ ვასაძე პოლიტიკაში მოვა, რამდენად შეიძლება მის გვერდით აღმოჩნდნენ კოალიციის დღევანდელი წევრები?

– არა მგონია, ასე მოხდეს, რადგან ლევან ვასაძის პოლიტიკური ამბიცია არავითარ შემთხვევაში არ გამართლდება. ბუნებრივია, დემოკრატიაა და მას აქვს სრული უფლება, წამოსწიოს თავისი ფიგურა, ვასაძეს ამის რესურსიც გააჩნია, მაგრამ სამწუხარო იქნება, თუ ამდენი სიკეთის კეთების შემდეგ ის გადაწყვეტს, პოლიტიკურ თემას დაუქვემდებაროს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს, ეს ჩემი რჩევაა.

ხათუნა მგალობლიშვილი


ptpress.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий