пятница, 20 июня 2014 г.

"დღევანდელ დამძიმებულ გარემოში აუცილებელია, პირველივე კლასიდან ისწავლებოდეს რელიგია"

 ბავშვისთვის სკოლა პირველი მასწავლებლით იწყება. ალბათ ხშირად გაგიგონიათ, მთავარია, დაწყებით კლასებში კარგი მასწავლებელი შეხვდესო. მართლაც, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, ვინც პირველად აზიარებს პატარებს სასკოლო გარემოს, სწავლის პროცესს, ასწავლის ანაბანას, შეაყვარებს საკუთარ თავსაც, სკოლასაც და სწავლასაც, ან პირიქით, თავიდანვე აუცრუებს გულს. ნინო ღვინიაშვილი თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის. საბუთების შეტანისას მშობლები ყველანაირად ცდილობენ როგორმე მის კლასში მოახვედრონ შვილები.



- რამდენი წელია, მასწავლებელი ხართ?


- უკვე მეხუთე წელია. პროფესია ჩემი სურვილით ავირჩიე და, რასაკვირველია, ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევანით.



- რას ფიქრობთ დღევანდელ ბავშვებზე? ამბობენ, რომ ისინი ბევრად განსხვავდებიან სხვა თაობებისგან, რომ მათ სხვანაირი მიდგომა უნდათ, რომ ჰიპერაქტიურები არიან და ა.შ...


- დღევანდელი ბავშვები გარემოს ზემოქმედების შედეგად ავლენენ საკუთარ ხასიათსა და ემოციებს, ვგულისხმობ აგრესიულ ქცევებს. გარემოს ზემოქმედებაში კი ვგულისხმობ კომპიუტერულ თამაშებს, აგრესიულ და საშინელ მულტფილმებსა და ფილმებს. ამ სიტუაციაში ბავშვები ნამდვილად არ არიან დამნაშავენი. ამ საკითხს ყველაზე დიდი ყურადღება მათმა მშობლებმა უნდა დაუთმონ. სკოლაშიც, მე პირადად მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვებს ავუხსნა, რით არის ცუდი აგრესია, ძალადობა. თუ სურთ კომპიუტერთან ჯდომა და სხვა გამოსავალი არ არის, ვურჩევ ხოლმე, იმავე კომპიუტერში უფრო შემეცნებითი და სასწავლო ხასიათის თამაშებით დაკავდნენ და არა აგრესიისა და ძალადობის "გაკვეთილებით".


- რა კონკრეტულ რჩევებს მისცემდით მშობლებს, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება?


- ზომიერების ფარგლებში გააკონტროლონ შვილები, როცა კომპიუტერთან ან ტელევიზორთან სხედან. ხშირად ესაუბრონ ზნეობრივ თემებზე, შეაყვარონ წიგნი (არაფრით არ გამოიყენონ წიგნი დასჯის მეთოდად, მაგალითად: დღეს ძალიან ცუდად მოიქეცი და მთელი დღე წიგნებს წაიკითხავ!). აუცილებლად ატარონ ეკლესიაში, რათა მიიღონ სულიერი საზრდო. ყოველივე ეს კი სასურველ შედეგს მაშინ გამოიღებს, როცა მშობელი შვილისთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი იქნება და თავად მოიქცევა ისე, როგორ მოქცევასაც შვილს სთხოვს. ასევე სასურველია, სატელევიზიო ეთერით უფრო ხშირად გადმოიცეს შემეცნებითი გადაცემები. დღევანდელი თაობა ტელევიზორთან დიდ დროს ატარებს და ვეცადოთ, ტელევიზორიც მათ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.



- დღევანდელი განათლების სისტემაზე რას ფიქრობთ, რა პრობლემებს ხედავთ თქვენი გადასახედიდან?


- განათლების სისტემაში რიგი საკითხებისა მოსაწონია. მაგალითად, ბავშვის უფლებები უკეთ არის დაცული, აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება, ბევრი რამ მათ სასარგებლოდ არის მოწყობილი, თუმცა, პრობლემაც ბევრია. მაგალითად, სახელმძღვანელოები. ჩემი აზრით, ზნეობრივი თემები მეტად წინ უნდა იყოს წამოწეული, ეს ხომ დღევანდელი საზოგადოების სერიოზული პრობლემაა. დღევანდელ დამძიმებულ გარემოში ასევე აუცილებელია, პირველივე კლასიდან ისწავლებოდეს რელიგია - ამ მოსაზრების მართებულობაში ჩვენი სკოლის მაგალითზეც დავრწმუნდი, ბავშვებზე ძალიან დადებითად მოქმედებს სწორი რელიგიური აღზრდა.


- ვიცი, რომ თქვენს სკოლაში ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მასწავლებელი ხართ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? დღეს არც ისე ადვილია ბავშვებისთვის თავის შეყვარება და მათი პატივისცემის დამსახურება...


- დიდი მადლობა იმისათვის, თუ მართლა ასე ძალიან ვუყვარვარ ბავშვებს... ამის მიზეზი ალბათ ჩემი მათდამი დიდი სიყვარულია, რასაც გრძნობენ და გამოხატავენ.


ნია ნინიაშვილი






Комментариев нет:

Отправить комментарий