пятница, 20 июня 2014 г.

თავისუფლება - სულის ზეიმი.




გვესაუბრება თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ბართლომე (ფირცხალაშვილი).



- მამაო, რა არის თავისუფლება - ცოდვა თუ სათნოება?



- რა თქმა უნდა, სათნოება, უდიდესი სათნოება. ეს ადამიანის მიმართ ღვთის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებაა. მოგეხსენებათ, უფალმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისსა. სწორედ თავისუფალ არჩევანში გამოიხატა ადამიანის ღმერთთან მსგავსება. უფალმა უდიდესი სიყვარულის გამო ადამიანებს უფლება მისცა, თავად აერჩიათ სავალი გზა. გვქონდეს თავისუფალი ნება, ნიშნავს გვქონდეს სრულყოფის მიღწევის უფლება-უნარი, სრულყოფა კი იგივეა, რაც განღმრთობა; სწორად წარვმართოთ თავისუფალი ნება, ნიშნავს გავხდეთ მეგობარი იესოსი - კაცქმნილი ღმრთისა, რომელმაც თავისი განკაცებით დაგვიბრუნა უკვდავება და უფლება საუკუნო ჭეშმარიტი ნეტარებისა. ჭეშმარიტი თავისუფლება - ეს არის სულის ზეიმი, ნეტარების მწვერვალი, ჭეშმარიტი თავისუფლება ღმერთია, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, რომელიც ისეთი დიდია, რომ სამყარო ვერ იტევს და ამავე დროს ისეთი პატარა, რომ თითოეული ჩვენგანის გულში შეუძლია დაივანოს. უფალი ცდილობს, გვიხსნას ცოდვის მარწუხებისგან, რომლებიც ზოგჯერ თავისუფლებად გვეჩვენება.

თავისუფალი იყო პირველი ადამიანი - ადამი. მას ჰქონდა არჩევანის უფლება. მან მცდარი არჩევანი გააკეთა - დაემონა ვნებას და ცოდვით დაეცა. სწორედ აქედან შემოვიდა ადამიანთა სამყაროში დაცემა და ახლა ყოველი ჩვენგანი აკეთებს არჩევანს სიკეთესა და ბოროტებას, ცოდვასა და მადლს შორის.

არადა, რა ადვილია, საუკუნო ნეტარება გაცვალო ამქვეყნიურ ცრუ სიამოვნებაზე, რომელიც წამიერი, მოჩვენებითი თავისუფლების სანაცვლოდ სამარადისო მონობას გთავაზობს...

შეიძლება იკითხოთ, სად არისო თავისუფლება. მაშ, რა არის სიყვარული, ცოლქმრობა, მეგობრობა, თუ არა თავისუფლება და პასუხისმგებლობა? განა თავისუფლება არ არის, აკონტროლო საკუთარი ქცევა, სურვილები, გადააფასო ძველი ცხოვრება და უკეთესით, ახლით შეცვალო, მიხვდე განვლილ შეცდომებს და აღარ გაიმეორო ისინი ანდა გეამაყებოდეს ყოველი მართებული ნაბიჯი და მადლს სწირავდე ღმერთს, რომელმაც მოგცა გონება და ძალა სიკეთის კეთებისა, ცხოვრების სწორი აღქმისა და თვითკრიტიკისა?



- რატომ მიანიჭა უფალმა ადამიანს თავისუფლება? ეს რომ არა, ხომ არ დაკარგავდა ადამი სამოთხეს და მარად უფლის სიახლოვეს იქნებოდა?



- ადამიანებს თავისუფალი არჩევანი რომ არ გვქონდეს, ცხოველებს დავემსგავსებოდით. ვერ გავაცნობიერებდით, რისთვის ვარსებობთ და რა ნეტარებაა სასუფეველი. ფასი მხოლოდ იმას აქვს, რასაც ადამიანი ღვაწლით მოიმუშაკებს. სასუფევლის ნეტარების განცდაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებოდა ადამიანს, თუ მას არა უზრუნველად, არამედ შრომით, სინანულით, საკუთარი ძალისხმევით მოიპოვებდა.



- მაშ, არც დაცემის შემდეგ დაუკარგავს ადამიანს თავისუფლება?



- დიახ, ის ადამის მოდგმამ ბოლომდე შეინარჩუნა. აი, რა მოხდა დაცემის შემდეგ: ადამმა საკუთარ არსებაში ეშმაკს დაუთმო ადგილი, მის გულში, მის გრძნობებზე ეშმაკი გაბატონდა, ეშმაკი გამეფდა ადამში და მისი მართვა მოინდომა. ეს შეძლო კიდეც. დაეცა ადამი და დაეცა მთელი კაცობრიობა. ადამიანის გულში შეაღწია ცოდვამ და დაიმორჩილა იგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანმა დაკარგა თავისუფლება, ის ეშმაკის მონა, მისი მორჩილი გახდა. ბოროტის მარწუხებიდან თავის დახსნა ადამიანს თავად არ შეეძლო, რამეთუ ცოდვა მის სხეულს შეესისხლხორცა; ამისთვის იყო საჭირო მხსნელის, განმათავისუფლებლის მოვლინება. სწორედ ეს მხსნელი გახლდათ მაცხოვარი, რომლის მოსვლასაც მთელი ერი ელოდა, მაგრამ თვისთა თანა მოსული თვისთა ვერ იცნეს. ქრისტემ თავისი ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანთა ცოდვები და ადამის მოდგმას სამოთხის კარი გაუღო, რათა თითოეულ ჩვენგანს შესძლებოდა, თავისი ნებით შესდგომოდა ქრისტეს და დაკარგული ნეტარება დაებრუნებინა. ამგვარად, ჩვენ გვაქვს საშუალება, კვლავ მოვიპოვოთ დაკარგული სამოთხე და სრულად შევიგრძნოთ ის ნეტარება, რასაც უფალთან ერთობა ჰქვია.



- მაცხოვარიც ხომ ნებით ეცვა ჯვარს...



- სხვაგვარად არც შეიძლებოდა. გახსოვთ ალბათ, როგორ ლოცულობდა ის გეთსიმანიის ბაღში, მამას განსაცდელის არიდებას სთხოვდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა: არა ისე, როგორც მე მსურს, არამედ - როგორც შენო, - ამ სიტყვებით დაასრულა ლოცვა. მაცხოვარმა მოგვცა უდიდესი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ღვთისა და საკუთარი ნების თანხვედრით.



- მორჩილება ახსენეთ. მას ქრისტიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა, მეორე მხრივ, ვიცით, რომ ადამიანი თავისუფალია. ერთმანეთთან შეუთავსებელი ხომ არ არის ეს ორი ცნება?



- ცხადია, არა. ადამიანი მორჩილებასაც თავად ირჩევს. ქრისტიანობაში ნეიტრალური მდგომარეობა არ არსებობს - ან ღვთის მონა ხარ, ან ეშმაკისა, ასე რომ, უნდა აირჩიო, ვის დაემონები. ღვთის მორჩილებაში მყოფი ადამიანია სწორედ ყველაზე თავისუფალი, თავისუფალი ცოდვებისა და ვნებებისგან. ქრისტემაც ასეთი არჩევანი გააკეთა. რაც შეეხება სამონასტრო მორჩილებებს, უნდა ვიცოდეთ, რომ მორჩილი ან მონაზონი არ ემორჩილება რომელიმე კონკრეტული პიროვნების (მაგალითად, წინამძღვრის) პიროვნულ ახირებებს; ის ემორჩილება უფალს, აკეთებს იმას, რამაც თავმდაბლობა უნდა ასწავლოს, მოძღვარს კი იმისთვის ემორჩილება, რომ მან, ბევრად უფრო გამოცდილმა და ბრძენმა, სწორი გზით წარმართოს მისი სულიერი ცხოვრება. სულიერ ცხოვრებაში წინამძღოლის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია.



- ვინც მორჩილი არ არის, ის თვითნებობით სცოდავს. რა განსხვავებაა თვითნებობასა (რომელიც დიდ ცოდვად ითვლება) და თავისუფლებას შორის?



- თვითნებობა ნიშნავს, არ დაუჯერო საეკლესიო კანონებს, მამათა გადმოცემებს, ბოლოს და ბოლოს, არ დაემორჩილო ღმერთს და ეცადო, საკუთარი ნებისამებრ წარმართო ცხოვრება, ეს კი იგივეა, რაც ცოდვის მონობა. ადამიანს ღმერთმა თავისუფალი არჩევანი მიანიჭა, ასე რომ, მისი ნებაა, რომელ რელიგიას აირჩევს, მაგრამ თუ მართლმადიდებლობა სურს, უნდა დაემორჩილოს კიდეც მის კანონებს.



- ეკლესიის სწავლებით, ადამიანს ამპარტავნების საფუძველი არა აქვს, რადგან თავისთავად არავითარი სიკეთის ქმნა არ შეუძლია, ყოველი კეთილის მოქმედი ღვთის მადლია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის. როგორ დავიცვათ თავი ამ შემთხვევაში ამპარტავნებისაგან?



- ადამიანს მართლაც არ აქვს ამპარტავნების საფუძველი. მართალია, ჩვენ ვირჩევთ, სიკეთეს ვიქმოდეთ თუ ბოროტებას, მაგრამ კეთილი გზის არჩევა ხომ ადამიანის მოვალეობაა! საუბედუროდ, საზოგადოება ისე დაეცა, რომ დღეს სიკეთის ქმნა მიღწევად ითვლება, არადა, ეს თითოეული ჩვენგანის წმინდათაწმინდა ვალია, ეს არის ის, რისთვისაც მოვევლინეთ ამ ქვეყანას, ეს არის საშუალება, გამოვხატოთ მადლიერება შემოქმედის მიმართ. მუშას საქმის შესრულებისთვის არავინ აქებს, რადგან იმას აკეთებს, რისთვისაც დაიქირავეს. ასე ვართ ჩვენც. როცა სიკეთეს იქმთ, - ბრძანებს მოციქული, - თქვით: "მონანი ვართ უხმარნი და რა-იგი თანაგვედვა, აღვასრულეთო".



- თანამედროვე საზოგადოებაში ცნება "თავისუფლება" თითქოს გაუფასურდა...



- სავალალოა, რომ ადამიანს თავისუფლება მონობაში ერევა - ჰგონია, რომ თუ დაუბრკოლებლად მიიღებს ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, ხელს არავინ შეუშლის აზარტულ თამაშებსა თუ მრუშობაში, თავისუფლებას მოიპოვებს. ეს მხოლოდ ილუზიაა, რეალური სამყაროდან გაქცევა, რეალობას კი სუსტი გაურბის. იცხოვრო ირეალურ სამყაროში, საზოგადოებისგან იზოლირებულმა, ნიშნავს დაკარგო სანატრელი, ღვთით ბოძებული, მისივე სისხლით მონიჭებული თავისუფლება. ფიქრობენ, რომ რაც უფრო აღვირახსნილია ადამიანი, მით თავისუფალია იგი. ცოდვა ისეა გაბატონებული, ვერც კი ამჩნევენ. ამ ყოველივეს ნათელი მაგალითია ის 300 000-მდე ადამიანი, რომელთაც თავისუფლება ჰეროინზე, კოკაინსა და მარიხუანაზე გაცვალეს. რატომ სინჯავს ნარკოტიკს ადამიანი? ან ფარული ინტერესის გამო, ან პრობლემებისგან თავის დაღწევის მიზნით. ამას მოსდევს ეიფორია - ცრუ, მოჩვენებითი სიამოვნება. მერე და მერე სულ უფრო მეტი დოზა სჭირდება, რათა ის პირველი ნეტარება აღიდგინოს; რაც მეტს იღებს, მით უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული და ასე... ბოლოს ეგებ აღარც უნდა მისი მიღება, მაგრამ თავს ვეღარ ანებებს.

არ გეგონოთ, ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ისინი იყვნენ. არა, ასე ვართ ყველა, უბრალოდ, სხვადასხვა რამეს ვემონებით. ეს ცოდვის წარმოშობის, გავრცელების ტიპური მაგალითია. მას შემდეგ, რაც სასუფეველი დაკარგა, ადამიანი გრძნობს უდიდეს დანაკლისს და ცდილობს, ეს სიცარიელე რითიმე ამოივსოს, მაგრამ ვერ ხვდება, რა აკლია, ტყუვდება და ვნებების ტყვეობაში ექცევა. გადის დრო, ადამიანი ხვდება, რომ სიცარიელეს ამ გზით ვერ ამოივსებს და სხვა ვნების ტყვეობაში ექცევა... ასე გრძელდება, სანამ ეკლესიის მადლს არ ეზიარება. ასეთი ხალხის სიცოცხლე უსასრულო ძიებაში გადის, ვნებებს უფრო და უფრო ემონებიან და შეიძლება, ჭეშმარიტებას ვერასდროს მიაგნონ.



- მაშ, როგორ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი თავისუფლება?



- უწინარეს ყოვლისა, უნდა ვეცადოთ, არ გვქონდეს მცდარი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ხშირად ხდება, რომ კაცს ჰგონია, ბრძენია, გონიერი, ჭკვიანი, სინამდვილე კი სხვაგვარია. მხოლოდ სულიწმინდის მადლი იხსნის ადამიანს ცოდვისგან, გაუღებს გულს და საკუთარ დაცემას დაანახვებს. აქედან იწყება გათავისუფლება, რაც პირველ რიგში ვნებებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. უფალი ბრძანებს: "სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლენ თქვენ". რა არის Qჭეშმარიტება? - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. სად არის შესაძლებელი მისი შეცნობა? - მართლმადიდებელ ეკლესიაში და არსად სხვაგან. გავიხსენოთ კაენი, რომელმაც აბელი მოკლა ან იოსების ძმები, რომლებმაც ძმა გაყიდეს. მათ უდიდესი დანაშაული ჩაიდინეს. რატომ გააკეთეს ეს? ნუთუ ვერ გრძნობდნენ, რომ არასწორად იქცეოდნენ? ცხადია, ხვდებოდნენ, მაგრამ ხვდებოდნენ მხოლოდ გონებით, გული კი ვნებით ჰქონდათ სავსე, ამიტომაც არ შეეძლოთ, გულის კარნახს არ აჰყოლოდნენ. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ადამიანმა გული უნდა განიწმინდოს. მიხვედრით შეიძლება ჩვენც ბევრ რამეს ვხვდებით, ალბათ, მრავალი ჩვენგანი აცნობიერებს, რომ ცოდვილი და დაცემულია, მაგრამ აცნობიერებს მხოლოდ გონებით, გული კი ძველებურად უგრძნობი და ამპარტავანი რჩება. მართლმადიდებლობა გულის რელიგიაა, მისი საფუძველი წმინდა და შემუსვრილი გულია, გულის განწმენდა კი მხოლოდ სინანულით არის შესაძლებელი, ვინაიდან სწორედ სინანულის დროს ხვდება ადამიანი, რომ ღვთის შეწევნა სჭირდება და გულით შეჰღაღადებს უფალს.

ქრისტე ამბობს: არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულადო. ვინ არიან მართლები? ცხადია, ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, რადგან აბსოლუტურად მართალი ადამიანი არ არსებობს. უფალი ამ შემთხვევაში იმათ გულისხმობს, ვინც თავს მართლად მიიჩნევს. ასე რომ, უფალი განკურნავს მათ, ვინც დაინახავს და შეინანებს საკუთარ ცოდვებს. ხომ უგუნურება იქნება, ექიმთან სამკურნალოდ მივიდეთ და ავადმყოფობა დავუმალოთ?!

ადამიანი რომ ცხონდეს, საჭიროა სინერგია - კაცისა და ღვთის ენერგიათა, კაცობრივი და ღვთაებრივი ნების თანხვედრა. ღვთის ნება ყოველთვის ადამიანის ცხონებისკენ არის მიმართული. მთავარია, ჩვენ მივმართოთ ჩვენი გრძნობები ღვთისკენ, მთავარია, გულით მოვინდომოთ ცხონება და როცა ღმერთსა და ეშმაკს შორის არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებით, უფალი ავირჩიოთ. შემოქმედი ჩვენს გადაწყვეტილებას, კეთილ არჩევანს ელის. ავირჩიოთ ვიწრო, მაგრამ სასუფეველში მიმყვანებელი გზა და გადავრჩებით. მინდა, წრფელი გულით ვთხოვო ცისა და ქვეყნის დედოფალს, იხსნას ჩვენი ისედაც მცირერიცხოვანი ერი.



ესაუბრა

გვანცა გოგოლაძე


karibche.ambebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий