вторник, 3 июня 2014 г.

რას უმიზნებს ახალი „მოქალაქე“?!

ვინც პარასკევს ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ლევან ვასაძესთან ინტერვიუს უსმინა, დაგვეთანხმება, რომ მან (ვასაძემ) საქართველოს ჯანსაღი ნაწილის პოზიცია გამოხატა.

საზოგადოებაში ვასაძის გამომოჩენა ყოველთვის დიდი ინტერესს იწვევს, თუმცა, მან განსაკუთრებული ყურადღება ამ ბოლო ხანებში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისადმი გაგზავნილი მიმართვით მიიპყრო, სადაც იგი დღევანდელ ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს.

ბევრმა ვასაძის გზავნილი მის პოლიტიკურ გააქტიურებად ჩათვალა და ისიც კი ითქვა, რომ იგი მესამე პოლიტიკურ ცენტრს ჩაუდგება სათავეში, რომელიც აუცილებლად რუსული ორიენტაციის იქნება!..

თუმცა, გრიგოლიას თოქ-შოუში მან კატეგორიულად უარყო საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და თან დასძინა: თუ მე პოლიტიკაში შემოსვლა გადავწყვიტე, რაღაც კიდევ უფრო მეტი უბედურება უნდა დაატყდეს თავს საქართველოს და ყველა უნდა დამნებდეთო!

იმათ გასაგონად, ვისაც ვასაძის ჭეშმარიტ ქართველობაში ეჭვი ეპარება, ვიკითხავ: რას ამბობს ეს პიროვნება ისეთს, რომელიც საქართველოს ჯანსაღ მომავალზე მოფიქრალი ქართველისთვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს?!

მითუმეტეს, ვასაძე ღიად საუბრობს იმ ანომალიებზე, რომელიც უზნეობის ჭაობში ითრევს საქართველოს და ერს გამოფხიზლებისკებ მოუწოდებს (მავანს და მავანს ყელში სწორედ ამიტომ ეჩხირება იგი).

ვასაძე პირდაპირ აცხადებს, რომ ხელისუფულების და მათი დაქირავებული „თანამოაზრეების“ ერის გაუკუღმართებული მომავლისკენ სწრაფვის მხილების გამო არანაირ პოლიტიკურ სარგებელს (დივიდენდს) არ ითხოვს. საკმაოდ არაორდინალურია მისი სიტყვებიც, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, აფხაზეთის ტრაგედიაზე დიდი უბედურება შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის, რადგან ეს მხოლოდ შესავალია და გაგრძელება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება იქნება!!!

აბსოლუტურად ვეთანხმები ბ-ნ ვასაძეს იმაში, რო ჩვენ „გარედან იმდენად არ გვაძალებენ, რამდენადაც თავად ვიძალებთ“. სამწუხაროდ, ეს თვისება ქართულ ხასიათში ნამდვილად დევს და იგი ქართველ ერს არა მარტო ღირსებააყრილად წარმოაჩენს (არ მერიდება ამის თქმის), არამედ, საფრთხეს უქმნის თუნდაც მის ფიზიკურ არსებობასაც კი...

ვასაძე კატეგორიულია ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედების მიმართ და თუ დღევანდელი პარლამენტი თავის ნაფურთხს არ ალოკავს (მაპატიეთ გამოთქმისთვის), ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობით იმუქრება!

მე ადრე მხარს ვუჭერდი ლევან ვასაძის აქტიურად შემოსვლას პოლიტიკაში, მეტიც, ერთ დროს საქართველოს მომავალ პრეზიდენტადაც წარმომედგინა, მაგრამ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში მისმა სტუმრობამ დამარწმუნა, რომ მას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია საზოგადოების გასააქტიურებლად - ანუ, სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად, რომელიც ეროვნულ ფასეულობებზე იქნება „დამყნობილი“, ხელს შეუწყობს საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებას და ხელისუფლების საქმიანობაზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებას!..

დიახ, მას შეუძლია აიყოლიოს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი და დირიჟორის ფუნქციაც იკისროს მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის პროცესში, რომლის აუცილებლობაც უკვე საკამათო არ არის.

მიუხედავად მცდელობისა, ბურჯანაძე ვერ გახდა (არც უნდა გახდეს!) ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი. იგი ვერც მომავალში გახდება მისი და მისი თანამოაზრეების თუ ძალით გაერთიანების პოლიტიკური წარსულის გამო _ ქვეყანას ახალი ძალა, „ახალი სისხლი“ სჭირდება, რომელსაც მათგან განსხვავებით გააზრებული ექნება საკუთარი პასუხისმგებლობა ერისა და მისი მომავლის წინაშე.

დიახ, დიახ, ბატონებო, გამოცდილება კარგია, მაგრამ, როგორც იტყვიან: არ გათეთრდების ყორანი, რაგინდ რომ ხეხო ქვიშითა...

ნიშანდობლივია ისიც, რომ მიუხედავად უხვი დაპირებებისა, ივანიშვილის „მოქალაქემ“ ჩაილურის წყალი დალია - ესეც ისეთივე ფუჭი „ოცნება“ აღმოჩნდა, როგორიც საზოგადოებამ 2011 წლის ოქტომბერში ირწმუნა. სამწუხაროდ, ამ მოკლე ხანებში უკვე დაიმსხვრა მითი, რომ ივანიშვილი სამაგალითო სამოქალაქო საზოგადოებას შექმნის და ქართული დემოკრატიით ევროპასაც გააკვირვებს!..

ვერ ვიტყვი, რომ მოინდომოს, არ შეუძლია, მაგრამ „აკრძალულ ზონაში“ გადასვლის სურვილი, როგორც ჩანს, არა აქვს!

ის, რაც არ გააკეთა ივანიშვილმა, უნდა გააკეთოს ვასაძემ - ყოველ შემთხვევაში, მას

ამის რესურსები ნამდვილად გააჩნია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ უკანასკნელის რეიტინგი საზოგადოებაში დღითიდღე მატულობს - სხვათაშორის, დირიჟორის ფუნქციის შესრულებაც კარგად გამოსდის.

ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეს საზოგადოებას გულწრფელი და პირში მთქმელი ერისკაცი უფრო სჭირდება, ვიდრე სხვადასხვა ვალდებულებებით დატვირთული პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით შუა გზაზე მიგატოვებს!

იტვირთავს თუ არა ლევან ვასაძე ახალი „მოქალაქის“ ფუნქციას, დრო გვიჩვენებს!



ზაურ ნაჭყებია


2-06-2014

iverioni.com.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий