-მამაო, დეკანოზმა ელიზბარ დეკანოიძემ სოციალურ ქსელში საკმაოდ საგანგაშო განცხადება გაავრცელა - 3 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქს, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, დამსახურებულ პენსიაზე გაუშვებენ. რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?
-ელიზბარ დეკანოიძე არ არის დეკანოზი, ის ყოფილი დეკანოზია, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერეს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა, რადგან არავის აქვს პატრიარქის გადაყენების უფლება ორი მიზეზის გარეშე: პირველი, ის თავისი ნებით უნდა გადადგეს და, მეორე, გარდაცვალების შემდეგ შეცვლიან. სხვას არავის აქვს უფლება პატრიარქი პენსიაზე გაუშვას და უფლება-მოვლეობა თავის თავზე აიღოს!!!
მართალია, 3 ივნისს დანიშნულია წმინდა სინოდის კრება, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ იწვევენ ხოლმე - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. იქ ყველაზე ნაკლებად ამ თემაზე იქნება საუბარი.
-თუ გავრცელებული ვარაუდი გამართლდა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
-ეს არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, შეუმჩნევლად არ მოხდება, რადგან პატრიარქი არის ის ადამიანი, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. მის მხრებზე ძევს ქართული სამოციქულო ეკლესიის პრობლემები და ამას მასავით ვერავინ გაართმევს თავს. მიუხედავად ყველაფრისა, იგი დგას მოწოდების სიმაღლეზე. მე მას კირიონისა თუ ამბროსი ხელაიას მსგავს კათალოკოსთა გვერდით ვაყენებ.
-მრევლში მუსირებს აზრი, რომ წმინდა სინოდი დაყოფილია პატრიარქის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. თქვენი აზრით, როგორია ეს ბალანსი?
-პატრიარქის მომხრეები და მოწინააღმდეგები, როგორც ასეთი, არ არსებობს.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, იმით განვსხვავდებით კათოლიკეებისგან, რომ ადამიანთა უცოდველობის ცნება არ გვწამს. პატრიარქს შეიძლება არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ არც ეწინააღმდეგებიან. ქართული ეკლესიის პატრიარქი ღირსეულსა და გონივრულ ნაბიჯებს დგამს, რომელსაც ბევრჯერ უხსნია ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან.
ვიღაც შეიძლება თვლის, რომ პატრიარქმა დაასრულა თავისი ეპოქა, უნდა გადადგეს და ტახტი სხვას უნდა დაუთმოს - ამაზე საუბრობენ კულუარებში, მაგრამ საჯაროდ, მით უფრო, წმინდა სინოდში, მიუხედავად აზრთა უთანხმოებისა, ის ყველას უყვარს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ილია მეორემ შექმნა ეპოქა!
-ელიზბარ დეკანოძის განცხადებით, წმინდა სინოდი საკუთარ თავზე აიღებს საპატრიარქოს მართვას და მოამზადებს ახალ პატრიარქს.
-ასე არ ხდება პატრიარქის გადაყენება, ეს ბილწი ადამიანის მიერ წამოთქმული სიტყვებია! ჯერ ერთი, ასეთ გადაწყვეტილებას მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება, რის აუცილებლობასაც, ვერ ვხედავ.
ამაზე საუბარი მეუხერხულება, რადგან პატრიარქი თვითონაც კარგად ხედავს ყველაფერს. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ის ასაკოვანია და პრობლემებს თავს ვერ გაართმევს, ცდება. მე თუ მკითხავთ, ვინ ავა მის შემდეგ საპატრიარქო ტახტზე, გამიჭირდება ვინმეს დასახელება.
ჩვენ ზედმეტად ლიბერალი ან ფანატიკოსი ერი ვართ, პატრიარქი კი ამ ორ თვისებას აბალანსებს -ის ერის სულიერი მამაა, რომელსაც საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან საუბარი შეუძლია. მუსიკოსთან-მუსიკოსია, პოეტთან-პოეტი, მეცნიერთან - მეცნიერი... ეკლესიიდან განდევნილი მსახურებიც კი მეგობრებენ მასთან. მე, როგორც ერთმა უბრალო ქართველმა, შემიძლია ვთქვა, რომ გამიჭირდება დავასახელო მისებრ ღირსეული, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ წმინდა სინოდში არ მოიძებნებოდეს ღირსეული საპატრიარქო კანდიდატი.
-არსებობს თუ არა მართლმადიდებლურ ისტორიაში პატრიარქის გადაყენების ან პენსიაზე გაშვების პრაქტიკა?
-ისტორიაში არის მსგავსი ფაქტები: რჯულის კანონი ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში ერთხელ დაირღვა, როცა ქართლის კათალიკოსად აირჩიეს 24 წლის ანტონი. ეს იყო იშვიათი გამონაკლისი. სხვა დროს სწორხაზოვანი გზა არ დარღვეულა.
დღესაც არ არის გამორიცხული უპრეცენდენტო გამონაკლისები - გარე და ბნელი ძალები ძალიან ცდილობენ და ქმედით ნაბჯებსაც დგამენ ქართული ეკლესიის დასარღვევად. ცდილობენ, ისე მართონ ეკლესია, როგორც თანამედროვე საბერძნეთში მართავენ. მაგრამ ისევე ურღვევია ჩვენი ეკლესია, როგორც კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
-მამაო, თქვენი აზრით, ამ მზაკვრული გეგმის სავარაუდო განხორციელებაში ურევია თუ არა სახელმწიფოს ხელი?
-ხშირადაა ეკლესია პოლიტიზებული. გაიხსენეთ, საეკლესიო კრებას დავით აღმაშენებელი ეწრებოდა ხოლმე, რათა გაეთავისუფლებინა ის ავაზაკებისაგან. სახელმწიფო დღეს ცდილობს , ჩაერიოს საეკლესიო ცხოვრებაში, მაგრამ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგება. წმინდა სინოდი აბსოლუტურად დამოუკიდებელია პოლიტიკისგან.
-ზოგადად, ვის აძლევს ხელს მართლმადიდებელი ერის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება?
-იმათ, ვინც დაბალრეიტინგულნი არიან და ამას ეკლესიას ვერ პატიობენ. მრევლმა იცის, რომ ხსნა ეკლესიაშია და ბნელი ძალების მოქმედება ვერ დაარღვევს მრევლის წინაშე ეკლესიის მდგრადობას. რაც მეტად ეცდებიან ეკლესიის რეპუტაციის შებღალვას, მით უფრო ძლიერდება და მტკიცდება ის. გაიხსენეთ, როდის იყო ეკლესია ყველაზდ ძლიერი? მაშინ, როცა ყველაზე მეტად იდევნებოდა ქრისტიანობა და ეწამებოდნენ ქრისტესთვის.
ესაუბრა ია ჯღარკავა
iverioni.com.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий