вторник, 17 июня 2014 г.

სიმწრით ნათქვამი ,,ალილუია"

ეს წერილი სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა, მამა პეტრე კვარაცხელიამ ექსკლუზიურად "ივერიონს" გამოუგზავნა. იმდენად ტკივილიანი "აღსარება" გამოუვიდა, იმედია მკითხველიც გულაჩუყების გარეშე არ ჩაიკითხავს. თუ ბოლომდე ჩაიკითხავს, აუცილებლად დაფიქრდება.


სიმწრით ნათქვამი ,,ალილუია" არა ,,უმისამართოდ'' გაფრენილი თანხებისთვის, ბოღმისთვის, სიძულვილისთვის, სხვათა ცხოვრების განკარგვისთვის, შურისთვის, განდიდებისთვის, ,,საღვთისმეტყველო'' პრივილეგიებისთვის, არამედ რწმენადაკარგული, უსახლკარო, უიმედო, უპოვარი და უქონელი მოყვასისთვის.


შემზარავი სანახავია, როცა წმინდა ტრაპეზს ემსახურები და, ზეციური სიხარულის ნაცვლად, მწარე რეალობასთან გიწევს შერკინება, რომლის უკან მრავალშვილიანი ოჯახი და ,,ნისიად'' წამოღებული საყოფაცხოვრებო ნივთების ქვითრებია.


სამწუხაროდ, არ აკლდება, პირიქით, იმდენი ემატება, რომ ნაქირავებში შეხიზნულს, ჩამოხეული კედლის დასაფარადაც გამოგადგება.

ერთ მხარეს სამღვდელოებისგან გულნატკენი საზოგადოება დგას, მეორე მხარეს სიღარიბის კარიბჭესთან მდგარი მღვდლის ოჯახი. ორივე მართალია ან ორივე ცდება თავისებურად!


რას ედავებიან მღვდელს ტაძარში სულის საოხად მისული მორწმუნეები და რას ითხოვს სასულიერო პირი, მასზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდნილი მრევლისგან?!


ყველაზე რეიტინგული და აქტუალური ეკლესიის ქონების მოძიება და ქრისტეს მსახურების უპირობო განკითხვაა. რისთვის ლოცულობს კუჭშემხმარი დიაკონი და რამდენად ესმის ღმერთს უსულოდ ნათქვამი მრჩობლი კვერექსი.


მესმის, რომ ტაძრის ცივ იატაკზე ძირგამოშიგნული ფეხსაცმლით მდგარი ჭეშმარიტების მაძიებელი, ვერ იგებს გაზულუქებული მღვდლის მომნუსხველ ქადაგებას - გლახაკთა მოწყალებაზე, მშიერთა დაპურებაზე, პატიმართა მონახულებაზე.


ვერ იგებს იმ მარტივი იზეზიდან გამომდინარე, რომ სიტყვა საქმის წინააღმდეგია და გულდასმით მომზადებული ,,სიტყვის კონა'' ზღაპართმეტყველების ორგანული ნაწილია. ალბათ, ამან განაპირობა უკიდურესი უნდობლობა და რწმენაშერყეული ,,მორწმუნეების" გაორებული დამოკიდებულება არამხოლოდ დღევანდელი მაგალითებისადმი, არამედ იმ დიადი წარსულისადმიც, როცა წმინდა იოანე ოქროპირობდა, წმინდა ბასილი დიდობდა, წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველობდა და უამრავი პატერიკები, უდაბნოს მანანას მსგავსად, სანუგეშოდ გვევლინებოდა. ეკლესიისთვის თავდადებულები, დღევანდელი გადასახედიდან, ძილისპირულზე დედის მიერ ლამაზად მოყოლილი ზღაპრის გმირები გვგგონია. არადა…ღმერთი არ შეცვლილა. ,,მე ვარ, რომელიც ვარ!'' - ბრძანებს უფალი.


ალბათ, უფრო დამოკიდებულება შეიცვალა ღმერთისადმი და იმდენი ,,ჭეშმარიტება" ჩამოყალიბდა, რამდენიც სასულიერო პირია. არა ,,უმისამართოდ'' გაფრენილი თანხებისთვის, ბოღმისთვის, სიძულვილისთვის…. არამედ იმ სასულიერო პირის სახელით, რომელსაც სახლში შესვლა გულს უხეთქავს, იმის გამო, რომ ოჯახი მშიერი ელოდება.


თუ ასეა, რატომ განიკითხავენ, რას ედავებიან, პრობლემებით ბაგეზე ლოცვაშეყინულ მღვდელს. სად არის დანაშაული, როდის დაუშვა შეცდომა?!


მტყუან-მართლის მოძიებაში, სიცრუიდან სიბრძნის გარჩევაში, მეორედ მოსვლა მოგვიახლოვდა. არ შევუდგები წმინდა წერილიდან ციტირებებს, არც დასავლური და აღმოსავლური შეგონებების მოძიებას, არამედ პირნათლად ვიტყვი იმას, რომ მშიერი თუ მაძღარი, სასახლიანი თუ უსახლკარო, ,,ჯიპიანი'' თუ ქვეითი, წიგნიერი თუ უწიგნური, მორწმუნე თუ ურწმუნო, პატიოსანი თუ მოსყიდული, განკითხვის ცეცხლზე, ერთ ქვაბში იხარშება. ამ ცეცხლით კი თანაბრად ითბობს ხელებს ერთგული თუ ორგული, დაბრკოლებული თუ დასაბრკოლებელი, ლიბერალი თუ ფუნდამენტალისტი, თეისტი თუ ათეისტი, სიმართლის მაძიებელი თუ სიცრუის მეხოტბე, ვირტუალური და არავირტუალური ,,ქსელები'', ჭირისუფალი თუ ,,თავისუფალი". გზა კი ურმის გადაბრუნების მერეც არ ჩანს!..


ერთ ნაწილს, ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, მღვდლად კურთხევა განუზრახავს, მეორე, იმედგაცრუებული მხარე, დამატებით სამსახურებს ეძებს და ხშირად ხელმოცარული, სასოწარკვეთით იუწყება საუკუნო მომავალს.


ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ზედმიწევნით კარგად გეტყვიან ეკლესიის ყოველწლიურ შემოსავალს, რომლის დასათვლელად, არც ხელის და ფეხის თითები და არც მათემატიკური ციფრები გეყოფა. პირველი და უთავბოლოდ გადანასკვნული კვანძი სავარაუდოდ ვიპოვეთ. სწორედ ამის გამო, სწორედ ამისთვის, სწორედ ასე ცხოვრობენ ისინი, რომელთა ძალაუფლება ფეოდალიზმს ემსგავსება და მათ მიერ ძვირადღირებულ დახლზე მონანულთათვის ჯვარცმულ იესოს, საკმაოდ ხელსაყრელად ყიდიან. ასეთებისთვის ხომ მეორედ მოსვლა ჯერ კიდევ შორსაა ან სულაც ფანტასტიკის სფეროს მოიცავს. მათ არ ესმით ფეხქვეშ გაგდებული ეკლესიის არც განკითხვა, არც შეგონება და არც წუხილი. სამაგიეროდ ყველა უფლება ჩამოთმეულ მღვდლებს ვერაფერ ნუგეშს აძლევს სიმწრით ნათქვამი ,,ალილუია". თავდავიწყების მდინარის ერთ მხარეს სტომაქამოვსებული სამღვდელოება დგას, მეორე მხარეს - ლუკმაპურს დახარბებული დაჩიავებული ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად იმაზე ლოცულობს, რომ ხსნილში ბევრი ჯვრისწერა მოგროვდეს და მარხვაში პანაშვიდები. მთავარი საზრუნავი კი კონდაკივით საკურთხეველში ,,იმარხება".


პრობლემის მოსაგვარებლად არ არის საჭირო არც ერთი სხვა ეკლესიის მოდელების მოძიება, არამედ სახელმწიფოსა და ადგილობრივი ეკლესიის კეთილი ნება…
დღეს ერთნაირად ყველაზე დაცული და დაუცველი სასულიერო პირის ოჯახია. ხშირად მღვდლებთან შეხვედრას და ურთიერთობას ვერიდები,რადგან უმთავრესი თემა შემოსავალია. უკმაყოფილების შემთხვევაში კი ,,პრესტიჟულ'' ადგილებზე ტაძრების მშენებლობას ეწაფებიან. ცოცხალი ღმერთის რწმენა კი მცირედს თუ შემორჩა მხოლოდ და ისინიც ეპარქიებს აფარებენ თავს, უკეთესი მერმისის მოლოდინში!..


თანხების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, ყველა მტკივნეული საკითხი ადვილად მოგვარდებოდა. პირველ რიში, მეჯვარეებს მღვდლის შიში არ ექნებოდათ, თანხების მოთხოვნის გამო. სასულიერო პირი ფულიანი მრევლის მოძიებაზე ნაკლებად ილოცებდა. სულიერ შვილებს შორისაც სახარებისეული თანასწორობა იქნებოდა.
მდიდარი მრევლის ,,გადარჩენის" გამო, ღარიბს ყურადღება არ მოაკლდებოდა. მღვდელი მღვდლის მტერი არ იქნებოდა, ზნეობრივი ნორმებიც სათანადოდ დაფასდებოდა, დამატებითი შემოსავლების ძიება არ დაგვჭირდებოდა და ყველაზე პრობლემატური საკითხი, ახლადნაკურთხი სასულიერო პირების თვითმიზანი დედაქალაქის ცენტრალურ ტაძრებში დამკვიდრება არ იქნებოდა და კიდევ უფრო მეტად საკამათო თემა: ყველა შემოსავლიანი ტაძარი მონასტრად გადაკეთდა და ბერობაც სანატრელი გაგვიხდა!


მრავალშვილიანი მღვდლების ყველასგან მივიწყებულ ტაძრებში გადანაწილებით ეკლესიის კორუფცია არ აილაგმება, პირიქით, ამით ახალ და არც თუ ისე უშფოთველ ომს ჩაეყარა საფუძველი თეთრი და შავი სამღვდელოების სახელით. ვფიქრობ, რომ ადვილად მოიძებნება რესურსი, ყოველთვიურად მოძღვარს ხელფასის სახით დაენიშნოს მინიმალური თანხა. სწორად უნდა მოხდეს გადანაწილება სასულიერო პირების, რადგან ზოგიერთ ტაძარში მრევლზე მეტი მღვდელი არ იქნებოდა, ზოგში კი ერთი მღვდლის მოლოდინში, სულ არ გააფრთხობდა საზიარებლად გამზადებული სნეული. არა ,,უმისამართოდ'' გამზადებული თანხებისთვის, ბოღმისთვის, სიძულვილისთვის, წარუმატებელი კომპლექსებისთვის, არამედ ტაძრის ,,კულისებში'' უამრავჯერ მოსმენილი ტკივილისთვის, საყვედურისთვის, იმედგადაწურული ლოცვისთვის. ,,ვის შევჩივლოთ, რუსთაველი მკვდარია"… საფრანგეთს კი ვახტანგი ფეხზე ჰკიდია. დაიღალა ჭრელი პეპელა ფარფატით. ვერ გაარკვია გაფრინდეს თუ მოფრინდეს. ვფიქრობ, პანდორეს ყუთიდან პირველი იმედი ამოფრინდა.


თომას ურწმუნოებამ სძლია ავაზაკის რწმენას, განკითხვის ტალახში იკარგება მაგდალინელის ცრემლები, გაცვდა პეტრეს სინანული, დაცარიელდა ტაძრები და ქრისტესთვის შემოსილ მღვდელს, პირვანდელი რწენა, კრძალვა და ტაძრის კუთხეში შეუმჩნევლად დგომა, მხურვალე ლოცვა ენატრება, ყოველგვარი რეგალიების გარეშე, ექვსი შვილის ბედნიერებისთვის.



http://iverioni.com.ge/4838-simtsrith-nathqvami-aliluia.html


Комментариев нет:

Отправить комментарий