пятница, 22 февраля 2013 г.

ფარისევლობა და მლიქვნელობა.

ფარისევლობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა. ფარისეველი ადამიანი სათნოებას შეურაცხყოფს და თავისი საქციელით იმ პიროვნებებსაც აბრკოლებს, რომელთაც გულწრფელად სურთ, უფლისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ და მართლმადიდებლური წესების აღსრულებით იცხოვრონ. დღეს ეკლესიაში ბევრი მოდის გამო დადის. სხვების დასანახად მარხულობს, აღსარებასაც ვალდებულებისა თუ რაღაც მოვალეობის გამო აბარებს და ისე ეზიარება, რომ იმ მადლის სულ მცირედსაც ვერ განიცდის, რასაც ამ წმინდა საიდუმლოში მონაწილე გულწრფელი სინანულის მქონე და შეძლებისდაგვარად ღირსეულად მზიარებელი იღებს. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ უმთავრესი – ღვთისმოშიშებასთან შერწყმული სიყვარული უფლისადმი და ვერც იმას ხვდებიან, რომ თავიანთი ქმედებით სულს წარიწყმედენ და სასუფეველში დაბრუნების უფლებას სამუდამოდ კარგავენ.

თანამედროვეობაში ძნელად მოიპოვება კაცი, რომელშიც ეს ცოდვა არ ბუდობს. ფარისევლობაა, როცა წირვა-ლოცვისას ეკლესიაში მხოლოდ ფიზიკურად ვიმყოფებით და გონება კი ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვას სულ რაღაც რამდენიმე საათითაც ვერ წყდება. ვფარისევლობთ, როდესაც ერთს ვფიქრობთ და მეორეს ვლაპარაკობთ. აი, რას ქადაგებდა წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ამ ცოდვის შესახებ: “ყოველთვის, როდესაც შენ ნაცვლად გულის გაწმედისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა სიღრმესა შინა გულისა შენისასა და მიიღებ კეთილსა გარეგანსა სახესა, ფარისევლობასა შინა შთავარდები. ფარისევლობ, ოდეს შენ პირის-პირ კაცს აქებ და ეფერები და პირ-იქით ცუდათ ახსენებ მას; ფარისეველი ხარ, როდეს ელაპარაკები შენზე უფროსს კაცსა, ამბობ არა იმას, რასაც გული გეტყვის, არამედ რაც იამება იმ კაცს; არა სიმართლეს იტყვი, არამედ რასაც მოითხოვს შენი საკუთარი სარგებლობა. ფარისეველი ხარ, ოდეს შენ ერთს კაცს აქებ, არა მისთვის, რომელ ღირსი არის ქებისა, არამედ მისთვის, რომ იგი არს მოყვარე და მეგობარი შენი, ხოლო მეორეს განკითხავ მისთვის, რომელ იმას აქვს შენთან მცირე-ოდენი უკმაყოფილება; ოდეს ენითა შენითა ამტკიცებ დიდსა სიყვარულსა სიმართლისა და სათნოებისასა, ხოლო საქმით კი უმართლო ხარ. რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი გამხილებს შენ რომელთამე ცოდვათა-თვის და შენ კი პირ-მოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, რა ვქმნაო, კაცი სუსტი არისო, სხვანიც ესრეთ სცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზედაო, თავის დროზედ მოვინანებო; ყოველთა შინა ესევითართა შემთხვევათა კაცი ცხადად ეზიარება ფარისევლობის ცოდვასა”.

სახარებაში ვკითხულობთ: “აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმლისაი და პინაკისაი განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არს ნატაცებითა და უკეთურებითა. ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა? გარნა ესე, რომელი ჯერ-არს, მიეცით მოწყალებაი, და, აჰა, თქუენი ყოველი წმიდა არს. არამედ ვაი თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა, და თანაწარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა: ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად. ვაი თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაი შესაკრებელთა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან”. ასევე უფალი ბრძანებს: “ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაისა, რომელ არს ორგულებაი. ხოლო არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისთვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა”.

ფარისევლობისა და მლიქვნელობის ცოდვის სიმძიმეზე ინტერნეტ-ჟურნალ “ამბიონს” სიონის ტაძრის დეკანოზი ამირან ამირანაშვილი ესაუბრა.

დეკანოზი ამირან ამირანაშვილი: “ადამიანი შექმნის დღიდან ცოდვათა რიგს ითვლის. ჩემი აზრით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მლიქვნელობისა და ფარისევლობის ცოდვა. “ფარისეველი” უძველესი სიტყვაა და სახარებაშიც გვხვდება. ერთ დროს თანამდებობაც კი იყო, მაგრამ მან შემდგომში პრაქტიკაში სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა, კერძოდ, მლიქვნელობას დაუახლოვდა. ვფიქრობ, ადამიანი კარგავს თავის მეს და უფალთან დამოკიდებულებას უშუალოდ, როგორც პიროვნება, რადგან ღმერთმა ჩვენ ხატად და მსგავსად თავისა შეგვქმნა და თავისუფალი ნება გვიბოძა. მლიქვნელი ადამიანი თავის ნებას კი არ მიჰყვება, არამედ ცდილობს, მოჩვენებით ისე მოიქცეს, როგორც მის ან ზემდგომს, ან მეფეს, ან იმპერატორს ეამება. მლიქვნელი შეიძლება იყოს მამაკაცი ქალის მიმართ და პირიქით, ქალი მამაკაცის მიმართ. ეს სიცრუის გამოხატულებაა ანუ ცხოვრება სიცრუეში და მე ძალიან მებრალებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ გზით მიწიერ წარმატებას აღწევენ, მაგრამ ისინი უფალს ვერ მოატყუებენ, რადგან ადამიანი მხოლოდ მოქმედებას ხედავს და წარმოთქმულ სიტყვას ისმენს, ხოლო ღმერთი ჩვენს სულს ჭვრეტს. მთავარია გულში რას ვფიქრობთ. უფლის გამჭრიახობა სწორედ ამაშია. ზოგჯერ ადამიანიც ამჩნევს, რომ ვიღაც ჩემთან მლიქვნელობს, ფარისევლობით მოდის და მაპატიეთ, ფინია ძაღლივით კუდს აქიცინებს. ასეთი პიროვნებები არ მიყვარს, უბრალოდ, მეცოდებიან. მათ შეძლებისდაგვარად ვეხმარები ხოლმე, რადგან ქრისტიანი ვარ და სიკეთე ყველას უნდა გავუკეთო, მაგრამ მე ხომ ვიცი, ფინია ძაღლი რატომაც გახდა?! ვაჟკაცია ის, ვინც მლიქვნელი და ფარისეველი არ გახლავთ და ამ ცხოვრების ქარიშხლიან ოკეანეს მხოლოდ უფლის ბოძებული ნიჭით არღვევს და საკუთარ გზას თვითონ იკვალავს, ვინმეს კუდზე გამობმული არ არის.

მლიქვნელობა და ფარისევლობა სუსტთა ხვედრია. ამ ცოდვამ სამეფო კარზე დიდი გაქანება და აღმატებულება მოიპოვა. ასეთი გამოთქმა არსებობს: “სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო”, ანუ სიმართლეს თუ იტყვი, შენი ზემდგომი იქ აღარ გაგაჩერებს, მზად უნდა იყო და იცოდე, რომ შეჯდე ცხენზე და გააჭენო. ეს ფენომენი მარტო მლიქვნელებისა და ფარისევლებისაგან კი არ მოდის, არამედ იმ “ვაი-ხელმძღვანელებისაგან” (მე ასე ვუწოდებ), რომელთაც თავიანთ გარემოცვაში ამგვარი ადამიანების ყოფნა სიამოვნებთ. ისინი წარმატებას ვერასოდეს მიაღწევენ. ხალხი, რომელიც სიცრუეში ცხოვრობს და ჭეშმარიტი გულის ნადებს არ ემონება, დაღუპვისათვისაა განწირული. მლიქვნელობა და ფარისევლობა დაპყრობის, წარმატების ან რაღაცის გამოძალვის ხელოვნებად ითვლება. ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ გულისხმისყოფა, გულითადი სიყვარული და მოჩვენებით, პირფერობით, მლიქვნელობით ჩადენილი ესა თუ ის საქციელი”.

ყველაზე დიდი ზრდილობა გულწრფელობაა. ასე, რომ ვიყოთ მართალნი როგორც უფლის, ისე სხვებისა და საკუთარი სინდისის წინაშე.


http://www.ambioni.ge/farisevloba-da-mliqvneloba


Комментариев нет:

Отправить комментарий