четверг, 11 апреля 2013 г.

ინტერვიუ მამა გიორგისთან ( ბასილაძე).

ინტერვიუ მამა გიორგისთან ( ბასილაძე).



ჟურნალისტმა ამირან სინაურიძემ ექვსი წლის წინ ჩაიწერა.

ამონარიდი ამ ინტერვიუდან:

მამა გიორგი ბასილაძე 2007 წლის ბრწყინვალე შვიდეულის კვირეულში გავიცანი. მანამდე ინტერესით ვადევნებდი თვალყურს ბეჭდურ მედიაში მასზე გამოქვეყნებულ სტატიებს. ისედაც ბევრი მსმენოდა მასზე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა წარმოსადეგმა, კოლორიტულმა გარეგნობამ და იმერული დიალექტით გაჯერებულმა დინჯმა, მეტყველებამ. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ინტერვიუზეც დამთანხმდა. ჩვენმა საუბარმა თითქმის ორ საათზე მეტხანს გასტანა. ახლა გთავაზობთ ამ საუბარს, რომელიც 7 წლის წინ მოწამეთაში ჩავიწერეთ.
_ მამა გიორგი, თქვენ ხშირად ურჩევთ მორწმუნეებს, ეძებონ ცოცხალი წმინდანები და მათთან ახლო კონატქტი დაამყარონ. იქნებ გვიამბოთ თქვენს შესახებ, ვინა ხართ და რა ცხოვრება გამოიარეთ?
_ მე არც წმინდანი ვარ, არც სალოსი, ცელებატი ვარ, ერთი უბრალო ადამიანი. დავიბადე ჭოგნარში, 1933 წლის 30 აგვისტოს, გლეხის ოჯახში, ამ სოფელს 60-მდე მოსახლე შემოვრჩით. 34 წელზე მეტი ჭოგნარს ვემსახურე და 34 მანეთიც კი არ ამიღია იქიდან, მინდოდა საქმით შევწეოდი ჩემს კუთხეს ისე, როგორც შემეძლო. მალე 74-ე წელში გადავაბიჯებ, მარა ასაკს არ ვუჩივი, მთელი საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი და ახლაც შემიძლია სულ ცოტა 40 კილომეტრი გავიარო დღეში. ბაბუაჩემი სამსონა ბასილაძე, გადასახლებიდან იყო დაბრუნებული, მარა 125 წელი მაინც იცოცხლა. მეც, თუ დამაცლიან, 107 წელს მაინც ვიცოცხლებ. ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება მაინც, რაც მოსახდენია, მოხდება, ჩვენ სიკვდილს ვერც გადავწევთ, ვერც დავაჩქარებთ.
ცხონებულ პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ადამიანის მომავლის გამოცნობა შეეძლო. ასე, 11 წლის ვიქნებოდი, როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ისიც ახალგაზრდა იყო მაშინ, კარგა ხნის შემდეგ გახდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ყურადღებით დამაკვირდა და მითხრა: _ შენ ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდებიო. ბავშვი ვიყავი და არც მიმიქცევია მაშინ დიდი ყურადღება ამ სიტყვებისთვის და მართალი გითხრათ, არც ახლა ვიწუხებ თავს ამაზე ფიქრით. ქრისტიანს სიკვდილის არ ეშინია, ადრე თუ გვიან, ყველანი გავემგზავრებით ჩვენს ზეციურ სამშობლოში, ბიბლიურმა მათუსალამ 900 წელი იცოცხლა. თუ ვინმე გაიკვირვებდა მის ასაკს, იგი შემოვიდოდა დასავლეთის კარებიდან, გაივლიდა მანძილს აღმოსავლეთისაკენ და როდესაც აღმოსავლეთის კარების ზღურბლსაც გადააბიჯებდა, იქიდან გეტყოდა, `აი, ეს არის თქვენი 900 წელიწადიო~. ყოველთვის უნდა გახსოვდეს მათუსალას სიბრძნე, დროით შემოსაზღვრული ჩვენი მიწიერი ცხოვრება, 900 წელი იქნება თუ 1000 წამის ერთი გაელვება არ არის მარადისობასთან მიმართებაში. ჩვენი გამიწიერებული სხეულები მიწის მიზიდულობას ექვემდებარებიან, სული კი, ღმერთს ეკუთვნის და მარადიულობისაკენ მიისწრაფვის. ღმერთი ხან განსაცდელს გვივლენს ამ წუთისოფელში, ხან ავადმყოფობას _ სულის გამოსასწორებლად, საბოლოოდ კი ყველას გვათავისუფლებს ამქვეყნიური ამაოებისაგან და ჩვენს სამშობლოში გვაბრუნებს, ვიდრე ზეცაში ჩვენს კუთვნილ ადგილს დავიმკვიდრებდეთ, მანამდე ერთგულად და მუხლჩაუხრელად უნდა ვემსახუროთ ჩვენს მიწიერ სამშობლოს _ საქართველოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий