четверг, 11 апреля 2013 г.

რელიგია თუ იდეოლოგია?

ალექსანდრე შმემანი: რელიგია თუ იდეოლოგია?

ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში. ეს საშინელი სიტყვა – იდეოლოგია, დიდი ხანი არ არის რაც არსებობს, მაგრამ უკვე იმდენად მოწამლა მთელი სამყარო და ჩვენი ცხოვრება, რომ საქმის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. რა არის იდეოლოგია? ეს ისეთი სწავლება ანუ თეორიაა, რომელიც თავის თავს არა მხოლოდ აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებად ასაღებს, არამედ ადამიანს გარკვეულ ქცევასა და მოქმედებასაც განუსაზღვრავს. თუკი იდეოლოგიის რაობას ჩავუღრმავდებით ვნახავთ, რომ ის ერზაცია და ცდილობს რელიგიას ჩაენაცვლოს, მაგრამ უდიდესი განსხვავება რელიგიასა და იდეოლოგიას შორის იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია, მხოლოდ და მხოლოდ პირადი და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს უარყოფს.
რელიგია რწმენისაკენ მოწოდებაა და ყოველთვის ადამიანისაკენაა მიმართული. იდეოლოგია კი – ხალხის მასების, კოლექტივის, კლასებისა და კაცობრიობისადმი. რელიგიის არსი და მიზანია, რომ ღმერთის პოვნით ადამიანმა იპოვნოს საკუთარი თავი და გახდეს ნამდვილი ადამიანი. იდეოლოგიის მიზანი და არსი კი იმაშია, რომ მთლიანად დაიქვემდებაროს ადამიანი და იდეოლოგიის მსახური გახადოს. რელიგია ამბობს: “რაი სარგებელ არს კაცისა უკუეთუ სოფელი ესე ყოველი შეიძინოს ხოლო სული თვისი იზღვიოს?” (მათე 16:26). იდეოლოგია კი ამბობს: იდეოლოგიის განსახორციელებლად მთელი სამყარო უნდა შეიძინო. რელიგია მოგვიწოდებს სხვა ადამიანში ვხედავდეთ მოყვასს. იდეოლოგია კი ყოველთვის შორეულ, უპიროვნო და განყენებული ადამიანებისაკენაა მიმართული.
ვიმეორებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის, მათი ხალხზე საშინელი ბატონობის ეპოქაში. მხოლოდ ჩვენს საუკუნეში (XX საუკუნე) – რიმელიც ჯერ მხოლოდ 70 წლისაა – მილიონობით და მილიარდობით ადამიანი გაანადგურეს განყენებული, წარმოსახვითი იდეოლოგიების სახელით. დღესდღეობით ადამიანს არა აქვს უფრო საშური და სასიცოცხლო ამოცანა ვიდრე ამგვარი იდეოლოგიური ძალმომრეობის, ტირანიის განდევნა და მისი მხილება.
ამ ამოცანის შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ყველა იდეოლოგიებზე მაღლა პიროვნებას, როგორც მათზე აღმატებულ იდეას დავაყენებთ. ეს ნიშნავს, რომ უპირატესობა მივანიჭოთ ცოცხალ, კონკრეტულ, ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანს. რელიგიის მზის ჩასვენებამ და იდეოლოგიის ზეობამ საქმე პიროვნების იდეისა და მთელი მასთან დაკავშირებული გამოცდილების თითქმის სრულ კვდომამდე მიიყვანა. ამ გამოცდილების საფუძველი ცხადია რელიგიურია. მხოლოდ რელიგიაშია შესაძლებელი პიროვნების იდეის არსებობა – აი რა არ ესმით, რისი გაგება არ შეუძლიათ და არ სურთ თანამედროვე ადამიანებს, რომლებიც ხსნას ამა თუ იმ იდეოლოგიაში ეძიებენ.
მიპასუხებენ, რომ თვითონ რელიგია, თავისი ზეობის ეპოქაში ისტორიულად ძალიან ხშირად თრგუნავდა პიროვნების იდეას და თვით პიროვნების უფლებების, თავისუფლებისა და სხვა ამგვარი პრინციპები რელიგიასთან ბრძოლაში იშვა. ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ საჭიროა ამ სიმართლის მთელი სირთულის გააზრება.
დიახ, ქრისტე რელიგიურმა ხალხმა აცვა ჯვარს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მან მათი ცრუ რელიგიურობა ამხილა, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, იმაში ამხილა, რომ რელიგია იდეოლოგიად გადააქციეს. ქრისტეს მის ჯვარმცმელებთან კონფლიქტის მთელი არსი შემდეგია: ქრისტემ ადამიანი ყველაფერზე მაღლა დააყენა, მხოლოდ ის გახადა სიყვარულისა და აბსოლუტური ყურადღების საგანი. ქრისტეს მტრები კი რელიგიისაგან ელოდნენ წესრიგს, სამშობლოს გადარჩენას, თვითკმაყოფილებას და ყველაფერ ამისათვის მოითხოვდნენ უპიროვნო კანონებისადმი ბრმა მორჩილებას.
ამ უკანასკნელის შესახებ კი ქრისტეს სიტყვაც არ უთქვამს ისევე, როგორც არაფერი უთქვამს სახელმწიფოს, საზოგადოების, ისტორიისა და კულტურის შესახებ, რომლებიც ოდითგანვე ყველა იდეოლოგიისათვის მთავარ საკითხებს წარმოადგენდნენ. ქრისტეს ყურადღება ყოველთვის მიმართული იყო მის გარშემო მყოფ ცოცხალ ადამიანებზე. ის მათ უფლებებზე არც კი საუბრობდა. მან მხოლოდ მათკენ მიმართა სიყვარული, თანაგრძნობა და ინტერესი. სწორედ იმის გამო, რომ ქრისტემ ადამიანი სამყაროში ყველაფერზე მაღლა დააყენა, ის დაგმეს. მაგრამ ამ დაგმობით – დროა ეს შევიგნოთ – თვითონ რელიგია იდეოლოგიიდან ცოცხალ ძალად გარდაიქმნა და მთელ სამყაროზე მარადიულად გამეფდა პიროვნების იდეა.
უნდა ვაღიაროთ რომ ამის შემდგომ, ისტორიის მანძილზე, თვითონ ქრისტიანობა ხშირად გადაგვარდებოდა ხოლმე იდეოლოგიად, მოითხოვდა მისდამი ბრმა მორჩილებას, ემსახურებოდა მეორეხარისხოვან მიზნებს. . . მაგრამ მაინც, მისი არსი ყველაფერ ამაში კი არა, ქრისტეს სახარებისეულ ხატში, ისეთი ადამიანის ხატშია, რომელიც სხვაში ხედავს მოყვასს, სიცოცხლის მიზანსა და აზრს.
პიროვნების იდეის სხვა საფუძველი კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. არც უდიდეს და ღრმა ბერძნულ ფილოსოფიაში, არც რომში, რომელმაც სამართლის იდეა კი შექმნა, მაგრამ მონას ადამიანად არ თვლიდა. და რა თქმა უნდა პიროვნების იდეა არ არის არც ერთ თანამედროვე იდეოლოგიაში, რომლებიც თითქოს ყოველთვის კაცობრიობაზე ზრუნავენ, მაგრამ ამ იდეის გულისათვის ძალიან მშვიდად ანადგურებენ მილიონობით ადამიანს.
მე ვამტკიცებ, რომ პიროვნების იდეა რელიგიურია. ცხადია, თუ ამ იდეას ზეცაში არა აქვს საფუძველი და ადამიანის წარმომავლობა არა ზეციური, არამედ მიწიერია, თუ ის მხოლოდ და მხოლოდ წარმავალი მოვლენაა, მაშინ ადამიანზე განსაკუთრებული ზრუნვა მართლაც არ არის საჭირო და სამყაროში მხოლოდ დიდი რიცხვების კანონი გამეფდება. მაშინ ინვალიდები, ავადმყოფები და მოხუცები უნდა მოვსპოთ და ვიზრუნოთ მხოლოდ ბუნებრივ გადარჩევაზე, ხოლო დოსტოევსკის ცნობილი “ბავშვის ცრემლი” შეიძლება უაზრო სენტიმენტალობად ჩავთვალოთ.
ძალიან მარტივად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არც ადამიანი არსებობს. არის მხოლოდ ხალხი, უპიროვნო მასა, რომლის ცხოველურ კეთილდღეობაზეც ზრუნავს იდეოლოგია და არ ერიდება ადამიანურ დანაკარგებს. აი ასეთ საშინელ იდეოლოგიურ მსოფლიოში, მასების, კლასებისა და კოლექტივების მსოფლიოში ვცხოვრობთ ჩვენ ამჟამად.
ამის შესახებ უნდა ვიფიქროთ, ამან უნდა შეგვაძრწუნოს, სანამ გვიან არ არის, სანამ ცოცხალი პიროვნება ჯერ კიდევ არ ჩანაცვლებულა უბრალო რიგითი ნომრით. სანამ ადამიანი ჯერ არ გამხდარა სულ უფრო და უფრო რთული უზარმაზარი მანქანის უბრალო “ჭანჭიკი”. რელიგიის საკითხი ახლა, უპირველესად სწორედ პიროვნების შესახებ საკითხს წარმოადგენს, ამიტომაც თანამედროვეობის ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს შემდეგ საუბრებში კვლავ დავუბრუნდებით.

II

მე ვთქვი, რომ პიროვნების ცნება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ რელიგიურ მსოფლმხედველობას. ასევე ვთქვი, რომ პიროვნების ამ ცნების, მისი აღიარების, ინტუიციის გარეშე ყოველგვარი ზრუნვა კაცობრიობაზე მთლიანად მოჩვენებითი და წარუმატებლობისათვის განწირულია.
იმათაც კი –სამწუხაროდ ასეთი ხალხის რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება – ვინც იცავს პიროვნებას და იბრძვის მისი უფლებებისათვის, თითქოს აღარ შეუძლიათ ან არ უნდათ დაინახონ პიროვნების იდეის კავშირი რელიგიურ სწავლებასთან და ხშირად იმასაც კი ცდილობენ, რომ რელიგიას გაემიჯნონ.
უკანასკნელ წლებში ბევრს და სრული გულწრფელობით საუბრობდნენ “სოციალიზმზე, რომელსაც ადამიანის სახე აქვს’’, სანამ უხეში ძალადობით არ შეაწყვეტეს ამგვარი საუბრები. მაგრამ შეიძლება დავსვათ სრულიად არარიტორიკული და არამზაკვრული კითხვა: “მაინც რატომ უნდა ჰქონდეს სოციალიზმს ადამიანის სახე?” და კერძოდ რა იფარება ამ გარეგნულად ლამაზი ტერმინის უკან.
მეჩვენება, რომ ისინი, ვინც ამ ტერმინს იყენებენ ვერც კი გრძნობენ მთელს მის პარადოქსულობას; სახე ხომ სწორედ უკიდურესად პირადული, ინდივიდუალურია, ეს არის სახე, პიროვნება. არ არსებობს ზოგადად სახე, არსებობს ჩემი, შენი, მისი სახე. სოციალიზმი კი სწორედ ყოველთვის პრინციპიალურად, მეცნიერულად აყენებს საზოგადოს კერძოზე, პირადზე და ინდივიდუალურზე მაღლა. ის არა მხოლოდ ამტკიცებს, რომ ადამიანი ცხოვრობს საზოგადოებაში სხვა ადამიანებთან ერთად, რაც თავისთავად ცხადია, არამედ ადამიანი სწორედ ამ ზოგადზე დაყავს, წირავს მას, კლასზე, ერზე, რასაზე, საზოგადოებაზე და ა.შ. სრული დამოკიდებულებისათვის. ვიმეორებ, რომ ნებისმიერ პერსპექტივაში გარდა რელიგიურისა, ასეთი დაყვანა გარდაუვალია, რადგან მატერიალისტური და ათეისტური მსოფლმხედველობის საზღვრებში სრულიად შეუძლებელია იმის დამტკიცება თუ რატომ წარმოადგენს რაიმე ფასეულობას და რატომ აქვს თავისი თანდაყოლილი უფლებები პიროვნებას, პირს, ცალკეულ ადამიანს. ათეისტური მსოფლმხედველობის მიხედვით ყველა უფლებას ადამიანი საზოგადოებისაგან იღებს, რომელიც უმაღლესი ფასეულობაა ამ მსოფლმხედველობრივ სისტემაში – ნუთუ ეს კიდევ დამტკიცებას საჭიროებს? – საზოგადოება კი არ არსებობს ადამიანისათვის, არამედ ადამიანი საზოგადოებისათვის.
ამჟამად, ზოგიერთი გულკეთილი და კეთილი ნების, თავისებურად გმირი ადამიანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თვით საზოგადოებისა და მისი მიზნებისათვის სასარგებლოა პიროვნების თავისუფლებაც და მისდამი მეტი პატივისცემაც. თუ თავისუფლება იქნება მრეწველობაც გაუმჯობესდება, მეცნიერებაც უფრო სწრაფად განვითარდება და ყოველგვარი ოპოზიციაც შემცირდება. მაგრამ აქაც, ცხადია, თავისუფლება და პიროვნება კვლავ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობის თვალსაზრისით მოიაზრება. ასეთი მიდგომიდანაც, რაც არ უნდა კეთილშობილი გრძნობებით იყოს ის განსაზღვრული, საბოლოოდ არაფერი გამოვა. ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ თუ ცხენს არ აჭმევს და არ დაასვენებს ის ვეღარ იმუშავებს.
თავისუფლებისა და პიროვნების უფლებების უტილიტარული დასაბუთება არა მხოლოდ არასაკმარისია, არამედ ის უბრალოდ შეუფერებელია ადამიანისათვის, რადგან აქ საბოლოოდ ადამიანი, როგორც ფასეულობა განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ რამდენად სასარგებლოა კოლექტივისათვის. თავისი ასე ვთქვათ პროდუქტიულობით: მიეცით მას ცოტაოდენი თავისუფლება, რომ ის უფრო პროდუქტიული იყოს, შეუქმენით ისეთი მდგომარეობა, რომ ნაკლებად ეშინოდეს და ის უფრო სასარგებლო გახდება. აქ ჯერაც ძალაშია კოშმარული მითი საზოგადოების სასარგებლო წევრის შესახებ, რის გამოც მილიონობით ადამიანი იჯდა და დღესაც ზის შრომა-გასწორების ბანაკებში. სარგებლიდან, საზოგადოებიდან და კოლექტივიდან ვერავითარ პიროვნებას და მის ნამდვილ უფლებებს ვერ გამოვიყვანთ. ამ უფლებებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს თუ პიროვნებას აბსოლუტურ ფასეულობად მივიჩნევთ, ხოლო აბსოლუტი ლათინურად არის ის, რაც არაფერ სხვაზე არ არის დამოკიდებული და არაფერზე დაიყვანება.
იმის აღიარება, რომ ყოველი ადამიანი აბსოლუტური ფასეულობაა, ნიშნავს მისთვის არა მხოლოდ საზოგადოებისაგან დამოუკიდებელი უფლებების მინიჭებას, არამედ, განუზომლად მეტს, ნიშნავს იმას, რომ სამყაროში სხვა არაფერს მივანიჭოთ აბსოლუტური მნიშვნელობა და პირველყოვლისა თვითონ საზოგადოებას. ეს ნიშნავს თავდაყირა დავაყენოთ მთელი ჩვენი ჩვეული წარმოდგენები და ბოლოს და ბოლოს ვაღიაროთ, რომ ადამიანი გამოირჩევა ჩვეულებრივი ბუნებრივი წყობიდან და ის უმაღლესი არსებაა. ამას კი ადამიანის შესახებ მხოლოდ რელიგია ამბობს და მეცნიერულად ვერ დავასაბუთებთ. ეს შეიძლება მხოლოდ გვწამდეს.
ცხადია შემთხვევითი არ არის, რომ ქრისტიანობის გააფთრებული მოძულე ნიცშე ამბობდა: “მოყვასისადმი სიყვარულს ჩვენ შევცვლით შორეულისადმი სიყვარულით!” შორეული არის არავინ, ის, ვისაც ვერ ვხედავთ, რაღაც ზოგადი, ჯერ არ არსებული ადამიანი. მოყვასი კი სახარების მიხედვით არის ის, ვინც ჩემს გვერდითაა, მისი ერთადერთი სახე ყოველთვის ცოცხალი, კონკრეტული და უნიკალურია. ცხადია ასევე არ არის შემთხვევითი, რომ სამყაროში ყველაფერი, ყველა ფილოსოფია, იდეოლოგია და პროგრამა, რომლებიც მიმართულია შორეულისადმი, საზოგადოსადმი, კოლექტიურისადმი სასტიკად ვერ იტანს რელიგიას და ყოველთვის, რაღაც ურყევი კანონის მიხედვით, ებრძვის მას. მათ რასაკვირველია იციან, რომ რელიგიის ამოძირკვა ნიშნავს სწორედ პიროვნების თანდათანობით განადგურებას. ამიტომ არის, რომ ეშინიათ არა მათი, ვინც მხოლოდ ხმამაღლა გაჰყვირის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე, არამედ მათი, ვისაც სწამს ღვთაებრივი სული და სულის უკვდავება და ვისაც უბრალოდ ვერავითარი მიწიერი სარგებელით ევერ აცდუნებ.
“რაი სარგებელ არც კაცისა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი წარწყმიდოს?” (მათე 16:26). სანამ დედამიწაზე ეს სიტყვები ისმის, სანამ ადამიანებს ახსოვთ პარადოქსალური სახარებისეული არითმეტიკა, რომლის მიხედვითაც ერთი ადამიანი ყოველთვის ფასეული და მნიშვნელოვანია ოთხმოცდაცხრამეტზე, ადამიანის პიროვნებას ვერავინ მოსპობს და აქედან გამომდინარე ვერ შესძლებენ კაცობრიობის საბოლოო კოლექტივიზაციას, როდესაც მონობას თავისუფლებას დაერქმევა, უპიროვნო სარგებლისადმი დაქვემდებარებას – უფლებები, ხოლო საპყრობილეს – მიწიერი სამოთხე.
საშინელებაა, რომ ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის უბრალო ჭეშმარიტება: მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია წინ აღუდგეს ტოტალიტარიზმის ყოველგვარ სახეობას დედამიწაზე –რწმენას ღმერთისა, რომელმაც ადამიანი შექმნა თავის ხატებად და მსგავსებად და მოუწოდა მას თავისუფლებისა და მარადიულობისაკენ. მხოლოდ რწმენა და სხვა არაფერი. ჩვენი ეპოქის დისკუსიის მთავარი თემა რელიგიური და რელიგიის შესახებაა; თანამედროვეობის ყველა საშინელი პრობლემის რელიგიური მსოფლმხედველობის სიღრმეებთან კავშირის არ გაგება და არდანახვა იგივეა, რაც სირაქლემასავით ფრთისქვეშ თავის დამალვა. მოყვასი თუ შორეული? ადამიანი თუ კაცობრიობა? საიდან დავიწყოთ, ვისი სახელით ვიღვაწოთ? – აი კითხვები, რომლებზედაც ადრე თუ გვიან პასუხის გაცემა მოუწევს მთელს კაცობრიობას.



რუსულიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ

Комментариев нет:

Отправить комментарий