пятница, 3 января 2014 г.

შეიძლება თუ არა არ ვიდღესასწაულოთ ახალი წელი?


ავტორი: რომან ნეჟინი

კარგა ხანია მინდოდა გამომეთქვა ჩემი აზრი ამ "დღესასწაულის" შესახებ, მაგრამ როგორღაც შესაძლებლობა არ მეძლეოდა. ამასწინათ, სრულიად შემთხვევით წავიკითხე ერთი სტატია სათაურით: "ეს საეჭვო ახალი წელი" და მივხვდი, რომ დროა! მაშ ასე, ჩემი აზრით, ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტეანებს, ეს დღესასწაული არ გვეხება იმიტომ, რომ ეს ღონისძიება თავისი არსით და შედეგებით არა მარტო მართლმადიდებლობის, არამედ მართლმადიდებელი ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოა. შევეცდები ამის დამტკიცებას აშკარა ფაქტებით.

1. რამდენად სამართლიანია სამოქალაქო ახალ წელს მივაკუთვნოთ დღესასწაულის ცნება? "ახალ წელს" აზრი გააჩნია მხოლოდ ღვთიური კურთხევის და არა ასტრონომიული ფაქტების ცვალებადობის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, არის სრული უაზრობა. სხვათა შორის, საერთოდ, რაიმე დროებითი ინტერვალების ზეიმობა ღმრთის დიდების გარეშე ან ღმრთის კურთხევის გარდამოწვევის გარეშე - არის წმინდა წყლის წარმართული ღონისძიება, რომელიც თავის დასაბამს იღებს ასტროლოგიაში, კაბალასა და სხვა მსგავს უწმინდურ მისტიკაში. იგივე ითქმის დაბადების დღეთა, ყოველგვარი იუბილეებისა და "მრგვალი" თარიღების აღნიშნვაზეც (გავიხსენოთ თუნდაც როგორი პომპეზურობით გადაიხადა "მართლმადიდებელმა" "პატრიარქმა" ილია II დაბადების დღე და საპატრიარქო მოღვაწეობის იუბილე ოპერის თეატრში).

იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარი დაბადების დღე, შემიძლია აღვნიშნო ღმრთისადმი მადლობით, როგორც დღე, როდესაც ღმერთმა გამაჩინა. ასეთ შემთხვევაში, მე უნდა აღვუვლინო უფალს ქება-დიდება ჩემი გაჩენისთვის. შინაარსობრივად, - დაბადების დღე ღრმად ინტიმური ხასიათისაა და ნებისმიერ შემთხვევაში ის არ უნდა აღინიშნებოდეს ზღვარგადასული ჭამა-სმითა და ღრეობით. თუმცა, დღეს სწორედ ასე ესმით ეს საკითხი. ყველა სხვა შემთხვევაში დაბადების დღეების აღნიშვნა არის სუფთად სატანური დღესასწაული, რადგან ზეიმობენ ხორციელი (ამავდროულად კი სულიერი) სიკვდილის მოახლოებას. წმ. მამები წერდნენ, რომ დაბადების დღე არის სატანის ყველაზე საყვარელი დღესასწაული! აი, ასე!

უფრო გლობალურ პლანში: ნებისმიერი დროებითი ინტერვალების ზეიმობა არის ანტიღვთიური საქმე, რადგან ღმერთთან დრო არ არის! ღმერთი დროზე აღმატებულია! ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ პასექს, რომელიც ახლა აღესრულება, შობაც ახლა აღესრულება, და არცერთი მათგანი არ არის გახსენება ან მოგონება (როგორც ეს არის კათოლიციზმში ან პროტესტანტიზმში) მოვლენისა, რომელიც მოხდა ოდესღაც, 2000 წლის წინათ. ყოველ ლიტურგიაზე, ყოველ დღეს, იკვლება წმ. ტარიგი, იღვრება წმ. სისხლი ქრისტესი, რომელიც დაიკლა ჩვენ გამო და შეიწირება მსხვერპლად, და ეს ხდება ახლა, დღეს, და არა ოდესღაც, მრავალი წლის წინათ! როგორ ხდება ეს ახლა, ჩვენთვის მიუწვდომელია, ჩვენ ეს არ გვესმის ადამიანის ცნობიერების შეზღუდულეობის გამო, - ეს საეკლესიო საიდუმლოა (შვიდი საიდუმლოდან ერთ ერთი, ევქარისტიის საიდუმლო), თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ წმიდად გვწამს, რომ ეს ჭეშმარიტად ასეა, რადგან საზოგადოდ, სულიერი სამყაროს ყველა მოვლენა დროის მიღმაა!

2. მაშ ასე, პირველ პუნქტში დავრწმუნდით, რომ "ახალი წელი", როგორც მინიმუმ არის უაზრო და სრულიად უსარგებლო "დღესასწაული". მაგრამ მთლად ასე მარტივადაც როდია საქმე. ქვემოთ შევეცდები ვაჩვენო, რომ ეს მზაკვარი სულის მიერ ჩადებული ერთ ერთი "ნაღმია", რომელიც მართლმადიდებელთა საწინააღმდეგოდაა გამიზნული.

"ახალი წელი" უბრალოდ კი არ ემთხვევა საშობაო მარხვას, არამედ მის მეტად სერიოზულ და მნიშვნელოვან მომენტს, ბოლო შვიდეულის დასაწყისს, - მომენტს, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტეანები მაქსიმალურად არიან კონცენტრირებულნი მომავალ საშობაო დღესასწაულზე. ნებისმიერი "სადღესასწაულო" გადახრა ამ დროს წყალში ყრის მთელს მარხვას!

მთელი მარხვის პერიოდში ნამცეც-ნამცეც ვამტკიცებდით ჩვენს სულებს, ლოცვით ვუახლოვდებოდით უფალს, ვცდილობდით განვშორებოდით ამსოფლიურ ამაოებას (ხშირად, სამწუხაროდ, წარუმატებლად), ბოლოს და ბოლოს, რაღაცაში მაინც თავს ვიკავებდით და ვცდილობდით ღირსეულად და განწმენდილად შევხვედროდით ქრისტეს შობის ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს... და რა? ყოველივე ამას ვანადგურებთ მკრეხელობით, მარხვის აშკარა შეურაცხყოფით. ყოველივე, რაც კი ამ მარხვის განმავლობაში დავაგროვეთ, მყის წყალში გადაგვაყრევინეს! გაგვანადგურებინეს! უფლის თვალში, ჩვენ, იმ ადამიანებზე უფრო საძაგლები და საზიზღრები ვართ, ვისაც საერთოდ არც დაუცავს მარხვა და არ მომზადებულა უფლის შესახვედრად. ჩვენ კი ვემზადებოდით, ვიღვწოდით, ვცდილობდით თავშეკავებას... და დავეცით!

ხშირად, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, მორცხვად ბოდიშს ვიხდით მეგობრების ან ნათესავების წინაშე, რომ ვმარხულობთ, რომ არ შეგვიძლია მათთან ერთად მოლხენა..., უკიდურეს შემთხვევაში, თანხმობას ვაცხადებთ ვიტრაპეზოთ მათთან ერთად, მხოლოდ ხორცს არ გეახლებით... მხოლოდ ერთი ჭიქა შამპანური... და ა. შ. იმის ნაცვლად, რომ მკვეთრად უარი ვთქვათ და გავაფრთხილოთ ადამიანები ამგვარი სუფრებისა და საზეიმო ღონისძიებების საშიშროებაზე, ჩვენ მხოლოდ თავსღა თუ ვიმართლებთ, რომ მათთან ერთად ვერ ვილხენთ და მათი ღონისძიებებისგან თავს ვიკავებთ. დიახ, ეხლა ისეთი დროა, რომ ხალხი ორ ნაწილად არის დაყოფილი: ერთნი ისინი არიან, რომლებიც უკვე ზეიმობენ, და მეორენი, რომლებიც ნახევრად ზეიმობენ. ასე, რომ ამგვარი დღეობა-ზეიმობებთან თუ ზეიმობა-ღრეობებთან დაკავშირებული დისკუსიების დროს, მართლმადიდებელ ქრისტეანებს შევთავაზებ გაიხსენონ შემდეგი:

"და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი" (მათე 10:36).

"რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა" (მარკ. 8:38).

და, ბოლოს და ბოლოს, "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა" (ფსალმ.1:1).

3. ახალი წლის ღამე არის მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურაცხყოფა. და ამას აკეთებენ არა "მასონები, ებრაელი თალმუდისტები და სატანის მსახურები...", არამედ სრულიად ჩვეულებრივი მართლმადიდებელი ქრისტეანები.

ახალი წელი იწყება ასტროლოგიური პროგნოზებით, რომელსაც დიდად აყურადებს "ქრისტეანი" მოსახლეობა. შემდეგ, ყოველი წელი, როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ცხადდება რომელიღაც ცხოველის თუ ქვეწარმავლის: კურდღლის, თაგვის, გველის და ა. შ. წელიწადად, - იძლევიან შესაბამის ინსტრუქციებს ამასთან დაკავშირებით, თაყვანს სცემენ და ოჯახში "შემოჰყავთ" (პირდაპირი მნიშვნელობით თუ არა, სიმბოლურად, თუნდაც თოჯინების სახით). თანაც, მოცემული ცხოველის პატივსაცემად იცმევენ შესაბამისი ფერის ტანისამოსს, განსაკუთრებულად აწყობენ სუფრას ("ღმერთმა" არ ქნას, და მოცემული წლის ცხოველი არ განაწყენდეს...); მოკლედ, ასრულებენ ყველა იმ ინსტრუქციას, რაც მოცემული წლის ცხოველისთვის არის დაწესებული აღმოსავლურ რელიგიებში... და ეს ყოველივე ხდება სერიოზულად, არა ხუმრობით. არადა, რომ იცოდნენ მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა, როგორ ხარობს ჯოჯოხეთი ამ დროს!

და ბოლოს, როდესაც ჩამოჰკრავს ღამის თორმეტი საათი... მთელი ქვეყანა ეძლევა აშკარა ჯადოქრობას! სხვა რა უნდა ვუწოდოთ იმ გაძლიერებულ, კოლექტიურ "ლოცვას", რომელსაც გვთავაზობენ ამ დროს ტელეეკრანებიდან ამა თუ იმ ცხოვრებისეული სიკეთეების მოსაპოვებლად, კეთილდღეობისა და მშვიდობის დასამყარებლად და მიმართავენ "ძალებს, რომელთაც ძალუძთ დახმარება"; ლაპარაკობენ უმისამართოდ, უბრალოდ სივრცეში. არც ღმერთს მიმართავენ და არც წმინდანებს (თუმცა, მკრეხელობაც კია ასეთ "დღესასწაულზე" ღმერთს და მის წმინდანებს მიმართო შამპანურით ავსებული ჭიქით ხელში და ამგვარი "ლოცვით", საშობაო მარხვის უმნიშვნელოვანეს მომენტში მათგან კეთილდღეობა და შემწეობა ითხოვო ...).

4. დასავლეთის ქვეყნებში ახალი წლის ზეიმობა პირდაპირ არის დაკავშირებული ერთ ერთი უდიდესი წმინდანის, მირონ-ლუკიის არქიეპისკოპოსის, წმ. ნიკოლოზის გამასხარავებასთან. სწორედ მის პაროდირებას ახდენს ხალხის ეს უზარმაზარი მასა კოკა-კოლის სანტა-კლაუსებით, რომლებიც გარდა იმისა, რომ ხალხს ართობენ და აცინებენ, კოკა-კოლითაც ვაჭრობენ და ეწევიან რეკლამას.

წმ. ნიკოლოზის სახელთან არის დაკავშირებული დასავლეთში უამრავი ლეგენდა და ცრურწმენა, რომლებზე დაფუძნებით ხალხში გავრცელებულია ჩვეულებები, რომლის მიმდევრობა მხოლოდ ეშმაკს თუ შეიძლება ახარებდეს. გასაგებია, რომ ყოველივე ამას ხელმძღვანელობენ ეკლესიისა და მართლმადიდებლური ქრისტეანობის მტრები, მაგრამ მთელი საშინელება იმაშია, რომ ქვეყანაში არავინ, ხმას არ იღებს და არ ესარჩლება ჩვენს ზეციურ შემწეს და ჩვენის სულებისთვის ღვთის წინაშე მეოხს, წმინდა ნიკოლოზს! შემაძრწუნებელია ის, რომ ამ "საახალწლო" დღეებში არავინ იცავს წმინდა ნიკოლოზის სახელს!

(გასულ წლებში, ყოველივე დასავლურისადმი ბრმად მიმდევარმა ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ქართული ტრადიციისა და სარწმუნოებისთვის უცხო, დასავლური დღესასწაულებებისა და "ღირებულებების" გადმოღება და აქტიური დანერგვა. პირველად "ჰელოუინი" იზეიმეს, ახლა ჯერი "სანტა-კლაუსებზე" მიდგა და ვიხილეთ კიდეც რუსთაველის პროსპექტზე, საახალწლო ნაძვისხესთან მალაყებზე გადამავალი, აკრობატი "სანტა-კლაუსი"... აკრობატი ნიკოლოზი... გეშინოდეთ ამ საშინელი მკრეხელობისა!... (ღმერთო, მოგვიტევე!). წარსული "თოვლის ბაბუა", თავისი არსით და წარმომავლობით წარმართული, იმდენად მკრეხელური არ არის, რამდენიც ქრისტეანობის მნათობის, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთ-ერთი სვეტის, წმ. ნიკოლოზის გაშარჟება... – ადმ.).

სხვათა შორის, ხსენებული პერსონაჟი, ანუ "თოვლის ბაბუა", თუმც არ წარმოადგენს რაიმე გმობას წმინდანისა, მაგრამ თავის აღწერილობით საკმაოდ ორაზროვანია. ხალხურ წარმოდგენებში ეს არის ტყის სული, ერთ ერთი წარმართული პერსონაჟი, მართალია ზოგიერთ შემთხვევაში კეთილი, მაგრამ საზოგადოდ, საკმაოდ მკაცრი. ის არის "ახალი წლის მომყვანი" (!), პასუხს აგებს თოვლზე, ყინვაზე, საშინლად არ უყვარს სითბო და ნათელი, ანუ ის რაც არის სიცოცხლის მომნიჭებელი.

როგორც გნებავთ ისე გაიგეთ, ბატონებო, მაგრამ, თქვენი "თოვლის ბაბუა" არის არც მეტი არც ნაკლები - ბილწი დემონი, რომელიც ამოაფარეს საბავშვო ზღაპრის სიმპათიურ ნიღაბს, რომლის უკან იმალება ბოროტი სული, რომელიც ბუნების მრისხანე ძალთა ფორმით (ქარბუქითა და ყინვით) გვევლინება. ასე, რომ აირჩიეთ: ან საშინელი შეურაცხყოფა იმისა, ვისაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში შევავედრებთ საკუთარ თავს და ვეუბნებით: "წმიდაო ნიკოლოზ... შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი", ან მდაბიური წარმართობა, შესაბამისი ატრიბუტით: მორთულ-მოკაზმული ნაძვისხით.

5. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც თვით მართლმადიდებელი ქრისტეანის ცნობიერებაც კი გვერდს უვლის. საკმარისია ჩავიხედოთ მართლმადიდებლურ საეკლესიო კალენდარში, ვიხილოთ, რომ 19 დეკემბერს (ძვ. სტილით, ახლით ეს არის 1 იანვარი) იდღესასწაულება წმიდა მოწამის, ბონიფანტეს ხსენება. არადა ეს ის წმინდანია, რომელსაც ხალხი ყველაზე მეტად ევედრება ლოთობის ვნებისგან გათავისუფლებას! და აი, წმიდა ბონიფანტეს ხსენების დღეს, მთელი ქვეყანა ლოთობს, ღრეობს და მუცელს იყორავს ისე, როგორც არასდროს მთელი წლის განმავლობაში!

იბადება შეკითხვა, როგორღა ვევედროთ ამის შემდეგ ამ წმინდანს ამ ვნებისგან გათავისუფლება? საერთოდ, ჩემის აზრით, ეს არის ყველაზე მზაკვრული და ბინძური დემონური ჩანაფიქრი - დაათროს მთელი ქვეყანა და წაართვას მას ზეციური მფარველთადმი მიმართვის შესაძლებლობა!

და ბოლოს, რა ვქნათ? არც არაფერი! არ უნდა იარსებოს ჩვენთვის ამ დღესასწაულმა, - მორჩა და გათავდა! როგორც აღარ არსებობს უკვე 7 ნოემბერი, 8 მარტი, როგორც გაქრება მომავალში სხვა მსგავსი სამარცხვინო "დღესასწაულები"... ისევე უნდა გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან ეს სამარცხვინო და ანტიქრისტეანული, თავისი არსით დემონური "ზეიმი"...

აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი!

თუმცა არის კიდევ ერთი ვარიანტი. მივმართოთ "საპასუხო ქმედებას". ანუ, მე ვთავაზობ მართლმადიდებელ ქრისტეანებს მიმართონ განსაკუთრებულად მძიმე მარხვას 29-31 დეკემბერში, ხოლო ცისკარზე, 1 იანვარს, მიიღონ წმიდა ზიარება. ღირსეულად შევხვდეთ წმ. ბონიფანტეს ხსენების დღეს, რათა მეოხ გვეყოს იგი ღვთის წინაშე და მოგვიტეოს მრავალმხრივი ჩვენი შეცოდებანი... განსაკუთრებით ლოთობა და მუცელღმერთობა... რათა დაითრგუნოს ეშმაკის ძალი, რომელიც ნებაყოფლობით გადაგვიცია მისთვის და სამასხროდ გაგვიხდია მართლმადიდებელი ქრისტეანის სახელი...

ღმერთი შეგვეწიოს ყველას. ამინ!


apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий