ღმერთი

ღმერთი

среда, 7 июня 2017 г.

ნახევარ-წიწილა.ვაჟა-ფშაველა.


ვაჟა-ფშაველა.

ნახევარ-წიწილა. 

(ხალხური  ზღაპარი)







1.
დიდი ოჯახი მამლისა 
გაატიალეს ქორებმა, 
ძვლები ძაღლებმა კვნიტეს,
ბუმბული წეწეს ღორებმა.
მამა-პაპათა კერაზე 
დარჩა ნახევარ-წიწილა;
მის სამემკვიდრო რაც იყო, 
ქვეყანამ გაიწინწილა.
აღარსად პური გოდორში,
აღარც ჩანახში ლობიო,
აღარსად ადამიანი
წიწილის ყოფნის მცნობიო,
ვინ ეტყვის ობოლ-ოხერსა:
ჩემთან სადილად მოდიო!...
მაინც წიწილა არ ჰკრთება,
შავ ბედს უტყდება როდიო!

დრონი წავლენ და წამოვლენ.
ფერს იცვლის ყველაფერია,
საწყალს აკმავებს უფალი, 
ტანჯვა მდიდრების ჯერია.
ძველების კარაბადინში
სწორედ ეს ასე წერია:
მტრობისა ნაყოფს ის გემობს,
ვინაც სიმართლის მტერია,
თუ არა უფლის წყალობით_
არ ცხვება ობლის კვერია...
დაობლებულსა წიწილას 
ემტერებოდა ძერია.
ამაოდ. ჩვენმა წიწილამ
მტერი, მოკეთე გაიგო,
საცა ტყეა და შამბია-
ყველგან სახ-კარი აიგო.
ქექვა ისწავლა მიწისა, 
ჭია-ღუებსა შოვობდა,
აღარ აწუხებს სიმშილი, 
საკმაოდ საზრდოს პოვობდა.
ობლობამ ცოტა დაჩაგრა,
დაუცოტავა ტანია,
(ობლობას , ბეჩაობასა
მუდამ მჭლეობა სტანია).
კისერი ჰქონდა ტიტველი,
ბეწვი არ ეკრა ფაშვზედა,
ორი თუ სამი ბუსუსი
ამოსჩენია თავზედა.
თვალს ავლებს აქეთ-იქითა,
როცა გამოვა კარზედა.
მხრებზედა თხელი ბუმბული,
ბოლოდ კი - ერთი ღერია.
პაიჭიანი ფეხები
მის შესაფერად მჭრელია.
დიდს აურ-ზაურს ასტეხავს,
თუ ვინმემ ახლო ხელია.
არა კადრულობს ბრიყვს ქცევას
ჭია-ღუების მტერია.
ნისკარტი კოდალას უგავ,
მოშავფრო, გიშრის ფერია.
ქვასაც კი ჩაჰკრავს ზოგჯერა,
სცდის, იქნებ გემრიელია.
კუჭი, წინ გადმოგდებული.
დარბაისელის შნოს სდებდა
და მუდამ იმას ფიქრობდა, 
რითაც თავს პატივსა სცემდა.
თავი აქვს კარგა მოზრდილი, 
არც მაგრე ცარიელია.
მომავალზედაც ფიქრობდა
ეს ჩვენი ტარიელია.
უადვილებდა ცხოვრებას
ზაფხულის სითბო, ქველობა,
არ რჩება უნაყოფოდა,
ობლის წიწლის ხელობა,
თვალი ყოველ მხრივ ეჭირა
საზრდოს მძებნელი  ფხიზლადა,
ცისკენაც იცქირებოდა,
იყო მუდამ ჟამს ფრთხილადა.
შიშობდა არ გამხდარიყო
ქორის ან ორბის წილადა:
რა შენიშნავდა თავის მტერს
დაბლა ან მაღლა ცაშია.
წიწილა დაუყოვნებლივ 
შეიჭრებოდა შამბშია.
სიცოცხლე ძალიან უყვარს,
მუდამ მისი აქვს შიშია:
არ გაწყდეს , არ დაილიოს
ქვეყნად ქათმების ჯიშია.
გადივლის ავი ღრუბელი,-
გამოდის, შრომას დაიწყებს:
რაც შიშით ლეში მოადნა,
ლაღის ცხოვრებით შაივსებს.
ჩხიკვი სტანჯავდა ძალიან-
ეზოში შემოჩვეული,
ხან ქორად მოეჩვენება, 
ხან შევარდენად წყეული.
მუდამ დღე ხიფათს უგდებდა,
იმისთვის გამოსეული.
უთვალთვალებდა წიწილას
ბუჩქნარიანის ტყიდანა, 
როცა ნახავდა, რომ იმას
ჭია მიჰქონდა პირთანა, 
ჩამოუტევდა ქორივით...
წიწილა შამბში ძვრებოდა, 
ჩხიკვი კი იმის სუფრაზე 
არხეინადა ძღებოდა.

2

ერთხელ ნაგავსა ჰქექავდა
ჩვეულებრივად წიწილა,
იპოვნა ფეტვის მარცვალი,
უბრჭყვიალებდა ცხვირ-წინა.
იამა ფრიად წიწილას,
ცას დაეწია ლხენითა,
აგორებს, აკოტრიალებს,
მარცვალს ნისკარტით, ფეხითა.
საჭმელად ვერ გაიმეტა,
სთქვა: ,,ეს , იქნება, ბედია,
რა გამიხდება შევჭამო,
მოდი, დავთესო ერთია!''
თაგვებს შეაბამს გუთანში,
გადაშავა ველები;
ხნულისა მოსავალისა 
თაგვებივეა მცველები.
უხარის: ფეტვი მოვიდა
ლამაზი მეტის-მეტია,
მნახველს წიწილის ფეტვისას 
ესხმის თავ-ბრუ და რეტია,
,,ჩაიქცა ეგ ოჯახ-ქორი!''
მნახველნი ამას ამბობენ;
ნაღალურს ერთის მარცვლისას
ას კოდზე მეტსა საზრობენ.
გახარებული წიწილა
იჭიმებოდა წელშია.
აღარ კადრულობს წივწივსა,
ბოხვად ყიჭყიჭებს ყელშია,
დღეს სხვაზე მეტობას ჩემობს,
გუშინ სათვლელი მკვდრებშია,
მედიდურობდა დაეტყო
სწორედ მეფური ფეხშია.
მაგრამა ბედი მუხთალი
მას დიდხანს როდი სწყალობდა, 
ისევ ტანჯვაში ჩავარდა,
როგორც აქამდე წვალობდა.
ბედი ერთბაშად ნაპოვნი, 
გაქრა როგორაც ეწვია,
ქურდულად ხელით გაუსხლტა
და რაც კი შაიხვეწია:
ერთს დღესა ბატონის ჯოგმა
გაუტიალა ფეტვია.
დალი, კალოდ გაიღო,
აღარ დატოვა ბეწვია.
ტირის ნახევარ-წიწილა
ცრემლი ჩამოსდის ღვარადა,
ჰფიქრობს, წავიდეს , შასჩივლოს, 
ბატონს მიუხდეს კარადა.
დამფასებელი წაასხა,
შაადგენინა ოქმია,
უნდა ედაოს ბატონსა ,
გამოუცხადოს ომია.
ყველას შასჩივის თავის დარდს,
ვისაც კი გზაში შახვდება,
თან დაუმატებს:,,წიწილა,
ჰნახავთ, მტერს როგორ დაჰხვდება!''
ის როდი იცის წიწილამ, 
ნანატრი როგორ ახდება,
ამბობს: ,,მაშ მოკვდეს წიწილა,
ცოცხალი ნუღარ იაროს, 
თუ ზარალისთვის ბატონი
მანაც არ დააზანოს.
არცა ჰსურს , შურის-ძიება
რომ დიდხანს დააგვიანოს...

3

ჯავრისა ამოსაყრელად 
ათას ღონესა ღონობდა,
რით დაეღონა ბატონი, 
დღე-მუდამ იმას გონობდა.
ერთხელ იფიქრა წიწილამ-
დაეწვა ავი ბატონი, 
საწყალმა ამის გულისთვის
შრომა გასწია რამტონი!
ნაღვერდლებს ჰზიდავს ნისკარტით
ბატონის დასაწველადა,
მოასწრობს წვიმა გზაშია
და ცეცხლს ჩაუქრობს ხელადა,
მტერს ვერაფერს ჰვნებს , თავის თავს 
იგი უხდება მტერადა.
ტყუილად იწვავს ნისკარტსა,
საქმე მიუდის ცერადა,
ბოლოს ხვეწნაზე დამყარდა,
ბატონთან მიდის არზითა
თუ სრულად არა, ცოტას ხომ 
მიიღებს თავის აზრითა.
მივიდა, დადგა ეზოში, 
დაყრდნობილია ჯოხზედა,
უცდის ბატონის გამოსვლას_
სამართალს თავის დროზედა.
მოდის როდისა ბატონიც,
გამოჩნდა თვალთა ბრიალით:
,,რას დაწანწალებ, წიწილავ,
რისთვის მაწუხებ ღრიალით?''
--რისთვის? რად გიკვირს, ბატონო,
ამ წუთისოფლის წესია:
ყველა თხოულობს იმასა,
საცა რამ დაუთესია.
მე დღეს რად უნდა ვიტანჯო,
თქვენ გამო რისთვის ვკვნესია?!
დამღუპე, ათის წლის საზრდო 
წამიხდენინე ჯორებსა,
დღეს ჩემს საჩივარს უწოდებ,
სიცრუეს, მონაჭორებსა?
ულუკმა-პუროდ გამიშვი, 
უნდა ვიარო საწყლადა.
რომ დანალევი მოგთხოვე ,
მიტომ მცნობ დასაძრახდა?
შეჰხედე ღმერთსა, ნუ მტანჯავ
ტანჯულს, ობლობით გვემულსა,
სრულად არა გთხოვ, ვჯერივარ,
ცოტას თქვენს გამოცემულსა.
ნუთუ ღმერთს არ აწყენინებ!--
ჰყურობ ჩემს საწყალ სხეულსა?
ვინ სტანჯავს პირჯვრის მწერელი
დატანჯულსა და სნეულსა?--
ძალიან გაწყრა ბატონი,
პირიდანა ჰყრის ცეცხლსაო, 
იმის ბრძანებას ელიან,
ბიჭები უდგა გვერდსაო.
უბრძანა კიდეც ბატონმა,
გამოპანღურეს წიწილა,
ძვირად დაუჯდა ძალიან, 
რაც მან ბატონთან იჩივლა.
არავინ არ შეიბრალა,
თუმც ბევრი იტირ-იკივლა.
მოდის მტირალი წიწილა...
უცქირეთ ერთი ბეწოსა!
მოდის, მოკოჭლობს საწყალი,
მოიქნევს მტკივან თეძოსა.

4.

მიდის წიწილა თავისთვის,
ნაღვლობს, გულ-დაკოდილია:
,,ვისთვისღა უნდა ვიჩივლო,
,,დღე გამიმწარდა ტკბილია,
,,მე ვინ რა სამართალს მომცემს,
,, ყველა მის წუღის ძირია,
,,ღმერთმა დამბადა საწყლადა
,, და მეც საწყლადა ვივლია''.
ერთგან დიდ ტყეში შევიდა,
ხეობა ნახა დიდია.
მზე ჩაესვენა გორს იქით, 
საღამო დგება, ბინდია.
ჰხედავს, რომ ხევში დევები
დაჯარებულან ცეცხლთანა,
ირმის თავები აწყვია,
ლეში და ტყავი ერთგანა.
დიდი ჭანდრები უნთია
გაჩაღებულს ცეცხლს შეშადა,
დიდრონს ხეებზე მწვადები --
დევების გასალეშადა --
იწვის, თან სჭამენ დევები,
გარდაქმნილები ხვნეშადა.
მიუახლოვდა, არ შეკრთა,
არ შეუშინდა გმირებსა
და შეუძახა: ,,ჩემსკენაც 
რატომ არ იზამთ პირებსა?!''
დევთ განცვიფრებით შეჰხედეს
მათ სტუმარს გასაკვირვებსა.
ეტყვის: ,,დევებო, დევებო,
ძალა და ღონე თქვენშია,
რაც გინდათ იზამთ იმასა,
ქვეყანა გიპყრავთ ხელშია!
მიშველეთ, ჯავრისაგანა
სისხლი ამომდის ყელშია!''
- რა დაგემართა ისეთი,
რომ მაგრე გული დაგჭრია?
გიშველით, ნუ გეწუხება ,
ჩვენი მახვილი ბასრია.
- გვითხარი,- ჰკითხეს დევებმა,-
რა აგეკიდა ნავსია?
,, ჩემის ცრემლითა, გმირებო,
მთელი ქვეყანა სავსეა!''-
უამბო ფეტვის ამბავი, 
იმავ თავიდან დაიწყო
და ისიც უთხრა, მის ფეტვსა
ბატონის ჯოგმა რაც უყო;
დევთა, ტკბილ-საუბარითა,
თავი ფიქრებში ჩაუყო.
სთქვა: ,,ბატონს სარჩო ბევრი აქვს,
მეომრები ჰყავს ცოტანი,
მინდა დაჰლაშქროთ,აიკლოთ
მისი სრა, მისი ბოსტანი.
მე რო მასხარად ამიგდო, 
არ მიზღო დანალევია,
იწვნისო , გემო ტანჯვისა
როგორი მისაჩნევია?!''
ცრემლი წიწილას მათ წინა
მრავალი დაუფრქვევია.

5.

დევებმა შველა აღუთქვეს,
აბჯარ-აბგარში სხდებიან,
წიწილის დამღონებელსა
დატანჯვას ექადნებიან.
ლახტები ხელში უპყრიათ, 
ვით მთა-გორები დგებიან,
წინ გამოუძღვათ წიწილა, 
უკან თითონა ჰყვებიან.
,,უნდა წიწილას ვუშველოთ,-
დევები ამას მღეროდენ,-
,,მის მტერი დავანიავოთ,
,,ლეშით ფრინველნი ძღებოდნენ''.
გზაზე ჭაობი დაუხვდათ,
ბაყაყთა საბუდარია.
მოსხდენ ბაყაყნი , წიწილას
გაუბეს საუბარია,
უფროსი ბაყაყი ეტყვის,
გულს გრძნობდა ნაგუბარია:
,,გამარჯვებულიც მენახო ,
ბატონთან ნაჩხუბარია,
,,ყოჩაღ, რომ სცდილობ თავის მტერს
,,არ შეარჩინო ვალია!
,,ვისც შენთვის კარგი არ უნდა,
,,გამოეთხაროს თვალია!''
,,ამინო!''-უფროსის სიტყვა
სხვებმაც შემოწმეს ყიყინით,
მოდგნენ უფროსის გვერდზედა
ასი-ათასი ბიბინით.
,,ვურჩევ  ამ ბრიყვებს- განაგრძო,-
,,თავი მეტკინა ჩიჩნით,
,,რომ თავის მტერსა ეურჩნენ,
,,კბილით, ბჟღალით ან ღიტინით.
,,ვერ შევასმინე ვერა-რა,
,,მაინც ჰმონებენ წეროსა,
,,არ იქნა , ერთმა მათგანმა
,,პირჯვარი დაიწეროსა.
,,მიტომ მიყვარხარ, არ სდრკები,
,,მხნედ ებრძვი თავის ლელოსა.
,,ღმერთსა ვთხოვ ცოდვილის პირით,
,,ყველა საქმეში გშველოსა!
,,მაგ შენს მეშვლებსაც უშველოს,
,,მაგათ ხმლებსა და ფარებსა,
,,თუ  მართლა გექმნენ მეშველად
,,და მტრისგან დაგიფარესა''.
მადლობა გადაუხადა 
დიდი წიწილამ ბაყაყსა,
დევებს პირს მოსდით ღიმილი,
სურათს რა ჰხედვენ ამასა,
მაგრამ ზრდილობის გულისთვის 
ბაყაყთ აძლევენ სალამსა.
გზაზე რაც ცხოველი შეხვდათ,
წიწილის ლაშქარს ჰლოცავდა,
ეგებებოდნენ ჭინჭველნი,
მათ წინ იწყებდნენ ცოცვასა,
ბუზურეები ბზუოდნენ
მრავალსა,განა ცოტასა.
ჭივჭავის გუნდი მოფრინდა,
დევთ შეასხამდენ ხოტბასა.
მოფრინდნენ გვრიტნი, ტრედები
თავს დაბრუნავდნენ ფრინვითა,
მიაბოტებენ დევები
საომრად ხვნეშა-გრგვინვითა.
ფერდობზე კაკაბი შეხვდა, 
კაკანებს ფლატის ძირშია, 
რა დაინახა წიწილა,
გვერდზე გაიხმო იგია:
-რას დასდევ დევებს, საწყალო,
არ იცი მაგათ ჯიშია?
ეგენი სისმოვნებას 
შენსა ცდილობენ პირშია.
წადილი საკუთარი აქვთ,
გიღალატებენ დაია.
გახსოვდეს ჩემი ნათქვამი,
იქნებ გაძახონ ვაია.

6.

ბატონის სახლიც გამოჩნდა, 
ვარსკვლავივითა ბრჭყვინავდა, 
რა ნახა დევის ლაშქარი,
შიშით და ძრწოლით ჰყინავდა.
ხერხს-ღა მიჰმართა, რა იგრძნო
ძალით რო ვერას იზამდა:
წინ მიაგება მსახურნი
დამორჩილების ნიშნადა, 
მემუსიკენი საყვირებს,
დალაბანდს უკვრენ ტკბილადა.
ზოგებს უბრძანა:,, დაჰხოცეთ
,,ცხრა ხარი, ასი ცხვარია,
,,ღვინო მოუგდეთ მილითა,
,,მოსჩქეფდეს როგორც მტკვარია,
,,გაუმასპინძლდეთ დევებსა,
,,სიტყვები უთხრათ მტკბარია,
,,გავგზავნოთ წელ-მოწყვეტილი
,,რაღაც წიწილა არია''.
მიიპატიჟა დევები,
ეზოში დასხა ჯარია,
,,რასაც მთხოვთ, ყველა იქნება!''-
ამისი მოუბარია.
-მე ჩემს ფეტვსა გთხოვ, სხვას არას,
მე ამის პასუხს ველია.
რამდენი დამწვი, დამდაგე,
ხმელეთი შავძარ მთელია,
თუ არა, შენს ქონებაზე
უნდა აიღო ხელია...-
ამას იძახის წიწილა, 
ბრუნავდა როგორც მგელია.
- მოგართმევ, რა გეჩქარება,
ჯერ პური ვჭამოთ ხმელია.-
წიწილის დასათირებლად
ბატონიც ამის მთქმელია..
თან თვალით დევებს ანიშნა:
,,თქვენს შემწეობას ველია''.
-მე პურის ჭამა არ მინდა,
ისეც ჭირით ვარ მაძღარი,
გთხოვ ჩამაბარო ამ თავით,
ჩემი საკუთნო რაც არი.
- კარგი, შენც ნუ გაინიჟებ,
ცუდს არას ამბობს ბატონი,
ვითომ ურჯულო არა ხარ.
ქათმის ძუძუ გაქვს ნაწოვნი.-
ეტყოდნენ დევნი წიწილას, 
საჭმელ-სასმლისა მყნოსველნი.
არ ეჭაშნიკა დევები
ამ დარიგების მთხრობელნი
წიწილას , მაგრამ რას იზამს?
ჰგრძნობს, საქმის ბოლო ცუდია,
და საცოდავად ისიცა
სუფრის ბოლოში ჰყუნტია,
ფიქრობს, რომ ღალატი მოხდეს,
რით გაასწოროს მრუდია?
ღვინოსა ჰსვამენ დევები,
თან ლეშსა სჭამენ ფუთობით.
რომ შეზარხოშდნენ კარგადა,
სიტყვებს ხარჯავდენ მრუდობით
და ნახევარი-წიწილა
მოიხსენიეს ცუდობით:
,,რად გინდა ფეტვი, საწყალო,
,,ერთი კაცი ხარ ,ლიტონი,
,,თავისი სული დაიცვა
,,არ შაგიძლიან იმტონი?
,,ბატონს კი ბევრი ხარჯი აქვს,
,,დიდი აღება-დაღება,
,,რო მოგცეს, რასაც თხოულობ,
,,არ შაგიძლიან წაღება.
,,იყავი თავის ქერქშია,
,,ეს არის ჩვენი ბრაძანება!''
ბატონმაც მოიწადინა, 
ამ დროს ხახისა გაღება:
,,ღვინო მიირთვით, სტუმრებო,
,,დრო გაატარეთ კარგია,
,,მაგრამ უმღერლად სმა-ჭამა
,,როგორღაც არა ვარგია''.
მოატანინა ჯიხვები,
თითო ვირისა ბარგია-
(ჯიხვი ძველთაგან, ხომ იცით,
ქეიფის ერთი დარგია.)
დალიეს ჯიხვით დევებმა,
დახდნენ როგორაც რუმბები,
და ამოუშვეს დევური
გულს გრძნობა დანაგუბები.
დაიწყეს მღერა დიდი ხმით,
დიდი დააღეს ლაშები;
ხან მჭლდება, ხანა სივდება 
მათი დიდრონი ფაშვები.
იძვრის სრა-სახლი ეზოთურთ,
იძვრიან, ჰკრთიან ხეები.
ძაან ქეიფში არიან
ცხრა-თავიანის ძეები.
ხმა აიმაღლეს თანდათან
ჭექა-ქუხილის მსგავსია,
შიშისგან შეჰკრთა მთა-ბარი,
ცხოველ-ფრინველით სავსეა,
ქარი ამოდგა ისეთი,
ხეებსა სცვივა ხავსია.
კლდეთ აეხეცათ სიპები,
დაბლა მოგორვენ ჩხრიალით,
მთამ აიხვია თვალები, 
შაშინებულმა დგრიალით.
ცეცხლი მოედვა სამყაროს
იმათ თვალების ბრიალით
და მიანარცხეს მთას ბარი
ჭექა-გრგვინვით და ზრიალით.
საწყალს ნახევარ-წიწილას
ცრემლი ჩამოსდის ჩქრიალით.

7

დევთაგან ნაღალატევი 
წიწილა დადის მტირალი,
ყველას შასჩივის თავის დარდს,
საწყლურად გამომზირალი.
მოკვდეს ან ფიქრი ასრულოს, 
მისი წადილი ის არი.
ქვეყანას თავის მტრად ჰსახავს,
ერთი კაციგან ვნებული.
მას ოდენ შიში არა აქვს,
ვინც უნდა შეხვდეს ქებული,
წარბსა ვერ შეახრეინებს
კაცობრიობის კრებული,
ისეა გაჯავრებული.
,,ღმერთი რად არ მშველს მართალსა?''
ამას ამბობდა იგია:
,,ვნება მიმიცავ არვისთვის,
,,თუ არავისთვის მირგია''.
წყლულის წამლისა მძებნელი
წყალს ჩაჰსდევს ჩამდინარესა,
ქარსაც კი შველას ენუკვის,
თვალებს აწყალებს მთვარესა,
ზე-ქვათაც ამასვე შესთხოვს,-
ტყით მოსულს არე-მარესა.
როდი ასვენებს წიწილას
გულზედა წყლულის ტკივილი.
დადის და წოწიალის დროს
შაესმა მღერა-ყვირილი.
ხმაურობაზე წავიდა,
ნახა შემდეგი ტყეშია:
დათვსა , მგელსა და მელიას
ყანწები ეპყრათ ხელშია,
წინ სუფრა აყვავებული
და ზედ მრავალი ლეშია.
ერთ ყუნჭზე დაჯდა და მორთო
მან გასაგონად ტირილი,
ყველაზე ადრე გაიგო
მელამ მის მოთქმა-ჩივილი,
გაიქცა წიწლასაკენ,
არ ეზარება სირბილი.
,,აქ რას უზიხარ?რას მოსთქვამ?
რატომ არ მოხვალ ჩვენთანა?
როგორ არ იცი, საწყალო,
ჩვენ გვაბარია ქვეყანა?!
გავიგეთ ბატონისაგან 
შენი უღმერთოდ წამება,
აქ რას აკეთებ? მაგ საქმის
არ შაიძლება წაგება.
უსტაბაშებიც აქა გვყავს,
ნახე ისინიც პირადა,
გაიგებ შენს წვალებსა 
როგორ დაუსვამთ ძვირადა.
ხომ კარგად მიცნობ, ვინცა ვარ,
გაგეგონება მელია.
მე თუ მომემხრო დათვიცა,
მასთან პირ-მურა მგელია,
შენს დამღონებელს ბატონსა
დღე დადაგება ცხელია''.
-მეც მაგის მეტი რა მინდა,
დღე მუდამ მაგას ველია,
აბა თუ მიშველთ, თქვენ იცით!-
წიწილაც ამის მთქმელია.
,,წამო, წამოდი, ჯერ ერთი
შენც ჩაისველე ყელია,
როცა კუჭია მაგრადა,
კარგად მუშაობს წელია,-
და მერე საქმე დავიწყოთ,
ჩვენია მთა და ველია''.
გაჰყვა, დათვს და მგელს ორივეს,
მან ჩამოართვა ხელია,
იმათ წინაშეც ატირდა,
ცრემლები ღვარა ცხელია.
სისხლის ძიებას ქადაგობს,
ვექილად დადგა მელია
და თანაც სადღეგრძელოსი
წიწილას საქმის მსმელია.
წიწილა მხოლოდ ერთს ამბობს:
,,თქვენს შემწეობას ველია!
,,თუ მე მიშველით,ქვეყანა
,,თქვენ გადღეგრძელებთ მთელია,
,,მადლია ბეჩავის შველა,
,,ჰგრძნობ,საქმე გადგა ძნელია!''
თქმულა,ტკბილს საუბარზედა
სოროსა სტოვებს გველია.
დათვმა და მგელმა შეჰხედეს,
მაშინვე სცქვიტეს ყურები:
- ვიცით , რაც გტანჯავს, საწყალო,
საქმეა დასაშურები.
შეატყობინე ყველასა,
არ დაივიწყო ტურები.
აცნობე, ყველას აცნობე,
რანიც ცხოველნი არიან,
ეხლავე წადი, აჩქარდი,
საჯდომლად არა გცალიან.-
მგელმა და დათვმაც ეს უთხრეს,
თან მიაჯახეს ჯიხვები:
- ჩვენ აქ ვართ მზადა მუდამა,
არ გავიქცევით ბიჭები.
ვიცით ბატონის სრა-სახლი,
ყოველგან მისი გომები.
ჩვენ დაგვანებე - შევმუსროთ
მისი ნახირი ჯოგები.-
,,საქათმე მე დამანებეთ,
,,ბატ-ინდოურთა ოჯახი''. -
მელია ამბობს: ,,ხომ უწყით,
,,მაგ საქმეში ვარ ყოჩაღი!..
,,და ვიდრე ხმითა წიწილა
,,თვისთან მოუხმობს მხეცებსა,
,,მე ვამცნობ იმათ ყველასა,
,,არ ვზოგავ თავს და ფეხებსა''.
- თქვენი ჭირიმე ვაჟკაცნო.
სწორე მითხარით, მართალი,
თქვენაც-კი არ მიღალატოთ,
ქარ-წყალს არ მიმცეთ საწყალი.
ნუ მომატყუებთ, გეთაყვათ,
ნუ მავლენთ თვალ-ცრემლიანსა,
თავის სვე-ბედის მგმობელსა, 
თქვენი შვილების სიცოცხლეს,
ღმერთი გიცხოვნებთ მშობლებსა!
- გადვიდეთ სიტყვას, ნათლულო,
ჩვენს წიგნში არა სწერია, -
ეტყვის წიწილას დათუნა,
მუცელი გაუბერია.
- ჩვენ გაძლევთ ვაჟკაცურ სიტყვას -
შენ-კი არ დაიჯერია.
გასწი, შენ იმას ეცადე,
მომხრე იშოვო ბევრია. -
თავი დაუკრა , წავიდა,
პირჯვარი დაუწერია.

8

თვალ-გადუწვდენელს მინდორზე
მოსჩანს ყანები ხშირია,
ზღვა არის გადმოვარდნილი,
ყველასთვის გასაკვირია;
მთაში ნახირი - ჯოგები
და ზედაც ფარა ცხვრისია,
ყველა ეს, - ბატონისია.
ჰხედავს წიწილა ამასა, 
გული ევსება ბრაზითა,
ამბობს: ,,დაიცა, დამაცა,
,,კბილებს დაგაძრობ გაზითა!
,,ზვრებსაც კი გაგიტიალებ,
,,სავსეებია ვაზითა,
,,შხამისას გაჭმევ სადილსა
,,თლილის თითებით ნაზითა !''
ღამეა, შედგა მთაზედა,
დიდი ასტეხა განგაში,
მოსქდა ყოველმხრივ ნადირი,
რაც იყო ტყეს თუ ჭალაში.
მაგრა უბერავს საყვირსა, 
ხმა წვდება ქვეყნის კიდესა,
გაიგეს მხეცთა კარგადა,
საით რომელი ვლიდესა,
ზოგი ყანისკე მიიწევს,
სხვა მთისკე აიზიდესა,
საცა ცხვარი და ძროხაა, 
არაფერს დაერიდესა.
ხრო და ხრო მოდგა ირმისა,
ერთმანეთზედა დგებოდა,
რქებსა აქვს ჩქამი ზარისა,
რა ერთი სხვისას ჰხვდებოდა.
ბოლქვი შვლების და არჩვების
ირმებს კვალ-და-კვალ ჰყვებოდა.
მოვიდა ფარა ღორისა, 
კბილიდან ცეცხლი ჰკრთებოდა,
ბატონის დასარბევლადა
მაჩვებიც იმათ ჰხლებოდა.
ურიცხვი ნადირის ჯოგი
მედგრად დაეცა ყანებსა,
გაწელეს, გაანადგურეს,
არა ჰზოგავენ თავებსა,
ღორები მაჩვებთან ერთად
სთხრიან და ჰკაფენ ვაზებსა.
დათვები მობაჯბაჯებენ,
ვეფხვნი მოხტიან კამარით,
მელია საქათმეს ეცა -
გმირი ჩვეულის ამალით.
დათვთა, მგელთა და ვეფხვებთა
მთაში საქონი დალიეს,
უწყალოდ გაატიალეს, 
უწყალოდ ხელი დაჰრიეს.
ბატონის მთელი ქონება 
ერთ ღამეს მორჩა, გათავდა.
რა ეს გაიგო ბატონმა,
თავს ცოცხალ-მკვდარად ჰსახავდა.
გულ-ზვიადს, ელდა-ნაცემსა
პირს ნაცრის-ფერი სდებოდა.
არ იცის, რა ქნას, ბობოქრობს,
ჯავრისაგანა კვდებოდა.
ძალიან უკვირს ბატონსა:
რა მოხდა, საით რა იყო?
მისი სნეული გონება
ათას ნაწილად გაიყო.
კაკალზე ყვავი შამოჯდა,
თავს აქნევს , იწყო ჩხავილი:
,,ვინაც სხვის ცრემლის ფასითა
,,თვითონ იკეთა სადილი,
,,ბოლო ჟამს გაუმწარდება
,,იმასაც გულის წადილი.
,,შენ რომ არაფრად ჩააგდე,
,,ეგ სულ წიწილას ბრალია,
,,იმან დაგღუპა, ბატონო,
,,შენი ცხვარ-ძროხა დალია!''
წიწილა ამას არ კმარობს,
ამბობს:,, მარგუნა რაც წყენა, -
ას კოდში უნამუსომა
ერთიც კი აღარ მაჩვენა.
ქვესკნელში ცავა? - ჩავყვები.
მაღლა? - ავყვები ცამდინა.
რაკი საწყლობა დამატყო,
უფრო მასხარად ამიგდო,
მაწამოს - მასაც არ ირცხვნის,
რა ერთხელ ხელში ჩაიგდო.
უფალი მწყალობელი მყავს,
კარგად ვეცადო ერთია,
უნდა ძალიან ვაწვალო,
გაუნაწყრომო ღმერთია!''
ამას იქადის წიწილა,
სტკივა მარჯვენა გვერდია.


9

გამწარებული ბატონი 
ადგა, გაიჭრა ველადა,
ეძებს ნახევარ-წიწილას, 
უნდა ჩაიგდოს ხელადა.
სტანჯოს, აწვალოს ძალიან,
სულ ასო-ასო დაგლიჯოს,
ზედ შედგეს უდიერადა,
წაღმა-უკუღმა აბიჯოს.
დაღლილ-დაქანცულს ბატონსა
დაძინებოდა ჩრდილშია,
თვალი შეასწრო წიწილამ
იქვე ფერდობის ძირშია.
მივიდა ცოცვით, ფრთხილადა,
ბატონს ჩაუძვრა პირშია.
წიწილას უდიერობა,
მან ვერც კი იგრძნო ძილშია.
გამოეღვიძა, ხმა ესმის,
ამოდის იმის პირითა,
გაცოფდა, რა ქნას არ იცის,
ახლად შაყრილის ჭირითა,
ხელში ვერსაიდ ჩაიგდებს,
შუა გაგლიჯოს კბილითა,
ხმა თუმც მოესმის გარკვევით,
როგორც ქამანჩა-სტვირისა,
და თავის საგალობელსა
გაბედულადა ჰყვირისა:
,,მე ვარ, სხვა ნუ გეგონები,
,,ის ნახევარი წიწილა!
,,მე ჩემი ფეტვი მოვთხოვე.
,,ბატონმა, რისთვის იწყინა?
,,მცემა კიდეცა და მგვემა,
,,თვითონ კი ტკბილად იცინა!''
რა ქნას, რა უყვას ბატონმა,
ძალა თუმცა აქვს გმირისა?
სხვა რომ ვეღარა იღონა,
დაჯდა და ისე ტირისა.
მოუხმო ერთგულს მსახურსა 
და დაიყენა გვერდზედა,
და უთხრა: ,,კარგად მოიქეც,
მე დაგარიგებ ერთზედა.
ხახას გავაღებ, რაც ძალმიძს,
წიწილას იცნობ ფერზედა,
ეგება თავი ამოყოს
ხელ-აღებულმა ღმერთზედა.
შენ ამ დროს ხმალი უმარჯვე,
მოაგდებინე თავიო!..''
პირი დააღო ბატონმა,
ჰსურს გაათეთროს შავიო.
ბატონის ენა რომ ნახა,
მსახურს ეგონა წიწილა,
ისე შაესმა ყურებში,
რომ თითქოს დაიწიწინა.
დაუსვა ხმალი მონამა,
ცხვირ-პირი ჩაათლევინა,
კისერიც თან მიაყოლა
და სულიც დაალევინა.
თავზარ-ცემული მსახური
იქვე მიწაზე წაიქცა,
წიწილამ თავსა უშველა,
აჩქარებული გაიქცა.
არავინ არი მათ ახლო,
რომ დაუძახოს: დაიცა!
წიწილამ ამცნო ყველასა,
მოიმოქმედა რაიცა,
,,ბოროტი კაცი დამარცხდა!''
მთასა და ბარად გაისმა.
მკათათვემ ეს მოგვიტანა,
რით გვანუგეშოს მაისმა?!

10

შეგროვილიყვნენ ნადირნი,
ერთი მეორეს სწვევიყვნენ,
ფინველნი ოთხფეხ ცხოველთა
მხარ-და-მხარ გადაჰხვევიყვნენ.
ერთი რამ ფიქრი აწუხებთ, -
ორნივ ერთ მეფეს ირჩევდნენ,
ყველა ამაზე მსჯელობდა,
აზრს ძირეულად ირკვევდენ.
ფრინველთ უნდოდათ გულითა
ნადირთაგანი მეფედა,
ხოლო ნადირთა - ფრინველი
ყველაზე ხარჯის მკრეფედა.
ესა სცნეს სამჯობინოდა
დათვთა, მგელთა და მელათა,
ყველამ , რაც ფრინველ-ნადირი
ბუდობს ტყეში და ველადა,
ამოსარჩევად მეფისა,
შეგროვილებმა მთელადა. - 
,,აბა, რომელი ფრინველი?'' -
ეს დაიძახეს ყველათა:
,,რაღა რომელი? - წიწილა!'' -
დაიგუგუნეს ერთადა.
ბატონის სახლი სრად მისცეს,
ვეფხვი და ლომი მცველადა,
ნაზირ-ვეზირად  _ დათვები.
მელა და ტურა _ მრჩევლადა,
შიკრიკად _ ქორ-შევარდენნი,
მგლები _ ავაზაკთ მრბევლადა,
ხოხობნი, შურთხნი, კაკაბნი _
ტანისამოსის მკერვლადა,
ბულბული _ საგალობელად,
ტკბილ სიმღერების მთქმელადა,
მედალაბანდედ _ კოდალა,
განთქმული არი ძველადა,
მეჭიანურედ _ ჭრიჭინა,
ეს მას მოუდის ხელადა,
მეწისქვილედა  _ ბატები,
პურისა დასაფქველადა,
ღორები _ ქუჩის დარაჯად,
წყალ-საყვან არხთა მთხრელად,
კაჭკაჭნი _ ექიმბაშადა,
გადამდებ სენთა მცველადა,
წერონი _ დესპან-ელჩებად,
საქმეთა გასარჩევლადა,
უცხოელებთან დავისა,
ასაწონ, გასარკვევლადა,
ხარი-ირმები _ საგუთნედ,
დედმიწისა მხვნელადა,
ჩხიკვები _ ჯაშუშებადა,
აქა-იქ საძრომელადა...
ის აღარ არის წიწილა,
რაც ადრე გაგიგონია,
უზარმაზარი ტანისა,
ათი არწივის ტოლია.
ხოხბის ბუმბული ასხია,
კოხტა ჯიჯლიბო მამლისა,
ყველას ხათრი და შიში აქვს,
როგორც მშობელი მამისა.
ერთს სხვისგან არ აბატონებს,
ვინც მისი ქვეშევრდომია,
არც ვისთან ლხინი აშინებს
და აღარც ვისთან ომია.
ტახტზე თავ-გვირგვინიანი
დაბრძანებულა დინჯადა,
დაჩაგრულებსა ჰპატრონობს,
მჩაგვრელებს უდგა კრიჭადა,
მოდი და ნუ მოვიხსენებთ,
კურთხეულს კაი ბიჭადა.


1905 წ. 



Комментариев нет:

Отправить комментарий