ღმერთი

ღმერთი

вторник, 23 июня 2020 г.

,,უიღბლო იღბლიანი'' - ვაჟა ფშაველა




,,უიღბლო იღბლიანი'' - ვაჟა ფშაველა

(ზღაპარი)

I

იყო და არა იყო რა, –
ასე იწყება ზღაპარი:
ყოფილა ერთი ოჯახი,
უბადლო, არ ჰყავს სადარი;
სამს ძმას სამება სწყალობდა,
მისი კალთა აქვთ საფარი.
მსურს გითხრათ მათი ამბავი,
სიცრუვ-სიმართლე რაც არი.
ჯერ ხანად მე და ჩემს სტვირსა
არ დაგვდგომია ზამთარი, –
გული საგრძნობლად და ენა
გრძნობის სათქმელად მზად არი.
ეს ფიქრი მტანჯავს მხოლოდა,
როგორც თავის მსხვერპლს ჯალათი:
უსამართლობა სიმართლეს
რისთვისა სჯაბნის ძალათი? –
ზოგს ნიჭი მისცა უფალმა,
ყოფა-ცხოვრების დავლათი;
სხვას დაუწესა მკლავზედა
სამთხოვარაოდ კალათი;
ლხინის, ქორწილის შემდგომა
გამწყრალი მოდის მაყარი
და, ერთ დროს მლოცველით სავსე,
დანგრეული სდგას საყდარი;
ზოგს ამოჰშხამდა თვის ლუკმა,
ალალის ოფლით ნაღვარი,
სხვას შეჰრჩა, კიდეც შაერგო
სარჩო ნაქურდალ-ნაპარი.
გულის სიმთ ამაჟღერალი
სწორედ მიზეზი აქ არი.
განსაჯეთ თავ-თავისადა,
ვისაც რამ გქონდესთ მიზანი:
ფიქრთაგან ერთი მკვიდრია,
ხოლო მეორე – ხიზანი…

II

ძმებს ურიცხვი ჰყავთ ცხვარ-ძროხა,
ცხენ-აქლემების ჯოგები,
თითონაც ეცვათ ტანზედა
ბუზმენტიანი ჩოხები,
როგორც ვარსკვლავნი ცაზედა,
მინდვრად სჩანს იმათ ძროხები.
უსამზღვრო სახნავ-სათიბი,
ზვრები თვალ-გადუწვდენელი,
ქვევრები ზოგი ღვინისა,
ძირზე სარცხ-დაუწვდენელი,
სხვები, ძველებურ წესზედა,
სულ ოქრო-ვერცხლით სავსეა,
თუ ღმერთი კეთილად გვხედავს,
რად გიკვირთ, მუდამ ასეა.
ყველას, რაც კაცის გულს უნდა,
აქა ჰპოვებდით უხვადა,
ყველანი ნაქებნი იყვნენ
მოამაგდარე მუშადა.
ქალებიც კაცებს ჰშველოდნენ,
შინ როდი ისხდნენ კრუხადა!
ვინ გაიმეტებს ამ ოჯახს
დასანგრევ-დასაღუპადა?!
იმათ დარბაზით ისმოდა
მუდამ ლხინის ხმა, ღრეობა.
ასეთ ლხინს ვერ შაესწრობა
თვით ალავერდის დღეობა.
მაგრამ კაცთაგანს მრავალსა
თვალი აქვს შურის მთოვნელი.
„ვინ მისცათ ამდენი სარჩო?“ –
ამას ამბობდა ყოველი
სტუმარი, ვინაც შეიქმნა
იმათ პურ-ღვინოს მწოვნელი;
გლახაკიც მრავალი მოსდით,
ერთხელ გაძღომის მთხოვნელი.
ორი ძმა ბევრს ყურს არ უგდებს
გლახაკებს, იმათ ხახებსა,
მხოლოდ საბრალო ჰმასპინძლობს
პურით და ღვინით საწყლებსა.
ეს უმცროსია, გუდაშიც
ყველას ჩაუდებს საგძლებსა.
უყურეთ ბედის სიმუხთლეს, –
უბედურობის რჩოლასა:
უკუღმა მიდის მათ ბედი,
სასვაოდ შეიქმს სრბოლასა.
უფალმა ბრძანა, – რას იზმენ,
თუნდ ალოცვინონ მოლასა,
მაინც ვერსიდან შესძლებენ
ძველებრ საქონლის ყოლასა,
ვერც პურის, ვეღარც ღვინისა,
ვეღარც ფულების ქონასა.
აღარ აქვს მადლი და ხვავი
ძმების ოფლსა და შრომასა.
ბედი ხან ბატონსა სწყალობს,
ხან გაუღიმებს მონასა!
ცხვარიც ილევა, ძროხაცა,
ზვრებმაც როდიღა დაისხა,
ყანებიც მოსცდა, ხუთს წელსა
თავთავი აღარ აისხა.
გაბრაზდა მიწა, გაჯავრდა,
გულში ნაღველი ჩაისხა
მარტო ამათთვის, – სხვას ბევრსა
უებრო მისცა ნაყოფი,
ბევრს ღვთის ამარად შთენილსა
მისცა საზრდო და სამყოფი.

III

ქვეყნის ყბა მოუღალავი
ბევრის რისმეა მთხრობელი.
სამს ძმაში ორსა სწუნობდა
სჯა-ფიქრით გამომცნობელი,
უმცროსს-კი ალალს ეძახდა
უზარმაზარი სოფელი.
„კაცია, ქვეყნის ბადალი,
დედა უცხონდა მშობელი!“
ერთიც არ გამოჩენილა
ალალ-მართალის მგმობელი.
იგი მუშაობს ერთგულად,
წელებზე იდგამს ფეხებსა,
ცხავ-ცხრილებსა ჰქსოვს მართალი,
სთლის ნიჩბებს, სჩორკნის კეხებსა,
სოფელ და სოფელ ატარებს,
ჰყიდის, ავაჭრებს გლეხებსა.
ჰფიქრობს საბრალო მუდამ ჟამს
ოჯახის შესამეტებსა.
თავის გარჯასა და ოფლსა
არავის დააკვეხებსა.
არა თაკილობს საბრალო
ასეთს ხელობას გლახურსა.
სხვას არ შაეძლო ეს საქმე,
ისეთ სიმდიდრე-ნახულსა,
ეხლა აყუდებს ნიჩაბსა,
წინანდელს თავის მსახურსა.
თან ეტყვის: „ძმებო, ნუ გიკვირსთ,
ღვთისია ჩვენი ქონება,
მანამდე ჰნებავს – გვაკუთნებს,
როს სხვად გაუჭრის გონება,
ისევ წაგვართმევს თავისას,
ჩვენ ან რა გვეთქმის მაზედა?
ხომ იცით, ხან ყინული წევს,
ხან ყვავილია მთაზედა?!“
იტყოდენ, ვინცა ჰნახავდა:
„ეგ ომარაანთ ბიჭია.
ახ, რა ოჯახი დანელდა,
როგორ დაჰკარგეს ნიჭია.
როგორ ერთბაშად დაეცნენ,
რა გამოუტყვრათ ხინჯია?!“
ცდილობს ეწამლოს რითიმე
დავრდომილს ოჯახს, ბეჩავსა,
ამის გულისთვის ირჯება,
ათასს ხელობას ჰბედავსა.
ძმები კი ნაორგულარსა
ჰმალვენ ცოლების სკივრშია,
ალალს ძმებისგან ღალატი
არც კი გაუვლის ფიქრშია,
თუნდაც გაიგოს, არავის
ის არ გაიწვევს კრივშია.
მის საზრუნავი ის არის,
რით გაალაღოს ძმებია,
თითონ თუნდ ერთი ფირქლიცა
ჯიბეში არა სდებია.
ცდილობს ყოველის ღონითა,
ერთგული ჰყვანდეს ძმობასა,
აორკეცებდეს მხნეობით
სახლის კეთილის-ყოფასა.
უზიდავს სალაღობელსა
რძლებს, ძმისწულებსა, ყველასა,
თითონ კი გლახაკად დადის,
ატარებს ჩოხის ძველასა.
ჰფიქრობს: ძმებს კარგა ტანთ ეცვათ
ძვირფასი ფარჩა რაც არი,
თითონ – თუნდ ხამის პერანგი,
იმათი გამონაცვალი.
იმათთვის საზრდოდ ენატვრის
მუდამ თაფლი და შაქარი
და თითონ კმაყოფილია,
თუ აქვს ნაფშრუკი ნაცარი.

IV

არ იქნა, ერთის სიმართლემ
ვერ გამოიხსნა ოჯახი,
ვერას ჰშველს იმას საბრალო,
თუნდ გახდეს ასჯერ ყოჩაღი.
გასაწყლდენ, მაინც გასაწყლდენ:
სამი დღის უდგათ ფეტვია,
არსად არ მოეპოვებათ
ნახნავი ამის მეტია.
გაღარიბებულს ოჯახსა
ესხმის თავ-ბრუ და რეტია.
სთქვეს ძმებმა: გავიყარნეთო,
თუმც არ უწონებს მართალი…
ასრულდა კიდეც იმავ დღეს
ორის ჭკვის ჩამონათალი.
გაიყვეს თუ რამ ებადათ,
სამად გაიყვეს ფეტვია:
წილების უსწორობაზედ
არვის რა დაუყბედია.
სამივე კმაყოფილია
თავის ბეჩავის წილითა.
ფეტვის მომკასაც თავის წილს
ყველა აპირებს დილითა.
მაგრამ იმ ღამეს გაავდრდა,
თან სეტყვაც წამოურია;
ცა ჯავრობს, წყრება ფრიადა,
ქვეყნის დაღუპვა სწყურია.
თქვენს მტერს, რომ მეორეს დილას
უმცროსს უკვდება გულია:
ფეტვი – ნაწილი იმისა,
გაგლილი, დაკარგულია,
სდგას თავ-დახრილი, დასცქერის
გულ-ხელებ დაკრეფილია,
მაინც ღმერთს მადლობას სწირავს
მართალი, მართლის შვილია.
უკვირს თუმც: ასე შუადამ
როგორ გამოსჭრა სეტყვამა? –
ასეთს უბედურს ვარსკვლავზე
რად გააჩინა დედამა!
სთქვა ბოლოს: „იქნებ უფალსა
შევცოდე, მსჯიდეს ამაზე.
ღმერთს რად ვემდურო? რისთვის?
ცუდი სიტყვა ვსთქვა რაღაზე?“
მოსძულდა მეტად ეხა კი
აქ ყოფნა, ცქერა ცისადა,
ტანჯვის და სირცხვილის მეტი
მზად არა იყო მისადა,
და გადასწყვიტა, რომ თავი
მას ჩაებარა ღვთისადა.
ადგა, წავიდა იქიდან,
დასტოვა სახლი, ძმებია.
მიენდო ბედის წერასა,
გადაიარა მთებია.

V

წავიდა, მიდის თავ-დახრით,
თავზე თხის ტყავის ქუდითა,
ჩამოგლეჯილის ჩოხითა
და ზურგზე ფხროკის გუდითა.
იმას არ ფიქრობს, თუ სადმე
წავა ბილიკით მრუდითა.
მიდის, ყავარჯენს მიიბჯენს,
მიაბაკუნებს მიწაზე,
სადა და როგორ იცხოვროს,
ფიქრით მოცული იმაზე.
ფიქრობს, რომ იმას განგება
არ დაუკარგავს ამაგსა.
მისცემს არსების ლუკმასა,
მისცემს სამყოფო ალაგსა.
თქმულია, იცის კარგადა:
სიმართლე შვილით-შვილამდე,
უსამართლობის მანძილი
შუაღამიდან დილამდე.
მართალს ნუგეშად ესა აქვს
გულში შეუდრკელ ბურჯადა,
რომ ღმერთი კაი კაცობას
მას არ ჩაუვლევს ფუჭადა.
შემდეგისთვისაც მას ფიქრობს,
არ უღალატოს სიმართლეს;
ერიდოს მწიკვლსა ყოველსა,
დაუმეგობრდეს სინათლეს.
რაც უნდა ავი შაემთხვას,
თუნდა გააკრან ჯვარზედა,
არ უღალატოს სიმართლეს,
ერთგულად იდგეს მაზედა.
მიჰყვეს ბოლომდე კეთილსა,
იაროს კეთილს გზაზედა.
სცადოს, განგება ამისთვის
რა ბედს მოუვლენს თავზედა.
თუ ვისმე ჰნახავს საწყალსა
მარტოკას მუშას ყანაში,
მიეშველება იმავ წამს,
დაეხმარება ჯაფაში.
არც უნდა რამე აიღოს,
ეს წესადა აქვს, – ამაში
თუ ვინმე დააძალადევს,
მისცემს ფასს თავის შრომისას,
მაშინვე გლახებს ურიგებს,
გაურბის ხაფანგს ცდომისას.
ერთხელა ნახა საბრალომ,
მთაზე სძოვს ცხვრის ფარაო;
მწყემსიც იქვე ჩანს, მის სახე
ჭაღარას დაეფარაო.
მას, ცხვრისა გადამკიდესა,
ბევრი არ გაეხარაო,
არ იქნა, სიბერის დროსაც
ფარას ვერ გაეყარაო,
ვერ იმეტებდა, სამწყემსო
სხვის ხელში ჩაეყარაო,
დიდის წვა-დაგვით დაზდილი
სხვის იმედს დაემყარაო.
დღეს კი ცხვარს ეუბნებოდა:
„რაც გიპატრონეთ, კმარაო!“
რა ექნა ბეჩავს: წყალმანკი
მუხლებში ჩაეპარაო?!.
კაცი არ ჩნდება ისეთი,
რომ ცხვარი ჩაებარაო.
საბრალო თავისთვის მიდის,
წინ გზა მიუძღვის შარაო.
სალამი მისცა მემცხვარეს,
გასცდა და გაიარაო.
შორს არ გაევლო, რომ მწყემსმა
თავისთან დაიბარაო.
ამანაც არ დააყოვნა,
სერი-სერ შაიარაო.
და რა მივიდა ახლოსა,
კვლავ „გამარჯვებით“ მიჰმართა.
მაშინვე მამაშვილური
ბჭობა გამართეს იმათა.
– სადაური ხარ? სად მიხვალ?
მოხუცი ჰკითხავს დინჯადა.
თვალებსაც ატანს ძალასა
უცხო ყმის გასასინჯადა.
საბრალომ თვისი ამბავი
მოხუცს უამბო ტკბილადა,
ამბავი – როგორ ცხოვრობდენ
ძმები ერთს დროსა ძრივლადა
და დღეს კი იმათ ოჯახში
ვერაფერს ჰპოვებ ღივადა.
ისიც უამბო, თუ იმას
ფეტვი როგორ ჰხვდა წილადა,
ბედმა როგორ უმუხთლა,
დასტოვა ჭია-მღილადა.
ბოლოს სთქვა: – რა ვქნა, მამილო,
დავალ მწყევარი ბედისა,
ვით კრავი დაობლებული,
მეძიებელი დედისა.
მამა-პაპისა სახლ-კარი
მექცა სამარედ, ციხედა,
ვერც გავძელ ცოცხლად იქ ყოფნა,
ვსთქვი: ვივლი კიდით-კიდედა.
წამოველ, ორი თვე არი
მოვსდევ სამყაროს ღვთისასა,
ხან ჭალა-მინდვრად დავდივარ,
ხან გზას ავირჩევ მთისასა.
რას დახვალ? რას დაეთრევი? –
არავინ მკითხავს იმასა.
– სახელი შენი? – მოხუცმა
უცნობსა ჰკითხა კვალადა.
– საბრალო, ჩემო ბატონო, –
მანაც მიუგო ბრალადა.
– ძალიან კარგი, უფალმა
ნუ მოგიშალოს სახელი.
თუმცა ვერ გიცნობ, შენთანა
ერთი რამა მაქვს სათქმელი.
ბნელაში კარგი რამ არის
გზის მძებნელისთვის სანთელი.
– ბძანე: მოხუცთა სიტყვისა
გულდასმითა ვარ მსმენელი,
მუდამ მიცნია მათ რჩევა
სიბრძნისა გამომჩენელი.
– მაშ გეტყვი, თითონ განსაჯე:
შვილო, განგება დიდია;
ყველასი ავი და კარგი
იმის ნებაზე ჰკიდია:
ზოგს კლდედ ექცევა საჩეხად,
სხვისათვის გზა და ხიდია.
სჩანს, ღმერთს არ გაუწირიხარ,
რომ მოაღწიე ჩემამდე
და თუ ეცდები, სარჩოთი,
ვფიქრობ, აივსო ყელამდე.
მე ერთი ღერი კაცი ვარ,
უშვილო, ცოლის იმარა;
ჩემი ყოფნა და სიცოცხლე
შავმა ნისლებმა დაჰფარა.
ცხვარი მყავს, მაგრამ მწყემსობა
მე შემიძლიან აღარა.
თუ ცხვარს მოუვლი, იცხოვრებ,
ჩვენც არ დაგვაკლებ ლუკმასა,
გულით კაეშანს გადიყრი,
აღარ დაიწყებ სულთქმასა.
კარგა ხანს უსმენს საბრალო
და როდი იღებს ჯერ ხმასა.
იფიქრა დიდხანს და ბოლოს
მაინც ამოთქვა: – კარგია,
მაინც განგებას მივენდე,
ვარგობს, თუ არა ვარგია.
მამყოფებს და თუ დამკარგა,
ვიქნები დასაკარგია!
მხოლოდ ეს იყოს პირობა:
ოთხს წელს გექნები მწყემსადა.
თავნს მე არ შეგეცილები
სრულად მიიღე ერთადა.
ნაშენს გავიყოფთ შუაზე,
რაკი გამივა ყავლია,
ისიც მაშინა, თუ მგლისგან
ცხვრის ფარას არა აკლია.
ჰო, თუ ამ ოთხ წელს მე მგელმა
ცხვარი მომტაცა ერთია,
სრულ ცარიელი წავიდე,
თავდები გყვანდეს ღმერთია.
– კაცო, ეგ როგორ იქნება!
მგელიც ღმერთსა სთხოვს საზრდოსა.
მგელი ვერ გაგვაღარიბებს,
თუ სხვაფრივ ვუვლით სარჩოსა.
– არა, მე ვამბობ, ეგ არი
ჩემი პირობა სრულია
და ვერც გადავალ ნათქვამსა,
თუ პირში მიდგას სულია.
მოხუცს რა ეთქმის? დასთანხმდა,
თუმც გაუკვირდა ფიცია.
სთქვა: ათას სულს ცხვარს გაბარებ,
დღეიდან არა ვიცია
ცხვრისა, შენ იცი და ღმერთმა,
აჰა, ეს საცხვრე ჯოხია.
თან მისცა გუდა-ნაბადი,
ქონ-დუმით განაპოხია.
– იქნება ხვალევე ვკვდები,
ცხვარიც შენ, ჩემი ბინაცა;
წყეული იყოს ღვთისაგან,
შაგეცილება ვინაცა.

VI

საკმაო ხანი გავიდა,
ბევრი სთველი და ზაფხული,
ბევრჯელ ამწვანდა ბუნება,
ბევრჯელ შეიქმნა ტანჯული;
ბევრჯელ ითოვნა მიწაზე,
ბევრჯელაც წვიმა დაუშვა,
ბევრჯელ ტყვედ-ქმნილი ბუნება
ღმერთმა მონობით გაუშვა.
ბევრჯელ აყვირდა ხევები,
ბევრჯელ იდინეს წყნარადა;
ბევრჯელ ნათელი დღეები
ბნელმა დაფარა შავადა.
ოთხჯერ მერცხალი მოვიდა,
ოთხჯერ უკანვე გაფრინდა,
რაც რამე მოხდა ოთხს წელსა,
იმის ჩამოთვლა რად გვინდა?
პირში ჩიბუხით ფარსადან
დერეფანში ზის ტახტზედა
და მისი მწყემსი საბრალოც
იქვე დგას, ცოტა განზედა.
კარ-მიდამოში ცხვრის ფარა
უდიდესი წევს ზღვაზედა.
ფარსადან ჰკითხავს: – როგორ ხარ?
ან ცხვარი როგორ არია?
– მადლობა უფალს, კარგად ვარ
და უკეთესად ცხვარია.
ერთი ათასად ვაქციე
ის, რაც შენ ჩამაბარია.
ღმერთს ორივ მადლობას უძღვნის,
აღა და მისი მწყემსია.
მუდამ ასეა, ვინც ბევრს ჰმკის,
როს ცოტა დაუთესია!
ამ დროს შეიქნა ჩოჩქოლი,
დიდი ძახილი, ყვირილი,
თან ერთი მწყემსიც მოვარდა,
თვალთ ერეოდა ტირილი,
და განაცხადა ამბადა:
„მგელმა მოგვტაცა ცხვარიო,
ბევრი ვეცადეთ, ძაღლებმაც
ათჯერ მოაჭრეს კვალიო,
წაიღო, მაინც წაიღო,
ვეღარ მოვკარი თვალიო“.
– წაიღოს, ალალი არის,
აქამდინ თუკი გფარავდათ.
ერთი იმასაც ერგება,
რაკი არაფერს გპარავდათ.
მადლია, გაძღეს მგელიცა,
ჩვენაც საკმაო დაგვრჩება.
რა ფრიად დაჰღონებულხართ,
ვითომ მაგითი რა ხდება?
მშიერი ეძებს საზრდოსა,
სითაც რა ღონეს გახდება.
აქ მადლი ჩანადინარი
იქ საიქიოს დაგვხვდება.
ჩემს ბიჭობაში ვიცოდი,
მგელს ცხვარს არ ვგლეჯდი პირითა,
თუკი შაეპყრა, მიჰქონდა,
ცოდვად მიმაჩნდა, იმითა.
მაინც-რა? მგელმა მე ცხვარი
ვერ გამითავა კბილითა.
დღესნამდის, ღმერთო, შენითა,
ვცხოვრობ ცხოვრებით ტკბილითა.
უნდა შაშინდეს განა ზღვა,
ხაპვა რომ უწყონ ცხრილითა?
აღას პირობა არ ახსოვს,
მიტომ თამამად მსჯელობდა.
ვერც ის გაიგო, თუ რისგან
იმისი მწყემსი ხელობდა:
მუხლთ მოეკვეთა საბრალოს,
ამოიკვნესა მძიმედა.
ჩამოჯდა, თავი დაჰკიდა,
მიეყრდნო სახლის დირესა.
– მადლობა ღმერთსა, – იძახის:
ჰა, თუ არა მსჯის განგება,
რად მოდის ასე ჩემს თავსა,
ჩემთვის ბოროტი რად ხდება?
ამ ოთხს წელს, საით მოვთვალო,
სად მთა-მინდორში ვატარე
ცხვარი, ტყეში და ღრეშია,
მიწის ზურგს კანი ავყარე,
ჩემი უვალი სად დარჩა?
ცა დედამიწას შავყარე.
რამდენჯერ მყვანდა ცხვარი იქ,
სად მგლის ჯოგები ფუოდა,
ათასჯერ ფარეხის პირში
მშიერა მგელი ყუოდა.
ბეწვიც კი ვერას აჰგლიჯა,
განაღამც ცხვარი წაეღო;
ან ბანი გამოეთხარა,
ან საცხვრის კარი შაეღო.
დახე, რას ადგილს გამოტყვრა,
ნავსი სოფელში დამიხვდა,
ოთხის წლის ნაწვავ-ნადაგი
საქმე და შრომა წამიხდა.
ამ დღისით სოფლად ჩამოსვლა
თავში საცემად გამიხდა.
წავალ და გადვიკარგები,
სრულ არაფერიც არ მინდა.

VII

წავიდა, უკან მოხუცი
მისძახის: – კაცო, საბრალო,
წაიღე თავისი წილი,
სად მისჩერჩეტობ, საწყალო!
ამდენი შრომა გასწიე,
კაცი ამავსე სარჩოთა,
რაღაც უმსგავსის პირობით
უნდა ერთ-ურთი ვარჩოთა?
დაბრუნდი, მამა-შვილობას,
არ გეცილები, შენია
ცხვარიც, სახლიც და ქონებაც,
სულს იქით რაც დამრჩენია!
ამაოდ, უფალს საბრალო
სხვა ფიქრზე გაუჩენია.
მიდის საბრალო, საისკე, –
თვითაც არ იცის კარგადა;
ხელში ჯოხი აქვს და ზურგზე
გუდა ჰკიდია ბარგადა.
სადაც ღამე უსწრობს, იქ ათევს,
ილოცავს, დაეძინება,
ხან თუ იტირებს თავის ბედს,
ხან კიდეც გაეცინება.
იარა, ბევრი იარა,
ერთი გეზი აქვს სავალად:
მინდვრები საჩაკჩაკოდა
და მთები გადასავალად;
სატოპად წყალი მდინარე,
ჯაგები გასაძრომადა,
ჭაობი საფლაშუნოდა,
კლდეები ასახდომადა.
საბრალოს ბედის ძიება
უჯდება მძიმე შრომადა.
მაინც არ იშლის, წინ მიდის,
გულში იმედის ჩენითა,
დიდს რასმე მინდორს მოება,
ერთის თვის სავალს ცხენითა.



გარიჟრაჟია. ფრინველნი
განთიადს ჰლოცვენ, მღერიან,
ცელქობენ, დანავარდობენ,
რა მზის ამოსვლას ელიან.
ციურნი ძალნი საერთოდ
მარტო იმათა ჰშველიან,
ცხოვრებით კმაყოფილები
თავის ბედს არა სწყევლიან.
მთელს იმ მინდორზე ყანაა,
როგორც ზღვა ისე ღელავდა.
თვალ-გადუწვდენელს სივრცესა
წითლად და ყვითლად ჰფერავდა.
შიგა-შიგ კიდეც გაჭრილა,
ცელი, ნამგალი ელავდა.
საბრალო ჰხედავს: მუხის ქვეშ
ხალხია, მთელი დუნია.
მუშაა – აფიქრებინებს
სამკალი ყანის სუნია.
„აქეთ წამოდი, – უძახის, –
ჩვენსკე, ძმობილო, აქეთა.
საითკე მიიპარები?“
კვლავ უყვირიან მკვახედა:
„ვეღარსად დაგვემალები,
რა თვალით დაგინახეთა!“
მივიდა, სალამი მისცა
მან მუშებს, იმას მუშებმა.
მის ვინაობაც იკითხეს
ერთხმად პირმოღუშულებმა.
ბოლო დროს მოხუცებული,
პატრონი ჭირნახულისა,
ჰკითხავს – არ იმუშავებო?
თუ იმედიც გაქვს მკლავისა?
– რატომ? დიახაც, ღვთის ძალით, –
საბრალომ უთხრა მოხუცსა:
– მე რიღასთვისღა გინდივარ,
ხალხს ამდენს ვხედავ მოსულსა?
სადა გაქვს იმდენი ყანა,
რომ ეყოფინოს იმათა?! –
მოხუცი გაოცებული
აჩენს ჟანგიანს კბილათა.
– შენ, ჩანს, მარტოკას არ გეყო, –
იგი იცინის ტკბილადა, –
ეს ამოდენა მინდორი,
კაცო, იგემო ხილადა,
საქმე სამოცის კაცისა
გიცნია წოლა-ძილადა.
– შენ რაც უნდა სთქვა, სამკალად
მარტოს არ მეყო, დიახო.
რას მამცემ, მზის ჩასვლამდისა
ავიღო, გავაკრიახო
ეს ყანიანი მინდორი,
ათეულადაც შავკონო?!
რაკი დამცინე, მოხუცო,
უნდა ჩემი შნო გაჩვენო,
და თუ ძნა დამრჩა ერთიცა,
ბისტსაც ნუ მომცემ, ბატონო.
ხუთის მუშისა მომეცი,
ფასი არ მინდა მეტია.
მოხუცი გაკვირვებული
თავისთვის ფიქრობს: ცეტია.
სხვა მის მუშებიც ამბობენ:
„საით შეგვემთხვა ყბედია,
ან მაგოდენა სირეგვნე,
ნეტავ, სად მოუხვეტია?!“
საბრალო მაინც არ იშლის,
დაიყოლია ბერიცა.
ითხოვა ერთი ნამგალი,
სალესველი და ცელიცა.
თან ერთი მუშაც მოსთხოვა,
წყალი უზიდოს წყაროსი,
ხელს სხვა ვერა-რა შეუშლის, –
ლამაზი იდგა ტაროსი.
საამო იყო თვალთათვის
გარჯა იმ გასახაროსი!
ცეცხლად ედება ყანასა,
ჰკაფავს უღმერთოდ, მედგრადა
და ხელეური იმისი
არ შაიკვრება ერთადა.
დაჰკივის, როგორც მთის ქორი
და ნაბუერი ყანისა
ნისლად დაედვა მინდორსა,
როგორც ციაგი ღამისა.
მიმოაქვს ნიავს ფათალა,
როგორც ნაპენტი ბამბისა.
დევთ შეყრას, იმათ ომს ჰგავდა
ხმა ულო-თავთავთ კაფვისა.
მოჰკვეცავს წამში ერთს ქცევას,
ვითა ბაზაზი ფარჩასა
და ცხელი ოფლი მინდორს რწყავს,
როგორც მდინარე ბაღჩასა.
მოხუცი გაოცებული
უცქერს რა იმის გარჯასა,
სამთითად შაწებებულსა
შუბლზე მიიტანს მაჯასა.
იწერს პირჯვარსა და თანაც
აჟინებული იძახის:
„ეს თვით შენა ხარ, უფალო,
სხვა შენი მსგავსი ვინ არის?“
მუშა, ცხოველი, თუ მწერი,
ყველა იმ ადგილს მყოფელნი,
გაოცებულან მის შრომით,
იყვნენ მის ქების მთხრობელნი.
მარტო მკალნი და მწყრებია
ბედის მძებნელის მგმობელნი;
თავზე დაექცათ სახლ-კარი,
თავზე დაექცათ კარავი.
გამოჩნდა ვიღაც უღმერთო,
იმათთვის შვების მპარავი.

VIII

მზეც შუა ცაზე წამოდგა
მიწას დასცქირა სწორადა
და სამუშაოც მომკლისა
მაშინ გაიყო ორადა:
სამკალს გადაჰრჩა მომკალი,
შეუდგა შესაკონადა.
ჰკონავს ძნებს ათეულებად,
მუხლებს არ იხრის მშრომელი.
მზეც იწევს დასავლეთისკენ,
თვის რჯულზე შეუცდომელი,
არა ჰღალატობს იმ გზასა,
ღმერთს მოუცია რომელი.
ჰა, მიაჯარა საკონი,
იქნებ აუხდეს წადილი,
იქნება ღმერთმა უშველოს,
არ გაუმტყუვნდეს ქადილი.
ორი ძნა უკლავ, გორის ფხას
მზემაც მოავლო პირია.
ერთი შაკონა, ერთი-ღა
დარჩა… რა გასაჭირია!..
მზემ სრულად ამოაფარა
მთის ზურგს სახე და ცხვირია.
ულო დააგდო მუშამა,
ამოიკვნესა მწარედა:
„ვაი, შენ ჩემო სიცოცხლევ,
დღეო, ნაქცეო ღამედა!“
ცრემლმა თვალთაგან,
ბავშვებრ დაიწყო ტირილი:
„ვაი, რა უბედური ვარ!“
ეს არის ჩემი ჩივილი:
„ღმერთო, ცა-ქვეყნის პატრონო,
რად გამაჩინე ბედშავი?
რადა ხარ, ქვეყნის მყრობელო,
შენ ჩემი დაუხედავი?!
ბედკრულსა ჩემსა მშობელსა
არა ვყოლოდი ნეტავი.
მადლობა შენთვის, უფალო,
მაინც მადლობა შენთვინა.
ჭირი-ვაება მარგუნე,
ვკისრულობ, იყოს ჩემთვინა,
ვერ დავგმობ შენსა სამართალს,
ჭირს რომ მაჩვენებ დღემდინა!..
ამაზე მეტი მადინე,
რაც დღემდის ცრემლი მედინა!“
მოვიდა ყანის პატრონი,
ჰკოცნის ხელებზე, სახეში.
– სამაგალითო საქმე ჰქმენ,
ძმაო, ამ ჩვენსა მხარეში.
ასის მუშისა მიიღე…
რად დაღვრემილხარ? რისადა?
ვინაც შენებრიბ ირჯება,
ალალი არის მისადა.
– ერთის მუშისაც არ მინდა,
აგერ ძნა შასაკონია,
ღმერთს რომ არ უნდა ჩემთვისა,
მიტომ არ მომცა ღონია,
თორემ ამოდენ შრომასთან
ეგ რაღა მოსაგონია?
– რას ამბობ, კაცო, ღვთის მადლსა!
მე გედავები არასა,
ძმაო, იმდენი მიირთვი,
ვიდრე არ მეტყვი კმარასა.
ალალი არის შენზედა,
ნუთუ გარისხდეს ღმერთია
და არმობაში ჩათვალოს
ძნა შასაკონი ერთია?
– სწორედ ეგრეა, მოხუცო,
მე უკეთ ვიცი შენზედა. –
თან ცრემლიანის თვალებით
იხედებოდა გვერდზედა,
საცა ძნა იდგა უძრავად,
თავთავკაზმული მიწაზე.
– უცქირე, პატიოსანო, –
თითით უჩვენებს იმაზე. –
თუ ეხლა ცნებას ვერ მოხველ,
კარგად იფიქრე დილაზე.
განა ეს ეხლა შემემთხვა?
მუდამ ასეა ჩემს თავსა:
ბოლო დროს ჩემი ნაღვაწი
მოელოდება სულ ავსა.
მაინცა ვცდილობ მოთმენით
გული მოვიგო უფლისა,
რომ ერთხელ უფროსი გავხდე
მე საკუთარის სუფრისა, –
მეც სადმე ვიხსენებოდე
მჭამლად ალალის ლუკმისა.
მე შენგან ფასი წავიღო,
ეგ მტაცებლობას უდრისა.
– რა ვქნა! ივახშმე მაინცა,
ღვინო მოგართვა ლალისა,
დაღალულ-დაქანცულისთვის
ჰხამს მოტყუება თვალისა,
მეც ნუ გამწირავ, გეთაყვა,
მტვირთველად ცოდვა-ბრალისა.
– შენ რა გეცოდვის? ეგ ჩემი
დღეის ოფლი და შრომაო
შენთვისა აუცილებლად
უფალმა მოინდომაო,
მე კი გზას უნდა გავუდგე,
არ მარგებს ასე დგომაო. –
ჩაიცვა ტყავი თავისა,
თავს დაიხურა ჩაჩია,
და საითკენაც გულს უნდა,
მანაც იქისკე გასწია.
გამოეთხოვა მოხუცსა,
წავიდა ჯოხის ბჯენითა
და თან ავედრებს უფალსა
მის ყოფნას ტკბილის ენითა:
– ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა,
ოჯახი მოგცეს ძლიერი,
ათასჯერ მეტი სიმდიდრე,
რომ შენს ოჯახში მშიერი
ძღებოდეს, მგზავრიც უმწეო
იქა ჰპოვებდეს საფარსა,
ექნებიმც ნუგეშ-მცემელი
დავრდომილსა და საპყარსა.
ღმერთმა გიკურთხოს ყანები,
სათიბ-საძოვი, მთა-ველი;
კულავ დაესხას თავთავი
შენს ყანებს ათი მტკაველი,
რომ თითო ღეროს ყანისას
არა სწვდებოდეს საველი.
დაღონებული მოხუცი
თვალებს აყოლებს მუშასა,
ფიქრით ბურანში გართულსა
სახე მიუგავს შუშასა.
ღმერთია, – ფიქრობს თავისთვის, –
ეგ ხორციელი არ არი:
– არა მკადრულობ, უფალო,
თუმც არ ვარ შენი სადარი,
რად მომიძულე, მეუფევ,
თავისი მონა საწყალი?!
მიბრძანდი, მაგრამ გულში მაქვს,
რომ აგიშენო ტაძარი
და ვექმნა მუდამ მფარველად,
ვინც-კი სადმეა საპყარი.
დაიწყო წერა პირჯვრისა,
სთხოვს ცოდვად მოტევებასა.
თუ რამ შესცოდა, შეუნდოს,
რომ ვერ მოვიდა ცნებასა,
ვერ იცნო ღმერთი… შესთხოვდა:
ნურაფერს მომცემ ვნებასა,
მუდამ დღე მსხვერპლს შემოგწირავ,
მოგიძღვნი ქებათ-ქებასა.
თვალს ვერ აშორებს საბრალოს,
ვიდრე მინდვრადა ვიდოდა,
მინამდე ტყეს მოებმოდა,
გორს იქით გადავიდოდა.
დარჩა მარტოკა მოხუცი
ცრემლ-მორეული თვალებზე,
ფიქრი მიურბის ცისაკე,
ჰფიქრობს ზეციურს ძალებზე.
მთით მონასხლეტი ნიავი
სეირნობს მინდვრად ჭალებზე.

IX

დიდხანმა განვლო, საბრალო
რაც რომ სახლიდან წავიდა
მთელი იმისი მგზავრობა
მორწყული იყო ავითა.
ჯან-ღონით გატეხილია,
გაჰხშირებია ნასერი:
წელთა სვლის, ჟამთა ტრიალის
და ჯავრის გამონაცერი;
ან-კი რა გასაკვირია,
ვაება ნახა რამდენი!
მაინც მოელის კეთილსა,
გულში უღვივის ნუგეში,
ბედს ეძებს დაუცხრომელად
მსოფლიოს კალთა-უბეში.
ბევრჯელ ხიდები აშენა,
ბევრგან კოშკები მაღალი,
ვერსიდგან ვერა-რა ირგო
თვით ბეწვის გამოსავალი,
პირობას ცოტა რამ ჩაჰშლის,
წყალს ატანს იმის შრომასა,
შხამით და ნაღვლით ადედებს
მის ქვეყანაზე რჩომასა.
ან მზე ჩაუსწრობს უცბადა,
ან უსწრობს მამლის ყივილი.
არა მთელდება არა გზით
საბრალოს გულის ტკივილი!
იმის ბაგიდან უფალზე
მაინც არ ისმის ჩივილი,
უბედურების წამლადა
ზოგჯერ მოუვა ტირილი.
ოცი წელია ბედს ეძებს,
ასე ატარებს დღეებსა.
ხან მინდორ-ველად ათენებს,
ხან ეფარება ტყეებსა.
არ უფრთხის ღამის სათევლად
ხევ-მღვიმეთ, სალსა კლდეებსა.

X

სათათრეთისა მიჯნაზე
იტყვიან ცივსა წყაროსა,
საამოს დასალევადა,
თვალ-გულის გასახაროსა.
მის გარეშამო მინდორი
ჰგავ უზარმაზარ კალოსა,
ზედ ათასგვარი ხეები
ზამთარ და ზაფხულ ხარობსა.
იქვე ბულბული დღე და ღამ
დაუცხრომელად გალობსა.
წყაროს წინ ერთი ტბა არის
წითელი, წითლის ფერისა
და იმა ტბაზედ თქმულება
ასეთი არის ერისა:
როს თათრებს საქართველოდან
მიუდიოდათ ტყვეები,
აქ თურმე იჟლიტებოდენ
ჩვენი სამშობლოს ძეები:
აქ თურმე სთხოვდა ურჯულო
გათათრდნენ, – შეცვლას რჯულისას.
ვინც მტკიცედ იდგა, ელოდა
აქვე დალევას სულისას.
ჰსჭრიდენ თავებსა, ჰჟლეტავდენ
ქალ-ვაჟთ მხნეთ, რჯულზე მტკიცეთა
და მათი სისხლი უმანკო
ჰრწყავდა ამ მინდვრის კიდეთა.
ქართველთ მოწამეთ სისხლისა
დადგა ტბა იგი წითელი,
ივერიისა კარგ ძეთა
გრძნობის და ფიქრის მტვირთველი.
ზამთარ და ზაფხულ იმ ტბიდან
იცქირებიან ყოილნი –
შვენება შვენიერების,
ღვთიურის ხელით ქსოილნი,
იმათზე ლამაზს რას ჰნახვენ
ადამის ტომის შობილნი?!
ზნედა აქვთ, თუ არ ქართველსა
მართალს, სიმართლით მკობილსა,
არას ეტყვიან, უფრო-კი
ურჯულოს, თათრის შობილსა.
როცა-კი თათარს ჰნახავენ,
დაინთქებიან ტბაშია,
არ ვიცი ეს საიდუმლო
რისგანა ხდება, რაშია?!
მაგრამ თუ ნახე ქართველი,
მართალი, ქართვლის ტომისა,
აღიძვრის ჩქროლვა-ბოჟირი
ამ ყვავილების შორისა;
აუტეხავენ საუბარს
ტკბილის ქართულის ენითა,
კაცს აღუძრავენ სურვილსა
გაძღეს მათ კოცნა-ხვევნითა.
უმღერენ სულის სიმტკიცეს,
იმის წყალობით ცხონებას.
თავ-დაუდებლად იტყვიან
გადუხჭირებულს ცხოვრებას.
ბევრსა ამ ტბისა მნახველსა
უნდოდა ყვავილთ მოკრება,
მაგრამ ტყუილად ეცადნენ,
ვერ აუსრულდათ მათ ნება.
მეფეთაც ბევრჯელ გაგზავნეს
ტბაზე ნავი და მცურავნი.
ამაოდ, – ბოლოს მოუხდათ
ცდისა და შრომის მდურვანი:
რა ხელს იგრძნობენ ყვავილნი,
იმათ მოკრეფის მსურველსა,
ძირს წავლენ, როდი თვისობენ
ხელსა სიწმინდის მთხუპნელსა!..



იმ ტბისა პირზე ვიღაცა
კაცი გლახაკი ვიდოდა.
„თქვენ მაინც შემიბრალეთო!“
გულ-ამოსკვნილი ტიროდა.
ეწვდება ყვავილთ, სწადიან
ერთი შეიპყროს მათგანი,
მაგრამ მიურბის საცოდავს
ხელიდან ტრფობის საგანი.
მას თურმე გადაეძრახნენ
ყოილნი, მორთეს ტიტინი.
მართალთან სასაუბროდა
სულ-წასულნია ისინი!..
იმათი ტკბილი უბნობა,
იმათი ტკბილი ქართული,
აზრები საზენაონი,
სამადლო, გრძნობა-დართული,
გულს ღრმად ეჭდევა გლახასა,
ტირის, ჩამოსდის ცრემლები;
თვალნი ხომ ჰსვამენ ყვავილთა,
მათკე მიურბის ხელები,
ჰსურს ერთი მაინც მოწყვიტოს,
მით ისულდგმულოს ეგები.
მეტი სხვა ბედი არ უნდა,
არც კეთილ-ყოფნის სვეტები.
მაგრამ ვისა აქვს ის ნება,
მკვდართ სულთ უსინჯოს გვერდები?!
ერთია, მხოლოდ ერთია
თავისთვის ქვეყნის მვედრები,
იმისი გაჩენილია
ყოველთა არსთა დედები.
დასაღუპავად მის ძალა
არც არი გასამეტები!..
სრულს თვის ძალს არცვის დაგვითმობს,
მადლიც ვქმნათ მეტის-მეტები.
ვიღაცა თათრის დიაცი
კოკით მოვიდა წყალზედა,
მან სიტყვა უთხრა უცნობსა:
„თავს რად იწუხებ, რაზედა?
ბევრს უნდა ყვავილთ მოკრეფა,
გადაჭრილნია მაზედა,
მეფენიც ქვეყანისანი,
ვარსკვლავთ რომ ჰკრეფენ ცაზედა,
ისინიც ვერაფერს გახდენ,
შენ რას გაჰხდები, სიდანა?
ყვავილთ ხელშეუხებლობა
ნაბრძანებია ციდანა!“
უცნობმა ხმა როდი გასცა
დიაცს ავად, არც კარგადა,
მას ამ ყვავილთა მოკრეფა
გულში ჩასჭრია დარდადა.
აქ უნდა დარჩეს სამუდმოდ,
მას დღეს ისა აქვ აზრადა.
თუ ვერ შეიძლებს დაკრეფას,
უნდა ეუბნოს იმათა,
მასზე უკეთესს ადგილსა
სადღა აირჩევს ბინადა?..
დარდობს, ეს წმინდა ადგილი
რად არ იცოდა წინადა.
ქვეყნად იპოვნა სამოთხე –
ნავთსაყუდარი სულისა.
მას აღარც წყალი სწყურდება,
აღარც ნდომა აქვ პურისა.
დღე ხომ აქ არის, ღამესაც
ათევს იმ ტბისა პირასა,
არა კითხულობს ორშაბათს,
როდი დაეძებს კვირასა!..
ხან თუ იტირებს, ხან კიდევ
უნდება ლოცვა-წირვასა.
ის იმდღენდელი დიაცი
მუდამ დღე მოდის წყაროზე,
ურჩევს წავიდეს, არ ესმის,
ვით ჯამ-კოვზს ყოფნა თაროზე,
და გუთანს მადლის ჩადენა
საწყალის ობლის ალოზე.
სამს ღამეს, წინა-კვირაში,
საბრალომ ნახა სიზმარი,
ერთი და იგივ არსება,
მისი აქ ყოფნის მკიცხავი.
თვითაც გაიგო ზმანება –
მოვლინებული ცით არი.
სამს ღამეს ნახა კაცი რამ,
ხელთ ეპყრა მშვილდი, ისარი,
შავსა, მთასავით დიდრონსა,
პირიდან ცეცხლი სცვიოდა,
და როგორც რკინა წრთობის დროს
წყალში, იმ გვარად შხიოდა.
ცის ჭექასა ჰგავ მისი ხმა,
ჯოჯოხეთს – მისი შუღლია,
გარისხებულს ჰგავს ბუნებას,
მეხის სროლა-ღა უკლია.
ბრჭყვიალებს სინასავითა
მის გერგეტივით შუბლია,
წარბები სიგრძე-სიგანით,
როგორც დარბაზის ზღუბლია,
ვით ცას, საწვიმედ გამზადილს,
თვალ-წარბი დაუღრუბლია.
„წადი აქედან! – ის ეტყვის: –
ნუთუ აღარა გრცხვენია?
ამდენს ხანს ყვავილთ მიწუხებ,
ფიქრი რა არი შენია?!
გასწი აქედან, თუ არ გსურს
სამუდმოდ თავის დაღუპვა,
ვით სააქაოს, იქაცა
ბედის კარების დახურვა, –
თავის ბეჩავის სულისა
ტანჯვის ცრემლებად დაწურვა!“
ვინ იყო ან-კი შავ-ბნელი,
ღვთისგან წყეული ქმნილება,
რომ მის იქიდან დათხოვნა
შეუწყნარებლად ინება?!
ნუთუ ის წმინდა სულია,
კაცის სიწმინდის მფარველი?
თუ შური არი, სიხნეშე,
ყოვლის სიკეთის მპარვლი?
მაშ რად ჰშურს შაჩვენებულსა
მისთვის ღვთის ცნების გაგება?
ცაში და დედამიწაზე
თავისთვის ძეგლის აგება?
ბოროტ სულს ბოროტისათვის
პასუხს მოჰკითხავს განგება!
საბრალოს უნდა წავიდეს,
ცრემლს ისხამს პირზე მუჭითა,
რომ ის დიაციც მოვიდა
თათრისა, წყალზედ ჭურჭლითა
და როგორც წინად, ეხლაცა
იმას აქ ყოფნას უშლიდა.
უკვირდა დიაცს ძალიან
ამ უცხო კაცის შტერობა.
მივიდა მასთან პირდაპირ,
აღარ დაუწყო ფერობა:
– კაცო, ჰე კაცო, ვინა ხარ
მაგრე გიჟი და რეგვენი,
როდემდის უნდა აწამო,
სტანჯო თვალნი და ბაგენი?..
შენ გინდა მარტოკამ შასძლო
ქვეყნის უქნელნი საქმენი?
როდემდის უნდა ატარო
უქმად დღენი და ღამენი?
გინდა რომ დაისაკუთრო
ტბის ყოვლით ტურფა სახენი?
გირჩიე, არ დაიჯერე,
მე გეუბენი რამდენი;
აბა ნაყოფი სად არი,
შრომის შედეგი რა ჰქენი?! –
ზედ მიაშალა სახეში
უცნობს სიტყვანი მკვახენი.
– მაშ რა ვქნა, ჩემო დედილო,
ამათ დამიგეს მახენი!
ვეღარ ვშორდები ყოილებს,
რაკი ერთხელა ვნახეო,
აქედან წასვლა ეხლა-კი
მე თითონ განვიზრახეო,
რაკი ღვთისგან და კაცისგან
ყველასგან დავიძრახეო.

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

სადაური ხარ? რას დახვალ?
დედა-შვილობას, მითხარი.
ან სახე რად გაქვს მჭმუნვარე,
გულის წყლულთ გამომჩინარი?

ს ა ბ რ ა ლ ო

განა ჰკითხავენ ბეჩავსა,
სადაური და ვინ არი?
ან რისთვის დადის, რად ტირის,
გული რადა აქვ მტკივანი?
რად გინდა, ვინ ვარ, გაიგო,
არაფრად გამოგადგება.

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

რად მაგრე გაგკვირვებია,
აქ უცნაური რა ხდება?
ხომ წესი არის შაკითხვა,
უცხო რომ უცხოს შაჰხვდება!

ს ა ბ რ ა ლ ო

გეტყვი, დედილო, მაგრამ რო
თავში აღარ მაქვს გონია!
მე, საქართველოს ეტყვიან,
იცი კი, გაგიგონია?
იქიდანა ვარ სწორედა,
აქით ძალიან შორია;
აქამდე გადმოსავალი
მრავალი მთა და გორია.
დედაკაცს ალმა გადაჰკრა,
ეს რომ გაიგო, სახეზე,
და თხილის ტოლა ცრემლები
ჩამოუგორდა თვალებზე.

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

მერე ამ ურჯულეთშია
რამ ქარმა გადმოგიტანა?

ს ა ბ რ ა ლ ო

მეც მიკვირს, მაგრამ რა უყო
საქმე შამემთხვა მისთანა.
კაცის სვე-ბედის გაგება
ჩვენგანს ვისა აქვ ღვთისთანა?..

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

ვაჰმე, მეც იქაური ვარ,
შვილო, სად ვათენ-ვაღამებ?!
ორმოცი წელიწადია
გულ და გონებას ვაწამებ
ამ უცხოეთში… ვენაცვლე
ისევ სამშობლოს მხარესა,
ვეღარა ვნახავ, ეს მტანჯავს,
იქაურ ცას და მთვარესა,
იმათი ნახვა წყლულს გულსა
ძალიან გაახარებსა,
ღამდება ჩემი სიცოცხლე,
ფიქრს ვერ იშორებს მწარესა!
მისჯარდა, უახლოვდება
იმ ცივ სამარის კარებსა,
მიდის და თან მიიყოლებს
სინდისის ქენჯნის წამებსა,
ვინ იცის, საიქიოსაც
ცრემლით ამივსებს თვალებსა?!

ს ა ბ რ ა ლ ო

როგორ? რა გახდა მიზეზი,
რო გულს დაგაჩნდა დაღადა?

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

ტყვედა ვარ წამოყვანილი,
ვაი, რომ ვიყავ ბალღადა;
ასე ვერ ვამუშავებდი
მაშინ გონებას საღადა.
აი ამ ადგილს, სწორედა,
ძალად გამხადეს თათრადა
და ვინაც რჯულზე გამტკიცდა,
იმას მოეპყრნენ აფთრადა:
გაჟლიტეს, იმათი სისხლი
აქა დიოდა ღვარადა.
როცა მოვდივარ წყაროზე,
თვალებს წინ დამიბნელდება,
მუხლები ცახცახს დამიწყებს
და სულთქმაც გამიძნელდება.
უღმერთოდ დახოცილები
მაშინვე გამახსენდება.

ს ა ბ რ ა ლ ო

დიდად შეჰმცდარხარ, დედილო,
რო რჯული გადაგიგდია.
დღეს შენს სულს აქა ვნახავდი,
სისხლის ტბა რომ დგა დიდია,
და თავის ნეტარებასა
იქიდან დამითვლიდია.
ყოილად ამოხვიდოდი
ტურფა, ნაზი და მშვიდია.

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

ეგ არვინ იცის… თათრებს-კი,
და მეც, რაც უნდა გვეწადოს,
თუ არ მიპარვით, ქურდულად,
რაც უნდა ბევრი ვეცადოთ,
თუნდაც სანთლები დაუნთოთ,
ხვეწნა-მუდარით ვეძახოთ,
ყოილთ ჩვენ თვალით ვერ ვნახავთ:
მაშინვე დაინთქებიან
და, როგორც ცხვრები მგლისაგან,
ტბის ძირში გაიქცევიან.

ს ა ბ რ ა ლ ო

ალბათ აშინებთ საწყლებსა,
მაშ მაგრე რადა შვრებიან?
როცა ურწმუნოთ ჰნახავენ,
არ დაგვხოცონო, ჰკრთებიან!..
ქრისტე რომ უარგიყვია,
გიქმნია ფრიად ცუდადა!

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

საქვეყნოდ დიაღ, მაინც-კი
მასვე ვლოცულობ ჩუმადა
და დედა-ღვთისა ისევაც
ჩასახული მაქვს გულადა.
ხომ იცის დამბადებელმა,
მასვე ვეკუთვნი სრულადა.
მაგრამ საქვეყნოდ, სულელმა,
ვერ უარვყავი მეჩეთი
და მოლის ლოცვა-წირვასა
უნდა დაუკრა ბეჭედი.
ასე რად ვშვრები – ეს ფიქრი
გულს დამმჩნევია წყლულადა,
და რასაც ჩუმად ვლოცულობ,
რატომ არ ვამბობ ცხადადა?!
ურჯულოს სიტყვით არ ვამცნებ,
რაც მიმაჩნია ხატადა?!.

ს ა ბ რ ა ლ ო

დიაღაც საჭირო იყო
თავის რწმუნების დაჩენა:
ამისი მაგალითები
თვითონ უფალმა გვაჩვენა.

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

რაღა ვქნა? მეტი ვერ შევძელ,
როგორც დიაცმა, ვიხდალე,
ეგები ღმერთმაც შემინდოს,
მიტომ რომ ბევრი ვიწვალე.
ვიცი, სრულს ნეტარებასა
ვეღარ მივიღებ ღვთისგანა
იმ სოფლად, ეგებ სრულიად
არ გავიწირო მისგანა.
დღეს, რაკი ქართველი გნახე,
ვითომ სამშობლოს ვყოფილვარ,
გულს ისე გაჰხარებია,
თითქოს მეორედ ვშობილვარ.
როცა კი მომაგონდება
ჩემი სოფელი ერეთი,
ჩალა და ბუჩი მგონია
იმასთან მთელი ხმელეთი.
როს მოვიგონებ სამშობლოს,
გამინათლდება ბნელეთი,
კახეთი მომაგონდება,
იქ გვრიტთა, ტრედთა ღუღუნი,
ჩვენი ვენახი, ხეხილი,
იქვე ალაზნის დუდუნი,
ტაძარი ალავერდისა,
იქ მწირველ-მლოცველთ გუგუნი.
რად ვუღალატე, – ვიფიქრებ,
გულს გადამეკვრის უკუნი.
რას მიშველს ან-კი ტირილი,
განდგომილს ოხვრა-ბლუკუნი?!
მე ხომ იქ წამოსასვლელი
დაკეტილი მაქვს კარები!
ვეღარა ჰნახვენ სამშობლოს
ვერა დროს ჩემი თვალები.
აქით საწირავს გაგატან,
თუ იმდნად შეგებრალები.
მიმირთვი მამის სალოცავს,
და საცა ხატებს სანთლებსა
უნთებენ ქართვლის ქალები,
ჩემებიც ეგებ აენთოს
იმათვე გვერდით სანთლები.
მიმირთვი სვეტი-ცხოველსა,
ალავერდს, თეთრსა გიორგის
და შემავედრე, გეთაყვა,
უკან დაჰბრუნდე შენ როდის.
ეგები ცოდვილ სულისთვის
გზა-დაბნეულის ქალისა
გამომითხოვო ნუგეში,
მეშვლობა იმათ ძალისა…
ამაღამ ჩვენს მოისვენე,
იხილე ჩვენი სახლია,
მე და ჩემ შვილებისათვის,
იცოდე, დიდი მადლია.

ს ა ბ რ ა ლ ო

ეგ შაიძლება, მხოლოდა
საწირავების წაღება
როგორღაც საძნელოდ მაჩნავ,
კი რადმე მედიაღება.
რა ვიცით წერა-მწერლისა –
ხვალის დღისა და ყოფნისა,
ძალი არ მოგვცა უფალმა
თავის მომავლის ცოდნისა;
იქნება ხვალევა ვკვდები
სადმე ტყე-ღრეში ტიალად?!

უ ც ხ ო დ ე დ ა კ ა ც ი

ღმერთმა დაგიხსნას… თუ მოჰკვდი,
მეც არ მივიჩნევ ზიანად
საწირავს. იყოს ალალი
შენს შესანდობარ ფიალად.
წინ დედაბერი მიუძღვის,
უკან საბრალო მიჰყვება;
ვერ განუცხადა უარი,
რაკი სტუმრობა ინება
გურჯისა გურჯისვე ქალმა,
თათრების დამონებულმა,
მის ნაუბარით და ბედით
დამწვარმა, დაღონებულმა.



მზეც მიეფარა გორის ფხას,
თან გაიყოლა სხივები,
მინდვრად მდუმარებს ბალახი
და ყანა ანაღივები.
„ეს კაცი ვინ მოიყვანე?“ –
დედას ჰკითხავენ შვილები.
მის ვინაობა გაიგეს,
იამათ, სინჯვა დაუწყეს,
მხოლოდ მეზობლებს ქართვლისა
იქ ყოფნა როდი აუწყეს:
შიშობენ, ვინიცობაა,
იქნებ ურჯულო გაუწყრეს.
ფლავი და ხორცი სუფრაზე
სტუმარს გულუხვად დაუწყეს.
ბევრი რამ ჰკითხა დიაცმა,
ვით შვილსა დედა დაუხვდა;
რჯული, სამშობლო და ბედი
მათ სასაუბრო გაუხდა.
ერთის ხელისა საცმელი
საბრალოს მისცა ძალათი
და საწირავთან ერთადა
მისცა ამ აზრის ბარათი:
„ქრისტეს მსახურნო, მამანო,
მიწყალეთ, შემიბრალია:
რჯული შევცვალე, თათრებმა,
რა დამატანეს ძალია.
მაინც თავის რჯულს არ ვკარგავ,
გული ქრისტესთან არია;
ენა სხვას ამბობს, გული სხვას,
ყოფნა მაქვს გასამწარია,
გთხოვთ შემავედროთ მეუფეს
წყალ-დაუშრომელთ ქალია.
საწირავს საბრალოს ვატან,
ვსთხოვე და დავავალია,
ევედრეთ ჩემთვის უფალსა,
გთხოვთ ნათათრალი სალია“.
საბრალომ ტანისამოსზე
ძალიანა სთქვა უარი:
– გაგცარცოთ, რას ეგვანება,
ეგ რაღა ჩემი შნო არი?!
მაგრამ მასპინძლის შვილები
უფრო ატანენ ძალასა,
ამბობენ: „ჩვენი სისხლის კაცს
კიდევა ვნახავთ ხვალაცა!“
რომ ვერას გახდა უარით,
ადგა იმანაც, წაიღო
და გარდა საწირავისა
ყველა გლახებზე გაიღო.
თითონ-კი ისეთივ დადის,
როგორიც ვნახეთ გუშინა,
იმავე ფიქრზე დამდგარი,
რა ფიქრზეც იდგა უწინა.
საბრალოს გულის წადილმა
ზეცამდე როდი უწვდინა!

XI

ერთხელა გულ-ჯანღიანი
ზღვისა კიდეზე ვიდოდა.
ხმელეთს რომ მოჰრჩა, საბრალოს
ზღვის გაღმაც გასვლა უნდოდა,
მაგრამ უნავოდ, უგემოდ
ზღვას საით გაუვიდოდა?!
მისდევს ზღვის პირსა, ნატრულობს
გემი შაჰხვდეს ან ნავია,
ზღვას გასცდეს, იქაც დასცადოს
წუთისოფელი ავია.
ჩოჩქოლი რაღაც შაესმა,
ლანძღვის ხმა, თანაც ხვნეშისა;
ხედავს, რომ სამნი ერთს სცემენ
და, მომდურავი ბედისა,
მეოთხე იმათ კლანჭებში
თავსისხლიანი კვნესისა.
აღელვდა მეტად საბრალო
და მიაშურა იქითა,
დაჩაგრულისა საშველად
მტარვალთ მიუხდა მჯიღითა.
– რას შვრებით, უსამართლონო,
კაცს რისთვისა ჰკლავთ, რადაო?
წყეულიმც არი ღვთისაგან
სისხლის მთხეველი მადაო!
– ეს ვინ-ღა არი, თავხედი?! –
ერთად წარმოსთქვეს სამთაო,
არ შეჰრჩენ უკაცრავადა,
საომრად იყვნენ მზადაო.
ჯერ ხომ მიტორეს კარგადა
და მერე, როგორც ქადაო –
დაობებული და მძაღე,
გადაისროლეს ზღვადაო.
ზღვამაც მიიღო ნადავლი,
ვით საჩუქარი გლახამა,
და შთანთქა ბედის-მძებნელი
ზღვის უმადურმა ხახამა.
ბოლოს რამ თითქოს წერტილი,
შუა ზღვას დაჩნდა შავადა,
ათამაშებდენ ზვირთები,
ზედ დაჰმღეროდენ თავადა.
ან რა ენაღვლისთ იმისა,
თუ საბრალოა ავადა?
არ უმძიმთ საზიდავადა,
ვითა ქარიშხალს ბუმბული,
აგორდა ზვირთი დიდრონი,
როგორც ღრუბელი სულ-კრული.
თვით ზღვა ქცეულა ვეშაპად,
ზღვასვე მოარღვევს მკერდითა,
თან მოაქვს რაღაც სულდგმული
გაუტეხელის ქედითა.
კაცი გამოჰკრა მიწაზე
ღრიალით მეტის-მეტითა.
თითონ უკანვე გაბრუნდა
იმავ გალიპულს გზაზედა,
და დაისვენა ზღვამ ზღვაზე,
როგორც ნისლებმა მთაზედა.
საბრალო იყო, იცნობდით
პირი-სახეზე, ტანზედა,
ქუდიც არ მოჰშორებოდა,
ისევ ეხურა თავზედა;
გაბრუებული გორავდა,
ვერ მოსულიყო ჭკვაზედა.
ღამეა, ცაზე ვარსკვლავი
ერთიც არ ბჟუტავს ღივადა,
შავი ღრუბელი ჰბატონობს
ცა-დედამიწას ცივადა.
თრთიან ზღვის შემაცქირალნი
ზღვისა ლერწამნი მწკრივადა,
მხოლოდ ზღვის მკერდი ქცეულა
ერთ უზარმაზარ სხივადა.
ადგა საბრალო ფეხზედა,
ჭკვაზე მოვიდა თან-თანა,
მაგრამ სიცივით საწყალი
იდგა სამარის კართანა.
ნატრობს ცეცხლს, ნატრობს საფარსა.
ღვთისათვის შველის მთხოვნელი.
შორს ნახა – შუქი მოსჩანდა,
კაცთ ყოფნის გამომჩენელი.
იქით გასწია, ფიქრი აქვს
ადამიანის ნახვისა;
ცეცხლზე გაშრობა-გათბობის,
სადმე ყუდროზე დასმისა.
იმ დღენდელს უბედურებას
სისაწყლე იმის სახისა
გაეათკეცა, რა ეთქმის?
შაჩვეულია ვაებას.
მის გული მეტს ვეღარ იგრძნობს,
თუნდ ეკლით სადმე დაებას.
იარა ბევრი თუ ცოტა,
თან-თან რწმუნდება ფიქრითა,
რომ ცეცხლი ნახა ნამდვილად,
დის შეუმცდარის ბიჯითა.
მოვიდა კიდეც, შეჰხედა,
კლდეა საკმაოდ მაღალი,
ჩაკიბულია მღვიმეში,
ისეა დაბლით სავალი.
ბუტბუტი ესმის იქიდამ,
ხმა ადამიანთ ტომისა
ისეთი გამეხებული,
როგორც კიჟინა ომისა.
„ჰოი, უფალო, მიწყალე!“ –
ცხოვლად მოისმის ხვრელითა.
კაცია, უფალს ახსენებს
ლოცვა-ვედრებით ცხელითა.
საბრალო მიჰხვდა: მწირია,
ვინმე უდაბნოს მცხოვრები,
ესიამოვნა, რომ ჰპოვა
კაცობრიობის მცხოვნები.
აცოცდა მაღლა კიბეზე,
რა დრო აქვ დასაყოვნები?!
უცქერის შიგით, გამართლდა
მისი წინასწარ ნაგრძნობი:
მწირია, ლოცვანს კითხულობს,
წინ უდგა ჭრაქი მნათობი.
ცად ასწრაფულსა ფიქრითა
არა-რა ესმის ქვეყნისა,
არც ლხინი, ღელვა ვნებათა,
არც ადამიანთ წყენისა.
საბრალო შეკრთა ჯერ ხანად,
შეშლა არ უნდა ლოცვისა,
მაგრამ როდემდის? იტანჯვის,
თმენა არა აქვ მოცდისა.
– ჰოი, წმინდანო, ღვთის კაცო,
გთხოვ, მომიტევო შეცდომა,
ჩემის ცოდვილის ფეხითა
ამ შენს სენაკში შედგომა! –
ვგონებ, უძახა სამჯერა,
თან უნდა სახლში შეხტომა,
და როდის ვაი-ნაჩრობით
ხმა მიაწვდინა შემდგომა.
მწირმა შეჰხედა: ეზარა
იმისი სახე ტანჯული,
ლამი, წყალი და ზღვის ქაფი
სტუმრის თავ-პირზე დასხმული.
– მესტუმრე, ბილწო, არ იშლი,
არ მაცდი სული მოვიგო,
და ღვთის ძალის და ცნებისა
ცოტა მეც რამე გავიგო?!
ჰოი, წყეულო სატანავ,
გასწი, მომშორდი აქითა,
ვერ გიცნობ, რომ მეჩვენები
ათასნაირის სახითა?
გსურს, რომ შემიპყრო, ვით სხვანი
თავის გრძნეულის მახითა?! –
სთქვა მწირმა, ახლა საბრალოც
ეტყვის მთრთოლარის ბაგითა:
– წმინდანო, რისთვისა სწყრები,
ქრისტიანი ვარ, კაცია,
ღმერთმა დასწყევლოს ეშმაკი,
ეშმაკსამც გაუტაცია.
ერთი საწყალი კაცი ვარ,
ზღვაში ჩავვარდი, ვკვდებია,
მისტუმრო შენსა სენაკში,
მე იმას გევედრებია.
– გიცნობ, ღვთისაგან წყეულო,

მარტო არ შკმარობ მიწასა
და ზღვის ტალღებსაც აქოთებ,
სჩხრეკ იქ ლამს, იქვე ქვიშასა,
თვისი საკბილო რამ ჰპოვო,
მუდამა სცდილობ იმასა.
– სცდები, ღვთის კაცო, ძალიან,
ღმერთს ვფიცავ, არ ვარ ეშმაკი,
დაე, თუნდ ბელზეულიც ვარ,
გთხოვ, რომ მისტუმრო ეხლა-კი.
რა ეშმაკობის თავი მაქვს,
კარგად მიცქირე, კარგადა,
თუ მართლა წმინდა კაცი ხარ,
გთხოვ ამიკიდო ბარგადა,
თუნდ ჩემი გადაკიდება
კიდეც გადგექცეს შხამადა.
მინდა ცოტა რამ გასწავლო
მეც ღვთისა, იმის სჯულისა,
და გზა ხსნის ცოდვილთაგანა
დატყვევებულის სულისა.
– ჰყურობ შენ ამას, რა ხრიკებს,
რა ოსტატობას მიჰმართა?!
რა მარჯვედ ხელი შეახო
ჩემს გულში წმინდა-წმინდათა?!.
გიცნობ, წყეულო, ეგ ჩემთან
არ გამოდგება ხრიკადა.
გირჩევ, წახვიდე, თუ არ გსურს,
ცით მოვიწიო ძალები, –
ერთ წამს მიწა-მტვრად ვაქციო
შენი ლეში და ძვალები.
შეგმუსრო ქვეყნის პირიდან,
რომ არსად შენი ხსენება
არ იყოს, გაჰქრეს შენთვისა
დაღამება და თენება.
გთხოვ, ზეციერო მამაო,
რომ ეხლა შექნა შემწედა
და შენი მონა არ მისცე
ბოროტსა სულსა ესრედა! –
სთქვა ბერმა, თანაც აღიპყრო
საცემლად ჯოხი ურძნისა,
შემოუქნია საბრალოს,
ისიც სდგას, როდი უფრთხისა.
დაჰკრა და ჩამოაგორა
„ბოროტი სული“ კიბითა.
– ღვთის ძალა მუდამ შეგმუსრავთ,
ბოროტნო, რად არ იცითა,
და სიტყვა გამოჩენილი
სარწმუნოებით მტკიცითა?! –
მას ბერი გამწარებული
ჩამოსძახოდა მაღლითა.
რა უთხრას ტან-დაბეგვილმა
ბრუტ-დასეულის თავითა
საწყალმა ბედის მძებნელმა,
ან სად წავიდეს ღამითა?!
რა ქნას ბეჩავმა საბრალომ?
ჰხედავს, არა აქვს ნასიბი.
დაღოღავს, თივა იპოვა
იმავე მწირის ნათიბი,
დადგმული ზვინად, ახალი,
როგორც დედოფლის ქათიბი.
იქ გაიკეთა ლოგინი,
სახლი აიგო თივისა,
შიგ ჩაწვა გარინდებული,
არვის სწყევს, არას ჩივისა.
მწირი-კი სენაკის კარზე
ეშმაკსა სწყევდა, გრგვინავდა,
რომ სძლია, გაჰხარებოდა,
სულ მაღლა-მაღლა ფრინავდა.
საბრალო მოშორებითა
იქვე თივაში გმინავდა.
ამას ამბობდა მხოლოდა:
„ღმერთო, მიწყალე ცოდვილი
და მიიბარე სულიცა
ჩემი, ათასგან კოდვილი“.



მოსწყინდა ფრიად სიცოცხლე,
მოსწყინდა ყოფნა ქვეყნადა,
თუნდ იმას დაჰრჩეს საკუთრად
მთელი მსოფლიო ერთადა.
სიკვდილსა სიცოცხლედ ჰსახავს
და ზედ დასაყრდნობ კვერთხადა.
მოსძულდა თავისი ყოფნა,
თავისი თავი მეტადა.
ბნელოდა შავად, ნისლები
სწორედ ფისი და კუპრია,
ცა-ხმელთა შუა ბუდობენ,
როგორც მტრობა და შურია.
ზღვაც აღარ სჩანდა, ეძინა,
ნაბადი დაუხურია.
დაღლილ-დაქანცულს საბრალოს
თვალებზე მოსდის ლულია
და ჩაეძინა, ეზმანა
ავი სიზმრები, კრულია:
ვითომ დასეტყვილს ფეტვსა ჰმკის,
თავის მამულში ჰყუნთია,
შეჰხედა, სეტყვის მშობელი
ელიაც აქვე ჰყუდია.
კეტი აიღო საბრალომ,
იქნება ათი ფუთია,
და მოუჟეჟა იმითი
მხრების, წვივების კუნთია.
„რად მომიწამლე, – თან ეტყვის, –
სოფლად ცხოვრების წუთია,
რამდენის სხვისა ამაგი
გაჰრეგვნე, გააფუჭია;
ჩვენ რომ გვატირებ, შენ მაშინ
თვალები დაგიხუჭია!
განა შეგშვენის, რომ სეტყვით
ქვეყანა ააწუნტია?!“
გული იჯერა. ახლა სხვა
სურათი მოსდის თვალშია:
ვითომ თავის ცხვრის ფარითა
სადღაც ერთ ნაცნობ მთაშია,
ჩამოწვა შავი ღრუბელი,
ცხვარიც დაფარა, ისიცა;
ეძებს ცხვარს, ვეღარ პოულობს,
რა ემართება დღისითა?
ვეღარას ჰხედავს, თვალები
გადაჰლესია ფისითა.
განათდა, ცხვარი აღარ ჩანს,
მგელი მორბოდა ქშენითა;
თავ-ცხვირზე სისხლი აცხია,
მოდის ლაშების ღრენითა.
გამძღარა, როგორც ეტყობა,
იმის ცხვრის სისხლის დენითა.
აემღვრა სისხლი საბრალოს,
გულში აღეძრა მტერობა,
სწადიან მოანანიოს
ავს სულსა სისხლის მღვრელობა.
აღეძრა გულში უსამზღვრო
სისხლის ძიების ჟინია,
ჰკრა ჯოხი, იქვე მიწაზე
დაანთხევინა ტვინია.
ჯოხსა სცემს, მაინც არ იშლის,
უამის იმის წვალება;
მინამა სცემა, ვიდრემდე
სხვა არ ეჩვენა ზმანება:
ჰხედავს, რომ დაბლა, მინდორზე,
მზე მოდის, მოექანება.
მგელი დასტოვა იქ მკვდარი,
ახლა მზეს მიეტანება.
„შედეგ, მოიცა! – უძახის: –
ცოტა ხანს დამიცადია,
დანაბარები სიტყვა მაქვს,
გაუწყო იგი, მწადია“.
მზე მირბის, საბრალოც მისდევს
თან, შაუძლიან რაც-კია,
ჰა, მისწვდა, დაუახლოვდა,
ჰკრა ჯოხი, წამოაქცია.
სცემს, თანაც შედგა წიხლითა,
არ ჰზოგავს ხელებს, კბილებსა.
საცა კბილები არ ჰყოფნის,
მიიშველიებს ფრჩხილებსა.
„მე შენი მადლი შამირცხვა, –
ეტყვის, – წონება თავისა,
რა ვნახე შენგან ხეირი,
გარდა სიმწარის, ავისა?
რისთვის მიმუხთლე, წყეულო,
ერთი ძნა დამრჩა ობლადა?!
მოსწამლე ჩემი სიცოცხლე,
ყოფნა ამ წუთისოფლადა!
ვინ გინდა ადამიანმა
ქვეყნად კეთილის მშობლადა,
შენ ჩემო დამნელებელო,
წყეულიმცა ხარ ყოვლადა!“
შეზარეს ფრიად სიზმრებმა
სწყინდა ნახული ზმანება;
წამოდგა ლოგინიდანა,
თივის ზვინს თავი ანება.
და ღმერთს სთხოვს, სიზმრების მური
არ ჩაუთვალოს ცოდვადა.
ხელები აპყრობილი აქვს,
ისე დამდგარა ლოცვადა,
ღვთის სახეს ეძებს ჰაერში,
ელამუნება კოცნადა.
ჯერ ლოცვა არ დაესრულა
რომ ცაში ჭექა გაისმა,
როგორიც იცის ავდარში
თიბათვემა და მაისმა,
და როგორც შავი ნაბადი,
თავზე დაეცა ფრინველი.
შეძრწუნდებოდა ყველაცა
იმის ფრთა-კლანჭის მხილველი.
დასწვდა კლანჭებით საბრალოს,
შეათამაშა ცაშია,
დაინთქა თავის მსხვერპლითურთ
ღრუბელ-ნისლების ზღვაშია.
არ ვიცით, საით წაიღო,
როგორი ჰქონდათ მგზავრობა,
ან რა ფიქრი აქვს ფრინველსა,
მტრობა სწადის თუ წამლობა!

XII

ომარაანთა სოფელში
კიდევ ამბობენ მდიდრებსა
საბრალოს ძმებსა ორივეს,
ჭკვით და ოჯახით დიდებსა.
სჩანს არ მოუხდათ ცუდადა
მათ წინანდელი ხელობა:
თუ სხვას საწყევლად გაჰხდია,
იმათ ალაღებს მგელობა.
ზოგი თუ მოუპარიათ,
სხვა უშოვიათ ძალითა,
არ ინახვება მათ ყოფნა
კაცისგან ავის თვალითა.
არც მას დარდობენ, თუ სოფელს
ავსებენ ცოდვა-ბრალითა.
ცხვარიც ბევრი ჰყავთ, ძროხები
გაუდისთ ისევ ნახირად –
ერთს ალაგს არა თავსდება,
იმიტომ უდგათ სამ-პირად.
სახლებიც უკეთებიათ
მეფეთ სრაების სადარად.
შინ ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი
მონაზიდია ნადავლად.
არწივს საწყალი საბრალო
მოუტანია აქა რად?!
სახლისა გვერდში ჩრდილივით
იგი მოსჩანდა ბეჩავად;
კაცებიც ვინმე მოდიან
უცნობის გასაჩხრეკავად.
მშობელს ადგილებს თვალს ავლებს
საბრალო, ჩუმად ტიროდა,
აგონდებოდა სიყრმის დრო,
ჟამთა ცვალებას ჰკვირობდა,
გულში ჰხარშავდა ნაგრძნობსა,
საქვეყნოდ არას იტყოდა.
სიკვდილის ჟამიც თავს ადგა,
ეხოცებოდა თვალები,
ავადმყოფია, წაჰსვლია
მუხლში და მკლავში ძალები.
ბევრი გამოჩნდა, რომ იცნეს,
იმ სოფლად კაცი, ქალები.
საბას, ოთარსაც აუწყეს
საბრალოს მოსვლა სნეულად,
საწყლობა მისი ყველაფრით,
დაძაბუნება სხეულად.
ძმებმა ძმა, ამის გამგონეთ,
მოიხსენიეს წყეულად:
„სად ეგდო დღეს-აქამომდე,
რა მოიტანა, ეთრია;
და ახლა კარს მოგვეყუდა,
როს ღონე გამოელია?
მისთანა მუქთა-ხორები
ჩვენს ახლო-მახლოც ბევრია,
ახლა ჩვენც უნდა დაგვბეგროს,
როგორც სხვა დაუბეგრია?!“
მოვიდნენ თავ-მოწონებით,
თავზე წაადგნენ, დასცქირეს,
თავის უხამსის ქცევითა
მართალი ბევრი ატირეს.
მაინც იქ მყოფთა ყველათა
მათ ყოფა-ქცევა აკვირვებს.
თითონ საბრალოც ღონდება,
რიღაცის თქმასა აპირებს,
მაგრამ არ ძალუძს, აღარა:
ენა არ ემორჩილება,
ძმებისაკე სწვდის ხელებსა,
ბავშვივით ეპოტინება
თავის ძმებს, იმათგანაცა
ძმურს სალამს ელოდინება.
ან რა კაცია, ვისც წამი
მსგავსი არ ეცოდინება?!
ამაოდ, სულის ლევის დროს
ძმათ თვალებს ეკორტნინება.
აღარც იცოცხლა დიდხანსა,
მალედვე სული დალია.
რაც ფიქრი მისდევს ძმებზედა,
არ ჩანს იმისი კვალია.
არცა ვის პური მოსთხოვა,
არც ვის მოსთხოვა წყალია,
დაჩაგრულს სიმართლესა ჰგავ,
რა ფრიად შესაბრალია!
ან-კი რა? ყველას მიგველის
ღია სამარის კარია,
ოქროს კუბო და ფიჭვისა
მიწისთვის თანაბარია,
ან იქ ვიუბნოთ როგორა
აქედან დანაბარია?
ბევრი სჭირს კაცის გონებას
ამაოება მტკნარია!..
თუ რას მადლს იზამს ქვეყნადა,
მითი იცოცხლებს მკვდარია.
ძვირფასი მხოლოდ სული გვაქვს,
სხვა დანარჩენი – მჩვარია,
ან ცეცხლი დასწვავს… თავისად
მოიხმარს მიწა-მყარია.
სხვა ყველა ფეხთ ქვეშ ეგება
მიწის, ბუნების კანონსა;
სულს ვერ ერევა მის ძალი
და ვერც გაუთხრის ხაროსა;
ვერ მოჰკლავს, ვერ დააბერებს,
ტანს ვერ შეუცვლის საროსა.
მიწისას მიწა მიიღებს
ყველას, რაც მაზე ხარობსა.
მაინც ხომ სულის ბუნება
მონა როდია მიწისა:
თავისი სამფლობელო აქვს,
თავის გზა კარგად იცისა!..



ჰყურობთ, საბა და ოთარი
რაებს ამბობენ ძმაზედა:
„ცოცხალიც ჩვენს ჭირად იყო,
უნდა ვიხარჯნეთ მკვდარზედა“.
გაჭირდა ფასის გაღება
სამს ადლს ტილოში ძალზედა,
ხალხში ბევრს საბრალოს ნაცნობს
ცრემლები მოსდის თვალზედა.
მადლობას სწირვენ უფალსა,
სახე-მიპყრობით ცაზედა.
ძმები სჩხრეკავენ საბრალოს,
ჰსურთ რამ უპოვონ ჯიბეში
და, მართლაც, ნახეს ბარათი
საწირავითურ თიკვებში…
გადაიკითხეს ბარათი,
თან „ნათათრალი სალია“,
დაასკვნეს ერთად ეს აზრი:
საბრალოც მისი ცალია,
უთუოდ თვითაც გათათრდა,
რომ მისთვის დაუვალია
საწირავების მოტანა…
ამასაც შეუწყალია.
ჩვენ ქრისტიანთა გვერდითა
როგორ დავმარხოთ ცხედარი?
ჩვენი ძმაც გათათრებულა,
სიმართლე რომ ვსთქვათ, ეს არი.
გაათხრეინეს საფლავი
ერთს მწირს და ხრიოკს სერზედა,
მის ახლოს არსად ხე იდგა,
არსად წყალია გვერდზედა,
და იქ დამარხეს საბრალო,
შორს თავისიან მკვდრებზედა,
და, როგორც მკვდრისა წესია,
მიწა აყარეს მკერდზედა.

XIII

საკვირველს რასმე იტყვიან
ძველის ამბების მცოდნენი:
თურმე მის საფლავის თავით
ერთი წყაროა მომდენი,
და ხშირად საფლავის სტუმრად
ღამ-ღამ ცით მთვარის ოდენი
სხივი ჩამოდის და ადის,
ქვეყნად სინათლის მომფენი.
ვინაც-კი დაჰლევს იმ წყალსა,
რაც უნდა ჭირით პყრობილი
იყოს, მორჩება იმ წამსვე,
წყარო ისეა ცნობილი.
რასაც საბრალოს საფლავი
ჰხედავს მთებსა და ჭალებსა,
ყველგან რამ მადლი ტრიალებს,
მადლით ჰრწყავს არე-მარესა.
მწყემსმა თუნდ თავის სამწყემსო
მთელს წელს გაუშვას ოხრადა,
ვერაფერს ავნებს ნადირი
საქონელს ბეწვის ოდნადა.
ნეტარებს მხვნელი, მთესველი,
მიწის გულ-მკერდის მპობელი:
რასაც დასთესავს, თვით კვირობს,
ზღვა მოდის დაუშრობელი.
არც სეტყვა ავნებს, არც გვალვა
არც თაგვი, პურის მტერია,
საბრალოს სამარის მადლი
ცხოველ-მცენარეთ მცველია.
და საცა საბა, ოთარის
იყო საფლავი, სამარი,
იქ თურმე დღეს-აქამომდე
ჭაობი არის დამდგარი
უცხოვლო, წყალი იქიდან
ჯერ არც ვის დაულევია,
თითქოს შხამი და ნაღველი
შიგ ვისმე გაურევია.
ოთხფეხნიც შორით უფრთხიან,
იქ არ სხდებიან ფრინველნი.
ვით სიკვდილს ერიდებიან
ჭაობს იმისი მხილველნი.
ღამ-ღამ ჭაობით, იტყვიან,
ისმის ოხვრა და ტირილი,
ბოლოს, ტირილის სანელად,
ზედ გესლიანი სიცილი.
და დედა მუდამ შვილებსა
ასე არიგებს ჭკვიანად:
„ერიდეთ ჭაობს, თუ თავი
არ გინდათ დასაზიანად!“
მხოლოდ თან ატანს სანთლებსა
იმისა გასამზიანად,
სერზე რომ არი საფლავი
მარტოკა, ოხერ-ტიალად.
მოხუციც ყრმათა უამბობს
ამბავს მართალის კაცისას,
რომ ყველამ მისი სურათი
გულს ჩაისახოს, ჩაისვას,
და ტრფიალება კეთილის
თვალთა წამწამზე დაისვას,
თუ ჰსურთ, რომ მათი ხსენება
კიდით-კიდემდე გაისმას, –
კაცთა გამხმარმა ცხოვრებამ
ია და ვარდი დაისხას.

XIV

ფრინველი, ნეტავ, რა იქნა,
ბედის-მძებნელის მტვირთველი?
– ენახათ, თორემ ამბისა
არავინ ჩნდება მკითხველი…
უზარმაზარის მხრებითა
იგი მთებისკე წასულა,
სადაც თვის მსხვერპლი ეგულვის
იქ, იალბუზზე ასულა.
და ისევ ამირანისას
გულ-მკერდსა სწიწკნის შმაგადა.
ვერც ის გატეხა, არც თითონ
მოსწყინდა ქცევა ავადა.
ვერ გაუთავა გულ-ღვიძლი,
ვერც ხორცში სისხლი გაუშრო.
როდი მოსწყინდა მის ტანჯვა,
ერთხელ, ერთს ღამეს, გაუშო,
როცა საბრალო იტვირთა
და სამშობლოში დაუშო.
იმ დღიდან ამირანს დღემდე
მხოლოდ ეს თხოვნა უსმინა,
თორემ უმისოდ გმირისა
გულ-მკერდზედ არი მის ბინა.
რამდენიც სიშმაგე მოსდის
სისხლის სმის, ხორცის გლეჯისა,
იმდნად საბრაზოდ უხდება
სალი კლდე გმირის თმენისა.
ვერ გაუგია, საიდან
ნაჭამი ლეში ივსება,
ან სისხლი რისიღა უდგა,
მისგან რამდენი ისმება?
აი, იმ არწივს გმირისა
ხვეწნა-მუდარა ჰსმენია,
და ერთი მადლი მანაც ქმნა,
სისხლის სმაც დაუთმენია
ცოტა ხანს, არა სამუდმოდ, –
ღმერთს მისთვის გაუჩენია
და ამირანის გულზედა
მის კლანჭი დაუბჯენია.
კიდევ მადლობა უფალსა,
რომ ვერა ვხედავთ თვალითა
თვით ამირანის ტანჯვასა,
შავის ღრუბელის ძალითა,
ჩვენ და მის შორის რომ წვება,
როგორც ვეშაპი, დიადი.
მის ნახვის გვრჩება ფუჭადა
მეცადინობა ფრიადი,
და მხოლოდ გონების თვალით
უნდა განვსჭვრიტოთ წყვდიადი.

1902 წ.


http://tagiweb.com/uighblo-ighbliani/#.UbgL6ttiSfW

понедельник, 22 июня 2020 г.

ადამიანის დანიშნულება.

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)
ადამიანის დანიშნულება

ბევრნი იძლევიან კითხვას: რისთვის ცხოვრობს ადამიანი? ამ კითხვის ახსნისათვის შორს სიარული საჭირო არ არის. თუ გვინდა სისწორით განვსაზღვროთ მიზანი კაცის ცხოვრებისა, უნდა ჩავიხედოთ მის შინაგან სულიერ სამყაროში, მისი აზრების, სურვილების, გრძნობების სამყაროში; და თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით იმის სულის მოძრაობათა, დავინახავთ, რომ მიზანს მისი არსებობისას შეადგენს თვით ცხოვრება. ყველას სურს, იცხოვროს; ყველა ცდილობს. თავი დაიფაროს ყოველივე იმისგან, რაც მის ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებს და ელტვის მას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მის ცხოვრებას. უმაღლეს სულიერ ლტოლვილებათა ნამდვილ მიზანსაც სიცოცხლის დაცვა შეადგენს; ყველას უნდა, რომ ხედვიდეს ამ ქვეყნის სულიერ და ხორციელ სიამეთა, გრძნობდეს თვის მყოფობასა. მართალია, არიან ისეთი პირები, რომელთაც ეს სოფელი და აქაური ცხოვრება სძაგთ და მზად არიას, გულდაუწყვეტლად გამოესალმონ მას, მაგრამ ათეულთა, თუ გინდ, ასეულთა მაგალითი საზოგადო კანონს, საერთო მოვლენას ვერ შეცვლის. უდიდეს უმრავლესობას სწყურია სიცოცხლე. დიახ, მიზანი კაცის ცხოვრებისა მდგომარეობს თვით მის ცხოვრებაში. იგი ცხოვრობს მისთვის, რომ იცხოვროს. ხოლო რაში უნდა მდგომარეობდეს შინაარსი კაცის ცხოვრებისა, როგორ უნდა ცხოვრობდეს იგი, რა უნდა ქმნას მან? ცხოვრება არის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. სხეულს, როგორიც უნდა იყოს იგი, შეუძლია იცხოვროს მაშინ, თუ მისი მოთხოვნილებანი კმაყოფილდება. მცენარისათვის საჭიროა ნაყოფიერი ნიადაგი, სისოვლე, მზის სხივები და სხვა; თუ ის ყოველივე ამით გარემოცულია, მაშინ იგი ხარობს, იზრდება, ყვავის. პირუტყვი თხოულობს წყალს, სასმელს, სუფთა ჰაერს და სხვას; თუ ესენი მას აქვს, მაშინ იგი ცხოვრობს. ასევე ადამიანიც ცხოვრობს მაშინ, როცა იმის ბუნების მოთხოვნილებანი კმაყოფილდება. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ადამიანი ცხოვრობს მაშინ, როცა მისი მოთხოვნილებანი კმაყოფილდება, ამით ჯერ არ იჩვენება სისწორით, თუ როდის შეუძლია კაცს, იცხოვროს ნამდვილი ნორმალური ცხოვრებით. ადამიანში არის ბევრი ისეთი მოთხოვნილებანი, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, მიდრეკილებანი, რომელთაც მთელი კაცობრიობის ცნობიერება სამარცხვინოდ, დამღუპველად თვლის. ამის გამო სისწორით უნდა განისაზღვროს, თუ რომელი მოთხოვნილებათა, ანუ მიდრეკილებათა დაკმაყოფილებით იწარმოების, შესრულდების წესიერად ადამიანის ცხოვრება. ავიღოთ ჯერ ერთი მხარე ადამიანის ბუნებისა - ხორციელი. კაცისთვის საჭიროა საზრდო, სასმელი, სამოსელი, თავშესაფარი, დასვენება, ძილი და სხვა; თუ მისი ხორციელი მოთხოვნილებანი დაკმაყოფილებულია, მაშინ იგი საღად და მხნედაა, მაშინ იგი ცხოვრობს; და თუ არ არის, მაშინ იგი სუსტდება და ვერ ცხოვრობს. მაგრამ ადამიანის ხორციელ არსებაში იმ მოთხოვნილებებთან ერთად, რომელთა დაკმაყოფილება საჭიროა სიცოცხლის დაცვისათვის, არის კიდევ სხვა მოთხოვნილებანი: მას აქვს სურვილი ხშირად, მომეტებულად და ძლიერ ტკბილად ჭამოს და სვას. დიდხნობით მიეცეს ძილსა და მოსვენებას. ხშირად და უფრო საგრძნობელად დააკმაყოფილოს სხვადასხვა მოთხოვნილებანი სხეულისა. ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, როგორც ყოველდღიური დაკვირვება და გამოცდილება გვიმტკიცებს, სხეულის კეთილ მდგომარეობას ხელს არ უწყობს. არამედ, პირიქით, ავნებს მას; ხანგრძლივი შესვენება და ძილი კაცს ანებიერებს, უძლურყოფს მას შრომისათვის; სასმელისა და საჭმლის უზომოდ მიღება გამოიწვევს საჭმლის მოსანელებელი ორგანოების მოშლილობას; ავხორცობისაგან ნერვები სუსტდება და სხვა. ამნაირად, კაცი თავის ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში უნდა მისდევდეს შემდეგ კანონს: მან უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ ის მოთხოვნილებანი, რომელნიც სიცოცხლეს იცავენ, და დაჟინებით უარი უნდა უთხრას იმ მოთხოვნილებათ, რომელნიც ორგანიზმზე ცუდად მოქმედებენ, არღვევენ, რყვნიან მის ბუნებას. ახლა ავიღოთ მეორე მხარე ადამიანის ბუნებისა - სულიერი. კაცს აქვს სურვილი, დააკვირდეს და შენიშნოს საგნებისა და მოვლენათა თვისებები და მოქმედება, გაიგოს, რა არის და რა ხდება მიწაზე, მის სიღრმეში და მის მაღლა, მსოფლიოს სივრცეში, შეიტყოს, თუ რა იყო წარსულ დროებაში; მას სურს, შეეწეოდეს სხვებსა და აგრეთვე, რომ მასაც პასუხს აძლევდნენ სიყვარულითა და დახმარებით; მას უნდა, როგორც თვით იგი, ისე სხვებიც იყენვნ აღვსილნი სიხარულითა და რომ ეს სიხარული უცვლელი და სამუდამო იყოს; ის ისწრაფვის, შეუერთდეს უფალსა და სხვა. თუ ეს მოთხოვნილებანი დაკმაყოფილებულია, მაშინ ადამიანის სულის მოქმედება ჯეროვნად სრულდება და იგი ცხოვრობს. და თუ ისინი დაკმაყოფილებულნი არ არიან, მაშინ სულის მოქმედება კრთდება და მას ბოლო ეღება; მაგრამ ზემოხსენებულ მოთხოვნილებათა ანუ მიდრეკილებებთან ერთად ადამიანს აქვს კიდევ სხვა მიდრეკილებანი: ის ცდილობს, გამოვიდეს ღვთის მორჩილებიდან და სახელმძღვანელო დასაბამად თავისი ცხოვრებისა დადოს თავისი „მე“. თავისი აღვირწახსნილი ნება; ის ფიცხობს, შურით ივსება, სხვას აწუხებს, სხვის ბედნიერებას სპობს და სხვა; ამისთანა სურვილების აღსრულებას დიდი მავნებელი შედეგი მოსდევს ადამიანისათვის. იგი აღავსებს მის სულს სამწუხარო გრძნობებითა, ბადებს მასში შინაგან უთანხმოებას, არეულობას, უკმაყოფილკბას თავისი თავით და გარემომცველი წრით, ამხედრებს მის წინააღმდეგ მის გარშემო მყოფთ პირთა და აძლევს მათ მიზეზს, ავნონ მას, მოუწამლონ მას სიცოცხლე. აშორებს მის ყურადღებას და სულის ძალთა მისი პირდაპირის დანიშნულებისაგან, ხელს უშლის მის წესიერ მოქმედებას, განვითარებას, ქმნის ნერვების აშლილობას, რის გამო მისი სული უფრო სუსტდება. მაშასადამე იმ კითხვაშიც, თუ რომელნი სულიერნი მოთხოგნილებანი უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ცხოვრება სულისა წესიერად წარმოებდეს, კაცმა უნდა იხელმძღვანელოს იმავე კანონითა, რომელიც ნაჩვენებია ფიზიკურ მოთხოვნილებათათვის, სახელდობრ, იმით, რომ კაცმა უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ ის მოთხოვნილებანი, რომელთა დაკმაყოფილება სულისათვის სასიკეთოა, რომელიც მასში ჰარმონიას ამეფებს და სიცხოველით აღავსებს.

ამნაირად ზემონათქვამიდან ცხადად ჩანს, თუ როგორი კანონით უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი თავის ცხოვრებაში. მან უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ ის მოთხოვნილებანი, სულიერნი და ხორციელნი, რომელთა დაკმაყოფილება მის სულისა და ხორცის მდგომარეობაზე კეთილად მოქმედებს, და უარი უნდა უთხრას იმ მოთხოვნილებათა, რომელთა დაკმაყოფილება მისთვისაც და სხვებისთვისაც საზარალოა, ანუ სხვანაირად რომ ითქვას, მან დნდა ქმნას კეთილი და მოერიდოს ბოროტებას; კეთილად უნდა იწოდოს კაცისათვის სასიკეთო მოთხოვნილებანი, ხოლო ბოროტებად - დამღუპველი მოთხოვნილებანი. ეს კანონი შეადგენს დედააზრს სინიდისისას, და ამ კანონისავე გამომხატველნი, შემცველნი არიან იესო ქრისტეს მცნებანი, რომელნიც გვიბრძანებენ, კეთილი შევისისხლხორცოთ და ბოროტებას განვეშოროთ. თუ პირუთვნელად და გულდასმით დავუკვირდებით კაცის ცცხოვრების ცხადყოფათა, მოვალენათა, დავინახავთ, რომ რასაც სინიდისი და სახარება გვიკრძალავს, ის ადამიანისათვის დამღუპველია, ანუ ყოველ შემთხვევაში, იგი ხელს უშლის მისი ცხოვრების აყვაევბასა; ხოლო ის, რისიც ქმნას სინიდისი და სახარება გვირჩევს, სასარგებლოა, ავითარებს სულს. ამნაირად, ადამიანი ცხოვრობს მაშინ, როცა ის კეთილს იქმს, ე.ი. როცა ის აკმაყოფილებს თავის ბუნებისათვის სასიკეთო და სინიდისისა და სახარების მიერ ნებადართულ მოთხოვნილებათა, მისწრაფებათა და სურვილთა; და მისი ცხოვრება მით უფრო სრულია, რამდენადაც იგი უფრო ბევრ კანონიერ კეთილმოთხოვნილებათა აკმაყოფილებს. კეთილი იგივე ბედნიერებაა, ე.ი. კეთილმოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, არამც თუ მარტო იცავს ადამიანის ცხოვრებას, არამედ კიდევაც ანიჭებს მას ბედნიერებას, წარმოშობს მასში ტკბილ და სასიხარულო სულიერ განწყობილებათა, გრძნობათა; ამიტომ ლექსი: კაცმა უნდა დააკმაყოფილოს თავისი საუკეთესო და ზნეობრივ კანონთან შეთანხმებული მოთხოვნილებანი, რათა იცხოვროს, ერთმნიშვნელოვანია ამ ლექსთან: ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს თავის კეთილ მოთხოვნილებათა, რათა იგი ბედნიერი იყოს; აქედან ერთი და იგივეა, როცა ვამბობთ, რომ ადამიანი ცხოვრობს, რათა იცხოვროს, ე.ი. თავისი კანონიერი მოთხოვნილებანი დააკმაყოფილოს, და ან, როცა ვიტყვით, რომ კაცი ბედნიერებისათვის ცხოვრობს.

რომ კაცმა თავისი ცხოვრება უფრო სრულად ცხადყოს და ბედნიერება უფრო სავსებით იგემოს, ამისათვის საჭიროა, რომ მას ხელის შემწყობი პირობები გარემოიცავდეს. მძიმე გარეგანი პირობები სულს ავიწროებს, ხშავს და მას განვითარების ნებას არ აძლევს და აიძულებს მას ბოროტებისაკენ; ამის გამო ნამდვილი სრული ცხოვრება და ბედნიერება შესაძლებელია მხოლოდ ხელისშემწყობ ზეგავლენათა და გარეგან პირობებში; ამისთანა პირობები არიან: სარწმუნოებრივი და ზნეობითი აღზრდა, გონებრივი განათლება, ფიზიკური განვითარება, ეკონომიური და სოციალური წეს-წყობილება და საერთაშორისო დამოკიდებულება.




четверг, 11 июня 2020 г.

ნახევარ-წიწილა.ვაჟა-ფშაველა.


ვაჟა-ფშაველა.

ნახევარ-წიწილა. 

(ხალხური  ზღაპარი)







1.
დიდი ოჯახი მამლისა 
გაატიალეს ქორებმა, 
ძვლები ძაღლებმა კვნიტეს,
ბუმბული წეწეს ღორებმა.
მამა-პაპათა კერაზე 
დარჩა ნახევარ-წიწილა;
მის სამემკვიდრო რაც იყო, 
ქვეყანამ გაიწინწილა.
აღარსად პური გოდორში,
აღარც ჩანახში ლობიო,
აღარსად ადამიანი
წიწილის ყოფნის მცნობიო,
ვინ ეტყვის ობოლ-ოხერსა:
ჩემთან სადილად მოდიო!...
მაინც წიწილა არ ჰკრთება,
შავ ბედს უტყდება როდიო!

დრონი წავლენ და წამოვლენ.
ფერს იცვლის ყველაფერია,
საწყალს აკმავებს უფალი, 
ტანჯვა მდიდრების ჯერია.
ძველების კარაბადინში
სწორედ ეს ასე წერია:
მტრობისა ნაყოფს ის გემობს,
ვინაც სიმართლის მტერია,
თუ არა უფლის წყალობით_
არ ცხვება ობლის კვერია...
დაობლებულსა წიწილას 
ემტერებოდა ძერია.
ამაოდ. ჩვენმა წიწილამ
მტერი, მოკეთე გაიგო,
საცა ტყეა და შამბია-
ყველგან სახ-კარი აიგო.
ქექვა ისწავლა მიწისა, 
ჭია-ღუებსა შოვობდა,
აღარ აწუხებს სიმშილი, 
საკმაოდ საზრდოს პოვობდა.
ობლობამ ცოტა დაჩაგრა,
დაუცოტავა ტანია,
(ობლობას , ბეჩაობასა
მუდამ მჭლეობა სტანია).
კისერი ჰქონდა ტიტველი,
ბეწვი არ ეკრა ფაშვზედა,
ორი თუ სამი ბუსუსი
ამოსჩენია თავზედა.
თვალს ავლებს აქეთ-იქითა,
როცა გამოვა კარზედა.
მხრებზედა თხელი ბუმბული,
ბოლოდ კი - ერთი ღერია.
პაიჭიანი ფეხები
მის შესაფერად მჭრელია.
დიდს აურ-ზაურს ასტეხავს,
თუ ვინმემ ახლო ხელია.
არა კადრულობს ბრიყვს ქცევას
ჭია-ღუების მტერია.
ნისკარტი კოდალას უგავ,
მოშავფრო, გიშრის ფერია.
ქვასაც კი ჩაჰკრავს ზოგჯერა,
სცდის, იქნებ გემრიელია.
კუჭი, წინ გადმოგდებული.
დარბაისელის შნოს სდებდა
და მუდამ იმას ფიქრობდა, 
რითაც თავს პატივსა სცემდა.
თავი აქვს კარგა მოზრდილი, 
არც მაგრე ცარიელია.
მომავალზედაც ფიქრობდა
ეს ჩვენი ტარიელია.
უადვილებდა ცხოვრებას
ზაფხულის სითბო, ქველობა,
არ რჩება უნაყოფოდა,
ობლის წიწლის ხელობა,
თვალი ყოველ მხრივ ეჭირა
საზრდოს მძებნელი  ფხიზლადა,
ცისკენაც იცქირებოდა,
იყო მუდამ ჟამს ფრთხილადა.
შიშობდა არ გამხდარიყო
ქორის ან ორბის წილადა:
რა შენიშნავდა თავის მტერს
დაბლა ან მაღლა ცაშია.
წიწილა დაუყოვნებლივ 
შეიჭრებოდა შამბშია.
სიცოცხლე ძალიან უყვარს,
მუდამ მისი აქვს შიშია:
არ გაწყდეს , არ დაილიოს
ქვეყნად ქათმების ჯიშია.
გადივლის ავი ღრუბელი,-
გამოდის, შრომას დაიწყებს:
რაც შიშით ლეში მოადნა,
ლაღის ცხოვრებით შაივსებს.
ჩხიკვი სტანჯავდა ძალიან-
ეზოში შემოჩვეული,
ხან ქორად მოეჩვენება, 
ხან შევარდენად წყეული.
მუდამ დღე ხიფათს უგდებდა,
იმისთვის გამოსეული.
უთვალთვალებდა წიწილას
ბუჩქნარიანის ტყიდანა, 
როცა ნახავდა, რომ იმას
ჭია მიჰქონდა პირთანა, 
ჩამოუტევდა ქორივით...
წიწილა შამბში ძვრებოდა, 
ჩხიკვი კი იმის სუფრაზე 
არხეინადა ძღებოდა.

2

ერთხელ ნაგავსა ჰქექავდა
ჩვეულებრივად წიწილა,
იპოვნა ფეტვის მარცვალი,
უბრჭყვიალებდა ცხვირ-წინა.
იამა ფრიად წიწილას,
ცას დაეწია ლხენითა,
აგორებს, აკოტრიალებს,
მარცვალს ნისკარტით, ფეხითა.
საჭმელად ვერ გაიმეტა,
სთქვა: ,,ეს , იქნება, ბედია,
რა გამიხდება შევჭამო,
მოდი, დავთესო ერთია!''
თაგვებს შეაბამს გუთანში,
გადაშავა ველები;
ხნულისა მოსავალისა 
თაგვებივეა მცველები.
უხარის: ფეტვი მოვიდა
ლამაზი მეტის-მეტია,
მნახველს წიწილის ფეტვისას 
ესხმის თავ-ბრუ და რეტია,
,,ჩაიქცა ეგ ოჯახ-ქორი!''
მნახველნი ამას ამბობენ;
ნაღალურს ერთის მარცვლისას
ას კოდზე მეტსა საზრობენ.
გახარებული წიწილა
იჭიმებოდა წელშია.
აღარ კადრულობს წივწივსა,
ბოხვად ყიჭყიჭებს ყელშია,
დღეს სხვაზე მეტობას ჩემობს,
გუშინ სათვლელი მკვდრებშია,
მედიდურობდა დაეტყო
სწორედ მეფური ფეხშია.
მაგრამა ბედი მუხთალი
მას დიდხანს როდი სწყალობდა, 
ისევ ტანჯვაში ჩავარდა,
როგორც აქამდე წვალობდა.
ბედი ერთბაშად ნაპოვნი, 
გაქრა როგორაც ეწვია,
ქურდულად ხელით გაუსხლტა
და რაც კი შაიხვეწია:
ერთს დღესა ბატონის ჯოგმა
გაუტიალა ფეტვია.
დალი, კალოდ გაიღო,
აღარ დატოვა ბეწვია.
ტირის ნახევარ-წიწილა
ცრემლი ჩამოსდის ღვარადა,
ჰფიქრობს, წავიდეს , შასჩივლოს, 
ბატონს მიუხდეს კარადა.
დამფასებელი წაასხა,
შაადგენინა ოქმია,
უნდა ედაოს ბატონსა ,
გამოუცხადოს ომია.
ყველას შასჩივის თავის დარდს,
ვისაც კი გზაში შახვდება,
თან დაუმატებს:,,წიწილა,
ჰნახავთ, მტერს როგორ დაჰხვდება!''
ის როდი იცის წიწილამ, 
ნანატრი როგორ ახდება,
ამბობს: ,,მაშ მოკვდეს წიწილა,
ცოცხალი ნუღარ იაროს, 
თუ ზარალისთვის ბატონი
მანაც არ დააზანოს.
არცა ჰსურს , შურის-ძიება
რომ დიდხანს დააგვიანოს...

3

ჯავრისა ამოსაყრელად 
ათას ღონესა ღონობდა,
რით დაეღონა ბატონი, 
დღე-მუდამ იმას გონობდა.
ერთხელ იფიქრა წიწილამ-
დაეწვა ავი ბატონი, 
საწყალმა ამის გულისთვის
შრომა გასწია რამტონი!
ნაღვერდლებს ჰზიდავს ნისკარტით
ბატონის დასაწველადა,
მოასწრობს წვიმა გზაშია
და ცეცხლს ჩაუქრობს ხელადა,
მტერს ვერაფერს ჰვნებს , თავის თავს 
იგი უხდება მტერადა.
ტყუილად იწვავს ნისკარტსა,
საქმე მიუდის ცერადა,
ბოლოს ხვეწნაზე დამყარდა,
ბატონთან მიდის არზითა
თუ სრულად არა, ცოტას ხომ 
მიიღებს თავის აზრითა.
მივიდა, დადგა ეზოში, 
დაყრდნობილია ჯოხზედა,
უცდის ბატონის გამოსვლას_
სამართალს თავის დროზედა.
მოდის როდისა ბატონიც,
გამოჩნდა თვალთა ბრიალით:
,,რას დაწანწალებ, წიწილავ,
რისთვის მაწუხებ ღრიალით?''
--რისთვის? რად გიკვირს, ბატონო,
ამ წუთისოფლის წესია:
ყველა თხოულობს იმასა,
საცა რამ დაუთესია.
მე დღეს რად უნდა ვიტანჯო,
თქვენ გამო რისთვის ვკვნესია?!
დამღუპე, ათის წლის საზრდო 
წამიხდენინე ჯორებსა,
დღეს ჩემს საჩივარს უწოდებ,
სიცრუეს, მონაჭორებსა?
ულუკმა-პუროდ გამიშვი, 
უნდა ვიარო საწყლადა.
რომ დანალევი მოგთხოვე ,
მიტომ მცნობ დასაძრახდა?
შეჰხედე ღმერთსა, ნუ მტანჯავ
ტანჯულს, ობლობით გვემულსა,
სრულად არა გთხოვ, ვჯერივარ,
ცოტას თქვენს გამოცემულსა.
ნუთუ ღმერთს არ აწყენინებ!--
ჰყურობ ჩემს საწყალ სხეულსა?
ვინ სტანჯავს პირჯვრის მწერელი
დატანჯულსა და სნეულსა?--
ძალიან გაწყრა ბატონი,
პირიდანა ჰყრის ცეცხლსაო, 
იმის ბრძანებას ელიან,
ბიჭები უდგა გვერდსაო.
უბრძანა კიდეც ბატონმა,
გამოპანღურეს წიწილა,
ძვირად დაუჯდა ძალიან, 
რაც მან ბატონთან იჩივლა.
არავინ არ შეიბრალა,
თუმც ბევრი იტირ-იკივლა.
მოდის მტირალი წიწილა...
უცქირეთ ერთი ბეწოსა!
მოდის, მოკოჭლობს საწყალი,
მოიქნევს მტკივან თეძოსა.

4.

მიდის წიწილა თავისთვის,
ნაღვლობს, გულ-დაკოდილია:
,,ვისთვისღა უნდა ვიჩივლო,
,,დღე გამიმწარდა ტკბილია,
,,მე ვინ რა სამართალს მომცემს,
,, ყველა მის წუღის ძირია,
,,ღმერთმა დამბადა საწყლადა
,, და მეც საწყლადა ვივლია''.
ერთგან დიდ ტყეში შევიდა,
ხეობა ნახა დიდია.
მზე ჩაესვენა გორს იქით, 
საღამო დგება, ბინდია.
ჰხედავს, რომ ხევში დევები
დაჯარებულან ცეცხლთანა,
ირმის თავები აწყვია,
ლეში და ტყავი ერთგანა.
დიდი ჭანდრები უნთია
გაჩაღებულს ცეცხლს შეშადა,
დიდრონს ხეებზე მწვადები --
დევების გასალეშადა --
იწვის, თან სჭამენ დევები,
გარდაქმნილები ხვნეშადა.
მიუახლოვდა, არ შეკრთა,
არ შეუშინდა გმირებსა
და შეუძახა: ,,ჩემსკენაც 
რატომ არ იზამთ პირებსა?!''
დევთ განცვიფრებით შეჰხედეს
მათ სტუმარს გასაკვირვებსა.
ეტყვის: ,,დევებო, დევებო,
ძალა და ღონე თქვენშია,
რაც გინდათ იზამთ იმასა,
ქვეყანა გიპყრავთ ხელშია!
მიშველეთ, ჯავრისაგანა
სისხლი ამომდის ყელშია!''
- რა დაგემართა ისეთი,
რომ მაგრე გული დაგჭრია?
გიშველით, ნუ გეწუხება ,
ჩვენი მახვილი ბასრია.
- გვითხარი,- ჰკითხეს დევებმა,-
რა აგეკიდა ნავსია?
,, ჩემის ცრემლითა, გმირებო,
მთელი ქვეყანა სავსეა!''-
უამბო ფეტვის ამბავი, 
იმავ თავიდან დაიწყო
და ისიც უთხრა, მის ფეტვსა
ბატონის ჯოგმა რაც უყო;
დევთა, ტკბილ-საუბარითა,
თავი ფიქრებში ჩაუყო.
სთქვა: ,,ბატონს სარჩო ბევრი აქვს,
მეომრები ჰყავს ცოტანი,
მინდა დაჰლაშქროთ,აიკლოთ
მისი სრა, მისი ბოსტანი.
მე რო მასხარად ამიგდო, 
არ მიზღო დანალევია,
იწვნისო , გემო ტანჯვისა
როგორი მისაჩნევია?!''
ცრემლი წიწილას მათ წინა
მრავალი დაუფრქვევია.

5.

დევებმა შველა აღუთქვეს,
აბჯარ-აბგარში სხდებიან,
წიწილის დამღონებელსა
დატანჯვას ექადნებიან.
ლახტები ხელში უპყრიათ, 
ვით მთა-გორები დგებიან,
წინ გამოუძღვათ წიწილა, 
უკან თითონა ჰყვებიან.
,,უნდა წიწილას ვუშველოთ,-
დევები ამას მღეროდენ,-
,,მის მტერი დავანიავოთ,
,,ლეშით ფრინველნი ძღებოდნენ''.
გზაზე ჭაობი დაუხვდათ,
ბაყაყთა საბუდარია.
მოსხდენ ბაყაყნი , წიწილას
გაუბეს საუბარია,
უფროსი ბაყაყი ეტყვის,
გულს გრძნობდა ნაგუბარია:
,,გამარჯვებულიც მენახო ,
ბატონთან ნაჩხუბარია,
,,ყოჩაღ, რომ სცდილობ თავის მტერს
,,არ შეარჩინო ვალია!
,,ვისც შენთვის კარგი არ უნდა,
,,გამოეთხაროს თვალია!''
,,ამინო!''-უფროსის სიტყვა
სხვებმაც შემოწმეს ყიყინით,
მოდგნენ უფროსის გვერდზედა
ასი-ათასი ბიბინით.
,,ვურჩევ  ამ ბრიყვებს- განაგრძო,-
,,თავი მეტკინა ჩიჩნით,
,,რომ თავის მტერსა ეურჩნენ,
,,კბილით, ბჟღალით ან ღიტინით.
,,ვერ შევასმინე ვერა-რა,
,,მაინც ჰმონებენ წეროსა,
,,არ იქნა , ერთმა მათგანმა
,,პირჯვარი დაიწეროსა.
,,მიტომ მიყვარხარ, არ სდრკები,
,,მხნედ ებრძვი თავის ლელოსა.
,,ღმერთსა ვთხოვ ცოდვილის პირით,
,,ყველა საქმეში გშველოსა!
,,მაგ შენს მეშვლებსაც უშველოს,
,,მაგათ ხმლებსა და ფარებსა,
,,თუ  მართლა გექმნენ მეშველად
,,და მტრისგან დაგიფარესა''.
მადლობა გადაუხადა 
დიდი წიწილამ ბაყაყსა,
დევებს პირს მოსდით ღიმილი,
სურათს რა ჰხედვენ ამასა,
მაგრამ ზრდილობის გულისთვის 
ბაყაყთ აძლევენ სალამსა.
გზაზე რაც ცხოველი შეხვდათ,
წიწილის ლაშქარს ჰლოცავდა,
ეგებებოდნენ ჭინჭველნი,
მათ წინ იწყებდნენ ცოცვასა,
ბუზურეები ბზუოდნენ
მრავალსა,განა ცოტასა.
ჭივჭავის გუნდი მოფრინდა,
დევთ შეასხამდენ ხოტბასა.
მოფრინდნენ გვრიტნი, ტრედები
თავს დაბრუნავდნენ ფრინვითა,
მიაბოტებენ დევები
საომრად ხვნეშა-გრგვინვითა.
ფერდობზე კაკაბი შეხვდა, 
კაკანებს ფლატის ძირშია, 
რა დაინახა წიწილა,
გვერდზე გაიხმო იგია:
-რას დასდევ დევებს, საწყალო,
არ იცი მაგათ ჯიშია?
ეგენი სისმოვნებას 
შენსა ცდილობენ პირშია.
წადილი საკუთარი აქვთ,
გიღალატებენ დაია.
გახსოვდეს ჩემი ნათქვამი,
იქნებ გაძახონ ვაია.

6.

ბატონის სახლიც გამოჩნდა, 
ვარსკვლავივითა ბრჭყვინავდა, 
რა ნახა დევის ლაშქარი,
შიშით და ძრწოლით ჰყინავდა.
ხერხს-ღა მიჰმართა, რა იგრძნო
ძალით რო ვერას იზამდა:
წინ მიაგება მსახურნი
დამორჩილების ნიშნადა, 
მემუსიკენი საყვირებს,
დალაბანდს უკვრენ ტკბილადა.
ზოგებს უბრძანა:,, დაჰხოცეთ
,,ცხრა ხარი, ასი ცხვარია,
,,ღვინო მოუგდეთ მილითა,
,,მოსჩქეფდეს როგორც მტკვარია,
,,გაუმასპინძლდეთ დევებსა,
,,სიტყვები უთხრათ მტკბარია,
,,გავგზავნოთ წელ-მოწყვეტილი
,,რაღაც წიწილა არია''.
მიიპატიჟა დევები,
ეზოში დასხა ჯარია,
,,რასაც მთხოვთ, ყველა იქნება!''-
ამისი მოუბარია.
-მე ჩემს ფეტვსა გთხოვ, სხვას არას,
მე ამის პასუხს ველია.
რამდენი დამწვი, დამდაგე,
ხმელეთი შავძარ მთელია,
თუ არა, შენს ქონებაზე
უნდა აიღო ხელია...-
ამას იძახის წიწილა, 
ბრუნავდა როგორც მგელია.
- მოგართმევ, რა გეჩქარება,
ჯერ პური ვჭამოთ ხმელია.-
წიწილის დასათირებლად
ბატონიც ამის მთქმელია..
თან თვალით დევებს ანიშნა:
,,თქვენს შემწეობას ველია''.
-მე პურის ჭამა არ მინდა,
ისეც ჭირით ვარ მაძღარი,
გთხოვ ჩამაბარო ამ თავით,
ჩემი საკუთნო რაც არი.
- კარგი, შენც ნუ გაინიჟებ,
ცუდს არას ამბობს ბატონი,
ვითომ ურჯულო არა ხარ.
ქათმის ძუძუ გაქვს ნაწოვნი.-
ეტყოდნენ დევნი წიწილას, 
საჭმელ-სასმლისა მყნოსველნი.
არ ეჭაშნიკა დევები
ამ დარიგების მთხრობელნი
წიწილას , მაგრამ რას იზამს?
ჰგრძნობს, საქმის ბოლო ცუდია,
და საცოდავად ისიცა
სუფრის ბოლოში ჰყუნტია,
ფიქრობს, რომ ღალატი მოხდეს,
რით გაასწოროს მრუდია?
ღვინოსა ჰსვამენ დევები,
თან ლეშსა სჭამენ ფუთობით.
რომ შეზარხოშდნენ კარგადა,
სიტყვებს ხარჯავდენ მრუდობით
და ნახევარი-წიწილა
მოიხსენიეს ცუდობით:
,,რად გინდა ფეტვი, საწყალო,
,,ერთი კაცი ხარ ,ლიტონი,
,,თავისი სული დაიცვა
,,არ შაგიძლიან იმტონი?
,,ბატონს კი ბევრი ხარჯი აქვს,
,,დიდი აღება-დაღება,
,,რო მოგცეს, რასაც თხოულობ,
,,არ შაგიძლიან წაღება.
,,იყავი თავის ქერქშია,
,,ეს არის ჩვენი ბრაძანება!''
ბატონმაც მოიწადინა, 
ამ დროს ხახისა გაღება:
,,ღვინო მიირთვით, სტუმრებო,
,,დრო გაატარეთ კარგია,
,,მაგრამ უმღერლად სმა-ჭამა
,,როგორღაც არა ვარგია''.
მოატანინა ჯიხვები,
თითო ვირისა ბარგია-
(ჯიხვი ძველთაგან, ხომ იცით,
ქეიფის ერთი დარგია.)
დალიეს ჯიხვით დევებმა,
დახდნენ როგორაც რუმბები,
და ამოუშვეს დევური
გულს გრძნობა დანაგუბები.
დაიწყეს მღერა დიდი ხმით,
დიდი დააღეს ლაშები;
ხან მჭლდება, ხანა სივდება 
მათი დიდრონი ფაშვები.
იძვრის სრა-სახლი ეზოთურთ,
იძვრიან, ჰკრთიან ხეები.
ძაან ქეიფში არიან
ცხრა-თავიანის ძეები.
ხმა აიმაღლეს თანდათან
ჭექა-ქუხილის მსგავსია,
შიშისგან შეჰკრთა მთა-ბარი,
ცხოველ-ფრინველით სავსეა,
ქარი ამოდგა ისეთი,
ხეებსა სცვივა ხავსია.
კლდეთ აეხეცათ სიპები,
დაბლა მოგორვენ ჩხრიალით,
მთამ აიხვია თვალები, 
შაშინებულმა დგრიალით.
ცეცხლი მოედვა სამყაროს
იმათ თვალების ბრიალით
და მიანარცხეს მთას ბარი
ჭექა-გრგვინვით და ზრიალით.
საწყალს ნახევარ-წიწილას
ცრემლი ჩამოსდის ჩქრიალით.

7

დევთაგან ნაღალატევი 
წიწილა დადის მტირალი,
ყველას შასჩივის თავის დარდს,
საწყლურად გამომზირალი.
მოკვდეს ან ფიქრი ასრულოს, 
მისი წადილი ის არი.
ქვეყანას თავის მტრად ჰსახავს,
ერთი კაციგან ვნებული.
მას ოდენ შიში არა აქვს,
ვინც უნდა შეხვდეს ქებული,
წარბსა ვერ შეახრეინებს
კაცობრიობის კრებული,
ისეა გაჯავრებული.
,,ღმერთი რად არ მშველს მართალსა?''
ამას ამბობდა იგია:
,,ვნება მიმიცავ არვისთვის,
,,თუ არავისთვის მირგია''.
წყლულის წამლისა მძებნელი
წყალს ჩაჰსდევს ჩამდინარესა,
ქარსაც კი შველას ენუკვის,
თვალებს აწყალებს მთვარესა,
ზე-ქვათაც ამასვე შესთხოვს,-
ტყით მოსულს არე-მარესა.
როდი ასვენებს წიწილას
გულზედა წყლულის ტკივილი.
დადის და წოწიალის დროს
შაესმა მღერა-ყვირილი.
ხმაურობაზე წავიდა,
ნახა შემდეგი ტყეშია:
დათვსა , მგელსა და მელიას
ყანწები ეპყრათ ხელშია,
წინ სუფრა აყვავებული
და ზედ მრავალი ლეშია.
ერთ ყუნჭზე დაჯდა და მორთო
მან გასაგონად ტირილი,
ყველაზე ადრე გაიგო
მელამ მის მოთქმა-ჩივილი,
გაიქცა წიწლასაკენ,
არ ეზარება სირბილი.
,,აქ რას უზიხარ?რას მოსთქვამ?
რატომ არ მოხვალ ჩვენთანა?
როგორ არ იცი, საწყალო,
ჩვენ გვაბარია ქვეყანა?!
გავიგეთ ბატონისაგან 
შენი უღმერთოდ წამება,
აქ რას აკეთებ? მაგ საქმის
არ შაიძლება წაგება.
უსტაბაშებიც აქა გვყავს,
ნახე ისინიც პირადა,
გაიგებ შენს წვალებსა 
როგორ დაუსვამთ ძვირადა.
ხომ კარგად მიცნობ, ვინცა ვარ,
გაგეგონება მელია.
მე თუ მომემხრო დათვიცა,
მასთან პირ-მურა მგელია,
შენს დამღონებელს ბატონსა
დღე დადაგება ცხელია''.
-მეც მაგის მეტი რა მინდა,
დღე მუდამ მაგას ველია,
აბა თუ მიშველთ, თქვენ იცით!-
წიწილაც ამის მთქმელია.
,,წამო, წამოდი, ჯერ ერთი
შენც ჩაისველე ყელია,
როცა კუჭია მაგრადა,
კარგად მუშაობს წელია,-
და მერე საქმე დავიწყოთ,
ჩვენია მთა და ველია''.
გაჰყვა, დათვს და მგელს ორივეს,
მან ჩამოართვა ხელია,
იმათ წინაშეც ატირდა,
ცრემლები ღვარა ცხელია.
სისხლის ძიებას ქადაგობს,
ვექილად დადგა მელია
და თანაც სადღეგრძელოსი
წიწილას საქმის მსმელია.
წიწილა მხოლოდ ერთს ამბობს:
,,თქვენს შემწეობას ველია!
,,თუ მე მიშველით,ქვეყანა
,,თქვენ გადღეგრძელებთ მთელია,
,,მადლია ბეჩავის შველა,
,,ჰგრძნობ,საქმე გადგა ძნელია!''
თქმულა,ტკბილს საუბარზედა
სოროსა სტოვებს გველია.
დათვმა და მგელმა შეჰხედეს,
მაშინვე სცქვიტეს ყურები:
- ვიცით , რაც გტანჯავს, საწყალო,
საქმეა დასაშურები.
შეატყობინე ყველასა,
არ დაივიწყო ტურები.
აცნობე, ყველას აცნობე,
რანიც ცხოველნი არიან,
ეხლავე წადი, აჩქარდი,
საჯდომლად არა გცალიან.-
მგელმა და დათვმაც ეს უთხრეს,
თან მიაჯახეს ჯიხვები:
- ჩვენ აქ ვართ მზადა მუდამა,
არ გავიქცევით ბიჭები.
ვიცით ბატონის სრა-სახლი,
ყოველგან მისი გომები.
ჩვენ დაგვანებე - შევმუსროთ
მისი ნახირი ჯოგები.-
,,საქათმე მე დამანებეთ,
,,ბატ-ინდოურთა ოჯახი''. -
მელია ამბობს: ,,ხომ უწყით,
,,მაგ საქმეში ვარ ყოჩაღი!..
,,და ვიდრე ხმითა წიწილა
,,თვისთან მოუხმობს მხეცებსა,
,,მე ვამცნობ იმათ ყველასა,
,,არ ვზოგავ თავს და ფეხებსა''.
- თქვენი ჭირიმე ვაჟკაცნო.
სწორე მითხარით, მართალი,
თქვენაც-კი არ მიღალატოთ,
ქარ-წყალს არ მიმცეთ საწყალი.
ნუ მომატყუებთ, გეთაყვათ,
ნუ მავლენთ თვალ-ცრემლიანსა,
თავის სვე-ბედის მგმობელსა, 
თქვენი შვილების სიცოცხლეს,
ღმერთი გიცხოვნებთ მშობლებსა!
- გადვიდეთ სიტყვას, ნათლულო,
ჩვენს წიგნში არა სწერია, -
ეტყვის წიწილას დათუნა,
მუცელი გაუბერია.
- ჩვენ გაძლევთ ვაჟკაცურ სიტყვას -
შენ-კი არ დაიჯერია.
გასწი, შენ იმას ეცადე,
მომხრე იშოვო ბევრია. -
თავი დაუკრა , წავიდა,
პირჯვარი დაუწერია.

8

თვალ-გადუწვდენელს მინდორზე
მოსჩანს ყანები ხშირია,
ზღვა არის გადმოვარდნილი,
ყველასთვის გასაკვირია;
მთაში ნახირი - ჯოგები
და ზედაც ფარა ცხვრისია,
ყველა ეს, - ბატონისია.
ჰხედავს წიწილა ამასა, 
გული ევსება ბრაზითა,
ამბობს: ,,დაიცა, დამაცა,
,,კბილებს დაგაძრობ გაზითა!
,,ზვრებსაც კი გაგიტიალებ,
,,სავსეებია ვაზითა,
,,შხამისას გაჭმევ სადილსა
,,თლილის თითებით ნაზითა !''
ღამეა, შედგა მთაზედა,
დიდი ასტეხა განგაში,
მოსქდა ყოველმხრივ ნადირი,
რაც იყო ტყეს თუ ჭალაში.
მაგრა უბერავს საყვირსა, 
ხმა წვდება ქვეყნის კიდესა,
გაიგეს მხეცთა კარგადა,
საით რომელი ვლიდესა,
ზოგი ყანისკე მიიწევს,
სხვა მთისკე აიზიდესა,
საცა ცხვარი და ძროხაა, 
არაფერს დაერიდესა.
ხრო და ხრო მოდგა ირმისა,
ერთმანეთზედა დგებოდა,
რქებსა აქვს ჩქამი ზარისა,
რა ერთი სხვისას ჰხვდებოდა.
ბოლქვი შვლების და არჩვების
ირმებს კვალ-და-კვალ ჰყვებოდა.
მოვიდა ფარა ღორისა, 
კბილიდან ცეცხლი ჰკრთებოდა,
ბატონის დასარბევლადა
მაჩვებიც იმათ ჰხლებოდა.
ურიცხვი ნადირის ჯოგი
მედგრად დაეცა ყანებსა,
გაწელეს, გაანადგურეს,
არა ჰზოგავენ თავებსა,
ღორები მაჩვებთან ერთად
სთხრიან და ჰკაფენ ვაზებსა.
დათვები მობაჯბაჯებენ,
ვეფხვნი მოხტიან კამარით,
მელია საქათმეს ეცა -
გმირი ჩვეულის ამალით.
დათვთა, მგელთა და ვეფხვებთა
მთაში საქონი დალიეს,
უწყალოდ გაატიალეს, 
უწყალოდ ხელი დაჰრიეს.
ბატონის მთელი ქონება 
ერთ ღამეს მორჩა, გათავდა.
რა ეს გაიგო ბატონმა,
თავს ცოცხალ-მკვდარად ჰსახავდა.
გულ-ზვიადს, ელდა-ნაცემსა
პირს ნაცრის-ფერი სდებოდა.
არ იცის, რა ქნას, ბობოქრობს,
ჯავრისაგანა კვდებოდა.
ძალიან უკვირს ბატონსა:
რა მოხდა, საით რა იყო?
მისი სნეული გონება
ათას ნაწილად გაიყო.
კაკალზე ყვავი შამოჯდა,
თავს აქნევს , იწყო ჩხავილი:
,,ვინაც სხვის ცრემლის ფასითა
,,თვითონ იკეთა სადილი,
,,ბოლო ჟამს გაუმწარდება
,,იმასაც გულის წადილი.
,,შენ რომ არაფრად ჩააგდე,
,,ეგ სულ წიწილას ბრალია,
,,იმან დაგღუპა, ბატონო,
,,შენი ცხვარ-ძროხა დალია!''
წიწილა ამას არ კმარობს,
ამბობს:,, მარგუნა რაც წყენა, -
ას კოდში უნამუსომა
ერთიც კი აღარ მაჩვენა.
ქვესკნელში ცავა? - ჩავყვები.
მაღლა? - ავყვები ცამდინა.
რაკი საწყლობა დამატყო,
უფრო მასხარად ამიგდო,
მაწამოს - მასაც არ ირცხვნის,
რა ერთხელ ხელში ჩაიგდო.
უფალი მწყალობელი მყავს,
კარგად ვეცადო ერთია,
უნდა ძალიან ვაწვალო,
გაუნაწყრომო ღმერთია!''
ამას იქადის წიწილა,
სტკივა მარჯვენა გვერდია.


9

გამწარებული ბატონი 
ადგა, გაიჭრა ველადა,
ეძებს ნახევარ-წიწილას, 
უნდა ჩაიგდოს ხელადა.
სტანჯოს, აწვალოს ძალიან,
სულ ასო-ასო დაგლიჯოს,
ზედ შედგეს უდიერადა,
წაღმა-უკუღმა აბიჯოს.
დაღლილ-დაქანცულს ბატონსა
დაძინებოდა ჩრდილშია,
თვალი შეასწრო წიწილამ
იქვე ფერდობის ძირშია.
მივიდა ცოცვით, ფრთხილადა,
ბატონს ჩაუძვრა პირშია.
წიწილას უდიერობა,
მან ვერც კი იგრძნო ძილშია.
გამოეღვიძა, ხმა ესმის,
ამოდის იმის პირითა,
გაცოფდა, რა ქნას არ იცის,
ახლად შაყრილის ჭირითა,
ხელში ვერსაიდ ჩაიგდებს,
შუა გაგლიჯოს კბილითა,
ხმა თუმც მოესმის გარკვევით,
როგორც ქამანჩა-სტვირისა,
და თავის საგალობელსა
გაბედულადა ჰყვირისა:
,,მე ვარ, სხვა ნუ გეგონები,
,,ის ნახევარი წიწილა!
,,მე ჩემი ფეტვი მოვთხოვე.
,,ბატონმა, რისთვის იწყინა?
,,მცემა კიდეცა და მგვემა,
,,თვითონ კი ტკბილად იცინა!''
რა ქნას, რა უყვას ბატონმა,
ძალა თუმცა აქვს გმირისა?
სხვა რომ ვეღარა იღონა,
დაჯდა და ისე ტირისა.
მოუხმო ერთგულს მსახურსა 
და დაიყენა გვერდზედა,
და უთხრა: ,,კარგად მოიქეც,
მე დაგარიგებ ერთზედა.
ხახას გავაღებ, რაც ძალმიძს,
წიწილას იცნობ ფერზედა,
ეგება თავი ამოყოს
ხელ-აღებულმა ღმერთზედა.
შენ ამ დროს ხმალი უმარჯვე,
მოაგდებინე თავიო!..''
პირი დააღო ბატონმა,
ჰსურს გაათეთროს შავიო.
ბატონის ენა რომ ნახა,
მსახურს ეგონა წიწილა,
ისე შაესმა ყურებში,
რომ თითქოს დაიწიწინა.
დაუსვა ხმალი მონამა,
ცხვირ-პირი ჩაათლევინა,
კისერიც თან მიაყოლა
და სულიც დაალევინა.
თავზარ-ცემული მსახური
იქვე მიწაზე წაიქცა,
წიწილამ თავსა უშველა,
აჩქარებული გაიქცა.
არავინ არი მათ ახლო,
რომ დაუძახოს: დაიცა!
წიწილამ ამცნო ყველასა,
მოიმოქმედა რაიცა,
,,ბოროტი კაცი დამარცხდა!''
მთასა და ბარად გაისმა.
მკათათვემ ეს მოგვიტანა,
რით გვანუგეშოს მაისმა?!

10

შეგროვილიყვნენ ნადირნი,
ერთი მეორეს სწვევიყვნენ,
ფინველნი ოთხფეხ ცხოველთა
მხარ-და-მხარ გადაჰხვევიყვნენ.
ერთი რამ ფიქრი აწუხებთ, -
ორნივ ერთ მეფეს ირჩევდნენ,
ყველა ამაზე მსჯელობდა,
აზრს ძირეულად ირკვევდენ.
ფრინველთ უნდოდათ გულითა
ნადირთაგანი მეფედა,
ხოლო ნადირთა - ფრინველი
ყველაზე ხარჯის მკრეფედა.
ესა სცნეს სამჯობინოდა
დათვთა, მგელთა და მელათა,
ყველამ , რაც ფრინველ-ნადირი
ბუდობს ტყეში და ველადა,
ამოსარჩევად მეფისა,
შეგროვილებმა მთელადა. - 
,,აბა, რომელი ფრინველი?'' -
ეს დაიძახეს ყველათა:
,,რაღა რომელი? - წიწილა!'' -
დაიგუგუნეს ერთადა.
ბატონის სახლი სრად მისცეს,
ვეფხვი და ლომი მცველადა,
ნაზირ-ვეზირად  _ დათვები.
მელა და ტურა _ მრჩევლადა,
შიკრიკად _ ქორ-შევარდენნი,
მგლები _ ავაზაკთ მრბევლადა,
ხოხობნი, შურთხნი, კაკაბნი _
ტანისამოსის მკერვლადა,
ბულბული _ საგალობელად,
ტკბილ სიმღერების მთქმელადა,
მედალაბანდედ _ კოდალა,
განთქმული არი ძველადა,
მეჭიანურედ _ ჭრიჭინა,
ეს მას მოუდის ხელადა,
მეწისქვილედა  _ ბატები,
პურისა დასაფქველადა,
ღორები _ ქუჩის დარაჯად,
წყალ-საყვან არხთა მთხრელად,
კაჭკაჭნი _ ექიმბაშადა,
გადამდებ სენთა მცველადა,
წერონი _ დესპან-ელჩებად,
საქმეთა გასარჩევლადა,
უცხოელებთან დავისა,
ასაწონ, გასარკვევლადა,
ხარი-ირმები _ საგუთნედ,
დედმიწისა მხვნელადა,
ჩხიკვები _ ჯაშუშებადა,
აქა-იქ საძრომელადა...
ის აღარ არის წიწილა,
რაც ადრე გაგიგონია,
უზარმაზარი ტანისა,
ათი არწივის ტოლია.
ხოხბის ბუმბული ასხია,
კოხტა ჯიჯლიბო მამლისა,
ყველას ხათრი და შიში აქვს,
როგორც მშობელი მამისა.
ერთს სხვისგან არ აბატონებს,
ვინც მისი ქვეშევრდომია,
არც ვისთან ლხინი აშინებს
და აღარც ვისთან ომია.
ტახტზე თავ-გვირგვინიანი
დაბრძანებულა დინჯადა,
დაჩაგრულებსა ჰპატრონობს,
მჩაგვრელებს უდგა კრიჭადა,
მოდი და ნუ მოვიხსენებთ,
კურთხეულს კაი ბიჭადა.


1905 წ. 



вторник, 14 апреля 2020 г.

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!



დიდი პარასკევი.



პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს, პილატეს შორიახლოს იდგა და განკითხვას ელოდა...

უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... იდგა მშვიდი და უმანკო. უკიდურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ.

გაუთავებელმა დაკითხვამ, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ სასიცოცხლო ძალები თანდათან დაუშრიტა.

პილატემ არ იცოდა, რა ექნა. დანაშაულიც ვერაფერი წაუყენა, მაგრამ გამოსავალი იპოვა: ებრაული ტრადიციით, ხალხს ორი მსჯავრდადებულიდან ერთ-ერთი უნდა გაეთავისუფლებინა.

ავაზაკ ბარაბასა და ქრისტეს შორის ხალხს არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ხალხი ყვიროდა - ბარაბა, ბარაბაო. იესო რა ვუყოთო, - კითხულობდა პილატე. ხალხი, რომელიც სულ რაღაც ექვსი დღის წინ იერუსალიმში შემავალ უფალს პალმის რტოებითა და "ოსანას" შეძახილებით შეხვდა, გაიძახოდა, - ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგაო...

პასექის პარასკევის მეექვსე საათი იყო. პილატემ ხელები დაიბანა და სამსჯავრო სკამზე დაჯდა - "აჯა, თქვენი მეუფე, მე ბრალი არა მაქვს მაგ მართლის სისხლში" (ლუკა 23,4), თქვენ იკითხეთო. გაბოროტებული ხალხი გაიძახოდა, - ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგისი სისხლიო (მათე 27,25).

პრეტორიუმიდან გოლგოთამდე პალესტინის თაკარა მზით გახურებულ გრძელ გზაზე აუტანელი ტკივილებით გათანგული მიაბიჯებდა სამყაროს მეუფე. მხარზე მძიმე ჯვარი ედო, უამრავი ხალხი მიჰყვებოდა...

უნდა მომკვდარიყო ტანჯვით. ნუთუ სიკვდილის ღირსი რაიმე ქმნა? რის გამო შეისხა ხორცი დიდებით შემოსილმა? ღმერთი იყო და რატომ გახდა ადამიანი? რა აიძულებდა ღმერთს, ხორცი შეესხა, სახვევებში შეხვეულიყო, ბაგაში დედის რძით გამოკვებილიყო, სიკეთის ნაცვლად ბოროტება მოემკო, სიხარულის ნაცვლად - მწუხარება, ცხოვრების ნაცვლად - სიკვდილი, ჯვარზე გაკრული საფლავში დადებულიყო? რა აუცილებლობამ აიძულა ის? ცხადია, ადამიანის სიყვარულის გამო ითმენდა ყველაფერს.

ამ ადამიანებმა კი მისი წმინდა და უმანკო სხეული ორ ავაზაკს შორის ჯვარზე გააკრეს, ლურსმნით ხელ-ფეხი გაუხვრიტეს, წყურვილით გატანჯულს ძმარი და ნაღველი შეასვეს. მისი წმინდა სამოსი ურთიერთშორის გაიყვეს და დასცინეს: - ტაძრის სამ დღეში აღმშენებელო, გამოიხსენ თავი შენი...

დღის თორმეტ საათზე სიბნელემ მოიცვა ქვეყანა. მწუხარებით აღსავსე იესო კი ზეციურ მეუფეს ევედრებოდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!" მარჯვენით ჯვარცმულმა ავაზაკმა დაინახა ეს უსამართლობა, შეინანა და უდანაშაულოდ დასჯილს სასუფეველში მოხსენება სთხოვა. ამ დროს დედა ღვთისმშობელიც ჯვარცმულის ფერხთით იდგა, მხოლოდშობილი ძის ტანჯვით გამოწვებული უმძიმესი ტკივილი მახვილივით უსერავდა გულს.

იესომ ჯვრიდან დაინახა მტირალი დედა, შეებრალა და საყვარელ მოწაფეს, იოანეს, ჩააბარა: "დედაო, აჰა შენი ძე!" ხოლო იოანეს უთხრა: "აჰა დედა შენი!" (იოანე 19,26).

მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა არემარე. მეცხრე საათზე მაცხოვარმა ხმამაღლა წარმოთქვა: "მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა" (ლუკა 23,46) და სული განუტევა. დაბნელდა მზე, მიწა შეიძრა და საფლავები გაიხსნა, იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე გაიპო. სამყარომ შეიცხადა კაცობრიობის უკიდურესი სისასტიკე. წინასწარმეტყველება აღსრულდა.

აღსრულდა ნება ღვთისა, მოვიდა სოფლად მხსნელი, რომელსაც სულიერ სიბნელეში მყოფი, ღმერთს დაშორებული და ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკლებული კაცობრიობა ეშმაკის მონობისაგან უნდა გაეთავისუფლებინა, აღედგინა შეწყვეტილი კავშირი ღმერთთან და დაებრუნებინა მისთვის დაკარგული ნეტარება.

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისაგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუაღამისას, ორ საათზე აღევნილება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში მაცხოვარია ამოქარგული.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსახური აკმევს გარდამოსხნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, "მამაო ჩვენოს" გალობის შემდეგ კი ტროპარის, "მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი", გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. ღვთისმშობლის გოდებაც, აღევლინოს.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურისა და წყლის გარდა არაფერს იხმევს.

karibche.ambebi.ge