(სიმღერა)
ცხოვრებამ არ შამიბრალა,
გულზე ისარი დამასო,
თან იმას მეუბნებოდა:
“უნდა დაგამხო, დაგავსო!”
ხალხიც მას ჩასჩურჩულებდა:
“ბოროტს ფიქრებსა ჰმალავსო…
დაჰკარი ნუ შეიწყალებ
ქვეყნის სიკეთის მპარავსო!”
იმას აღარვინ ფიქრობდა,
თუ მეც რამ ძალა მფარავსო:
წყლული მზედ გამომესახა,
შუქით ხმელეთი აავსო…
არ ჰქონდა რიდი და ხათრი,
ვეგულებოდი კენტადა
და მიტომ ხმალიც მიქნია
მოსაკლავ-გასაკვეთადა.
დაკრული სარგოდ მომიხდა,
თუმც სამავნებლოს ეცადა.
რამდენიც დამკრა, იმდენი
მე ავიწიე ზეცადა.
ადამიანად ვისახვი,
მგმობლები დარჩნენ მხეცადა.
და დავდეგ ცა-ქვეყნის შუა
ქედ-მოუდრეკელ სვეტადა.
მორჩა, ვეღარვინ შემმუსრავს,
რაც უნდ ეცადოს მეტადა.
და თუნდა მთელი ქვეყანა
დამატყდეს ურო-ხვედადა,
წარბ-შეუხრელად ვყუდივარ
ჩემთა წადილთა ბედადა.
კარგების სალოცავი ვარ,
მსახვენ მეორე ღმერთადა;
ოღონდ მე ვყვანდე ცოცხალი,
თავს დაიხოცენ ერთადა.
ამოვშხამდები, თუ ვინმე
მინდომებს დასაკვნეტადა!..
14 იანვარი, 1904 წ.
ვაჟა-ფშაველა
შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა…
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა.
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!”
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!
1891 წელი
ვაჟა-ფშაველა
(სიმღერა)
ახ, ნეტავ, გულით რაც მინდა,
ის მომიყვანა ყანადა!
დღე–ღამეს გავასწორებდი,
მარტო მოვმკიდი თავადა,
არავის შველა მინდოდა,
ვიმუშავებდი ცალადა.
გინდ შავჭრილიყავ ნამგალსა,
გინდ გავმხდარიყავ ავადა.
მოუხდებოდა ჩემ გულ–მკერდს,
ოფლი მდენიყო ღვარადა.
მარტო გავლეწდი კალოსა,
დავაგროვებდი ხვავადა.
ზურგით წისქვილში ვზიდავდი
ხორბალსა დასაფქვავადა.
პურს თავად გამოვაცხობდი
ფეხზე მდგომელი მარადა.
დავპატიჟებდი ქვეყანას
მზამზარეულზე ჭამადა,
თავს ბედნიერად ვიგრძნობდი,
არ ვიგლოვებდი კვალადა.
1911 წ.
ვაჟა-ფშაველა
დადის ცხვარივით უმანკოდ,
კაცთმოყვარულის ქურქითა,
თავიც–კი მოსწონს, რომ სული
მან გააბრწყინა შუქითა
ქართველის ერის… აგვიკლო
უსამზღვრო ბაქი–ბუქითა…
მოღალატობა დასწყევლა,
ვით ქრისტიანმა იუდა…
ზნეობის მქადაგებელმა,
ვნახეთ, თითონაც იმრუდა…
ვნახავთ, კიდევაც გვიწერდეს
ზნეობრივ კანონს რიხითა
და სადღეგრძელოდ ზნეობის
ნუნუას ჰსვამდეს ჭიქითა.
სწორი ყოფილა ნათქვამი
ქართველის ერის პირითა:
“გველი ჭრელია გარეთა,
ადამიანი – შიგნითა”.
1902 წ.
ვაჟა-ფშაველა
მადლობელი ვარ, დამბადებელო,
ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,
როგორიც ამ დღეს საჭირო არი,
სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.
ეკლებზე ვწევარ, არაფერს ვიმჩნევ,
მაინც ღმერთს ვმადლობ, – ეშმაკს შეჰშურდა.
ვაჟა-ფშაველა
მშიერი გაძღომას ნატრობს,
ხოლო ტუსაღი შვებასა,
წყალ-წაღებული ხავსს ეძებს,
თან უფალსა სთხოვს შველასა.
ვისაც რა სტკივა, წესია,
იგი აუბნებს ყველასა.
ისრაილები ელოდნენ
ერთს დროს ცით განათლებასა.
დაუდგათ სანატრელი დღე,
სიტყვა გაისმა ახალი,
მაგრამ გასჭირდა ძალიან,
არვინ იწამა მართალი.
და სიტყვა მაცხონებელი
უცხოდ ეჩვენა ყურებსა.
დიდი ჩოჩქოლი შაექნათ
მაშინვე მელა-ტურებსა…
დღეს ვიცით, ცოდვა რაც არის,
ნასწავლები გვაქვს ციდანა:
“ცოდვაა მოყვასის ჩაგვრა”,
ჩვენ გვესმის ყოველ მხრიდანა,
თუმც არ ვასრულებთ არასდროს,
რაც დაგვევალა ღვთიდგანა.
ცუდს ზნესა უძლური ცოდნა
გააბათილებს სიდანა?
და ჯვარი ნაზარეველის
სამკაულად გვაქვს გარეთა,
ვერ ჩავისახეთ გულშია
მასხივოსნებელ მთვარედა.
მწარეს ვჭამთ, გრძნობაც მწარე გვაქვს,
თუმცა კი არ ვგრძნობთ მწარედა.
ბნელში ვართ, მაინც ბნელში ვართ,
დღე გარდავქმენით ღამედა.
ვერაფერს გახდა იესო
და, მით უმეტეს, მაჰმედა!
1902 წ.
ვაჟა-ფშაველა
ვაჟა-ფშაველა
I
წუხელა ვნახე სიზმარი,
შავად მეცვალა ფერია:
იმ ჩემ სახლს მამა-პაპეულს
ჩამოჰნგრეოდა ჭერია.
შიგ წვიმა ჩამოდიოდა,
წვიმაში თოვლიც ერია.
როგორც მე გავხდი მაშინა,
ისეთიმც თქვენი მტერია!
ცეცხლი ჩამქრალა კერაზე,
არ ურთავ შეშის ღერია;
გარს უსხედს ჩემი შვილები,
აძევთ სიკვდილის ფერია.
ხმას არ იღებენ, ავდრისთვის
თავები მიუშვერია.
თვალთაგან წამსქდა ნაკადი,
ნახევრად სისხლი ერია.
დასახურავად ჭერისა
იმ წამს გავწვადე ხელია,
მაგრამ შემტაცა ვიღაცამ:
შავხედე, იყო დევია.
„ეხლავ გაგაქრობ, – მან მითხრა, –
თუ ხელი გაგინძრევია“.
ვუცქერი, ჩემი სახლ-კარი
ბოროტ სულს დაუჭერია.
დაულეწია კარები,
დაუშლავ, დაუნგრევია!..
II
გარეთ ცხვარ-ძროხას იმ ჩემსა
დათვ-მგლები გამოჰრევია.
ჰფლეთდენ და ჰგლეჯდენ თამამად,
როგორც მათ გვარი სჩვევია.
სისხლით ყორნები ძღებოდენ,
გუნდ-გუნდად შემოჰხვევია,
ფარფაშობს სოვების გროვა,
მხეცთა მეჯლისსა სწვევია.
დაღუპვისაგან ჩემს სარჩოს
თავი ვერ დაუღრწევია.
სხვად ვერას ვშველდი, ვტიროდი,
მდუღარე დამინთხევია.
გავხედე: ვნახე ასული,
ყორნების, მგლების მცემელი.
ის ჩემი ძვირი სტუმარი,
ჩემი ნუგეშისმცემელი,
გრძნობათა ამტყინებელი,
გულის სიმების მრხეველი.
შორს, განზე ხალხი მოსჩანდა,
ჰღელავდა ქალის მნახველი.
ქალის მეშველი არა სჩანს,
როგორ ვრქვა იმის სახელი?!
შიგ და შიგ „ვაშას“ უძღვნიდენ
ქალის მამაცურ ქცევასა,
ბრძოლას კი ვერა ჰბედავდენ,
იყვნენ კრძალვას და რყევასა.
ვერც რას მე ვშველდი, მხოლოდა
ვტირი, მოვთქვამდი მწარედა
და ვაყენებდი გუბეებს
ცრემლისას შინ და გარეთა.
ის იბრძვის ერთი, მარტოკა,
ძველის მანდილით თავზედა,
აბრთხობს და ერჩის მტაცებლებს;
გული მიკვდება ძალზედა,
რომ იმ ჩემს მეშველს მხევალსა
მე გავდგომივარ განზედა,
საწყალს ვერ მივშველებივარ
ხელ-დადებული ხმალზედა.
III
შევხედე. მოვრჩი სნეული
იმით, რაც ვნახე ცაზედა:
შავი ზღვით კასპიის ზღვამდე,
მდგომელნი უფლის კარზედა,
გამწკრივებულა ლაშქარი,
ხმლები უპყრიათ ლამპრადა,
დასცქერენ საქართველოსა,
მიღებული ჰყავთ გამდლადა.
სიყვარულს თავის ქვეყნისას
სთვლიან უაღრეს მადლადა.
დაბლიდან ახალგაზდანი
თითებს უნთებენ სანთლადა.
მოსულან საიქიოდან
თავის სამშობლოს მზვერავნი,
რა უნახიათ ქვეყანა
აოხრებული, ვერანი,
უძღვნიათ ქართველებისთვის
თავისი გულის ძგერანი.
სულ დამავიწყდა სახლ-კარი,
როცა ვიხილე ყველანი.
დაბლიდან შევცქერ და შევტრფი,
არ მომწყენია მზერანი.
მაგრამ, ვაჰ, ჩემ და მათ შუა
ფარდა დაეშვა გრძნეული.
მაშინ-ღა მოვედ გონზედა,
ჭირსა და ვარამს წვნეული.
თვალი მივაპყარ ჩემ სახლ-კარს,
იმისგან ვიყავ სნეული,
და ვნახე, დევი იქიდან
გადათხეულა[1] წყეული!
ჩემი სახლ-კარი ვერ ვიცან:
ტურფად ნაშენი ჰყვაოდა,
თვალთ შამშრობოდა ცრემლები,
ყელი სამღერლად მქაოდა.
ამწვანებულსა მინდვრებზედ
ჩემი ცხვარ-ძროხა ლაღობდა,
ის ჩემი მცველი ასული
„მრავალ-ჟამიერს“ გალობდა,
ტანთ ჭრელი კაბა ჩაეცვა,
ჩემზე მეტადა ჰხარობდა.
1913 წ.
შენიშვნა:
[1] გადაკარგულა.
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მრავალს უწია ცოდვამ:
ვინ რა ყოფილა – გამოჩდა!
კაცი აღმოჩდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
ცოდვის კითხვაა…. ჰოდა!
ყველა ისეთი აღმოჩდა,
რა წარმოდგენაც მქონდა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…
ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა!
ამდენი დ ა მ პ ლ ი ს ხილვით!
სურთ, _
დაუკარგონ საქართველოს სახე თავისი!
სურთ, _
საქართველო უსახური გახადონ მხარე!
(არის რა ბიჭიც! _
სამწუხაროდ, _ ბევრმა არ იცის, _
საქართველოში
ვინც ვითომდა
წესრიგს ამყარებს)!
სურთ, _
იმნაირად საქართველო აქციონ ქვეყნად, _
ქართული სადაც ძლივს ორღობის იქნება ენა, _
თვით ქართველი კი
(ნუ შემასწროს მე ამ დღეს ღმერთმა)! _
კვლავ ხელისბიჭად ეყოლება არაქართველსა!
არ ჩაეყუდა თუ თორნეში კაცი რაჭიდან!..
თუ არ ვიყიდე ზესტაფონის ბაზარში სარცხი!..
მე საქართველო ამისთანა მინდა რა ჭირად?! _
საქართველოში
ამნაირში
სიცოცხლე
არც ღირს!.
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით ვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა, ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა, რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,
იხულვებს ხოლმე,
იხულვებს ერთხმად -
ღ ა ლ ა ტ ი ა ო
მ ა გ გ ვ ა რ ი
ფ ი ქ რ ი !