ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 июля 2014 г.

მონოფიზიტები. დიოფიზიტები.

მონოფიზიტები (ბერძნ. მონოს – ერთი, ფიზის – ბუნება), დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე – ადამიანური, რასაც არ აღიარებენ დიოფიზიტები (ორბუნებიანობა). ამ ღვთისმეტყველური თვალსაზრისის მამამთავარია კონსტანტინოპოლის არქიმანდრიტი ევტიქი. V ს. ბიზანტიაში ჩასახული მონოფიზიტობა, რაც ორთოდოქსიას უპირისპირდება, ქალკედონის საეკლესიო ყრილობაზე (451 წ.) დაგმეს,და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი - "ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ". მის მიმდევრებს დევნა დაუწყეს, როგორც ერეტიკოსებს. დავა დასრულდა სირიის, პალესტინის (იერუსალიმის), ანტიოქიის ქრისტიანთა ამბოხებით და განდგომით (457–468 წწ.).



დიოფიზიტობა (ბერძ. δυο-ორი, φύσις-ბუნება) — ქრისტოლოგიური კონცეფცია, რომლის თანახმადაც იესო ქრისტეში თანაბრად აღიარებულია ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, რომელიც შეერთებულია „შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელად“. როგორც დოქტრინა გაფორმდა ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს (აქედან დიოფიზიტობის მეორე სახელწოდება: ქალკედონელობა), სადაც ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) და კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრების (381) სიმბოლომ ახალი ქრისტოლოგიური განსაზღვრა მიიღო: ქრისტეში მოცემულია ერთმანეთისაგან განსხვავებული და თანაბარი ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური.

ქართული ეკლესია დვინის საეკლესიო კრებაზე ჩაება მსოფლიო ეკლსიაში მიმდინარე ქრისტოლოგიურ პოლემიკაში და მონოფიზიტებთან შემრიგებლური პოზიცია დაიკავა იმპერატორ ზენონის „ჰენოტიკონის“ საფუძველზე. VII საუკუნიდან ქართული ეკლესიის მრწამსი უკვე დიოფიზიტურია.




ქალკედონის დოგმატი.

„ამგვარად, ჩვენ ყველანი, ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი, ერთხმად ვასწავლით, ვაღიაროთ ერთი და იგივე ძე, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი, იგივე სხეულითა და გონიერი სულით, მამის ერთარსი თავისი ღვთიურობით და იგივე, ჩვენი ერთარსი თავისი კაცებით, ყველაფერში ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა, ღმრთეებით მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ხოლო უკანასკნელ ჟამს ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის კაცობრივად შობილი ღვთისმშობელ ქალწულ მარიამისაგან.ვაღიარებთ ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, ცნობილს ორი ბუნებით, რომელიც აქვს შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად, განუცალკევებლად, - ისე, რომ შეერთებით ოდნავადაც არ დარღვეულა ორი ბუნების განსხვავება, არამედ მით უფრო შენარჩუნებულია თითოეული ბუნების თვისება, რომლებიც შეერთებულია ერთ პირსა და ერთ ჰიპოსტასში, - რომლებიც არ განიყოფა და არ განიკვეთება ორ პირად, არამედ ვაღიარებთ ერთსა და იმავე ძესა და მხოლოდშობილ ღვთის სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც (ასწავლიდნენ) ძველი წინასწარმეტყველები მის შესახებ და (როგორც) ეს ჩვენ გადმოგვცა მამათა სიმბოლომ.“




Комментариев нет:

Отправить комментарий