ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 7 января 2018 г.

შობის მღვიმე , ქრისტეს ბაგა და ქრისტეს შობის ტაძარი


შობის მღვიმე 

"უმეტეს ჩვენგანს ქრისტეს შობის ადგილი წარმოდგენილი აქვს ჩვენებურ ხის ბაგიან ბოსლად. ეს არასწორი წარმოდგენა პალესტინის ბუნებრივი მდგომარეობის უცოდინარობის ბრალია. პალესტინაში პირუტყვის სადგომად მღვიმეები გამოიყენება. გამოქარული მღვიმე უამრავია იერუსალიმის სიახლოვეს და ბეთლემის გზაზე. ზოგჯერ ისინი ბედუინ-მეაქლემეებს აქვთ დაკავებული, უმეტესობა ცარიელია. ამგვარი იყო მღვიმე, რომელსაც თავი შეაფარა ბეთლემში აღწერაზე წასულმა წმინდა ოჯახმა. მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ის ქრისტიანთა სტუმრობის ადგილად იქცა.

იმპერატორ ადრიანეს სურდა, ქრისტიანთა ხსოვნიდან აღეხოცა იესო ქრისტეს სახელი და ბრძანა, მღვიმეზე ღმერთ ადონისის ტაძარი აეშენებინათ. მაგრამ ვერ გააქრო გარდამოცემა. ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო.
მიწისქვეშა ტაძარი აქ წმინდა ელენეს დროიდანაა. ქრისტეს შობის ადგილი იატაკზე ვერცხლის ვარსკვლავით არის აღნიშნული. ვარსკვლავს 14 სხივი აქვს. ამ ვარსკვლავის ზემოთ ჰკიდია 16 ლამპარი, რომელთაგან 6-6 მართლმადიდებლებსა და სომხებს ეკუთვნით, 4 - კათოლიკეებს.

ქრისტეს ბაგა 

მღვიმის სამხრეთ ნაწილში ბაგის ეკვდერია. მღვიმეში ეს ერთადერთი ადგილი ეკუთვნის კათოლიკეებს. ეკვდერში შესასვლელიდან მარჯვნივ იმ ბაგის ადგილია, სადაც შობის მერე ქრისტე დააწვინეს. ბაგის შიგნითა ნაწილი, როგორც დიდი სიწმინდე, VII საუკუნიდან რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დასვენებული. რამდენიმე წლის მერე წმინდა მიწა მუსლიმანებმა დაიპყრეს. ბეთლემში დარჩენილ ბაგის ნაწილს მერე მარმარილო შემოაკრეს. ბაგის ზემოთ ხუთი გაუქრობელი ლამპარი კიდია. მის იქით, კედლისკენ არის პატარა ხატი - ბეთლემელ მწყემსთა თაყვანისცემა ყრმა იესოსადმი.

ქრისტეს შობის ტაძარი

ადრე ქრისტეს შობის ტაძარს სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგ ვერ შეხვალ. ამ კარს "სიმდაბლის კარი" ჰქვია. დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში, რომელიც არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს შეუმუსრავთ. ტაძრის თაღები ეყრდნობა 44 მარმარილოს სვეტს, რომელზეც ზეთის საღებავებით წმინდანების და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა წმინდა მიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. იატაკზე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (IV ს.) დროინდელი მოზაიკაა შემორჩენილი. ტაძრის შესასვლელიდან მარჯვნივ რვაწახნაგიანი ბაპტისტერიუმია. ტაძრის მთავარ ნაწილში, კათოლიკონში, არის კანკელი, სომხური საკურთხეველი და მოგვთა საკურთხეველი, ანუ ის ადგილი, სადაც, გარდამოცემით, მოგვებმა, ვიდრე მღვიმეში შევიდოდნენ თაყვანსაცემად, თავიანთი ცხენები მიაბეს.

ტაძარში, მაცხოვრის შობის მღვიმის შესასვლელთან, არის მაცხოვრის წინადაცვეთის ბერძნული საკურთხეველი, სადაც, გარდამოცემით, მერვე დღეს წინადაცვითეს ქრისტე მაცხოვარი. მაცხოვრის შობის ტაძარი ბეთლემში, 339 წლის 31 მაისს აკურთხეს და მას მერე იქ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.


სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი

karibche.ambebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий