ღმერთი

ღმერთი

вторник, 24 октября 2017 г.

ქალმა, რომელსაც უთხრეს, რომ ვერასოდეს გაივლიდა ფეხზე, ვერ გააჩენდა შვილს და ვერ დახატავდა, შეუძლებელი შეძლო...


პაკისტანელი ქალი, მუნიბა მაზარის ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. როგორც მის ქვეყანაში მცხოვრები ქალების უმეტესობა, კონსერვატიულ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც კარგი შვილი მშობლებს არასოდეს ეუბნება სიტყვას "არა". როდესაც მუნიბა 18 წლის გახდა, მამამ მისი გათხოვება მოისურვა. გოგონამ კი უპასუხა, რომ თუ ეს მამას გააბედნიერებდა, თანახმა იყო, დაქორწინებულიყო.

წყვილის თანაცხოვრება ბედნიერი არ აღმოჩნდა. ერთ დღესაც, მგზავრობისას, ქმარს საჭესთან ჩაეძინა და მანქანა თხრილში გადავარდა. მუნიბამ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, მოტეხილი ჰქონდა იდაყვის ძვალი, ლავიწი, მაჯა... ყველაზე მნიშვნელოვანი დაზიანება კი ხერხემალზე ჰქონდა. მუნიბას ქმარი უვნებლად გადარჩა.

"საავადმყოფოში 3 თვე გავატარე, სასოწარკვეთის ზღვარზე ვიყავი... ერთ დღესაც ჩემთან ექიმი მოვიდა და მითხრა: "გავიგე, გინდოდა, ხელოვანი გამოსულიყავი, შენ კი დიასახლისი დადექი. ცუდი ამბავი მაქვს შენთვის - ვეღარასოდეს დახატავ."

მეორე დღეს ექიმი კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ხერხემალი ისე იყო დაზიანებული, სიარულს ვეღარ შევძლებდი. ღრმად ჩავისუნთქე და გავიფიქრე, "არაუშავს", - ყვება მაზარი. მოგვიანებით შეიტყო, რომ ხერხემლის დაზიანების გამო დედა ვეღარ გახდებოდა.

"ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მიჭირდა თეთრი კედლების და ხალათების ყურება მუდმივად, მოვითხოვე, მოეტანათ საღებავები და ტილოები, დახატვა მომინდა. პირველი ნახატები საავადმყოფოში შევქმენი, ეს არაჩვეულებრივი თერაპია იყო. ნახატებით ჩემს ამბავს ვყვებოდი," - ამბობს მუნიბა.



მან გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის ეცხოვრა და ყველა შიში დაეთრგუნა, რაც აწუხებდა.

"ყველაზე მეტად ქმართან დაშორების მეშინოდა. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ შიში იყო და სხვა არაფერი. გავთავისუფლდი, ემოციურად გავძლიერდი. როდესაც შევიტყე, რომ ის სხვა ქალზე ქორწინდებოდა, მივწერე, რომ ძალიან მიხაროდა მისი ბედნიერება და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებდი.

მეორე, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, იყო ის, რომ კიდევ ერთხელ დედა ვეღარ გავხდებოდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ დედამიწაზე უამრავი ბავშვია, რომელსაც სჭირდება დედა, შევწყვიტე ტირილი და დავუკავშირდი ობოლთა თავშესაფრებს, სხვადასხვა ორგანიზაციას. 2 წლის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვილი ბიჭი ჰყავდათ გასაშვილებელი. როდესაც მის წამოსაყვანად მივედი, ბავშვი მხოლოდ 2 დღის იყო, ახლა კი 6 წლისაა.



იმისთვის, რომ ეტლით საზოგადოებაში თავის დამკვიდრება არ გამჭირვებოდა, ვეცადე, საჯაროდ ბევრჯერ გამოვჩენილიყავი. დავიწყე ხატვა, გავხდი ტელეწამყვანი, გაერო-ს კეთილი ნების ელჩი პაკისტანში, ახლა კი ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად ვიბრძვი. 2015 წელს "ბიბისის" მიერ შედგენილ 100 ქალს შორის მოვხვდი.

ასე რომ, როდესაც საკუთარ თავს იღებთ ისეთს, როგორიც ხართ, შემდეგ სამყაროც გამჩნევთ და გიღებთ. ყველაფერი თქვენიდან იწყება.

ჩვენ წინასწარ ვგეგმავთ ყველაფერს, ვალაგებთ გეგმებს, როდესაც გეგმის მიხედვით ვერ მივდივართ, იმედგაცრუებულები ვრჩებით და ვნებდებით.

არასოდეს მინდოდა, ეტლზე ვყოფილიყავი მიჯაჭვული, როდესაც ცხოვრება გვაძლევს ლიმონს, უნდა გავაკეთოთ ლიმონათი. ნორმალურია, თუ გვეშინია, თუ ვტირით, მაგრამ დანებება არ არის გამოსავალი," - ამბობს მუნიბა მაზარი.


ambebi.ge

понедельник, 23 октября 2017 г.

Осенняя грусть (М.Легран) Саксофон


ზნეობა სქესობრივ ურთიერთობათა სფეროში - კლაივ ლუისი

განვიხილოთ, თუ როგორ უდგება ქრისტიანული მორალი სქესობრივი ურთიერთობის საკითხს და რას ნიშნავს ის სათნოება, რომელსაც ქრისტიანული უბიწოება ეწოდება. იგი არ უნდა ავურიოთ თავმდაბლობის, წესიერების, ზრდილობის საზოგადოებრივ წესებთან. წესიერების ნორმები განსაზღვრავს, თუ მოცემულ საზოგადოებაში რა ზომამდე შეიძლება ადამიანის სხეულის გაშიშვლება, რა თემებზე შეიძლება საუბარი და რა სიტყვების ხმარებაა დასაშვები. ქრისტიანული უბიწოების წესი ყველა დროის ქრისტიანისთვის ერთი და იგივეა, წესიერების ნორმები კი - ცვალებადი. თითქმის შიშველი ქალი წყნარი ოკეანის კუნძულებიდან და ვიქტორიას ხანის ლედი, ნიკაპიდან კოჭებამდე კაბა რომ აცვია, მათ წრეში მიღებული საზომების მიხედვით შეიძლება ერთნაირად მიიჩნეოდნენ წესიერებად, თავმდაბლებად, ზრდილობიანებად. ასევე, დამოუკიდებლად ჩაცმულობისა, ორივე მათგანი შეიძლება ჩაითვალოს უბიწოდ (ან პირიქით). ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა, შექსპირის დროის ზნეკეთილი მანდილოსნები რომ იყენებდნენ, მეცხრამეტე საუკუნეში მხოლოდ თავაშვებული ქალებისაგან შეგეძლოთ მოგესმინათ. როცა ადამიანები მათ საზოგადოებაში მიღებული წესიერების კანონებს არღვევენ, რათა თავიანთ თავში ან სხვაში ავხორცი ვნება აღძრან, მაშინ ისინი უბიწოების მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან. მაგრამ თუ ეს უვიცობით ან დაუდევრობით მოსდით, მაშინ ამით მხოლოდ ცუდ აღზრდას ავლენენ. ხშირად შეგნებულად იქცევიან ასე, რათა სხვები გააოგნონ ან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ. მაგრამ ეს აუცილებლად მათ ბიწიერებას არ ნიშნავს. ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ მოკლებულნი არიან სიკეთეს, რადგანაც მხოლოდ ავ კაცს სიამოვნებს, სხვას რომ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. არა მგონია, ქცევის მეტისმეტად მომთხოვნი და მკაცრი ნორმები უბიწოებას მოწმობდეს ან შეეწეოდეს მას. ამიტომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ ნორმების მნიშვნელოვანი გამარტივება და შემსუბუქება დადებით მოვლენად მიმაჩნია. მაგრამ მოცემულ ეტაპზე სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთსა და იმავე ნორმებს არ ცნობენ, რის გამოც იქმნება გაუგებრობა. ვფიქრობ, სანამ ეს გაუგებრობა ძალაშია, ძველი თაობის ადამიანები ან ისინი, ვინც ძველი ყაიდის შეხედულებებს იზიარებენ, ძალიან უნდა გაფრთხილდნენ, რომ ახალგაზრდებს ან "ემანსიპირებულ ადამიანებს" გარყვნილება არ მიაწერონ, თუ ეს უკანასკნელნი ძველი საზომების მიხედვით წესიერად არ იქცევიან. სამაგიეროდ, არც ახალგაზრდებმა უნდა მიიჩნიონ უფროსები ჩამორჩენილებად და პურიტანებად იმის გამო, რომ ადვილად ვერ ჰგუობენ ქცევის ახალ წესებს. მრავალი პრობლემა გადაიჭრება, თუ ნამდვილად მოისურვებ, სხვებში ყველა მათი დადებითი თვისება შეამჩნიო და შეეცდები მათ თავი კარგად იგრძნონ.

უბიწოება ყველაზე ნაკლებ პოპულარული ქრისტიანული სათნოებაა. მას ვერსად გაექცევი. ძველი ქრისტიანული წესი ამბობს: ან იქორწინე და დაიცავი სრული ერთგულება მეუღლისა, ან დაიცავი სრული უბიწოება. ეს იმდენად ძნელია და იმდენად ეწინააღმდეგება ჩვენს ინსტინქტებს, რომ იფიქრებ, ან ქრისტიანობა ცდება, ან ამჟამინდელ ეტაპზე გადაგვარებული გვაქვს სქესობრივი ინსტინქტები. ან ერთი ან მეორე. მე, რა თქმა უნდა, როგორც ქრისტიანი ვფიქრობ, რომ გადაგვარებული გვაქვს ინსტინქტები.

ასე რომ ვიფიქრო, სხვა საფუძველიც მაქვს. სექსის ბიოლოგიური მიზანია ახალი თაობის შექმნა, ისევე როგორც საკვების მიღების მიზანია ორგანიზმის შენახვა. თუ ვჭამთ, როცა მოგვინდება და რამდენიც მოგვინდება, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენგანი ძალიან ბევრს ჭამს, მაგრამ კატასტროფულად ბევრს მაინც არა. ერთმა კაცმა შეიძლება ჭამოს ორი კაცის ულუფა, მაგრამ ათის ულუფას მაინც ვერ მოერევა. მადა წინ უსწრებს თავის ბიოლოგიურ დანიშნულებას, მაგრამ არა უზომოდ. ხოლო ახალგაზრდა კაცი თუ თავის სქესობრივ მადას აჰყვა, იმდენ სქესობრივ აქტს ჩაატარებს, რომ ყოველი მათგანის შედეგად თუ თითო ბავშვი დაიბადა, ათ წელიწადში ერთ პატარა სოფელს დაასახლებს. ამგვარი მადა არ ეთანადება მის ბიოლოგიურ ფუნქციას.

ან განვიხილოთ სხვა მხრიდან. ურიცხვი ადამიანი იყრის თავს სტრიპტიზის წარმოდგენაზე იმის სანახავად, თუ როგორ შიშვლდება ქალი სცენაზე. დავუშვათ, რომელიმე ქვეყანაში ჩახვედით და ნახეთ, რომ თეატრი სავსეა ხალხით. სცენაზე შემოაქვთ თავდახურული ჭურჭელი, მერე ამ ჭურჭელს თანდათანობით ეხდება ხუფი და ბოლოს, სინათლის ჩაქრობის წინ, მზერას წარმოუდგება ცხვრის კატლეტი ანდა შაშხის ნაჭერი. განა არ იფიქრებდით, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ჭამის მადა გაუკუღმართებია? ჰოდა, სხვა სამყაროში აღზრდილ კაცს სცენაზე სტრიპტიზი რომ ეხილა, განა არ იფიქრებდა, რომ სქესობრივი ინსტინქტები გაუკუღმართებული გვაქვს?

ერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ, თუ ნახავდა ქვეყანას, სადაც ცხვრის კატლეტის სტრიპტიზი პოპულარობით სარგებლობს, იფიქრებდა, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. ცხადია, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ისეთი მოვლენა, როგორიც სტრიპტიზია, შედეგია არა სქესობრივი გარყვნილებისა, არამედ - სქესობრივი შიმშილისა. მე ვეთანხმები იმაში, რომ თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში ადამიანები ცხოველ ინტერესს იჩენენ კატლეტის აღნიშნული სტრიპტიზისადმი, ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. მაგრამ ამ ჩვენი ჰიპოთეზის შესამოწმებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და გავარკვიოთ, მართლა აკლიათ თუ არა იმ ქვეყანაში საჭმელი. თუ დადასტურდა, რომ საჭმელი არ კლებიათ, მაშინ შიმშილის ჰიპოთეზაზე ხელი უნდა ავიღოთ და სხვა რამ მოვიფიქროთ. ასევე, სანამ სქესობრივ შიმშილს სტრიპტიზის მიზეზად გამოვაცხადებდეთ, გამოვარკვიოთ, აჭარბებს თუ არა ჩვენი ეპოქა სქესობრივი თავშეკავებულობით გარდასულ ეპოქებს, როცა სტრიპტიზი არ არსებობდა. ეჭვი არაა, არ აჭარბებს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებმა მკვეთრად გაზარდა სქესობრივ ურთიერთობათა ინტენსივობა როგორც ქორწინებაში, ისე მის გარეთ. წარმართობის შემდგომ ყველა საუკუნესთან შედარებით საზოგადოებრივი აზრი გაცილებით შემწყნარებელი გახდა როგორც უკანონო, ისე გაუკუღმართებული ურთიერთობებისადმი. სქესობრივი შიმშილის ჰიპოთეზა ერთადერთი შესაძლებელი ახსნა არ არის. ყველას მოეხსენება, რომ სქესობრივ მადას, როგორც ყველა სხვა მადას, მოჭარბებულობაც ზრდის. მშიერი მართლაც ბევრს ფიქრობს საჭმელზე, მაგრამ ასეა მსუნაგიც. ღორმუცელასაც და დამშეულსაც უყვართ სასიამოვნო გამაღიზიანებლები.

არსებობს მესამე ახსნაც. ძალიან ცოტას ნახავთ ადამიანს, ვისაც იმის ჭამა სურს, რაც, ჩვეულებრივ, საკვებად არ იხმარება ან კიდევ საჭმელს რაღაც სხვა დანიშნულებით იყენებს. მოკლედ, რაც ჭამას შეეხება, გემოვნების გაუკუღმართება იშვიათია. სქესობრივი ინსტინქტის გადაგვარების შემთხვევები კი ურიცხვია, ძნელად განკურნებადი და თავზარდამცემი. ვწუხვარ, რომ ამგვარ დეტალებში ვიჭრები, მაგრამ სხვაგვარად არ ხერხდება. იძულებული ვარ ეს ვაკეთო, რადგან ბოლო ოცი წელი სექსის შესახებ მაგარ-მაგარი ტყუილებით გვკვებავენ. ყელში ამოსვლამდე გვიმეორებენ, რომ სქესობრივი ლტოლვა ისეთი ბუნებრივია, როგორიც სხვა რომელიმე სასიცოცხლო ლტოლვა და როგორც კი უარს ვიტყვით ამ ლტოლვის ჩახშობის სულელურ ვიქტორიასეულ იდეაზე, ჩვენი ცხოვრება ლამაზი და საამური შეიქმნება. ეს სიცრუეა. ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია, პროპაგანდისგან პირი იბრუნოთ და ფაქტებს გადახედოთ.

თქვენ გეჩიჩინებიან, რომ სქესობრივი ურთიერთობები გადაგვარდა იმის გამო, რომ მას თრგუნავენ. მაგრამ, ბოლო ოცი წელია, სექსს აღარავინ თრგუნავს. ამაზე ლაპარაკით ყურები წაიღეს. მაგრამ საქმე მაინც ვერ მოგვარდა. თუ უბედურების თავი და თავი სქესობრივ ლტოლვათა დათრგუნვა იყო, მაშინ თავისუფლებას პრობლემა უნდა გადაეწყვიტა. ეს კი არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველაფერი პირიქითაა. ვფიქრობ, რომ ადამიანებმა დასაბამიდანვე დაიწყეს სქესობრივი ლტოლვის შეზღუდვა, რადგანაც ის იმთავითვე დიდ არევ-დარევას იწვევდა. თანამედროვე ადამიანებს უყვართ თქმა: სექსში არაფერია სამარცხვინო. ამაში შეიძლება ორ რამეს გულისხმობენ. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ კაცობრიობა თავის კვლავწარმოებას ამგვაზრი გზით ახდენს და არც იმაში, რომ ამ გზას თან ახლავს სიამოვნება. თუ ასე ფიქრობენ, მაშინ ისინი მართლები არიან. ქრისტიანობაც ამას ამბობს. სავალალო არც ეს გზაა, არც სიამოვნება. ძველი ქრისტიანი მოძღვრები ამბობდნენ, ადამიანი რომ არ დაცემულიყო, სქესობრივი ურთიერთობით გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებდა, ვიდრე ახლა იღებსო. ვიცი, რომ ზოგმა გონებაჩლუნგმა ქრისტიანმა მოიგონა თითქოს ქრისტიანული თვალსაზრისით სქესობრივი ურთიერთობები, სხეული, ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნება თავისთავად ბოროტება იყოს. ისინი ღრმად ცდებიან. ქრისტიანობა უდიდეს რელიგიათაგან თითქმის ერთადერთია, რომელიც ათვალისწუნებით არ უყურებს სხეულს, რომელსაც მიაჩნია, რომ მატერია სიკეთეა, რომ ერთხელ ღმერთი ადამიანის სხეულით მოგვევლინა, რომ ზეციურ სასუფეველშიც კი მოგვეცემა რაღაც სხეულის მაგვარი და იგი შეიქნება ჩვენი ბედნიერების, სილამაზის, ენერგიის არსებითი ნაწილი. ქრისტიანობამ განადიდა ქორწინება გაცილებით მეტად, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიამ. სასიყვარულო პოეზია უმეტეს წილად ქრისტიანთა დაწერილია. თუ ვინმე ამბობს, რომ სქესობრივი ურთიერთობები ბოროტებაა, ქრისტიანობა მყისვე შეედავება. მაგრამ, როცა დღეს ამბობენ, სექსში სამარცხვინო არაფერიაო, შეიძლება ამაში გულისხმობენ, რომ არაფერია სამარცხვინო იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს სქესობრივი ინსტინქტი აღმოჩნდა.

თუ ეს აქვთ მხედველობაში, ვფიქრობ, რომ ისინი ცდებიან. ჩემი აზრით, დღეს იგი ძალიანაც სამარცხვინოა. არაფერია სამარცხვინო იმაში, კაცმა რომ საჭმელი დააგემოვნოს, მაგრამ დიდი სირცხვილი იქნებოდა, კაცობრიობის ნახევარი ცხოვრების მთავარ ინტერესად ჭამას გაიხდიდეს და ცხოვრებას საჭმლის გამომხატველი სურათების ცქერაში, ტუჩების ლოკვაში და ნერწყვის ყლაპვაში გაატარებდეს. იმის თქმა არ მინდა, რომ პირადად მე და თქვენ ვართ პასუხისმგებელი შექმნილი სიტუაციის გამო. ჩვენმა წინაპრებმა ამგვარად წახდენილი სხეულები გადმოგვცეს, ჩვენ კი ვიზრდებოდით სქესობრივი თავშეუკავებლობის პროპაგანდის გარემოცვაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, ჩვენი სქესობრივი ინსტინქტები ნიადაგ აღგზნებულ მდგომარეობაში ამყოფონ, რადგან ამით დიდ ფულს შოულობენ. ვნებააშლილი ადამიანი ფულის დახარჯვაზე უკან არ დაიხევს. ღმერთმა იცის ჩვენი მდგომარეობა. იგი ჩვენ ისე არ განგვსჯის, თითქოს სიძნელეები არ გვქონოდა გადასალახი.

სანამ განვიკურნებოდეთ, განკურნება უნდა გვინდოდეს. ვინც ჭეშმარიტად ესწრაფვის დახმარებას, მიიღებს კიდეც. მაგრამ ბევრ თანამედროვე ადამიანს ამის სურვილიც არ ებადება. იოლია, ვიფიქროთ, ვითომ რამე გვინდა, როცა ის სინამდვილეში სულაც არ გვსურს. ძალიან დიდი ხნის წინ ერთმა ცნობილმა ქრისტიანმა თქვა, რომ ახალგაზრდობაში ღმერთს ვევედრებოდი, უბიწოების დაცვაში შემწეოდაო. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ, როცა ჩემი ბაგეები ჩურჩულებდნენ: "ჰოი, ღმერთო, მქენ მე უბიწო", გული იდუმალ ამატებდა: "ოღონდ ნუ იზამ ამას ახლავეო". იგივე შეიძლება შეემთხვას სხვა სათნოებათა გამო ლოცვა-ვედრებას. მაგრამ არსებობს სამი მიზეზი იმისა, თუ დღესდღეობით ასე რატომ გვიჭირს სრულ უბიწოებას ვესწრაფვოდეთ, მის მიღწევაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ჯერ ერთი, ჩვენი წამხდარი ბუნება, მაცდური ეშმაკეულნი და ავხორცობის მთელი თანამედროვე პროპაგანდა ერთად გვარწმუნებენ, რომ სურვილები, რომელთაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, ბუნებრივია, საღი და კანონზომიერი, რომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევაა არანორმალურობა და სიმახინჯე. აფიშა აფიშაზე, ფილმი ფილმზე, რომანი რომანზე სქესობრივ თავშეუკავებლობას უკავშირებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ნორმალურობას, ახალგაზრდობას, გულმართლობას, და კარგ გუნება-განწყობას. ჰოდა, ასეთი დაკავშირება ყალბია. ყველაზე დიდი ტყუილის მსგავსად ესეც წილნაყარია სიმართლესთან, კერძოდ, ზემოთაღიარებულ სიმართლესთან, რომ სქესობრივი ლტოლვა (ზედმეტობისა და გაუკუღმართების გარეშე) ნორმალურია, ჯანმრთელი და ა.შ. მაგრამ ტყუილია ის, რომ ყოველი სქესობრივი აქტი, რომლისკენაც ლტოლვას მოცემულ მომენტში გრძნობთ, ჯანსაღია და ნორმალური. ქრისტიანობაც რომ იქით იყოს, ეს საღი აზრის პოზიციიდანაც სისულელეა. ჩვენს ყველა სურვილს რომ გასაქანი მივცეთ, ცხადია, მიგვიყვანს იმპოტენციამდე, ავადმყოფობამდე, ეჭვიანობამდე, ტყუილამდე, თვალთმაქცობამდე და ყველაფერ იმამდე, რაც ვნებს ჯანმრთელობას, კარგ განწყობილებას და სიწრფელეს. ამ სამყაროში ბედნიერების მისაღწევად საკმაოდ დიდი თავშეკავებაა საჭირო. ამიტომ განცხადება, რომ ყოველი ლტოლვა, თუ ის ძლიერია, კიდეც ჯანმრთელია და კანონიერი, უაზრობაა. ყოველ გონიერსა და ცივილიზებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს რაღაც სისტემა პრინციპებისა, რომელთა მეოხებითაც სურვილების ნაწილს განახორციელებს, ნაწილს ჩაიხშობს. ზოგისთვის ამოსავალია ქრისტიანული პრინციპები, ზოგისთვის - ჰიგიენური, ზოგისთვის - სოციალური. კონფლიქტი არსებობს არა ქრისტიანობასა და ბუნებას შორის, არამედ ბუნების გაკონტროლების ქრისტიანულ და მისგან განსხვავებულ პრინციპებს შორის, რადგანაც ბუნების (ე.ი. ბუნებრივი სურვილების) კონტროლი მაინც საჭიროა, თუ არ გსურთ ცხოვრების დაღუპვა. უნდა ვაღიაროთ, რომ ქრისტიანული პრინციპები სხვებზე მკაცრია, მაგრამ თავად ქრისტიანობა გვეხმარება მათ აღსრულებაში. სხვა პრინციპთა დაცვისას კი გარედან დახმარებას ვერ მივიღებთ.

მეორე, მრავალ ადამიანს ეშინია დაიცვას ქრისტიანული უბიწოება, რადგან წინდაწინ მიაჩნია, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ, როცა რამის მცდელობა აუცილებელია, ნუ იფიქრებთ, დაძლევთ თუ არა. როცა საგამოცდო ფურცელზე არასავალდებულო შეკითხვა გიწერიათ, თქვენ დაფიქრდებით შეგიძლიათ თუ არა პასუხის გაცემა. როცა შეკითხვა სავალდებულოა, აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. არასრულყოფილ პასუხზეც კი რაღაც შეფასებას მიიღებთ, მაგრამ საერთოდ თუ არ უპასუხეთ, ნამდვილად არანაირი შეფასება არ გექნებათ. ასეა არა მარტო გამოცდებზე, არამედ ომში, მთაზე ასვლის წინ, ან ციგურებით სრიალს, ცურვას, ველოსიპედის ტარებას რომ სწავლობთ, ან სულაც გათოშილი ხელებით საყელოს შეკვრას რომ ცდილობთ. ადამიანები აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც მცდელობამდე შეუძლებელი ეგონათ. გაოცება გიპყრობს, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია, როცა ამას აუცილებლობა გაიძულებს.

შეგვიძლია სრულიად დარწმუნებული ვიყოთ, რომ სრულყოფილი უბიწოება, ისევე როგორც სრულყოფილი სიქველე, მარტოოდენ ადამიანური ძალისხმევით არ მიიღწევა. დახმარება ღმერთს უნდა თხოვოთ. მაგრამ ამის მერეც მოგეჩვენებათ, რომ დიდ ხანს დახმარებას არ მიიღებთ, დახმარება იმდენი არაა, რამდენიც თქვენ გჭირდებათ. ამაზე არ იდარდოთ. ყოველთვის, როცა უკან იხევთ, პატიება ითხოვეთ, გამაგრდით და კიდევ სცადეთ. უმეტეს შემთხვევაში ღმერთი უშუალოდ სათნოებას კი არ განიჭებთ, არამედ - ძალას, რათა თავიდან შეეცადოთ. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი სათნოება იყოს უბიწოება (ან სიმამაცე, სიმართლე, ან ნებისმიერი სხვა), თავად მისი მიღწევის პროცესი ჩვენში ისეთ სულიერ ჩვევებს აყალიბებს, რომლებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. იგი გვკურნავს იმ ილუზიებისაგან, საკუთარ თავზე რომ გაგვაჩნია და გვასწავლის, ყველაფერში ღმერთს დავემყაროთ; ჩვენ ვსწავლობთ, ერთი მხრივ, რომ არ შეიძლება საუკეთესო წუთებშიც კი საკუთარ თავს ვენდოთ, მეორე მხრივ, იმას, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი არ უნდა დავკარგოთ იმედი, რადგანაც წარუმატებლობას ღმერთი გვაპატიებს. ერთადერთი საბედისწერო შეცდომა ისაა, ხელი ჩავიქნიოთ და დავკმაყოფილდეთ რაღაც ისეთით, რაც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილება.

მესამე, ადამიანებს სწორად არ ესმით ის, რასაც ფსიქოლოგები "დათრგუნვას" უწოდებენ. ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ დათრგუნული სქესობრივი ინსტინქტები სერიოზული საფრთხეა. მაგრამ "დათრგუნული" ტექნიკური ტერმინია. იგი არ ნიშნავს "უარყოფილს" ან "უგულებელყოფილს". დათრგუნული სურვილი ან აზრი გადაისროლება არაცნობიერში (ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში), ამის შემდეგ კი შეუძლია აღდგეს ცნობიერში შენიღბული და გამოუცნობი სახით. დათრგუნული სექსუალობა პაციენტში სექსუალობის სახით სულაც არ მჟღავნდება. როცა ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის კაცი, რომელიმე ცნობიერ სურვილს ეწინააღმდეგება, იგი არაფერს თრგუნავს და დათრგუნვის რაიმე საფრთხესაც კი არ ქმნის. პირიქით, ვინც სერიოზულად ცდილობს დაიცვას უბიწოება, იგი უკეთ აცნობიერებს საკუთარ სექსუალობას და სხვებზე მეტი იცის მის შესახებ. ასეთი ადამიანი იცნობს საკუთარ სურვილებს, როგორც იცნობდა ველინგტონი ნაპოლეონს, შერლოკ ჰოლმსი მორიარტის ან კიდევ ვირთხების დამჭერი ერკვევა ვირთხებში, ხოლო სანტექნიკოსი - მილებში. სათნოებას ან თუნდაც მისი მიღწევის სურვილს სინათლე მოაქვს, თავშეუკავებლობას - ბურუსი.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა გამიგრძელდა სექსზე, მინდა განვმარტო, რომ ქრისტიანული ზნეობის შუაგული აქ არაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ უბიწოების დაუცველობა ქრისტიანობის ყველაზე დიდი ცოდვაა, ძალიან ცდება. ხორციელი ცოდვები საშინელია, მაგრამ მათზე უარესი ცოდვებიც არსებობს. ყველაზე წამხდარი სიამენი სულიერი რიგისაა. ასეთია სიამოვნება, აცდუნო ვინმე ბოროტ საქციელზე, მოახვიო სხვას საკუთარი ნება, ჩაუშალო სხვას საქმე, ცილი სწამო, ბოროტად გამოიყენო ძალაუფლება, გძულდეს. ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს ორი საწყისი, რომლებიც ებრძვიან ადამიანის მე-ს, იმას, რადაც უნდა ვისწრაფვოდე, რომ ვიქცე. ეს საწყისებია ჩემი ცხოველური "მე" და ეშმაკისეული "მე". აი, რატომაა, რომ ცივი, თვითკმაყოფილი პედანტი, რეგულარულად რომ დაიარება ეკლესიაში, შეიძლება უფრო ახლოს იყოს ჯოჯოხეთთან, ვიდრე მეძავი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობია, არც ერთი იყო და არც მეორე.

jesus.ge

დიდზე დიდი ცოდვა – სიამაყე, “სულის კიბო” -კლაივ ლუისი

არსებობს მანკიერება, რომელიც ერთნაირად ყველა ადამიანს სჭირს, თუმცა ყველას სძულს ის სხვა ადამიანში და ძნელად თუ ამჩნევს ვინმე (ქრისტიანის გარდა) მას საკუთარ თავში. ხშირად მსმენია როგორ აღიარებენ ადამიანები, რომ ცუდი ხასიათი აქვთ, მშიშრები არიან და სხვ., მაგრამ არ მახსენდება არაქრისტიანს ამ მანკიერებაში დაედანაშაულებინოს თავი. სამაგიეროდ იშვიათად შემხვედრიან ურწმუნოები, რომლებიც დადებითად იყვნენ განწყობილი ამ მანკიერების მიმართ სხვებში. არ არსებობს მანკი, რომელიც ასე გვზარავდეს სხვებში და ასე ვერ ვამჩნევდეთ საკუთარ თავში და რაც უფრო დიდი დოზით გვაქვს ის თავად, მით უფრო ვერ ვიტანთ მის გამოვლინებას გარშემომყოფებში.

როდესაც უბიწოებაზე ვსაუბრობდით, მე გაგაფრთხილეთ, რომ ქრისტიანულ ზნეობაში ის უმთავრესი არ იყო. ახლა სწორედ ამ უმთავრესს მივადექით. მე სიამაყეზე ანუ თვითკმაყოფილებაზე ვლაპარაკობ, მის საპირისპირო თვისებას ქრისტიანები თავმდაბლობას უწოდებენ. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით სიამაყე ყველაზე საშინელი მანკიერებაა, თავაშვებულობა, მემთვრალეობა და სიხარბე მასთან შედარებით წვრილმანებია. სწორედ სიამაყის გამო იქცა ეშმაკი იმად, რაც არის. გულზვიადობას მივყავართ ყველა სხვა მანკიერებისაკენ. ეს სულის იმგვარი მდგომარეობაა, რომელიც სრულიად მიუღებელია ღვთისთვის.

შესაძლოა გეგონოთ, რომ ვაზვიადებ, მაგრამ მოდით, ერთად დავფიქრდეთ. რამდენიმე წამის წინ ვთქვი: რაც უფრო ამპარტავანია ადამიანი მით უფრო სძულს ეს თვისება სხვებში. თუ საკუთარი გულზვიადობის გაზომვა გსურთ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა : რამდენად მაღიზიანებს, როცა მამცირებენ, არ მამჩნევენ, ჩემს საქმეში ერევიან, დიდკაცურად მეპყრობიან, ან ჩემი თანდასწრებით ტრაბახობენ? საქმე ის გახლავთ, რომ ერთი ადამიანის სიამაყე მეორე ადამიანისას კრიჭაში უდგას და სწორედ ამიტომ, მინდა რომ წვეულებაზე ყველაზე შესამჩნევად გამოვიყურებოდე და ვბრაზობ, როცა ყურადღებას სხვა იქცევს.

სიამაყეს თან ახლავს მეტოქეობის სურვილი. იგი მხოლოდ მაშინ წყნარდება, როცა მეტი აქვს, ვიდრე მეზობელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანები ამაყობენ სილამაზით, სიმდიდრით, ჭკუა–გონებით, თუმცა ეს მთლად ასე არ არის, ისინი იმით ამაყობენ, რომ სხვებზე ლამაზები, მდიდრები და ჭკვიანები არიან. ყველა რომ ერთნაირად ლამაზი ან მდიდარი ყოფილიყო საამაყო არაფერი იქნებოდა, სწორედ შედარებაა ის, რაც სიამაყეს აღძრავს ჩვენში. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ სხვებზე უკეთესი ხარ. იქ ,სადაც ვერავის გაეჯიბრები არც სიამაყე არსებობს. მეტოქეობის სურვილი სიამაყეს ორგანულად ახასიათებს, მაშინ როცა სხვა მანკიერებაზე ამას ვერ იტყვი. სქესობრივმა ლტოლვამ შეიძლება ორ მამაკაცს შორის მეტოქეობა წარმოშვას, თუ მათ ერთი და იგივე ქალი მოსწონთ, მაგრამ ეს შემთხევითობაა, ხომ შეიძლება სხვადასხა ქალი მოსწონებოდათ; მაშინ როცა ამაყი მამაკაცი იმიტომ კი არ გართმევთ სატრფოს, რომ შეყვარებულია, არამედ იმის გამო, რომ თავისი უპირატესობა დაგიმტკიცოთ. სიხარბემაც შეიძლება გვიბიძგოს მეტოქეობისკენ თუკი რაღაც გვაკლია, მაგრამ ამაყი კაცი, თუნდაც თავზე საყრელი ჰქონდეს ყველაფერი, მხოლოდ იმიტომ შეეცდება მეტის შეძენას, რომ ძალაუფლება განიმტკიცოს. თითქმის ყველა ბოროტება, რომელსაც ადამიანები სიხარბესა და ეგოიზმს მიაწერენ სიამაყის ნაყოფია.

ავიღოთ თუნდაც ფული, ადამიანები სულ უფრო მეტის გამომუშავებას იმიტომ კი არ ცდილობენ, რომ კარგი მანქანა ან აგარაკი იყიდონ, არამედ იმიტომ რომ თავის ძალაუფლებას გაუსვან ხაზი, რომ სხვაზე მეტად იგრძნონ თავი. აი, თუნდაც რატომ თესავს ლამაზი ქალიშვილი უბედურებას ახალ – ახალი თაყვანისმცემლების მიზიდვით? არა იმიტომ რომ ავხორცია, რადგან ასეთები, როგრც წესი, ცივები არიან, არამედ მას ამისკენ სიამაყე უბიძგებს. სიამაყე მეტოქეობის სურვილით არის გაჯერებული და სულ უფრო მეტის მიღწევას ვცდილობთ. მეც ეს მანკიერება მჭირს და სანამ ვინმეს ჩემზე მეტი ჭკუა, სიმდიდრე და ძალაუფლება ექნება ჩემს მტრად დავსახავ.
ქრისტიანობა მართალია, როდესაც ამბობს, რომ სწორედ სიამაყე იწვევდა უბედურებებს ხალხებისა და ოჯახების ცხოვრებაში. სხვა შემთხევაში მანკიერებებმა შესაძლოა ადამიანები გააერთიანონ კიდეც, მაგ; ისინი, ვინც სვამს ან უბიწოებასთან მწყრალად არის ადვილად პოულობენ მეგობრებს. სიამაყე კი მტრობას წარმოშობს, რადგან ის თვითონ არის მტრობა, არამარტო ადამიანებს , არამედ ადამიანებს და ღმერთს შორისაც.
ღმერთი ყველა თვალსაზრისით ჩვენზე მაღლა დგას, სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, ვერც მას შეიცნობთ. ანუ ვერ გაიცნობთ ღმერთს, თუ სიამაყეს არ უკუაგდებთ. ამაყი ადამიანი ყველას ზემოდან უყურებს და როგორ შენიშნავს მას, ვინც მასზე მაღლა დგას?!
აქ ერთი საშინელი კითხვა ჩნდება, როგორ ხდება, რომ ამაყი ადამიანები თავს ღვთისმოსავებად მიიჩნევენ? ვფიქრობ ისინი წარმოსახვით ღმერთს ეთაყვანებიან და თეორიულად აღიარებენ, რომ თვითონ არარაობანი არიან ამ ღმერთის წინაშე, თუმცა გამუდმებით ელანდებათ, რომ ღმერთი მათ საქციელს უწონებს და სხვებზე კარგ ადამიანად მიიჩნევს. ისინი თავის “ღმერთს” მოჩვენებითი თავმდაბლობთ პასუხობენ, ადამიანებს კი ქედმაღლურად უყურებნ. ალბათ, მათზეც ამბობდა იესო, რომ მისი სახელით მოიმოქმდებდნენ სასწაულებს და იქადაგებდნენ, მაგრამ აღსასრულის ჟამს გაიგებდნენ, რომ უფალი არ იცნობს მათ. ამ მახეში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გაებას. საბედნიეროდ არსებობს საკუთარი თავის შემოწმების საშუალება, როდესაც მოგვეჩვენება რომ სხვაზე უკეთესები ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ეშმაკისგან მოდის და არა ღმერთისგან. დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი თქვენთან მაშინ არის, როცა თითქმის არ გახსოვთ საკუთარი თავი ან უმნიშვნელოდ გეჩვენებათ.

რაოდენ საშინელია, რომ ყველაზე მახინჯ მანკიერებას თქვენი სულიერი ცხოვრებს შუაგულში შეჭრის უნარი შესწვს. სხვა ნაკლებ საშიში მანკიერებანი , იმ ეშმაკისგან მოდიან ჩვენს ცხოველურ ბუნებაზე რომ ზემოქმედებს, ეს კი ჯოჯოხეთური გზებით გვიახლოვდება. ის სულიერი ხასიათის მოვლენაა და სწორედ ამიტომ მოქმედებს გონივრულად და მომაკვდინებლად. ამ მიზეზის გამოა, რომ სიამაყეს შეუძლია სხვა მანკიერებები გამოასწოროს, მაგ. იმოქმედო ბავშვის პატივმოყვარეობაზე, რათა უკეთ ისწავლოს, ბევრი ადამიანი უარს ამბობს ცუდ ჩვევებზე, რადგან ეს მის ღირსებას არ შეჰფერის, ისინი საკუთარ თავში სიამაყის გაღვიძებით იმარჯვებენ, ეშმაკი კი ამ დროს სიცილით კვდება… მას ძალიანაც აწყობს, რომ მამაცი და მტკიცე გახდეთ, ოღონდ სიამაყის დიქტატურის ქვეშ. სწორედ ასევე მას არაფერი საწინააღმდეგო არ ექნებოდა თუ ციებ–ცხელებისგან განიკურნებოდით, კიბოთი კი დაგაავადებდათ. სიამაყე ხომ სულის კიბოა, ის ნთქავს სიყვარულს, სიხარულს და თვით ჯანსაღი აზროვნების უნარსაც კი.

სანამ საუბარს დავასრულებდე, მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად :

1. თუ სიამოვნებას განიცდით , როდესაც გაქებენ, ეს არ ნიშნავს რომ ამაყი ხართ. ბავშვი , რომელიც კარგი სწავლისთვის შეაქეს; ქალი, რომლის სილამაზითაც აღფრთოვანებულია შეყვარებული, ერთგული მსახური, რომელსაც უფალი ეუბნება – ” კარგი, კეთილო მონავ!”, გახარებული არიან და ეს სავსებით კანონზომიერია. ისინი არ არიან თვითკმაყოფილნი, არამედ სიამოვნებთ, რომ სხვისი გახარება შეძლეს.
პრობლემა იქ იწყება, როდესაც საკუთარი თავის დაჯერებას ვიწყებთ, რომ ძალიან კარგები ვართ და რაც მეტად გვაქებენ ,მით ნაკლებად გვსიამოვნებს, არამედ საკუთარი თავით ვტკბებით. ამ სიტუაციაში უნდა ჩავთვალოთ, რომ ფსკერზე დავშვით, რადგან , როგორც წესი, ის სიამაყე (მსუბუქი პატივმოყვარეობა) რაც ზედაპირზე ტივტივებს ნაკლებ საშიშია ხოლმე. პატივმოყავრე ადამიანს სწყურია ქება, აბლოდისმეტები, კომპლიმენტები. ეს ნაკლია, მაგრამ ის იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ საკუთარი თავის გაღმერთება და ცდილობთ მოაწონოთ თავი გარშემომყოფებს, რაც იმას ნიშნავს რომ მათ აღიქვამთ და მათი აზრი ჯერ კიდევ გაინტერესებთ. შავი, დემონური სიამაყე მხოლოდ მაშინ გვიპყრობს, როცა გარშემომყოფბს ვეღარ აღვიქვამთ, უბრალოდ ისინი ჩვენთვის “ბრბოს” ნაწილნი ხდებიან, რომელთა აზრიც არ გავინტერესებს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი განსაკუთრებულობის , ნიჭის და მოხერხებულობის გამო ვფლობთ ყველაფერს რაც გვაქვს. აქ შეიძლება სიამაყე პატივმოყვარეობას დაუპირისპირდეს კიდეც. როგორც ზემოთ ვთქვი, ეშმაკს უყვარს წვრილ– წვრილი უარყოფითი თვისებებისგან განკურნება, მათი მსხვილი მანკიერებით შეცვლის მიზნით. ასე რომ პატივმოყვარეობისგან განსათავისუფლებლად სიამაყეს არ უნდა მოვუხმოთ.
2. გაგვიგია, რომ ადამიანები ამბობენ : “ვამაყობ შვილით, მამით, ოჯახით…”, აქ საგულისხმოა რა არის ჩვენთვის სიტყვა “სიამაყე”, თუ ის აღფრთოვანებას და სიყვარულს გამოხატავს, მაშინ ის ცოდვა არ არის, მაგრამ თუ ადამიანი თავს განსაკუთრებულ პერსონად მიიჩნევს რომელიმე ოჯახის თუ გვარის კუთვნილების გამო ეს უკვე პრობლემაა. საკუთარი თავის გაფეშიტებას სჯობს ვინმე გვიყვარდეს, თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო, რადგან შეუძლებელია სრული განკურნება თუ ღმერთზე მეტად გვიყვარს ვინმე, ან რამე.

3. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი სიამაყეს იმიტომ გვიკრძალავს, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ან ჩვენგან თავმდაბლობას იმიტომ მოითხოვს, რომ თავის სიდიადეს გაუსვას ხაზი, თითქოს თავად იყოს სიამაყით დაავადებული. ღმერთს საკუთარი ღირსება ნაკლებად აღელვებს, უბრალოდ სურს რომ შევიცნოთ იგი. მას უნდა, რომ საკუთარი თავი გვიბოძოს და თუ ჩვენ მას მართლაც მივუახლოვდებით გავთავისუფლდებით საკუთარ ღისებებზე შეთხზული მითებისგან , რომელიც სიხარულის უნარს გვართმევდა. ის მორჩილებისკნ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ სურს ცხოვრება გაგვიადვილოს, შემოგვაძარცვოს მახინჯი ტანსაცმელი, რომლითაც ვიკაზმებით და ვიბღინძებით. მეც მინდა, რომ მორჩილი და თავმდაბალი ვიყო და ამისთვის რომ მიმეღწია უფრო მეტს გიამბობდით, იმ სილაღეზე, რომელსაც მოგვანიჭებდა ამ სამასკარადო კოსტიუმის გახდა, თავისი ყალბი “მე – თი” და პრეტენზიებით.

4. არ იფიქროთ, რომ ნამდვილი მორჩილება სიგლახაკესა და სიბეჩავეს ნიშნავს. ნამდვილად მორჩილი ადამიანი მხიარული და ლაღია, გონიერი და აინტერესებს, რასაც ეუბნებით. თუ ის არ მოგეწონებათ, მხოლოდ იმიტომ რომ შური გაგკენწლავთ. რანაირად ახერხებს ასე მსუბუქად და მხიარულად აღიქვას ცხოვრება? ის საერთოდ არ ფიქრობს თავის მორჩილებაზე… ის საერთოდ არ ფიქრობს საკუთარ თავზე…
ვისაც სურს იყოს მორჩილი, შემიძლია, რომ პირველი ნაბიჯი ვუკარნახო : შეიგნეთ, რომ ამაყი ხართ! ამ ნაბიჯის გარეშე ვერაფერს გააწყობთ და თუ ფიქრობთ, რომ ამაყი არ ხართ, მაშინ დანამდვილებით ამაყი ყოფილხართ…


კლაივ ლუისი



суббота, 21 октября 2017 г.

"Крестный отец" Саксофон Felix Slovacek


არის ფული ბოროტების საფუძველი?

აინ რენდი: არის ფული ბოროტების საფუძველი?


ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ ფული ყველა ბოროტების საფუძველია? – იკითხა ფრანცისკო დე ანკონიამ. ოდესმე გიფიქრიათ, თუ რა არის ფულის საფუძველი? ფული გაცვლის საშუალებაა, რომელიც არ იარსებებებდა რომ არა წარმოებული საქონელი და ადამიანები, რომლებსაც შეეძლებოდათ ეწარმოებიათ ისინი. ფული მატერიალური გამოხატულებაა იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს შორის ურთიერთქმედებენ, ვაჭრობენ და ცვლიან ღირებულებას ღირებულებაზე. ფული არ არის ძარცვის საშუალება და არც სიზარმაცის წყარო. ფული იქმნება ადამიანის მიერ, რომელიც აწარმოებს და ქმნის პროდუქციას. და თქვენ ამას მიიჩნევთ ბოროტებად?

როდესაც საკუთარი სურვილით აღიარებ ფულს, როგორც გაცვლის საშუალებას, შენ ამავდროულად გწამს, რომ შეძლებ გაცვალო იგი იმ პროდუქტზე, რომელიც სხვის მიერ არის შექმნილი. ზარმაცები და მძარცველები არ აძლევენ ფულს ღირებულებას. არცერთ ცრემლთა ოკეანეს და არც მთელი მსოფლიოს იარაღებს არ შეუძლიათ გარდაქმნან შენს ჯიბეში არსებული ქაღალდის ნაგლეჯები პურად, რომელიც შენ ხვალ გადარჩენისათვის გჭირდება. ქაღალდის ეს ნაგლეჯები, რომელიც ოქრო უნდა ყოფილიყო, მხოლოდ იმ ადამიანის შრომისა და ენერგიის ხარჯზე გარდაიქმნება ფულად, რომელიც პროდუქციას აწარმოებს. შენი სავსე ჯიბე იმის გარანტიაა, რომ ამქვეყნად არავინ დაარღვევს იმ მორალურ პრინციპებს, რომლებიც ფულის საფუძველია. და შენ ამას უწოდებ ბოროტებას?გიფიქრია ოდესმე წარმოების არსზე? შეხედე ელექტრო–გენერატორს და მიეცი შენს თავს უფლება თქვას,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ცხოველების შექმნილია. შეეცადე გაზარდო ხორბლის მარცვალი იმ ცოდნის გარეშე, რომელიც ადამიანმა აღმოაჩინა, როდესაც პირველად ზრდიდა მას. ეცადე მოიპოვო შენი სარჩო ისე, რომ არაფერი გააკეთო და მაშინ მიხვდები, რომ ადამიანის გონება არის იმ ყოველივე კარგის, ყოველივე სიმდიდრის საფუძველი, რაც კი ოდესმე წარმოებულა ამქვეყნად.

მაგრამ შენ ამბობ, რომ ფულს ძლიერი ქმნის სუსტის ხარჯზე? რომელ სიძლიერეს გულისხმობ? ეს არაა კუნთისა და იარაღის ძალა. სიმდიდრე ადამიანის აზროვნების პროდუქტია. და ის ფული, რომელიც მოტორის გამომგონებელმა ადამიანმა იშოვა იმის ხარჯზე ნაშოვნია ვისაც ამ გამოგონების შექმნაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის? იქმნება ფული სულელი ადამიანების ხარჯზე, ჭკვიანი ადამიანების მიერ? არაკომპეტენტური ადამიანების ხარჯზე? ამბიციურის მიერ ზარმაცის ხარჯზე? ფული იქმნება მანამ, ვიდრე იგი ზარმაცისა და მძარცველის ხელში მოხვდება – იქმნება პატიოსანი კაცის ძალისხმევით. და პატიოსანი კაცი ისაა, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლია მოიხმაროს იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავა.

გაცვლა ფულის საშუალებით ადამიანთა კეთილი ნების გამოხატულებაა. ფულის ცოცხლობს აქსიომაში, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი გონებისა და ძალისხმევის პატრონი. ფული არ იყენებს ძალას იმისათვის, რომ განსაზღვროს ჩვენი შრომის ღირებულება. ის თავისუფალი არჩევანია – გამოხატული იმაში, რომ ადამიანს აქვს ძალდაუტანებელი სურვილი იმისა, რომ თავისი შრომა მის სხვა საჭიროებებზე გაცვალოს. ფული გვაძლევს საშუალებას შევიძინოთ ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც ამ ფულის სანაცვლოთ ვიმსახურებთ. ფული მოითხოვს იმის გააზრებას, რომ ადამიანებმა საკუთარი სარგებელისათვის უნდა იშრომონ და არა საკუთარი ზიანისათვის, მოგებისათვ ის და არა დანაკარგისათვის. ფული მოითხოვს, რომ გაყიდო არა შენი სისუსტე და სიბრიყვე, არამედ შენი ნიჭი და ტალანტი. იგი მოითხოვს იყიდო არა ის სიყალბე, რომელსაც გთავაზობენ, არამედ საუკეთესო რამ, რისი ყიდვაც კი შენს ფულს შეუძლია. და ადამიანები ცხოვრობენ მიზეზობრივად და არა ძალდატანებით. ფული ადამიანის შრომის შეფასების და მისი დაჯილდოების საუკეთესო საშუალებაა და ეს არის მის არსებობის მთავარი დანიშნულება და მიზეზი. და თქვენ ამას უწოდებთ ბოროტებას?

თუმცა ფული მხოლოდ საშუალებაა. საშუალება იმისა, რომ წაგიყვანოთ იქ სადაც ისურვებთ, მაგრამ იგი მძღოლის მაგივრობას ხომ ვერ გაგიწევთ? ის მოგცემთ საშუალებას იმისა, რომ სურვილები დაიკმაყოფილოთ, მაგრამ თქვენს გარეშე სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ფულს არ შეუძლია იყიდოს ბედნიერება ადამიანისათვის, რომელმაც არ იცის რა სურს. ფული ცოდნითა და მიზნების სიმრავლით ვერ გაანებივრებს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ფულს არ შეუძლია იყიდოს ჭკუა სულელისათვის და პატივისცემა უცოდინარისათვის. ადამიანი, რომელიც ცდილობს შეისყიდოს მასზე მაღლა მდგომთა ტვინები იმისათვის, რომ შემდეგ თავის სასარგებლოდ ამუშაოს, მალე მასზე ქვემდგომთა მსხვერპლი ხდება. ჭკვიანი კაცი იმსახურებს ფულს , რასაც ვერ ვიტყვით გაიძვერებზე და თაღლითებზე, რომლებიც ბრალს სდებენ მას სხვადასხვა დაუსაბუთებელ მიზეზთა გამოყენებით. თუმცა არცერთი პატიოსანი კაცი არ არის იმ ფულზე პატარა, რომელსაც ფლობს. და თქვენ ამის გამო ეძახით ფულს ბოროტებას?
ადამიანები თავად ქმნიან საკუთარ ბედ–იღბალს.თუ კაცი იმსახურებს ფულს იგი სწორად იყენებს მას, თუ არადა პირიქით. თუმცა თქვენ გამოხვალთ და ტირილით შესძახებთ, რომ ფულმა გააფუჭა ადამიანი! თუ პირიქით, მან გააფუჭა ფული, როდესაც შეეძლო კეთილად მოეხმარა იგი!!! ნუ დაადანაშაულებ ვინმეს. ეს შენი სიმდიდრე არ ყოფილა და არა მგონია უკეთესად მოგეხმარა შენი, რომ ყოფილიყო… ფიქრობ,თუ რატომ მოხვდა ამდენი ფული მარტო ერთი ადამიანის ხელში და რომ ეს ფული შეიძლებოდა სხვა ადამიანთა შორისაც განაწილებულიყო ? რა მნიშვნელობა აქვს სამყაროში ერთი პარაზიტი იცხოვრებდა, თუ 50. საზოგადოებრივი სიკეთე ხომ მაინც დაიკარგებოდა. ფული ძალაა, რომელიც თავისი საფუძველის (წარმოების) გარეშე იღუპება, ფული არ ემსახურება გონებას, რომელსაც მისი გამოყენება არ შეუძლია. და თქვენ ამის გამო უწოდებთ ფულს ბოროტებას?

ფული თქვენი გადარჩენის საშუალებაა და თქვენ ფიქრობთ, რომ მან მოგიღოთ ბოლო? იშოვეთ ეს ფული თაღლითობით? ადამიანთა სიბრიყვის გამოყენებით? სულელთა მოტყუებით, რომ იმაზე მეტს მიიღებდნენ, ვიდრე იმსახურებდნენ? მისთვის მუშაობით ვინც გეზიზღებოდათ? თუ ეს ასეა, მაშინ ეს ფული გროშის სიამოვნებასაც კი არ მოგანიჭებთ. ამის შემდეგ რაც არ უნდა შეიძინოთ, ეს შეხსენება იქნება იმისა, რომ საკუთარ თავს საყვედური უთხრათ. ეს თქვენი მიღწევა არაა, ეს შეხსენებაა იმისა, რომ ეს ფული სამარცხვინო გზით იშოვეთ. და შემდეგ თქვენ კიდევ იყვირებთ, რომ ფული ბოროტებაა? და რატომ? იმიტომ, რომ თავი ღირსეულად ვერ გაგძნობინათ? ბოროტებაა იმიტომ ,რომ ვერ ისიამოვნეთ საკუთარი გარყვნილებით? არის თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ ფული შეიძულეთ?!

ფული კეთილდღეობის წყაროა, თუმცა არაა გარანტი იმისა, რომ სიკეთეს მოგიტანთ და თქვენს ცოდვებს გამოისყიდის. ფული ვერ მოგცემთ იმას, რაც არ გამოიმუშავეთ, არც ხორციელ და არც სულიერ ცხოვრებაში. და თქვენ ამის გამო შეიძულეთ ფული?
შენ ამბობ, რომ ფულის სიყვარულია ყველა ბოროტების საფუძველი? გიყვარდეს საგანი ნიშნავს გიყვარდეს მისი ბუნება. გიყვარდეს ფული ნიშნავს იცოდე, რომ იგი საუკეთესო საშუალებაა გაცვალო საკუთარი შრომა სხვისაზე. მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ვერცხლზე ყიდის საკუთარ სულს გაჰყვირის ბოლო ხმაზე, რომ ფული სძულს. და აქვს კიდეც მიზეზი იმისა, რომ შეიძულოს იგი. ადამიანს კი, რომელსაც ფული უყვარს სურვილიც აქვს იმისა, რომ იშრომოს მისთვის. მან იცის, რომ იმსახურებს მას…
პატარა განსაზღვრებასაც მოვიყვანდი: ადამიანი, რომელიც წყევლის ფულს მან დაუმსახურებლად მოიპოვა იგი და ადამიანი, რომელიც პატივს სცემს ფულს, მან იგი გამოიმუშავა…

მოშორდი ყველას, ვინც გეუბნება, რომ ფული ბოროტებაა. ვიდრე ადამიანები ცხოვრობენ ამქვეყნად, მათ სჭირდებათ საშუალება, რომლითაც ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთთან და როგორც კი ისინი ფულს უარყოფენ, თოფის ლულა ჩაენაცვლება მას.
ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მხნეობა, თავმოყვარეობა, ღირსების შეგრძნება, მორალური პასუხიმგებლობა ფულზე , რომელსაც ფლობენ, არ აქვთ სურვილი დაიცვან იგი და შეინარჩუნონ – დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ ამ ფულს. ისინი მხვერპლნი გახდებიან მძარცველებისა, რომლებიც საუკუნეებს მოსდევენ – მიჰყვებიან ადამიანთა კვალს, რომელთაც სურთ,რომ განიკურნონ ფულის სენისაგან და მალევე ათავისუფლებენ მათ ამ ტვირთისაგან.

შემდეგ ჩვენ ვხედავთ ადამიანებს. რომლებიც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობენ და ადამიანებს, რომლებიც ძალას იყენებენ – გვიწევს დავითვალოთ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ნაძარცვი ფულის ხარჯზე ქმნიან ღირებულებას..

ყველა მორალურ საზოგადოებაში არსებობს კრიმინალი და კანონები,რომლებიც გვიცავენ მისგან. მაგრამ თუ საზოგადოებრივი წყობა ხელს უწყობს კრიმინალს და მძარცველს კანონის ძალით აღჭურვავს – ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ განიარაღებულ მსხვერპლთა ხარჯზე სიმდიდრე მიითვისოს, მაშინ ფული მისი შემქმნელისათვის შურისძიებად იქცევა. თუმცა მალე ნაძარცვი მძარცველის მბრძანებელი ხდება და ცხოვრებაც შეუბრალებელ ცხოველთა ბუდედ იქცევა. საზოგადოება კი სისხლისღვრაში იძირება და თანდათანობით ქრება.

გსურს გაიგო, თუ როდის დადგება ეს დრო? შეხედე ფულს. ფული საზოგადოებრივი კეთილდღეობის საზომია. და შენ ხედავ: იმისათვის, რომ აწარმოო საჭიროა მიიღო თანხმობა იმისაგან, ვინც არაფერსაც არ აწარმოებს, ადამიანები არაკეთილსინდისიერად მდიდრდებიან, კანონები მათგან კი არ გიცავენ, არამედ მათვე უწყობენ ხელს, ხედავ, რომ კორუფცია ფასდება და პატიოსნება საკუთარი თავის განწირვას ნიშნავს – ამ დროს შეიძლება დაასკვნა კიდეც, რომ შენი საზოგადოება განწირულია…

როდესაც მავნებელი გაერევა ადამიანთა შორის, ის პირველ რიგში ცდილობს საზოგადოების განადგურება ფულის განადგურებით დაიწყოს.. ეს იმიტომ , რომ ფული ადამიანისათვის დაცვის გარანტიაა. ისინი ხალხს ოქროს ართმევენ და ქაღალდის ყალბ ნაგლეჯებს უგდებენ. ეს კი ღირებულებას კლავს და ადამიანს დამმონებლის უღლის ქვეშ აქცევს. ოქრო ობიექტური ღირებულებაა, იმის ექვივალენტი ,რა ღირებულების სიმდიდრეც შეიქმნა საზოგადოებაში. ქაღალდი კი იმ ღირებულების საზომია, რომელიც არ არსებობს და მას ზურგს მხოლოდ იარაღი უმაგრებს.

როდესაც ბოროტებას ქმნი გადარჩენის საშუალებად, ნუ იფიქრებ, რომ ადამიანები კარგები გახდებიან, ნუ იმედოვნებ, რომ ადამიანები მორალურად იცხოვრებენ, როდესაც მიზნის მიღწევა არამორალურობას მოითხოვს. ნუ გჯერა, რომ აწარმოებენ, როდესაც წარმოება ისჯება და მძარცველებს ახალისებენ. დასვით კითხვა: ვინ ანადგურებს საზოგადოებას? თქვენ!

სამყაროს ისტორიაში ფული მუდამ მძარცველთა ძალით იზომებოდა. მათი სახელები იცვლებოდა, თუმცა მეთოდები იგივე რჩებოდა: გაეზომათ სიმდიდრე ძალით, მწარმოებლები გაეძარცვათ, დაემცირებინათ, შეეზღუდათ და პატივი აეყარათ მათთვის…

ფრაზა ფულის ბოროტი ბუნების შესახებ, რომელიც დაუფიქრებელი ადამიანის პირიდან არის წამოსროლილი, მომდინარეობს დროიდან, როდესაც სიმდიდრე მონათა ხარჯზე იქმნებოდა – ადამიანთა ხარჯზე, რომლებიც მუდამ იმეორებდნენ მოქმედებებს, რომლებიც ერთი ადამიანის გონებამ შეიმუშავა და საუკუნეთა მანძილზე განუვითარებელი რჩებოდა.
და როდესაც წარმოება ძალის გამოყენებით იმართებოდა, სიმდიდრე სხვისი განადგურებით მოიპოვებდა – ეს ყველაფერი ანადგურებდა საზოგადოებას. იყო უძრაობა, შიმშილი და ადამიანი მძარცველებს განადიდებდა – ადამიანებს, რომლებიც მახვილით იმონებდნენ პატიოსან ხალხს, ვაჭრებსა და მეწარმეებს.

თუ მკითხავდით,რა გამოარჩევს ამერიკელს სხვა ერის წარმომადგენლისაგან გეტყოდით, რომ ეს ორ სიტყვაში გამოიხატება, რომელიც ამერიკელი მოქალაქის გონებაში წარმოიქმნა: „ფულის კეთება“. ყველა ერი ასწავლიდა, რომ სიმდიდრე უნდა გავზომოთ, დავთვალოთ, მოვიპოვით, გავუზიაროთ, განძარცვოთ ვინმე ან მოვიპოვოთ კეთილსინდისიერად. მაგრამ ამერიკელმა პირველმა გაანალიზა, რომ ფული და სიმდიდრე უნდა შეიქმნას.

თუ არ აღიარებ, რომ ფული სიკეთის წყაროა, ამით საკუთარ თავს ანადგურებ. და როდესაც ფული შეწყვიტავს იყოს საშუალება იმისა, რომ ადამიანებს ერთმანეთს შორის ურთიერთობა ჰქონდეთ, მაშინ თავად ადამიანი დაზარალდება. სისხლით, მათრახით ან დოლარებით. მიიღე გადაწყვეტილება – არ არსებობს სხვა გამოსავალი და შენი დროც იწურება…

ავტორი : აინ რენდი ; თარგმანი: თემო ბერიშვილი


http://nes-g.org/?p=37

 


пятница, 20 октября 2017 г.

გამოჩენილი მეცნიერები რელიგიის შესახებ.

ფლამარიონ კამილი: „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგვრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...

გერშელი: „რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“

მედლერი: „ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარმონიაში, ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში), მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა უწოდოს (დაარქვას).“

უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

არტურ კომპტონი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი): „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.

კარლ ლინეი (ცნობილი ბუნებისმეტყველი): სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).“

მ.ვ. ლომონოსოვი: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში - თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი - ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი - წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.

ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე“.

აგასისი: „ქყეყანა ყველაზე თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, შემოქმედი ყოველივე საგნისა და გამააზრებელი სამყაროსი. მეცნიერება კი შემოქმედის აზრების თარგმნაა ადამიანთა ენაზე“.

კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს... ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს...“

ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ“.

ანრი ბეკერელი: „სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიმიყვანა ღმერთთან, რწმენასთან“.

მაიკლ ფარადეი: „მიკვირს, რატომ ამჯობინებენ ადამიანები თავი იმტვრიონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როდესაც უფალმა ღვთიური გამოცხადების ასეთი წიგნი გვიბოძა?“

ტომსონი: „ნუ გეშინიათ დამოუკიდებლად (თავისუფლად) აზროვნებისა! თუ თქვენ საკმარისად კარგად იაზროვნებთ, მეცნიერება აუცილებლად მიგიყვანთ ღმერთთან, რომელზეცაა დაფუძნებული რელიგია, და ნახავთ, რომ მეცნიერება სულაც არ არის რელიგიის მტერი, პირიქით, მისი თანაშემწეა“.

სკოტი: „არ ვიცი არც ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება“.

რამზაი: „ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს“.

დეკარტი: „ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად. მაგრამ ურწმუნოებს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ვაიძულებთ აღიარონ რომელიმე რელიგია ან თუნდაც სათნოება (ზნეობრიობა) სხვაგვარად, თუ არა გონებით“.

ფაბერი: „მსოფლიოს უსასრულო გონი მართავს. რაც მეტად ვაკვირდები, მით მეტს ვგებულობ ამ გონის შესახებ, რომელიც არსებული სამყაროს საიდუმლოებათა მიღმა ანათებს. ვიცი, დამცინებენ, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ, ცოცხლად გატყავებას უფრო ადვილად გადავიტანდი, ვიდრე ღვთის რწმენა რომ წაერთმია ჩემთვის ვინმეს! ღმერთი... მე არ მჭირდება მისი რწმენა - მე ვხედავ მას.“

ბლეზ პასკალი: „ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან“.

რაილი: „ბევრ გამორჩეულ ადამიანს ბუნებისმეტყველებაზე არაფრის ცოდნა არ სურს, თითქოსდა ამას მატერიაილზმამდე მივყავდეთ. ამგვარი საშიშროება რომ შეიძლება არსებობდეს, გასაკვირი არ არის: ლიტერატურაში მეცნიერების ბევრი დამცველი არსებობს, რომელთაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებით საქმე გაიჩინეს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, მეცნიერებთანაც შეიძლება შევხვდეთ უხეშ წარმოდგენებს ღმერთსა და ბუნებაზე. მაგრამ დაშორება მეცნიერების სულისა და რელიგიურ-ფილოსოფიური მრწამსისა, რომლითაც ცხოვრობდნენ ნიუტონი, ფარადეი, მაქსველი, ეს, რა თქმა უნდა, ისეთი მდგომარეობაა, რომლის უკუგდებასაც მე არ შევუდგები, რადგან არ ვთვლი საჭიროდ“.

გალილეო გალილეი: „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.

რეინოლდსი: „ბოლო წლების მეცნიერული გამოკვლევების შედეგებში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც დამაეჭვებდა იმაში, რომ ღმერთი ადამიანებს უშუალოდ ეცხადებოდა სხვადასხვა დროს; ქრისტიანობა კი ამ რწმენაზეა დაფუძნებული“.

ბროუნი: „ამ ქვეყანაზე ღვთის შემეცნება ცხოვრებისეული ამაოებიდან გამოღვიძებული გონების პირველი მოძრაობაა“.

შლეიდენი: „ნამდვილი ნატურალისტი ვერასოდეს გახდება მატერიალისტი და ვერასოდეს უარყოფს სულს, თავისუფლებას, ღმერთს“.

ეილერი: „ბიბლია ურწმუნოთა წინააღმდეგობით არაფერს კარგავს, ისევე როგორც არაფერს კარგავს გეომეტრია, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებიან ზოგიერთები“.

ლაიელი: „რა მიმართულებითაც არ უნდა წავიყვანოთ გამოკვლევები, ყველგან ვაწყედებით უმაღლესი შემოქმედი გონისა და ღმრთის ბრძნული ჩანაფიქრის მოქმედების უტყუარ საბუთებს ბუნებაში“.

ი.პ. პავლოვი: „მე შევისწავლი ნერვული სისტემის მოქმედებებს და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა - სიხარული, მწუხარება, ნაღველი, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის აზრები, თვით აზროვნებისა და განსჯის უნარი (თითოეული მათგანი) დაკავშირებულია ადამიანის ტვინისა და მისი ნერვების გარკვეულ უჯრედებთან. ხოლო როცა სხეული კვდება, ყველა ეს გრძნობა და აზრი თითქოს წყდება უკვე მკვდარი ტვინის უჯრედებს და საერთო კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც არც ენერგია, არც მატერია უკვალოდ არ ქრება, შეადგენს იმ სულს, უკვდავ სულს, რომლის არსებობასაც ქრისტიანობა ქადაგებს“.

ალექსანდრე პუშკინი: „არსებობს წიგნი, რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია, ახსნილია, ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია, შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან; რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან.
ეს წიგნი სახარებაა... მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია, რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი, მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით, თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას.“

თეოდორ დოსტოევსკი: „მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.“

ლუი პასტერი: „ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.“

მაქს პლანკი: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას - რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე.“

გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“

დენი დიდრო: „პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“

ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.“

მაიკლ ფარადეი: „როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისკენ, ასევე ბიბლია ღმერთისგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა.“

მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“. „ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.


orthodoxy.ge



აპოლოგეტური მოღვაწეობის დაფუძნება ქრისტიანულ ეკლესიაში.

აპოლოგეტური მოღვაწეობა გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრების დაცვისათვის ღვაწლს და ეს ღვაწლი, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ქმედებასთან ერთად პირველ რიგში ქრისტიანული მოძღვრების დასაბუთებას, დამტკიცებას, არგუმენტირებას წარმართთა და იუდეველთა წინაშე, მათ მოძღვრებათა წინაშე, გულისხმობს. თავისთავად ყოველი მოძღვრების ანდა ზოგადად რომ ვთქვათ ყოველი მოვლენის დასაბუთებული დაცვა ეს არის სწორედ აპოლოგია. ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ჟანრი, ლიტერატურული აპოლოგეტიკისა, რა თქმა უნდა შესამჩნევია და გამოკვეთილია. ცნობილია მაგალითად ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნების - სოკრატეს, შესახებ დაწერილი რამდენიმე აპოლოგია, რაც ნიშნავდა ამ პიროვნების სიტყვიერ დაცვას, და აპოლოგეტიკა სამწერლობო თვალსაზრისით სწორედ ამას გულისხმობს, ე.ი. სიტყვიერ დაცვას რაიმე მოვლენისას, რომელიმე პიროვნებისას ანდა რომელიმე მოძღვრებისას. ამ შემთხვევაში ქრისტიანობასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, მოძღვრების დაცვასთან გვაქვს საქმე და დაცვა მოძღვრებისა, ვფიქრობთ გასაგებია, გულისხმობს არა თვით ამ მოძღვრებაში რაიმეს ძიებას ისეთს, რაც თითქოს ნაკლებ დამაჯერებელია და ჩვენ მას დამაჯერებლობა უნდა შევძინოთ, არამედ ეს მოძღვრება, რომელიც მოწოდებულია როგორც გამოცხადებითი სწავლება, ყოვლითურთ რწმუნებადი, ყოვლითურთ დამტკიცებული და სრულყოფილი თავის თავში, ურწმუნოთა წინაშე უნდა წარმოვაჩინოთ, ანდა სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის უნდა გავხადოთ საწვდომი, დამაჯერებელი და არგუმენტირებული.

როდესაც ქრისტიანული მოძღვრება რომის იმპერიაში შესამჩნევი გახდა და ამ იმპერიაში აურაცხელი სარწმუნოება თანაარსებობდა, ყველაზე უფრო მკვეთრი შეჯახება ქრისტიანულ მოძღვრებასთან, ამ მრავალი სარწმუნოების მიმდევართაგან, ერთი მხრივ ტრადიციულ და ძირითად სარწმუნოებას ქონდა რომის იმპერიისას - იმავე წარმართობას, კერპთაყვანისმცემლობას, ანუ ელინიზმს და მეორე მხრივ იუდაიზმს. იუდაიზმი და კერპთაყვანისმცემლობა, იგივე წარმართობა, გახლდათ ის ორი ფსევდო სარწმუნოებრივი მახვილი, რომლებიც ქრისტიანობის გასაგმირად იყვნენ გამიზნულნი და მზადყოფნაში. თავისთავად ცხადია, როგორც ეს ჯერ კიდევ მაცხოვარმა აღუთქვა თავის მოციქულებს, ბჭენი ჯოჯოხეთისანი კლდეზე დაფუძნებულ ქრისტიანულ მოძღვრებას ოდნავადაც ვერ შეარყევენ, მაგრამ რამდენადაც ქრისტიანული მოძღვრების მიზანდასახულობა და ამქვეყნიური მოღვაწეობითი დანიშნულება იმაში მდგოამრეობს, რომ მთელი კაცობრიობა მოიზიდოს თავის წიაღში, ახალნი და ახალნი შვილნი ეკლესიისა ცხონებისათვის დაჰბადოს ნათლისღების მადლით, ამ მიზანდასახულობის შესაბამისად ქრისტიანული მოძღვრება განვრცობადია, განფენადია კაცობრიობის წიაღში და შესაბამისად თუ მას არ ახლავს არგუმენტირება, თუ მას არ ახლავს რწმენითი და გონებითი დამტკიცებულობა, რა თქმა უნდა, ახალ- ახალი ნაკადი კაცობრიობისა დაუმტკიცებლად და დაურწმუნებლად, რომლებსაც უკვე აქვთ სხვა სარწმუნოებანი და ფანატიკურად სწამთ მათი მოძღვრებისა, რა თქმა უნდა, არ მიატოვებენ მას და ეკლესიის წიაღს არ შეუერთდებიან. ამიტომ ქრისტიანული მოძღვრების არგუმენტირებული დასაბუთება, რაც თავისთავად გულისხმობს უკვე მის დაცვას, ეს სამოღვაწეო გეზი გამოკვეთილი გახლავთ ყველაზე უფრო მეტად სწორედ II საუკუნის 20-30-იანი წლებიდან და აქედანვე აითვლება ე.წ. აპოლოგეტიკის ეპოქაც ეკლესიის ისტორიაში.
საზოგადოდ, ჩვენ ადრეც ავღნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, მთელი საეკლესიო მოღვაწეობა, წერილობითი იქნება ეს, პრაქტიკული, ანტიერეტიკული, სულიერი ბრძოლების მხრივ თუ სხვა, ყოველი გამოვლინება ქრისტიანული მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, აპოლოგეტური გახლავთ, მიზანდასახულობა არის ჭეშმარიტების დაცვა, იმ სულიერ მარგალიტთა შეურყვნელად შენარჩუნება საკუთარ წიაღშიც და მომავალი თაობებისთვისაც, რაც გამოცხადებით სწავლებას გულისხმობს. ამიტომ ზოგადი აზრით ქრისტიანული მოღვაწეობა თავისთავად აპოლოგეტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძოობითად, კონკრეტულად ჩვენ ვგულისხმობთ ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში იმ მონაკვეთს, იმ ეპოქას, სადაც აპოლოგეტური ღვაწლი პირველხარისხოვანი დანიშნულებისა გახდა, იმიტომ, რომ შემოტევები უმკვეთრესად გამძლავრდა ქრისტიანობის წინააღმდეგ. ამ შემოტევებს ქონდათ სხვადასხვა სახე, ერთი მხრივ შემოტევანი სწარმოებდა თითქოს არგუმენტაციის დონეზე, რომ ფილოსოფიურ-ცოდნისმიერი განსწავლულობით გაამპარტავნებულნი პირნი, რომლებსაც ქრისტიანობა ლიტონ რწმენად წარმოუჩნდებოდათ, ესწრაფვოდნენ გამოეაშკარავებინათ თითქოსდა მათი ჭკუით ქრისტიანული მოძღვრების პრივიტიმიზმი, გულუბრყვილობა, თითქოსდა მხოლოდ და მხოლოდ გონებაჩლუნგთათვის მისაღებლობა თავისი რწმენითი სიმარტივის გამო. ანუ ერთი შემოტევა ამგვარი გახლდათ, რომ თითქოს ცოდნისმიერი, ფილოსოფიური სიმაღლის და მწვერვალის დამპყრობი პირები ქედმაღლურად, ამპარტავნულად დასცქეროდნენ ზემოდან ქრისტიანობას და მხოლოდ უბირთათვის თვლიდნენ მას მისაღებლად, როგორც თითქოსდა ამ გონება მდარე პირთა ადვილ მოსატყუებლობის მიზეზით, რომ ისინი ადვილად მოექცეოდნენ მარტვივი რწმენის ბადეში, ხოლო ისეთი ღრმად განბრძნობილები, როგორიც თავიანთი თავი მათ ეჩვენებოდათ, თავისთავად ცხადია, ამგვარ რამეს არ ირწმუნებდნენ. აი ასეთი ქედმაღლური დაპირისპირება ანტიკური ფილოსოფიისა ქრისტიანობისადმი, რა თქმა უნდა, მრავალ პიროვნებას უშლიდა ხელს ჭეშმარიტების ნათელი მიეღო. ამგვარი ამპარტავნებითი დამოკიდებულების კონკრეტული გამოვლინებანი გახლდათ, მაგალითად ერთ-ერთი ანტიკური ფილოსოფოსის კელსუსის დაპირისპირება ქრისტიანული მოძღვრებისადმი სწორედ ამ კუთხით, რომ ამ პიროვნებამ (კელსუსმა) თავისი მიზანდასახულობის განსახორციელებლად შეარჩია ვითომცდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრიმიტიული ძეგლი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში (რომელსაც ჩვენ შევეხებით. მართალია იქ ბევრი არაფერია განსახილველი, რადგან მასალა ძალიან მცირეა), II საუკუნის აპოლოგეტის არისტონ პელაიელის თხზულება “დიალოგი (ანდა სიტყვისგება) პაპისკონისა და იასონისა”. ეს ძეგლი ნიმუშად მოაქვს ანტიკურ მოაზროვნეს იმის წარმოსაჩენად თითქოს რა უბრალოა, რა მდარეა, რა კნინობითია ქრისტიანული მოძღვრება აზრისმიერი სიღრმის პოზიციიდან.
ამრიგად ეს შემოტევა სრულიად თვალსაინოა, რომ ანტიკური ფილოსოფია კიცხავდა ქრისტიანობას რწმენითი უბრალოების გამო, რომ მას არანაირი სიღრმისეული, აზრისმიერი გაშინაარსება თითქოსდა თან არ ახლდა. რაც შეეხება მეროე მხარეს, მეორე მხარე გახლდათ ისეთი შემოტევა, რომელსაც ერთსახოვანი კლასიფიკაცია ალბათ არ მოეძებნება, ვგულისხმობთ ერთ-ერთ ყველაზე უფრო შთამბეჭდავ ერეტიკულ მიმდინარეობას, რაც ეკლესიის წინაშე წარმოჩნდა, გნოსტიციზმს, რომელიც ერთი მხრივ თითქოს ცოდნასაც ეტანებოდა და ცოდნისმიერ სიმაღლესაც თითქოსდა იჩემებდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ანტიკური ფილოსოფოსებისგან განსხვავებით გნოსტიკოსები კიდევ უფრო გაამპარტავნებულნი იყვნენ, რამდენადაც მათ გარკვეული ფანატიზებული რწმენითი დამოკიდებულებაც ჰქონდათ საკუთარი გამორჩეულობისადმი და მიიჩნევდნენ, რომ სწორედ და მხოლოდ ისინი იყვნენ დაბადებითვე ღვთიურნი ამ ქვეყნად, რომ დაბადებიდანვე მათში არსებობს ზეციური ნაპერწკალი, რაც მემკვიდრეობით აქვთ მიღებული და შესაბამისად ბუნებითად გამოირჩევიან დანარჩენი კაცობრიობისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ ამ პირთა რწმენით მთელ დანარჩენ კაცობრიობას რაც არ უნდა ეღვაწა, რაც არ უნდა ეწვრთნა საკუთარი თავი, ის ჭეშმარიტებას ვერ მიწვდებოდა, ცხონებას, ზეციურ სინათლეს ვერ ეღირსებოდა, იმიტომ რომ ბუნებითად მოკლებული იყო ამ მადლს და ამ ნაწილს ზეციური სამყაროსას, საკუთარ თავს კი ზეციური არსების ნაწილს განუკუთვნებდნენ დაბადებითვე და აი ამგვარ ბუნებით გამორჩეულობას საკუთარი თავისას, ქრისტიან მორწმუნეთა წინაშე, ამპარტავნულად წარმოაჩენდნენ. ამიტომ იყო, რომ გნოსტიციზმის დაპირისპირება ქრისტიანობისადმი არა ნაკლებ მძაფრი იყო, ვიდრე ანტიკურ ფილოსოფოსთა ამგვარივე წინააღმდეგობრივი მიმართება ქრისტიან მორწმუნეთადმი. განსხვავება, კვლავ გავიმეორებთ, იმაში მდგომარეობდა, რომ ანტიკური ფილოსოფოსები მაინც უფრო არგუმენტაციაზე, კატეგორიებზე, ტერმინოლოგიაზე იყვნენ აქცენტირებულნი და ყოველივე ამის უქონლობას უსაყვედურებდნენ ქრისტიანობას, ხოლო გნოსტიკოსები ქრისტიანებს ეცილებოდნენ ყველაზე მთავარში, რომ თითქოსდა მაცხოვნებლობა მხოლოდ მათ ჰქონდათ და მხოლოდ მათთვის იყო, რომ ბუნებითად მაცხოვარი მხოლოდ მათთვის მოვიდა, იმ ხუთი-ექვსი გნოსტიკოსისთვის, რომლებსაც ბუნებითვე ჰქონდათ ზეციური ნაპერწკალი, ზეციური ნაწილი, ზეციური არსების რაღაც მარცვალი და აი მათ გამოსახსნელად მოვიდა თითქოს იესო ქრისტე, რომ იესო ქრისტე არის იგივე გნოსტიკოსი მათი აზრით, გნოსტიკოსთა ბუნებითად, მაგრამ დაფარულად გნოსტიკური ნაწილის მქონეთა გამოსახსნელად ამქვეყნად თითქოსდა მოვლინებული. ანუ ამ შემთხვევაში თუ ელინები ქრისტიანებს მაცხოვარში არ ეცილებოდნენ, ისინი მაცხოვარს არ სტაცებდნენ მორწმუნეებს, გნოსტიკოსები სწორედ ამაში ეცილებოდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ეკლესიას, რომ თითქოს ეკლესია და მორწმუნეთა კრებული ეს მხოლოდ და მხოლოდ ეგზოტერიზმია, გარეგანი რამ აჩრდილისებრი და შორეული წვდომა და შეგრძნებაა იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინების მიზანდასახულობისა და საღვთო ვალდებულებისა და თითქოს ნამდვილი, შინაარსობრივი და სიღრმისეული გააზრება ამ მოვლენებისა და დანიშნულებაც მაცხოვრის მისიისა მხოლოდ ამ გნოსტიკოსებით იყო შემოფარგლული, რომ ე.წ. ეზოტერული ხაზი, ეზოტერული ცოდნა, სიღრმისეული რამ წვდომა ჭეშმარიტებისა და ბუნებითად ზეციური სამყაროს ნაწილის, ღვთის ნაწილის თავის თავში ქონა, აი ეს იყო მთელი ის პრეტენზიები, რაც უკიდურესად აამპარტავნებდა გნოსტიკური სექტების მიმდევრებს და ადვილი წარმოსადგენია თუ როგორი თავმოყვარეობითი და თავმოთნეობითი მზერით იქნებოდნენ ისინი ეკლესიის წინაშე გამზერილნი, როგორ შეაცქრდებოდნენ ისინი მარტივ მორწმუნეებს, რაგვარად სიამაყით და ამპარტავნული უმეცრებით დაგმობდნენ იმ მარტივ რწმენას, რითაც ეკლესია საზრდოობდა პირველ დაფუძნებიდან და საზრდოობს დღესაც.

ამგვარად ეს იყო მეორე საფრთხე გნოსტიკური ანუ ე.წ. ეზოტერული ამპარტავნება და მესამე საფრთხე, უკვე საკუთრივ იუდაიზმისგან მომდინარეობდა. იუდეველები საკუთრივ მაცხოვარში, რა თქმა უნდა, ქრისტიანებს არ ეცილებოდნენ, მაგრამ ეცილებოდნენ ასევე უაღრესად ძვირფასში ანუ ძველ აღთქმაში. ისინი, რა თქმა უნდა, ძველ აღთქმას საკუთარ თავს განუკუთვნებდნენ, საკუთარ თავს ძველი აღთქმის ჭეშმარიტ აღმსარებლებად წარმოაჩენდნენ, ძველი აღთქმის სარწმუნოების მქონეებად საკუთარ თავს დაგვისახავდნენ, ვერ აცნობიერებდნენ რა იმას, რომ ძველი აღთქმა მხოლოდ ახალი აღთქმისთვის არის დაწინდული, რომ ძველი აღთქმა ახალი აღთქმის გარეშე ანუ თავისთავად, თვითმიზნურად, ყოველგვარი ღირსების მიღმაა, რომ არანაირი ღირსება ძველ აღთქმას თავისთავად არა აქვს თუ ყოველივე მისი ღირსება ახალი აღთქმისკენ არ განიმზირება, თუ ახალ აღთქმაში არ სრულდება და იძენს სრულყოფილებას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ძველი აღთქმა არის იგივე ახალი აღთქმა, მაგრამ წინასწარმეტყველურ ენაზე გამოთქმული, ხოლო ახალი აღთქმა არის იგივე ძველი აღთქმის საქმედ ქცეული, გაცხადებული წინასწარმეტყველებანი და ყველა მორწმუნისათვის ხილვადად, გრძნობადად მოსახელთებელი და საპოვნელი, რამაც ეკლესიის და მორწმუნეთა კრებულის ამქვეყნად დაფუძნება განაპირობა. ძველი და ახალი აღთქმის განუყოფლობა და ერთმთლიანობა მხოლოდ მისთვისაა საწვდომი, ვინც ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას წვდება, თორემ ვინც ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას არ წვდება, მისთვის ძველი აღთქმა თავისთავადი ღირებულებისაა, რა თქმა უნდა, რომ ის (ძველი აღთქმა) ახალ აღთქმაზე კი არ წინასწარმეტყველებს მათთვის, არამედ ძველ აღთქმაში რაცაა ეს ყოველივე ამავე ძველი აღთქმითვე იფარგლება, მაგრამ ეკლესიური სარწმუნოება ძველი აღთქმის უზენაეს ღირსებას, ღვთიურობას და საღვთო მადლმოსილებას, როგორც ღვთის სიტყვას, ჭვრეტს მხოლოდ და მხოლოდ ახალი აღთქმის პერსპექტივაში, ახალი აღთქმის, როგორც ძველი აღთქმის გვირგვინის და მასთან განუყოფელი მთლიანობის განმახორციელებელში და საღვთო წერილს, როგორც ერთ მთლიანობას, ისევე როგორც ერთია სიტყვა ღვთისა. სწორედ ამ ნაწილს ჭეშმარიტებისას, ანუ ძველ აღთქმას, ეცილებოდნენ იუდეველნი ქრისტიანებს და შესაბამისად ისინი, რა თქმა უნდა, მრავალგვარ ცილისწამებას ავრცელებდნენ ქრისტიანებზე, ქრისტიანობის დამფუძნებელზე თავად მაცხოვარზე. მათთვის იესო ქრისტე იყო, რამდენადაც ისინი იუდეველური თვალისთ ჭვრეტდნენ, იუდაიზმში აღმოცენებული ერთ-ერთი ერესის წინამძღვარი, ერესიარქი, როგორც ამას ხშირად უსვამდნენ ხაზს, რომ მათი სიტყვით (თვით ეკლესიის მამათაგან გვაქვს ჩვენ შემონახული იუდეველთა ეს ბრალდება) თითქოსდა გამოჩნდა პალესტინაში ვიღაც გრძნეულებითა და ყოველგვარი უკეთურებით აღსავსე პიროვნება იესო, რომელმაც ძველი აღთქმის (ძველ აღთქმას ჩვენ ახალი აღთქმის ფონზე ვამბობთ), მათი გაგებით ჭეშმარიტი აღთქმის და ჭეშმარიტი სარწმუნოების დარღვევა მოინდომა, შეეცეადა ამას და მიმდევარნიც გაიჩინა, “რომელსაც ჩვენ (იუდეველებმა), ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრებმა, აუცილებლად, ყოველგვარი საშუელბით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, რომ ეს საშინელი ერესი ჭეშმარიტი სარწმუნოების წინაშე ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს”. სწორედ ეს იყო იუდეველთა მიზანდასახულობა და ამგვარი მიზანდასახულობის მქონე პირები როგორი გააფთრებულნი შეეცდებოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების და ეკლესიის წინააღმდეგ ფართო მაშტაბიანი სულიერი და საქმითი ბრძოლის აღსრულებას, ვფიქრობთ ეს ადვილი წარმოსადგენი გახლავთ.
ჩვენ სხვა ასპექტებზე აღარ გავამახვილებთ ყურადღებას, აქ წარმოჩენილი ვითარებაც ვფიქრობთ ცხადყოფს თუ რაოდენი სირთულეები შეექმნა (ყოფითი აზრით) სოციალურად ქრისტიანობას და ეს ყოველივე აისახა საიმპერიო კარზეც, იმპერატორის და იმპერატორს დაქვემდებარებულ ხელისუფალთა საქმიანობის მხრივაც, დევნულობის სახით, რაც ქრისტიანთა წინააღმდეგ ზედიზედ, მიწყებით მიმდინარეობდა და რაც აურაცხელ ქრისტიანს შეიწირავდა, რომლებიც მარტვილურ გვირგვინს იდგამდნენ თავზე. ეს ყოველივე აი ამ სარწმუნოებრივ დაპირისპირებათა გამოვლინება გახლდათ, ოღონდ უკვე პოლიტიკურ და საიმპერიო კარის სარბიელზე.

ჩვენ აქ ერთი რამ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ბრძოლა ქრისტიანთა წინააღმდეგ ზოგჯერ ისე წარმოჩნდება, რომ ეს თითქოს მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატებოდა ხელისუფალთა მხრიდან, სინამდვილეში გაცილებით უფრო მძლავრი გახლდათ ცილისწამებითი გზით ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა (ჩვენ ამაზე ნაწილობრივ ადრე ვისაუბრეთ და შემდეგაც, როდესაც გვიანდელ აპოლოგეტებს შევეხებით ამ საკითხზე კვლავ განვაგრძობთ საუბარს), რომ საშინელი ცილისწამებანი ქრისტიანთა წინააღმდეგ სარეველასავით ედებოდა მთელ რომის იმპერიას და მოსახლეობას უკიდურესად აგრესიულად განაწყობდა ქრისტიანებისადმი, როგორც მოგვიანებით ათენაგორა ამბობს: “ჩვენ ვიდევნებით და ვისჯებით სიკვდილით მხოლოდ იმის გამო, რომ ქრისტიანები გვქვია”, ანუ იმდენად უარყოფითად ჟღერდა ამ ცილისწამებათა შედეგად ქრისტიანის სახელი რომის იმპერიაში, რომ მარტო ეს სახელი კმაროდა მოსახლეობის აგრესიის გამოსავლენად. და ეს სამოღვაწეო მრავალ-მიმართულება ეკლესიისა ავალდებულებდა ეკლესიის ურჩეულეს შვილებს, რომ მთელი თავისი ღვაწლი ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისთვის მოეხმარათ, აქეთკენ მიემართათ მთელი თავიანთი ძალმოსილება და სწორედ ამგვარნი პირნი გახლდნენ აპოლოგეტები, უაღრესად განსწავლულნი გარეშე სიბრძნეში, ანტიკურ ფილოსოფიაში, საერთოდ ტერმინოლოგიურ ცნებით მეტყველებაში, აზროვნებით კულტურაში და ამავე დროს ღვთიური მადლით გამსჭვალულნი, ღვთიური ხედვით გასხივოსნებულნი. აი ეს ორი მომენტი იყო შერწყმული აპოლოგეტებში, საღვთო მადლმოსილება და გარეშე სიბრძნეში და კაცობრიული კულტურაში და ამ კულტურის შრეებში ზედმიწევნითი განსწავლულობა. ყველა აპოლოგეტი, რა თქმა უნდა, დაბადებითვე ქრისტიანი არ გახლდათ, მაშინ არც იყო ჯერ ასეთი ტრადიცია შექმნილი, რომ დაბადებითვე ქრისტიანები ყოფილიყვნენ პირნი, გვიან ქრისტიანდებოდნენ ისინიც და ყველა აპოლოგეტი ვინც ჩვენ ვიცით, გარკვეულ მომენტში გაქრისტიანდა, ხოლო გაქრისტიანებამდე ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც წარმართი ფილოსოფოსები, წარმართული ფილოსოფიის მწვერვალზე მყოფნი და გაქრისტიანდნენ რა, უაღრესად კეთილი ძღვენი მათ ეკლესიის წინაშე მოიტანეს. ეს გამონათქვამი გრიგოლ ღვთისმეტყველეს ეკუთვნის, რომელიც თავის თავსაც იმავე ღირსებას განუკუთვნებს, რომ მართალია ის ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა მაგრამ მთელი თავისი მოღვაწეობა როდესაც ეკლესიის წინაშე მიმართა, აი ამ მომენტამდე მან მიიღო განსწავლულობა კაცობრიული კულტურის ყოველგვარ გამოვლინებაში და როგორც თვითონ ლექსითი სახით გვეუბნება: “როდესაც ეკლესიის ღვთისმსახურებას შევუდექი, ყოველივე ეს დიდი ღმრთის ფერხთით ძღვენად წინადავაგე”. აი ეს ღვაწლი აღასრულეს თავის დროზე აპოლოგეტებმაც, რომლებმაც მთელი თავიანთი განსწავლულობა, მიღწევები წარმართულ კულტურაში, რაც კი შეიძლებოდა ეკლესიაში ჭეშმარიტების მსახურებისთვის სასარგებლოდ წარმოჩენილიყო, ყოველივე ეს გაქრისტიანების შემდეგ ეკლესიას ძღვნად შესწირეს და მთელ თავის მოღვაწეობაში პრაქტიკულად განახორციელეს.

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

library.church.ge


აპოლოგეტიკა - Apologetica

აპოლოგეტიკა
 ბერძ. apologhéistai „დაცვა“
It. Apologetica

თეოლოგიის ის ნაწილი, რომელიც სარწმუნოების დაცვასა და გამართლებას ისახავს მიზნად. ქრისტიანობის პირველი წლებიდანვე მრავალი აპოლოგეტი წერდა წარმართთა და ებრაელთა წინააღმდეგ. პირველ აპოლოგიებს თითქმის ყოველთვის იმპერატორისადმი მიმართვის ან არამორწმუნეთა მიმართ შეგონების ფორმა ჰქონდა. ამ ჟანრის პირველი მწერალი იყო ათენელი კვადრატუსი, რომელმაც დაახლოებით 125 წელს იმპერატორ ადრიანეს ქრისტიანობის აპოლოგია წარუდგინა. II საუკუნეში ყველაზე გამოჩენილი აპოლოგეტი იყო წმიდა იუსტინე (პირველი აპოლოგია, მეორე აპოლოგია, დიალოგი ტრიფონთან). ასევე, აპოლოგეტური ნაშრომია უცნობი ავტორის წერილი დიოგნეტესადმი, რომელშიც ქრისტიანულსა და წარმართულ კულტებს შორის განსხვავება და ქრისტიანული ცხოვრების იდეალია განმარტებული. ლათინურ ენაზე დაწერილი ტერტულიანეს „Apologeticum“ ქრისტიანობის ჩინებული იურიდიული დაცვაა. აპოლოგეტიკის ჟანრში შუა საუკუნეებშიც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მწერლები: წმიდა ისიდორე სევილიელი, წმიდა პეტრე დამიანი, წმიდა იოანე დამასკელი („აპოლოგია მუსლიმთა წინააღმდეგ“), წმიდა თომა აკვინელი („Summa contra genties“ — „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“). უფრო ახლო წარსულში ფართო გამოხმაურება პოვა ბლეზ პასკალის („Pensées sur la religion“ — „აზრები რელიგიის შესახებ“), ალფონსუს დე ლიგუორის, შატობრიანის („Le Génie du Christianisme“ — „ქრისტიანობის გენია“) აპოლოგეტურმა ნაშრომებმა. ამჟამად აპოლოგეტიკა აღარ განიხილება დამოუკიდებელ მეცნიერებად, ის ფუნდამენტური თეოლოგიის შემადგენელი ნაწილია, რომლის ამოცანაა გამოავლინოს და შეიმუშაოს ქრისტიანობის უტყუარობის მოტივები.

nplg.gov.ge

четверг, 19 октября 2017 г.

რატომ დაუშვა ღმერთმა 11 სექტემბერი?

ბილი გრემის ქალიშვილის გენიალური პასუხი, კითხვაზე: რატომ დაუშვა ღმერთმა 11 სექტემბერი?


მართალია, ამ ამბავმა დიდი ხანია ჩაიარა, მაგრამ ის მაინც არ კარგავს აქტუალურობას. ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ანა გრემის პასუხი, 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ ტოქშოუში, წამყვან ჯინ კლეისონის კითხვაზე: „როგორ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ?“ რაზეც ანა გრემმა ძალიან ღრმა და ამომწურავი პასუხი გასცა.
მან თქვა: მე მწამს, რომ ღმერთი, როგორც ჩვენ, ძალიან განიცდის მომხდარს, მაგრამ ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ვდევნიდით ღმერთს ჩვენი სკოლებიდან, ჩვენი მთავრობიდან და ჩვენი ცხოვრებიდან.

მე ვფიქრობ, რომ რადგან ღმერთი ჯენტლმენია, უბრალოდ გვერდზე გადგა. განა შეგვიძლია ველოდოთ ღმერთის კურთხევას და დაცვას, როცა მედლინ მიურეი ოჰარამ (ორგანიზაცია „ამერიკელი ათეისტების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი) განაცხადა, რომ სკოლაში ადგილი არ არის ლოცვისთვის?! ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ ვიღაცამ თქვა: კარგი იქნებოდა, სკოლაში არ იკითხებოდეს ბიბლია (ბიბლია, რომელშიც ნათქვამია: „არ მოკლა“, „არ მოიპარო“ და „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი!“) ამაზეც ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ ვიღაცამ თქვა: მოდი, ნება მივცეთ ჩვენს გოგონებს, გაიკეთონ აბორტები, თუკი მათ ეს სურთ. მათ შეუძლიათ, რომ ეს მშობლების უჩუმრად გააკეთონ. და ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ სასკოლო საბჭოს წევრებიდან ერთ-ერთმა თქვა: ბიჭები ყოველთვის იქნებიან ბიჭები და ყოველთვის გააკეთებენ ამას. მაშ, მოდი, მივცეთ ჩვენს ბიჭებს იმდენი პრეზერვატივი, რამდენსაც მოისურვებენ, რათა შეძლონ გართობა, როგორც მოესურვებათ. ჩვენ კი მშობლებს არაფერს ვეტყვით ამის შესახებ. ჩვენ ამაზეც ვთქვით: კარგი!

შემდეგ ჩვენ მიერ არჩეულ ზემდგომ ორგანოებში ითქვა: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ (პრეზიდენტის ჩათვლით) რას ვაკეთებთ საკუთარ ცხოვრებაში, თუ კარგად ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, თუკი გვაქვს სამსახურები და ეკონომიკა წესრიგშია.
შემდეგ ვიღაცამ თქვა: მოდი, დავბეჭდოთ ჟურნალები შიშველი ქალების გამოსახულებით და ვუწოდოთ ამას ჯანმრთელი მიდგომა და ამით მაღალი შეფასება მივცეთ ქალის ლამაზ სხეულს. ჩვენ ვთქვით: კარგი!

ამის შემდეგ ზოგიერთები, ამ შეფასებით, უფრო შორს წავიდნენ და დაიწყეს შიშველ ბავშვთა სურათების გამოქვეყნება და შემდეგ, უფრო შორს წასულებმა, მოათავსეს ისინი ინტერნეტში. ჩვენც ისევ ვთქვით: კარგი! რადგან მათ აქვთ სიტყვის თავისუფლება.
შემდეგ გასართობმა ინდუსტრიებმა თქვეს: მოდი, გადავიღოთ ფილმები და შევქმნათ ტელეპროგრამები, რომელიც პროპაგანდას გაუწევს ძალადობას, ღვთის გმობას, აკრძალულ სექსს; მოდი, ჩავწეროთ მუსიკა, რომელიც მოუწოდებს ნარკოტიკების გამოყენების, გაუპატიურების, მკვლელობის, თვითმკვლელობის და სატანიზმისკენ. და ჩვენც ვთქვით: კარგი! ეს ყველაფერი გართობაა, არანაირი ნეგატიური ეფექტი ამას არ მოაქვს, სერიოზულად ამას არავინ ღებულობს, ასე რომ, გააგრძელეთ!

და ახლა ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავებს, თუ რატომ არ აქვთ ჩვენს შვილებს სინდისი; რატომ ვერ არჩევენ ისინი ცუდს და კარგს; რატომ არ ფიქრდებიან, როცა კლავენ უცნობებს, თავის თანაკლასელებს და თავიანთ თავებს. ჩვენ, თუ სერიოზულად და დიდხანს ჩავუფიქრდებით ყოველივე ამას, შევძლებთ ყოველივეში გარკვევას.
მე ვფიქრობ, საქმე ის არის, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი.

ერთმა ახალგაზრდა კაცმა დაწერა: “ძვირფასო უფალო, რატომ არ უშველე პატარა გოგონას, რომელიც პირდაპირ თავის კლასში მოკლეს? _ გულწრფელად შენი შეწუხებული სტუდენტი.”

აი, პასუხი: “ძვირფასო შეწუხებულო სტუდენტო, მე არ მიშვებენ სკოლაში. _ გულწრფელად შენი ღმერთი.”

P.S თუ გააძევებთ ღმერთს თქვენი ცხოვრებიდან, მერე მას ნუღარ მოსთხოვთ პასუხს.

jesus.ge

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევეშვათ ტელე-ნარკოტიკს.



ნარკოტიკები ... ძველთაგან მოყოლებული დღემდე ისინი ყოველთვის იყოფოდნენ ორ ძირითად ტიპად. არა, მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად კი არა, ბუნებრივ და სინთეტურ ნარკოტიკებად. არ ვგულისხმობთ ასევე არც სტიმულატორებს, დეპრესანტებს და სხვა. არამედ ხელისუფლების მდუმარებით მიშვებულ და ამავე ხელისუფლების მიერ კატეგორიულად აკრძალულ ნარკოტიკებს.

როგორც წესი, ხელისუფლება პირველ ჯგუფში ირჩევს ნარკოტიკების 2-3 სახეობას, რათა უზრუნველყოს გარკვეული სოციალური ჯგუფების დაკმაყოფილება, ხოლო ყველა დანარჩენს დამსახურებულად აცხადებს აბსოლუტურ ბოროტებად. მაგრამ, იბადება კითხვა, რატომ არ აკეთებენ გამონაკლისს ზოგიერთ მათგანზე? ამომწურავ პასუხს ამაზე გვაძლევს "პერესტროიკის" დროინდელი ანეკდოტი, როდესაც ერთ-ერთი ძირითადი "კარგი" ნარკოტიკით მაშვრალთა მომარაგების საქმე შეფერხდა:

სახალხო დეპუტატთა ყრილობის სახელზე მოდის ტელეგრამა ტიუმენიდან: "სასწრაფოდ გამოაგზავნეთ არყით დატვირთული ეშელონი. ხალხი გამოფხიზლდა და მეფე-ბატუშკას კითხულობს".

მაგრამ ბოლო ათწლეულებში მთელს მსოფლიოში ძლიერი ალკოჰოლი გადაიქცა ელექტორატის სამართავ დამხმარე, თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან საშუალებად. საუკუნის წინ გაჩნდა უფრო ძლიერი, საიმედო და ყოვლისმომცველი შემცველი. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ სწორედ ყოველი ოჯახის ცისფერეკრანიან "მეგობარს", - ტელევიზორს ვგულისხმობთ.

ნებისმიერ ნარკოტიკს "კაიფის" გარდა გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს. მაგალითად, ჰეროინის გვერდითი მოვლენაა - სიკვდილი, მისი სისტემატური მოხმარებიდან არა უმცირეს 5 წლის შემდეგ. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ 9 გვერდით მოვლენას, რომელსაც ტელე-ნარკოტიკის რეგულარული ნახვა იწვევვს.


ტელე-ნარკოტიკის ყურებით გამოწვეული 9 გვერდითი მოვლენა

1) სიღარიბე - ბოლო ათწლეულის მრავალი მკვლევარი ცალსახად ადასტურებს ფინანსური კეთილდღეობის დამოკიდებულების დონეს ტელევიზორის წინაშე გატარებულ დროსთან. მდიდარი ადამიანები ან საერთოდ არ უყურებენ ტელეპროგრამებს ან ამას ძალზედ იშვიათად აკეთებენ, შემთხვევიდან შემთხვევამდე, ხოლო ღარიბები - პირიქით, მას მთელს თავიანთ თავისუფალ დროს უძღვნიათ.

ტელესიღარიბის ზოგიერთი მიზეზი გასაგები გახდება სხვა გვერდითი მოვლენების გაცნობის შემდეგ. არსი კი იმაშია, რომ თავისუფალი დრო შეიძლება ადამიანმა მიუძღვნას თვითგანვითარებას და დამატებითი ანაზღაურების გამომუშავებას. თავისუფალ დროს შეიძლება დაისვენო, მოიკრიბო ძალები ახალი წარმატებული სამუშაო დღისთვის, თუ არა და, შეიძლება დახარჯო სტრესოგენურ ტელეუსაქმურობაზე...

2) გასუქება - იმავე გამოკვლევებმა დაადგინა კავშირი ტელევიზორთა გატარებულ საათებსა და ზედმეტ, არა კილოგრამებთან არა, ათეულობით კილოგრამებთან. რატომ ხდება ასე?


ჯერ-ერთი უძრავი პოზა. მეორეც, ეკრანის წინ ძალზედ ნოყოიერი და ტკბილი საკვების ჭამა. მესამეც, იმ საკვების ტელერეკლამა, რომელიც ასეთი ჭამისკენ აღგძრავს. და მეოთხეც, ტელევიზორის ყურების დროს კალორიები უფრო ნაკლებად იხარჯება, ვიდრე უბრალო უსაქმურობის დროს! ეს განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის ძლიერი შენელებით, რომელიც დგება ორგანიზმის განსაკუთრებულ ტელევიზიურ ტრანსში შესვლის შედეგად.


3) მარტოობა - ეს არის სასტიკი ხვედრი იმ ადამიანებისა, ვინც სხვა საქმიანობას ტელეეკრანის მზერას ამჯობინებს. მათ არ გააჩნიათ სრულფასოვანი ცოცხალი ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ხშირად მათ ოჯახიც კი არ ჰყავთ, ან ოჯახური ურთიერთობები კატასტროფის პირასაა.

ამისი მიზეზია ზემოთხსენებული სიღარიბე და სიმსუქნე, ასევე:

უუნარობა ააწყო ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობა - თუ ადამიანი, მაგალითად, ამგვარ ურთიერთობას სწავლობდა ერთ-ერთი "სასიყვარულო" შოუს მონაწილეთა ურთიერთობების მიხედვით.

ცოცხალი ურთიერთობისა და ხანგრძლივი საფუძვლიანი ლაპარაკის უუნარობა - ტელევიზორს ხომ მხოლოდ უყურებენ და უსმენენ, მაგრამ მას არ პასუხობენ, გარდა ამისა, დიალოგების ხარისხი თანამედროვე ფილმებში და სერიალებში განუხრელად კლებულობს.

გამორთვა რეალური ცხოვრებიდან. არადა სწორედ მასში, და არა ტელეილუზიებში შეიძლება გაიცნო ადამიანები, მოაწესრიგო და დაიცვა შენი ურთიერთობები.

4) სიჩლუნგე - ტელემაყურებელთა IQ  ასევე ძალზედ დაბალია ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით. ტელეგადაცემების რეგულარული ყურება ნელა, მაგრამ მყარად აჩლუნგებს ტვინს. და აი, როგორ აკეთებს ის ამას:

კადრების მუდმივი ცვლილებები შესაძლებლობას არ აძლევენ თვალს (და გონებასაც) 5-10 წამზე მეტი ხნით მოახდინონ რაიმეზე კონცენტრირება, რის გამოც ტვინს "ავიწყდება" კონცენტრირება.

მზა სურათი კლავს ფანტაზიას.

მზა აზრი ან 3-5 შესარჩევი შეხედულება კლავს განჯსის, ანალიზირების, დამოუკიდებელი აზროვნების უნარს.



5) მონობა - გადაეჩვევა რა ფიქრს, არჩევას, საკუთარი მიღწევების გამომუშავებას, და მიჰყვება რა რეკლამით თავსმოხვეულ სურვილებს და მიზნებს, ადამიანი ტელევიზორისა და რეკლამის მორჩილი მონა ხდება.

ამ ვითარებას ხელს უწყობს იგივე ტელევიზიური ტრანსი. ჰიპნოზში ჩაძირვა ხდება კლასიკური სცენარით. ჯერ იწყება ყურადღების ფიქსაცია - ადამიანი მოუწყვეტლად მიშტერებულია "ყუთს", შემდეგ იწყება ცნობიერების დეპოტენციალიზაცია - მოძრავი სურათების თავისთავად, ავტომატური ყურება, რეალური სამყაროს ჭვრეტისგან განსხვავებით სწრაფად და გარდაუვალად იწვევს ასეთ ეფექტს, და, ბოლოს - პირდაპირი და ირიბი შთაგონებანი (რეკლამა და შენიღბული პროპაგანდა).

ამრიგად, ტელემაყურებელი ხდება მონა:

სახელმწიფოსი - ის ადვილად "აწესრიგებს" მის პოლიტიკურ ორიენტაციას (გუშინ იყო კომუნისტი, დღეს გახდა დემოკრატი, ხვალ კიდევ იქნება მწვანე ან ცისფერი აქტივისტი).

ვაჭრებად - ტრანსში მყოფი ადამიანი რეკლამას აღიქვამს არაკრიტიკულად, ხოლო შემოთავაზებულ პროდუქტს მყარად უკავშირებს რგოლით პროვოცირებულ ემოციას ან კიდევ რაიმე "დამქოქ" მექანიზმს.

ნებისმიერი, ვინც არ ნებივრობს ტვ-ნარკოტიკით, - როგორც წესი, მდიდრები, მოაზროვნეები და კომუნიკაბელურები - ხდებიან ხელმძღვანელები, ხოლო ის ვინც ტელე-ნარკოტიკით არის გაბრუებული არიან ღარიბები, ჩლუნგები და მარტოხელები - დაქვემდებარებულნი. გახსოვდეთ, რომ ბიუროკრატიულ სახელმწიფოში ან კორპორაციაში ამ პრინციპმა შეიძლება სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს...


6) სნეულებანი და სიკვდილი - ცხოვრების წესი ტელევიზორთან - ადრე თუ გვიან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. იტანჯება სხეულიც და ფსიქიკაც. ეკრანიდან გადმოღვრილი სტრესი, ნეგატივი და ბანგი ტელემანს ნაადრევად ჩაიყვანს საფლავში.

ყალიბდება შემაძრწუნებელი ავბედითი წრე: რაც უფრო მეტად ავადმყოფობს ადამიანი, მით უფრო ნაკლები ალტერნატივა აქვს მას უყუროს ტელეპროგრამებს. ხოლო რაც უფრო მეტად უყურებს ამ პროგრამებს, მით უფრო მეტად ავადდება.

7) მუდმივი ძრწოლა - საკუთარი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს ტელემაყურებელი ატარებს შიშსა და ძრწოლაში. ნეგატიური ახალი ამბები, რომელმაც დაიპყრო ეკრანის რეალობა თავის შავ სამუშაოს ასრულებს და საკმაოდ ძლიერად ზემოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე. ადამიანი იქცევა სტრესის მოსიარულე კოშტად, რომელიც თან დარწმუნებულია, რომ მსოფლიო - უკიდურესად საშიში, ბოროტი და სასტიკი ადგილია.

არადა ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეთერში გასასვლელი ახალი ამბები მკაცრად იფილტრება. მაყურებლის სმენამდე და მხედველობამდე უპირველეს ყოვლისა მიდის ის, რაც იწვევს ნეგატიურ ემოციებს. ოღონდ ნუ ვიტყვით, რომ ტელეკომპანიები ბოროტების იმპერიის ფილიალებია, ასეთი არჩევანი სრულიად პრაქტიკული მიზეზებით არის განპირობებული.


ჯერ-ერთი, თუ ახალი ამბები არ იწვევს ემოციას, ის ვერ მიიპყრობს ყურადღებას, მაყურებელი გადართავს გადაცემას კონკურენტ არხზე. მეორეც, თუ ახალი ამბები იწვევს დადებით ემოციას, მაში, სავარაუდოდ, ის "დაიმაგრებს" მხოლოდ მაყურებელთა მცირე რაოდენობას, რადგან სიკეთე და სილამაზე ინდივიდუალურია (ერთს თუ ქერა ქალები მოსწონს, სხვას - შავგვრემანები, მესამეს კი - წითურები), ხოლო ბოროტება და სისაძაგლე საკმაოდ უნივერსალურია. ამასთან ქერქში ჩაკერებული ინსტინქტები ადამიანს აიძულებენ ყურადღება მიაქციოს საშიშროებას. და ტვინს, უმეტესწილად, სულაც არ აინტერესებს ეს საშიშროება რეალურია თუ ეკრანული. მთავარია მიიპყრო ცნობიერების ყურადღება, შემდეგ კი დაე თვითონ მაყურებელი გაერკვეს. მაგრამ ეს არ ხდება, რამეთუ ცნობიერება გამორთულია ტელეგადაცემის "წყალობით".

8) დაზომბირებული ბავშვები - ჯერაც გაუმყარებელი ბავშვის ცნობიერებისთვის ტელევიზორი უკიდურესად მავნეა, 10-ჯერ უფრო მავნე, ვიდრე მოზრდილებისთვის. უმჯობესია ბავშვებმა სულაც არ უყურონ ტელევიზორს. სამწუხაროდ, ოჯახთა უმეტესობა და ასევე საბავშვო ბაღები ტელევიზორს ყოველდღიურად იყენებენ ბავშვების "დასამშვიდებელ" აპარატად. ძალზედ გულსატკენია, რომ ასე სახიჩრდება პატარების ფსიქიკა და ბედი...




როდესაც ბავშვი იზრდება მას უნდა ვასწავლოთ შეგნებულად შეეწინააღმდეგოს "ზომბიყუთის" სატანურ ძალმომრეობას, დეტალურად გაარჩიოს რეკლამის მომწოდებელთა ხრიკები. ეს საიმედო აცრა იქნება ტელემანიის დაავადებისგან.

9) გამხეცება - ამ თაობაში თუ არა, მომავალ თაობაში მაინც ყველა მათ, ვინც ვერ გადალახავს ტელემანიას გამხეცება ელოდება. 


ადამიანთა მოდგმა უცილობლივ დაიყოფა ორ არათანასწორ ნაწილად. უმცირესობა შეინარჩუნებს ადამიანურ საწყისებს: ნათელ გონებას, მეტყველებას, მიზნის დასახვას და მის მიღწევას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. სწორედ ეს უმცირესობა გაბატონდება დანარჩენებზე - ტელევიზორის მიერ საბოლოოდ მოწამლულებზე. როგორი იქნება მათი სახე, შეინარჩუნებენ თუ არა ისინი მეტყველებას ან აზროვნების თუნდაც ნაპერწკალს მაინც, - ძნელი სათქმელია.

ასეთი მომავალი ნამდვილად გვაშფოთებს და ძლიერ ვეჭვობთ, რომ ერთად ან ცალ-ცალკე შევძლოთ მისი შეცვლა. ჩვენს ხელში მხოლოდ არჩევანია, ამ ჯგუფებიდან თუ რომელში მოვაქცევთ საკუთარ თავს, ჩვენს შვილებსა და შვილთაშვილებს.

პირველ ჯგუფში მოხვედრა და ადამიანად დარჩენა უფრო ადვილია, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს. ამისთვის საჭიროა ერთი რამ - გადააგდოს ტელევიზორი, დაუფიქრებლად და დაუნანებლად, - პირდაპირ ახლა!


ტიპიური ეჭვები მათი, ვინც დააპირებს ტელევიზორის გადაგდებას

ხომ არ დავკარგავ რაიმე ღირებულს, თუკი სრულიად უარს ვიტყვი ტელევიზიაზე?

შეიძლება თქვენ დაკარგავთ ვინმეს თქვენი შორეული ან ახლო გარემოცვიდან. მაგრამ, რაოდენ ღირებულია თქვენთვის ის, ვისთვისაც "ზომბი-ყუთი" ცოცხალ ადამიანს ურჩევნია? ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს თქვენამდე მაინც მოიტანენ ახლობლები, მეგობრები და ა. შ. რომელთაც სხვა არაფერი აქვთ საქმე, თუ არა განიხილონ ეკრანზე ნანახი ამბები. გარდა ამისა, ინფორმაცია შეიძლება მიიღო პრესით და ინტერნეტით.

ხომ არ მექნება "ტეხვა", თუ ტელევიზორს გადავაგდებ?

სავარაუდოდ კი, გექნებათ. მაგრამ ამ პრობლემას ადამიანი ადვილად შეიძლება გაუმკლავდეს.

რა ვქნა შოუების, სერიალებისა და ახალი ამბების ყურების სანაცვლოდ?

უკეთესი იქნებოდა გეკითხათ, რა არ უნდა აკეთოთ თავისუფალ დროს. უმიზნოდ ნუ იმოგზაურებთ ინტერნეტში, ნუ გადაყლაპავთ იმავე სერიალებს კომპიუტერული ეკრანიდან, ნუ იქნებით დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე, და შეეშვით კომპიუტერულ თამაშებს.

ამის ნაცვლად დასაქმდით თვითგანვითარებით: იკითხეთ სასარგებლო წიგნები და სასრგებლო სტატიები, ჩაეწერეთ ფიტნეს-კლუბებში, მოაწყვეთ ცოცხალი შეხვედრები მეგობრებთან და აუცილებლად შეიქეთ თავი იმით, რომ ცხოვრობთ ნამდვილი, ადამიანური ცხოვრებით, - ყოველგვარი ტელევიზორის გარეშე!

წყარო: b17.ru

apocalypse.ge

среда, 18 октября 2017 г.

„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მოფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა;

არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“(მათ.10,34),- ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რომ ერთი მეორისაგან განვკვეთო და გავაცალკევო, რათა აღრევა არ მოხდეს.“

ამრიგად, სიტყვა მიწაზე მოტანილი მახვილის შესახებ სრულიად შეესაბამება ქრისტეს, როგორც მშვიდობის შემოქმედსა და მომნიჭებელს. იგი თავის ზეციურ ზეთს აძლევს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს მისი. მაგრამ ის იმისათვის არ მოვიდა, რომ სინათლის შვილები ბნელეთის შვილებთან შეარიგოს. 

თუ გწამთ ქრისტე, მაშინ როგორღა შეგიძლიათ ჭეშმარიტება სიცრუესთან გაათანაბროთ და გააიგივოთ? ნუთუ ქრისტემ ამგვარი გზა გიჩვენათ? განა იგი თავის სწავლებას ათანაბრებდა რომაელ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზმსა და მომაკვდავ იუდაურ ფარისევლობასთან? რა თქმა უნდა, არა. იცოდეთ, სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას
სიცრუესთან არიგებს, სინათლეს - წყვდიადთან და სიკეთეს - კი ბოროტებასთან. სოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე, რადგან იგი არ ათანაბრებდა და არ ურევდა ერთმანეთში სიცრუესა და ჭეშმარიტებას, არ კამათობდა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით.

წმინდა წერილი პირველიდან უკანასკნელ ფურცლამდე ასწავლის ხალხს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების შესახებ საკუთარი შეხედულებები.“

 წმ. ნიკოლოზ სერბი